არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ორსაგდულიანი მოლუსკის ბისუსი

ორსაგდულიანი მოლუსკის ბისუსი

ულვაშფეხიანი კიბოები მჭიდროდ ეკვრიან წყალქვეშა კლდეებს, წყალმცენარეებსა და გემის კორპუსებს. თუმცა მათგან განსხვავებით, ორსაგდულიანი მოლუსკები ფილამენტის ანუ ბისუსის ძაფების მეშვეობით თავისუფლად ემაგრებიან წყალქვეშა საგნებს. ამ უნარის წყალობით, ეს მოლუსკები იოლად მოიპოვებენ საკვებს და ადვილად გადაადგილდებიან. თუმცა ეს ძაფები, ერთი შეხედვით, ძალიან სიფრიფანა და სუსტი ჩანს საიმისოდ, რომ ოკეანის ძლიერ ტალღებს გაუძლოს. საინტერესოა, როგორ ეჭიდება ეს მოლუსკი ბისუსის მეშვეობით რაიმეს ზედაპირს ისე, რომ ტალღების დროსაც არ მოსწყდეს მას?

დაფიქრდით: როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ბისუსის ძაფის მთლიანი სიგრძის 80 პროცენტი მკვრივია, ხოლო 20 პროცენტი — დრეკადი. სწორედ ეს განაპირობებს, რომ ორსაგდულიანი მოლუსკი ასე ძლიერ ეკვრის ზედაპირს. ასეთი აგებულების წყალობით ის უფრო ადვილად უძლებს წყლის ორმხრივ ზემოქმედებას.

პროფესორი გაი ჯენინი ამ მოვლენას განსაცვიფრებელს უწოდებს და დასძენს: „ამ ცოცხალი ორგანიზმის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მისი [ბისუსის ძაფის] მკვრივი და დრეკადი ნაწილი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს“. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შექმნიან ბისუსის ძაფის ანალოგს — ისეთ მოწყობილობას, რომელიც მიემაგრება შენობებსა თუ წყალქვეშა ხომალდებს, ან ისეთ ნივთიერებას, რომელსაც ოპერაციის დროს გამოიყენებენ როგორც ძვლისა და მყესის ერთმანეთთან დასაკავშირებლად, ისე ჭრილობის დასახურად. „სანამ [ბისუსის ანალოგს] შევქმნით, ალბათ, ბუნებაში კიდევ ბევრ საოცრებას აღმოვაჩენთ“, — აღნიშნავს კალიფორნიის (სანტა-ბარბარა, აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი ჰერბერტ ვაითი.

რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად აქვს ორსაგდულიან მოლუსკს ასეთი ბისუსი თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?