ქვეყნები და ხალხები
სტუმრად ყაზახეთში
ტრადიციულად ყაზახები მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევდნენ. დღემდე ზოგი მწყემსი თავისი მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლისთვის სეზონების მიხედვით ირჩევს საძოვრებს. ზაფხულში ისინი საქონელს უფრო გრილ, მაღალმთიან რეგიონებში მიერეკებიან, ზამთარში კი, როცა დიდთოვლიანობაა, პირუტყვი ბარში, შედარებით თბილ ადგილას ჩამოჰყავთ.
ყაზახეთში მოსახლეობის ნაწილი თანამედროვე, განვითარებულ ქალაქებში ცხოვრობს. თუმცა არაერთი ადათ-წესი, ტრადიციული კერძი და ხელოვნების ნიმუში კარგად ასახავს მათ წინაპართა მომთაბარე ცხოვრებას. ყაზახებს საკმაოდ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა აქვთ — განთქმულია მათი პოეზია, სიმღერები და ხალხურ საკრავებზე შესრულებული მელოდიები.
მომთაბარე ხალხის ტრადიციული გადასატანი სადგომი, იურტა, ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების სიმბოლოდ იქცა. მწყემსები დღესაც იურტაში ცხოვრებას ამჯობინებენ, ქალაქის მკვიდრნი კი მას დღესასწაულების დროს იყენებენ. იურტაში ტურისტებიც საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს. მისი ინტერიერის გაფორმებაზე ქალები ზრუნავენ; მრავალფეროვანი ორნამენტებით მორთული ხალიჩები და ნაქარგები ყაზახი ქალების ხელმარჯვეობაზე მოწმობს.
სოფლად მცხოვრები ყაზახებისთვის ცხენი დიდად ფასობს. ყაზახურ ენაში ცხენის აღმნიშვნელი, სულ მცირე, 21 სიტყვაა, რომელთაგან თითოეულს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ცხენის ფერის აღსაწერად ამ ენაში 30-ზე მეტი სიტყვა და გამოთქმა არსებობს. კარგი ცხენი დღემდე ძვირად ფასობს და ძვირფას საჩუქრად ითვლება. სოფლებში ბიჭები პატარაობიდანვე სწავლობენ ცხენზე ჯდომას.
ტრადიციული ყაზახური კერძი წარმოუდგენელია ხორცის გარეშე. კერძის მომზადების დროს სანელებლებს თითქმის არ იყენებენ. ყაზახების საყვარელი სასმელებია კუმისი, რომელიც ფაშატის რძისგან მზადდება და ბევრი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა, და შუბათი, რომელსაც მომჟავო გემო აქვს და აქლემის რძისგან ამზადებენ.
ალმა-ათაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალი მთელი გულით ეპატიჟება სტუმრებს ფილიალის შენობების დასათვალიერებლად.