არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიოგრაფია

იეჰოვა ყოველთვის მხარში მედგა

იეჰოვა ყოველთვის მხარში მედგა

ოთხ პატარა გოგონას შორის, რომელთაც ადოლფ ჰიტლერისთვის ერთ-ერთი გამოსვლის შემდეგ ყვავილები უნდა მიერთმიათ, მეც ვიყავი. მე იმიტომ ამირჩიეს, რომ მამაჩემი აქტიურად იყო ჩაბმული ნაცისტურ საქმიანობაში და ადგილობრივი შტაბის უფროსის მძღოლად მუშაობდა. დედაჩემი ღრმად მორწმუნე კათოლიკე იყო და უნდოდა, რომ მონაზვნად აღვკვეცილიყავი. მიუხედავად მათი მცდელობისა, არც ნაცისტი გავმხდარვარ და არც მონაზონი. ნება მიბოძეთ, აგიხსნათ, რატომ.

გავიზარდე ავსტრიის ქალაქ გრაცში. შვიდი წლის ასაკში სასულიერო სკოლაში მიმაბარეს. მაგრამ მღვდლებსა და მონაზვნებს შორის საშინელი უზნეობის მოწმე გავხდი. ამიტომ დედაჩემმა ერთ წელიწადში ამ სკოლიდან გამომიყვანა.

ჩვენი ოჯახი. მამა სამხედრო ფორმითაა

მოგვიანებით სკოლა-ინტერნატში შემიყვანეს. ერთ ღამეს მამაჩემმა მომაკითხა, რომ უსაფრთხო ადგილას გადავეყვანე, რადგან გრაცს ინტენსიურად ბომბავდნენ. ჩვენ თავი ქალაქ შლადმინგს შევაფარეთ. როგორც კი ქალაქში ჩავედით და ხიდზე გადავედით, ხიდი აფეთქდა. სხვა დროს მე და ბებიაჩემი ეზოში ვიყავით, როცა თვითმფრინავებმა, რომლებიც ძალიან დაბლა დაფრინავდნენ, ცეცხლი გაგვიხსნეს. ომის მიწურულს ისე ჩანდა, რომ აღარც ეკლესიას ვადარდებდით და აღარც მთავრობას.

იეჰოვას გაცნობა

1950 წელს დედაჩემს ერთმა იეჰოვას მოწმემ უქადაგა. მათ საუბარს მეც ხშირად ვუსმენდი და ზოგჯერ დედას კრების შეხვედრებზეც დავყვებოდი. დედა დარწმუნდა, რომ მოწმეები ჭეშმარიტებას ქადაგებდნენ, ამიტომ 1952 წელს მოინათლა.

ჩემთვის ადგილობრივი კრება მხოლოდ მოხუცი ქალბატონების შესაკრებელი იყო. თუმცა მოგვიანებით სხვა კრებას დავესწარით, სადაც ბევრი ახალგაზრდა იყო. გრაცში დაბრუნების შემდეგ ყველა შეხვედრაზე დავიწყე დასწრება. მალე დავრწმუნდი, რომ რასაც ვსწავლობდი, ჭეშმარიტება იყო. მივხვდი, რომ იეჰოვას არასდროს ავიწყდება თავისი მსახურები და ყოველთვის მხარში უდგას მათ. ის მაშინაც ჩვენ გვერდითაა, როცა ვფიქრობთ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ (ფსალმ. 3:5, 6).

დავიწყე სხვებთან ქადაგება; პირველები ჩემი დედმამიშვილები იყვნენ. ჩემი ოთხი უფროსი და სოფლებში სკოლის მასწავლებლებად მუშაობდნენ. ამიტომ მათთან ჩავდიოდი და ბიბლიის შესწავლის დაწყებისკენ მოვუწოდებდი. საბოლოოდ, ჩემი დედმამიშვილებიდან ყველამ შეისწავლა ბიბლია და იეჰოვას მიუძღვნა თავი.

კარდაკარ მსახურების დაწყებიდან მეორე კვირას დაახლოებით 30 წლის ქალთან დავიწყე ბიბლიის შესწავლა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის მოინათლა, მოგვიანებით კი მეუღლე და ორივე ვაჟი შეუერთდა. ბიბლიის შესწავლამ ჩემი რწმენის გაძლიერებასაც შეუწყო ხელი. ოფიციალურად ბიბლია ჩემთვის არავის უსწავლებია, ამიტომ თითოეული შესწავლისთვის კარგად ვემზადებოდი. ასე რომ, ჯერ მე უნდა მესწავლა და მერე უნდა დავხმარებოდი სხვას. ეს ბიბლიური ცოდნის გაღრმავებაში დამეხმარა. 1954 წლის აპრილში იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლე.

„გვდევნიან, მაგრამ მიტოვებულნი არა ვართ“

1955 წელს საერთაშორისო კონგრესებს დავესწარი გერმანიაში, საფრანგეთსა და ინგლისში. ლონდონში გავიცანი ძმა ალბერტ შრედერი, რომელიც სკოლა „გალაადის“ ინსტრუქტორი იყო, მოგვიანებით კი ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა. ბრიტანეთის მუზეუმში ექსკურსიის დროს ალბერტ შრედერმა რამდენიმე ბიბლიური ხელნაწერი გვაჩვენა, რომლებშიც ებრაული ასოებით ეწერა ღვთის სახელი და აგვიხსნა, თუ რამდენად ფასეული იყო ეს ხელნაწერები. ამან კიდევ უფრო შემაყვარა იეჰოვა და ჭეშმარიტება. ასე არასდროს მომდომებია, რომ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტება სხვებისთვისაც გამეზიარებინა.

ჩემს პარტნიორთან ერთად (მარჯვნივ) სპეციალურ პიონერად მსახურების დროს მისტელბახში (ავსტრია)

1956 წლის 1-ლ იანვარს დავიწყე პიონერად მსახურება. ოთხი თვის შემდეგ ავსტრიაში სპეციალურ პიონერად მსახურება შემომთავაზეს. ქალაქ მისტელბახში, სადაც მე უნდა მემსახურა, ერთი იეჰოვას მოწმეც არ იყო. იქ მსახურების დროს გარკვეულ სირთულეებს შევხვდი. მე და ჩემი პარტნიორი ძალიან განვსხვავდებოდით. მე 19 წლის ქალაქელი გოგო ვიყავი, ის კი სოფელში გაზრდილი 25 წლის გოგო. მე გვიანობამდე ძილი მიყვარდა, ის კი დილაადრიან დგებოდა. საღამოობით გვიან ვიძინებდი, ჩემს პარტნიორს კი ადრე დაწოლა ერჩივნა. განსხვავებულობის მიუხედავად, ბიბლიური რჩევების გათვალისწინება დაგვეხმარა, რომ სიამოვნებით გვემსახურა ერთად პიონერებად.

ჩვენ სხვა პრობლემებიც გვქონდა. ვხვდებოდით წინააღმდეგობებს, თუმცა ვგრძნობდით, რომ მიტოვებულები არ ვიყავით (2 კორ. 4:7—9). ერთხელ სოფელში ქადაგების დროს ხალხმა ძაღლები მოგვიქსია. მალე მე და ჩემი პარტნიორი გაავებული ძაღლების შუაში აღმოვჩნდით, რომლებიც გვიყეფდნენ და გვიღრენდნენ. ერთმანეთს ხელი ჩავჭიდეთ და ღმერთს ხმამაღლა ვთხოვდი, რომ, როცა ძაღლები გვეცემოდნენ, მალევე დავხოცილიყავით. ხელის გაწვდენაზე რომ მოგვიახლოვდნენ, უცებ გაჩერდნენ და კუდის ქიცინით უკან გაიქცნენ. ვიგრძენით, რომ იეჰოვა დაგვეხმარა. ამ ამბის შემდეგ მთელ სოფელს ვუქადაგეთ და ჩვენდა გასახარად ბევრმა მოგვისმინა. ალბათ, ისინი გაკვირვებულები იყვნენ, რომ ძაღლებმა არაფერი გვავნეს ან ჩვენმა შეუპოვრობამ მოახდინა მათზე შთაბეჭდილება. ზოგი მათგანი მოგვიანებით იეჰოვას მოწმეც გახდა.

საშიშ მდომარეობაში კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით. ერთხელ სახლის პატრონი შინ ნასვამი დაბრუნდა. ის ჩვენი მოკვლით იმუქრებოდა და ამბობდა, რომ მეზობლებს ვაწუხებდით. ცოლი მის დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ ამ ყველაფერს ზემოთა ოთახიდან ვისმენდით. შეშინებულებმა კარს სკამი მივადგით და ჩემოდნების ჩალაგება დავიწყეთ. კარი რომ გავაღეთ, კიბის თავზე სახლის პატრონი დაგვხვდა დიდი დანით ხელში. ამიტომ ბარგიანად გავცვივდით უკანა კარიდან ბაღში და უკან მოუხედავად გავიქეცით. იმ სახლში მეტად აღარ დავბრუნებულვართ.

ჩვენ სასტუმროში დავბინავდით, სადაც თითქმის ერთი წელი მოგვიწია ცხოვრება. ამან დადებითად იმოქმედა ჩვენს მსახურებაზე. სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობდა და ზოგ ბიბლიის შემსწავლელს უნდოდა, რომ შესწავლა იქ ჩაგვეტარებინა. მალე ჩვენს ოთახში წიგნის შესწავლასა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას ვატარებდით, რომელთაც დაახლოებით 15 კაცი ესწრებოდა.

მისტელბახში წელიწადზე მეტხანს ვიმსახურეთ. შემდეგ მე გრაცის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ ფელდბახში განვაგრძე მსახურება, სადაც კრება არ იყო. იქ სხვა პიონერთან ერთად ვმსახურობდი. მე და ჩემი პარტნიორი ხის მორებით აწყობილი სახლის მეორე სართულზე ერთ მოცუცქნულ ოთახში ვცხოვრობდით. ღრიჭოებიდან ქარი უბერავდა, ამიტომ მათში გაზეთებს ვტენიდით. წყალს ჭიდან ვიღებდით. მაგრამ შედეგი ამდენ წვალებად ღირდა. რამდენიმე თვეში იქ ჯგუფი ჩამოყალიბდა. ბიბლიას ვასწავლიდით ერთ ოჯახს, რომლის თითქმის 30 წევრიც იეჰოვას მსახური გახდა.

ამ შემთხვევებმა დამარწმუნა, რომ იეჰოვა ყოველთვის მხარში უდგას მათ, ვინც სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს. ამან უფრო გამიღრმავა მისადმი მადლიერება. მაშინაც კი, როცა ადამიანებს არ შეუძლიათ ჩვენი შველა, იეჰოვა ყოველთვის ჩვენ გვერდითაა (ფსალმ. 121:1—3).

ღვთის „სიმართლის მარჯვენით“ გაძლიერებული

1958 წელს საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა ნიუ-იორკში იანკისა და პოლო-გრაუნდსის სტადიონებზე. როცა კონგრესზე დასწრების სურვილი გამოვთქვი, ავსტრიის ფილიალმა სკოლა „გალაადის“ 32-ე კლასში სწავლა შემომთავაზა, რაზეც მაშინვე დავთანხმდი. როგორ ვიტყოდი ასეთ შემოთავაზებაზე უარს?!

კლასში მარტინ პოეტზინგერის გვერდით ვიჯექი, რომელსაც ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში საშინლად ეპყრობოდნენ. მოგვიანებით ისიც ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა. გაკვეთილების დროს ზოგჯერ მარტინი გადმომიჩურჩულებდა ხოლმე: „ერიკა, ეს რას ნიშნავს გერმანულად?“.

სწავლის შუა პერიოდში ძმა ნეითან ნორმა დანიშნულებები გამოგვიცხადა. მე პარაგვაიში დამნიშნეს. ვინაიდან ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ქვეყანაში შესასვლელად მამის ნებართვა მჭირდებოდა. პარაგვაიში 1959 წლის მარტში ჩავედი. ასუნსიონში ახალ პარტნიორთან ერთად მისიონერთა სახლში ვცხოვრობდი.

მალევე გავიცანი მისიონერი უოლტერ ბრაითი, რომელსაც სკოლა „გალაადის“ 30-ე კლასი ჰქონდა დამთავრებული. რაღაც პერიოდის შემდეგ დავქორწინდით. ახლა უკვე ერთად გავუმკლავდებოდით ცხოვრებისეულ სირთულეებს. სერიოზული პრობლემების დროს ერთად ვკითხულობდით ესაიას 41:10-ს, სადაც ნათქვამია: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ. აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ“. ეს სიტყვები გვარწმუნებდა, რომ იეჰოვა არასდროს მიგვატოვებდა, თუ მისადმი ერთგულებას შევინარჩუნებდით და სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე დავაყენებდით.

მოგვიანებით ახალ ტერიტორიაზე დაგვნიშნეს, რომელიც ბრაზილიის საზღვართან ახლოს მდებარეობდა. იქ მღვდლები ახალგაზრდებს აქეზებდნენ, რომ მისიონერთა სახლისთვის, რომელიც ისედაც არ იყო კარგ მდგომარეობაში, ქვები დაეშინათ. უოლტერმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო პოლიციის უფროსთან, რომელმაც ჩვენს სახლთან ერთი კვირის მანძილზე პოლიციის თანამშრომლები დააყენა. მას შემდეგ მდევნელებს აღარ შევუწუხებივართ. ამ ამბიდან მალევე შედარებით უკეთეს რაიონში გადავედით, რომელიც ბრაზილიის სასაზღვრო ტერიტორიაზე მდებარეობდა. ეს სასიკეთო აღმოჩნდა, რადგან შეხვედრებს ვატარებდით როგორც პარაგვაიში, ისე ბრაზილიაში. ჩვენ წამოსვლამდე იმ ტერიტორიაზე უკვე ორი პატარა კრება იყო.

ჩემს მეუღლესთან, უოლტერთან ერთად მისიონერად მსახურების დროს ასუნსიონში (პარაგვაი)

იეჰოვა კვლავაც მაძლიერებს

ექიმებმა მითხრეს, რომ შვილი არ მეყოლებოდა, ამიტომ ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო, როცა 1962 წელს დავორსულდი. ჩვენ უოლტერის მშობლებთან ახლოს ჰოლივუდში (ფლორიდა) დავსახლდით. რამდენიმე წელი მე და უოლტერს შეწყვეტილი გვქონდა პიონერად მსახურება, რადგან ოჯახზე ზრუნვა გვიწევდა. მიუხედავად ამისა, სამეფოს ინტერესებს ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის უმთავრესი ადგილი ეკავა (მათ. 6:33).

როცა 1962 წლის ნოემბერში ფლორიდაში ჩავედით, გაკვირვებულები დავრჩით, რადგან ადგილობრივ ხალხში გავრცელებული შეხედულების გამო შავკანიანი და თეთრკანიანი და-ძმები ცალ-ცალკე იკრიბებოდნენ და სხვადასხვა ტერიტორიაზე ქადაგებდნენ. მაგრამ იეჰოვა რასობრივ განსხვავებას არ აკეთებს, ამიტომ ძალიან მალე შავკანიანი და თეთრკანიანი და-ძმები ერთად ესწრებოდნენ კრების შეხვედრებს. იეჰოვას ხელი აშკარა იყო, რადგან ამ ტერიტორიაზე დღეს ათეულობით კრებაა.

სამწუხაროდ, 2015 წელს უოლტერი ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. ის შესანიშნავი მეუღლე იყო, რომელთანაც 55 წელი გავატარე. უოლტერს ძალიან უყვარდა იეჰოვა და თავისი ცხოვრების განმავლობაში ბევრ ძმას დაეხმარა. ერთი სული მაქვს, როდის ვიხილავ მას სრულიად ჯანმრთელს (საქ. 24:15).

ბედნიერი ვარ, რომ სრული დროით მსახურებაში 40 წელზე მეტი გავატარე და ეს წლები სიხარულითა და კურთხევებით იყო სავსე. მე და უოლტერი ჩვენი 136 ბიბლიის შემსწავლელის ნათლობის მომსწრენი გავხდით. მართალია, დროდადრო პრობლემები იჩენდა ხოლმე თავს, მაგრამ ამის გამო არასდროს გვითქვამს ერთგული ღმერთის, იეჰოვას მსახურებაზე უარი. პირიქით, ჩვენ უფრო დავუახლოვდით მას და ყოველთვის ვენდობოდით, რადგან დარწმუნებულები ვიყავით, რომ ის თავის დროზე საუკეთესოდ მოაგვარებდა ჩვენს პრობლემას. და ის ასეც იქცეოდა! (2 ტიმ. 4:16, 17).

უოლტერი ძალიან მენატრება. მაგრამ დარდთან გამკლავებაში პიონერული მსახურება მეხმარება. განსაკუთრებით მაშინ ვმხნევდები, როცა სხვას მკვდრეთით აღდგომის შესახებ ვესაუბრები. შეუძლებელია ყველა შემთხვევა მოვყვე, როცა იეჰოვას მხარდაჭერა ვიგრძენი. დაპირების თანახმად, ის ყოველთვის მაძლიერებდა, მამაგრებდა და არასდროს მიშვებდა თავისი „სიმართლის მარჯვენას“ (ეს. 41:10).