არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

როგორ ამზადებდნენ და იყენებდნენ გრაგნილებს ბიბლიურ დროში?

ახ. წ. მე-18 საუკუნით დათარიღებული ბიბლიის წიგნ „ესთერის“ გრაგნილები, რომლებიც ტყავისა და თხელი პერგამენტისგანაა დამზადებული

ლუკას სახარება მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ იესომ გაშალა ესაიას გრაგნილი, წაიკითხა იქიდან ერთი მონაკვეთი და შემდეგ დაახვია ის. თავისი სახარების დასასრულს იოანეც მოიხსენიებს გრაგნილს და ამბობს, რომ ვერ ჩაწერა მასში ყველა ის ნიშანი, რაც იესომ მოახდინა (ლუკა 4:16—20; იოანე 20:30; 21:25).

როგორ ამზადებდნენ გრაგნილებს? მასალად იყენებდნენ პერგამენტს, პაპირუსს ან ტყავს. რომელიმე ამ მასალისგან დამზადებულ ნაჭრებს ერთმანეთს აწებებდნენ, რათა რულონის ფორმა მიეღო. ზოგჯერ მას ჯოხზე ახვევდნენ ისე, რომ ნაწერი შიგნით მოქცეულიყო. ტექსტი მოკლე ვერტიკალურ სვეტებად ჰორიზონტალურად გაშლილ გრაგნილზე იწერებოდა. გრძელი გრაგნილების ორივე ბოლო ჯოხებზე იყო მიმაგრებული, რითაც წამკითხველს შეეძლო, ერთი ხელით გაეშალა გრაგნილი, მეორეთი კი დაეხვია, სანამ სასურველ ადგილს არ იპოვიდა.

„ზოგი გრაგნილი ისეთი გრძელი იყო (ხშირად 10 მეტრამდე), რომ მთელ წიგნს იტევდა, თუმცა მისი უპირატესობა ის გახლდათ, რომ დახვეულ მდგომარეობაში იგი პატარა მოცულობის იყო“, — აღნიშნულია ერთ ბიბლიურ ლექსიკონში (The Anchor Bible Dictionary). სავარაუდოდ, ლუკას სახარების დასატევად 9, 5 მეტრი სიგრძის გრაგნილი იქნებოდა საჭირო. ზოგჯერ გრაგნილის ზედა და ქვედა კიდეებს კარგად ამუშავებდნენ, პემზის ქვით აპრიალებდნენ და ღებავდნენ.

ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოხსენიებული „უფროსი მღვდლები“?

თავიდან, როცა ისრაელში სამღვდელოებას ჩაეყარა საფუძველი, მღვდელმთავრად მხოლოდ ერთი მამაკაცი ინიშნებოდა, რომელსაც ეს მოვალეობა სიკვდილამდე უნდა შეესრულებინა (რიცხვები 35:25). პირველი მღვდელმთავარი აარონი იყო. მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ ეს პატივი ჩვეულებრივ მის უფროს ვაჟს ერგებოდა (გამოსვლა 29:9). აარონის შთამომავლობიდან ბევრი მღვდლად მსახურობდა, მაგრამ მათგან მღვდელმთავრად მსახურების პატივი ცოტას თუ ხვდა წილად.

როცა ისრაელი უცხოელი დამპყრობლის უღელქვეშ მოექცა, არაებრაელი მმართველები მღვდელმთავრებს თავიანთი სურვილისამებრ ნიშნავდნენ და ხსნიდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, ახალი მღვდელმთავარი თითქმის ყოველთვის პრივილეგირებული ოჯახიდან იყო, უმეტეს შემთხვევაში, აარონის საგვარეულოდან. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოხსენიებულ „უფროს მღვდლებში“, როგორც ჩანს, იგულისხმებიან სამღვდელოების თავკაცები. მათ შორის შესაძლოა ყოფილიყვნენ 24 ჯგუფად დაყოფილი მღვდლების თავკაცები, მღვდელმთავრის საგვარეულოს წარმომადგენლები და ყოფილი მღვდელმთავრები, მაგალითად ისეთი, როგორიც ანა იყო (1 მატიანე 24:1—19; მათე 2:4; მარკოზი 8:31; საქმეები 4:6).