არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 9

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 75 „მე წავალ! მე გამგზავნე!“

მზად ხართ, თავი მიუძღვნათ იეჰოვას?

მზად ხართ, თავი მიუძღვნათ იეჰოვას?

„რით გადავუხდი იეჰოვას მთელი იმ სიკეთისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია?“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 116:12).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიაში მოცემული რჩევები იეჰოვასთან დაახლოებაში დაგეხმარებათ, რაც, თავის მხრივ, იმის სურვილსაც აღგიძრავთ, რომ თავი მიუძღვნათ მას და მოინათლოთ.

1, 2. რისი გაკეთებაა საჭირო ნათლობამდე?

 ᲑᲝᲚᲝ ხუთი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ადამიანი მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. მრავალმა პირველ საუკუნეში მცხოვრები მოწაფე ტიმოთეს მსგავსად ჩვილობიდანვე იცოდა ჭეშმარიტება, ზოგმა კი მოგვიანებით გაიცნო იეჰოვა (2 ტიმ. 3:14, 15). მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ერთი ქალბატონი, რომელიც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა, 97 წლის ასაკში მოინათლა.

2 თუ თქვენც სწავლობთ მოწმეებთან ბიბლიას ან მშობლები გასწავლიან ჭეშმარიტებას, შესაძლოა უკვე ნათლობაც დაისახეთ მიზნად. ეს ნამდვილად ღირებული მიზანია. მაგრამ, სანამ მოინათლებით, ჯერ თავი უნდა მიუძღვნათ იეჰოვას. ამ სტატიიდან გაიგებთ, რა იგულისხმება მიძღვნაში და რატომ არ უნდა შეიკავოთ თავი მიძღვნისა და ნათლობისგან, თუ ამისთვის უკვე მზად ხართ.

ᲠᲐ ᲘᲒᲣᲚᲘᲡᲮᲛᲔᲑᲐ ᲛᲘᲫᲦᲕᲜᲐᲨᲘ?

3. ვისზეა ნათქვამი ბიბლიაში, რომ მიძღვნილი იყო? Მოიყვანეთ მაგალითები.

3 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მიძღვნაში წმინდა მიზნისთვის გამოცალკევება იგულისხმება. ისრაელი იეჰოვასადმი მიძღვნილი ერი იყო, თუმცა ამ ერში ზოგიერთი განსაკუთრებული გაგებით იყო მიძღვნილი. Მაგალითისთვის მოვიყვანოთ აარონი. მის თავსაბურავს წინ დამაგრებული ჰქონდა ოქროს ფირფიტა, „მიძღვნის წმინდა ნიშანი“, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ის განსაკუთრებული მსახურებისთვის, მღვდელმთავრობისთვის, იყო გამოყოფილი (ლევ. 8:9). ნაზირებიც განსაკუთრებული სახით იყვნენ იეჰოვასადმი მიძღვნილნი. სიტყვა „ნაზირი“ მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან „ნაზირ“, რომელიც ნიშნავს „გამოცალკევებულს“, „მიძღვნილს“. მათ მოსეს კანონით უშუალოდ ნაზირებისთვის დადგენილი მითითებები უნდა დაეცვათ (რიცხ. 6:2—8).

4. ა) რა უნდა იყოს ყველაზე მთავარი იეჰოვასთვის მიძღვნილი მსახურების ცხოვრებაში? ბ) რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

4 Როდესაც იეჰოვას ვუძღვნით თავს, სურვილს გამოვთქვამთ, რომ იესოს მოწაფეები გავხდეთ და ღვთის ნების შესრულებას ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი დავუთმოთ. Სწორედ ამას გაუსვა ხაზი იესომაც, როცა თქვა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ძელი და გამომყვეს“ (მათ. 16:24). Ბერძნული ფრაზა, რომელიც გადმოტანილია როგორც „საკუთარი თავის უარყოფა“, Შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს როგორც „საკუთარი თავისთვის უარის თქმა“. იეჰოვასადმი მიძღვნილმა მსახურებმა უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერ რამეზე, რაც ეწინააღმდეგება მის ნებას, Მაგალითად, „ხორცის საქმეებზე“, რომლებშიც უზნეობაც შედის (გალ. 5:19—21; 1 კორ. 6:18; 2 კორ. 5:14, 15). იეჰოვას მითითებების დაცვა რთული არ მოგვეჩვენება, თუ გვეყვარება ის და დარწმუნებული ვიქნებით, რომ მისი კანონები ყოველთვის სასიკეთოა ჩვენთვის (ფსალმ. 119:97; ეს. 48:17, 18). ერთმა ძმამ, ნიკოლასმა, ასეთი შედარება მოიყვანა: „Შენზეა დამოკიდებული იეჰოვას კანონებს ციხის გისოსებად აღიქვამ, რომლებიც გზღუდავს, თუ გალიის გისოსებად, რომლებიც მასში მყოფი ლომებისგან გიცავს“.

როგორ აღიქვამთ იეჰოვას კანონებს — ციხის გისოსებად, რომლებიც გზღუდავთ, თუ გალიის გისოსებად, რომლებიც მასში მყოფი ლომებისგან გიცავთ? (იხილეთ აბზაცი 4)


5. ა) როგორ ვუძღვნით თავს იეჰოვას? ბ) რა სხვაობაა მიძღვნასა და ნათლობას შორის? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

5 Შესაძლოა გაინტერესებთ, როგორ ხდება იეჰოვასადმი თავის მიძღვნა. თქვენ მას ლოცვაში პირობას აძლევთ, რომ მხოლოდ მას სცემთ თაყვანს და მისი ნების შესრულება თქვენს ცხოვრებაში უმთავრესი იქნება. ფაქტობრივად, იეჰოვას ეუბნებით, რომ ყოველთვის გეყვარებათ ის „Მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარ. 12:30). მიძღვნის აღთქმას მხოლოდ იეჰოვას წინაშე დებთ, Ნათლობით კი Სხვების წინაშე საჯაროდ ადასტურებთ, რომ მას მიუძღვენით თავი. ვინაიდან მიძღვნა წმინდა აღთქმაა, თქვენი მიზანი უნდა იყოს, რომ შეასრულოთ ის. იეჰოვაც სწორედ ამას მოელის თქვენგან (ეკლ. 5:4, 5).

როცა იეჰოვას თავს ვუძღვნით, ლოცვაში პირობას ვაძლევთ, რომ მხოლოდ მას ვცემთ თაყვანს და მისი ნების შესრულება ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი იქნება (იხილეთ აბზაცი 5).


ᲠᲐ ᲒᲕᲘᲑᲘᲫᲒᲔᲑᲡ, ᲗᲐᲕᲘ ᲛᲘᲕᲣᲫᲦᲕᲜᲐᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ?

6. Რა უბიძგებს ადამიანს, თავი მიუძღვნას იეჰოვას?

6 უპირველეს ყოვლისა, თავს იმიტომ ვუძღვნით იეჰოვას, რომ გვიყვარს ის. თუმცა ღვთისადმი სიყვარული მხოლოდ ცარიელი ემოცია როდია. ის საფუძვლიან ცოდნას ემყარება. რაც უფრო მეტს ვიგებთ იეჰოვას შესახებ, მით უფრო გვიღრმავდება მისადმი სიყვარულიც (კოლ. 1:9). ბიბლიის შესწავლის შედეგად, ალბათ, უკვე დარწმუნდით, რომ 1) იეჰოვა რეალური პიროვნებაა, 2) ბიბლია მისი შთაგონებული სიტყვაა და 3) ღმერთი თავისი ორგანიზაციის მეშვეობით ასრულებს თავის ნებას.

7. რა შემთხვევაში იქნება ადამიანი მზად მიძღვნისთვის?

7 Მათ, ვინც თავს უძღვნის იეჰოვას, უკვე აქვთ საბაზისო ბიბლიური ცოდნა და ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრობენ. ამასთანავე, ისინი ცდილობენ, ნასწავლი სხვებსაც გაუზიარონ (მათ. 28:19, 20). ღვთის სიყვარული კი იმისკენ აღძრავთ, რომ მხოლოდ მას სცენ თაყვანი. თუ ეს თქვენს შემთხვევაშიც ასეა, მაშინ მიძღვნისა და ნათლობისკენ იეჰოვას ძლიერი სიყვარული გიბიძგებთ და არა იმის სურვილი, რომ ბიბლიის მასწავლებელს, მშობელს ან მეგობარს ასიამოვნოთ.

8. რისკენ გვიბიძგებს მადლიერების გრძნობა? ახსენით (ფსალმუნი 116:12—14).

8 მიძღვნისკენ მადლიერებაც გვიბიძგებს. ეს გრძნობა კი მაშინ გვიჩნდება, როცა ვფიქრობთ იმაზე, რაც იეჰოვას ჩვენთვის გაუკეთებია (წაიკითხეთ ფსალმუნის 116:12—14). ბიბლია მართებულად ამბობს, რომ „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი“ იეჰოვასგანაა (იაკ. 1:17). ყველაზე ძვირფასი საჩუქარი კი ის არის, რომ მან თავისი ძე გაიღო ჩვენ გამოსასყიდად. სწორედ ამ მსხვერპლის წყალობით შეგვიძლია გავიხაროთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობით და გვქონდეს მარადიული სიცოცხლის იმედი (1 იოან. 4:9, 10, 19). როცა თავს ვუძღვნით იეჰოვას, შესაძლებლობა გვეძლევა, მადლიერება გამოვხატოთ ყველა ამ კურთხევისთვის (კან. 16:17; 2 კორ. 5:15). ამგვარ მადლიერებაზე საუბარია სამწუთიან ვიდეოში, „წარუდგინეთ თქვენი ძღვენი ღმერთს“, რომლის ნახვაც შეგიძლიათ წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ 46-ე გაკვეთილის მე-4 პუნქტში.

ᲛᲖᲐᲓ ᲮᲐᲠᲗ ᲛᲘᲫᲦᲕᲜᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲜᲐᲗᲚᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ?

9. რატომ არ უნდა მოექცეს ადამიანი სხვების გავლენაში, როცა საქმე მიძღვნასა და ნათლობაზე მიდგება?

9 შეიძლება ფიქრობთ, რომ ჯერ მზად არ ხართ მიძღვნისა და ნათლობისთვის, რადგან ხვდებით, რომ ჯერ კიდევ გჭირდებათ გარკვეული ცვლილებების მოხდენა ან ფიქრობთ, რომ ჯერ საკმარისი რწმენა არ გაქვთ (კოლ. 2:6, 7). ფაქტია, ყველა შემსწავლელი ერთი და იმავე ტემპით ვერ იზრდება სულიერად. შესაბამისად, ვერც ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი ყველა ბავშვი იქნება ერთსა და იმავე ასაკში მზად ნათლობისთვის. ასე რომ, შეეცადეთ, თავი სხვებს კი არ შეადაროთ, არამედ საკუთარი შესაძლებლობებით შეაფასოთ (გალ. 6:4, 5).

10. რისი გაკეთება შეგიძლიათ მაშინაც კი, თუ ჯერ მზად არ ხართ მიძღვნისა და ნათლობისთვის? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო  „ქრისტიანულ ოჯახებში აღზრდილი ახალგაზრდებისთვის“).

10 იმ შემთხვევაშიც, თუ მიხვდებით, რომ მზად არ ხართ მიძღვნისთვის, მაინც განაგრძეთ ამ მიზნისკენ სწრაფვა. სთხოვეთ იეჰოვას, დაგეხმაროთ საჭირო ცვლილებების მოხდენაში (ფილ. 2:13; 3:16). ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ის შეისმენს თქვენს სათხოვარს და გიპასუხებთ (1 იოან. 5:14).

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲘᲙᲐᲕᲔᲑᲡ ᲖᲝᲒᲘ ᲗᲐᲕᲡ?

11. როგორ დაგეხმარებათ იეჰოვა ერთგულების შენარჩუნებაში?

11 ზოგი, ვინც მზად არის მიძღვნისა და ნათლობისთვის, მაინც თავს იკავებს ამ ნაბიჯებისგან. შეიძლება მათ იმაზე ფიქრი აშინებთ, ვაი თუ ცოდვა ჩაიდინონ და კრებიდან გაირიცხონ. თუ ასეთი ფიქრები თქვენც მოგდით, ერთი რამ კარგად უნდა გახსოვდეთ: იეჰოვა დაგეხმარებათ, რომ მის „ღირსად იცხოვროთ და ყოველმხრივ ასიამოვნოთ მას“ (კოლ. 1:10). არაერთი მაგალითი მოწმობს იმაზე, რომ იეჰოვა თავის მსახურებს სწორად მოქცევის ძალას აძლევს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ კრებიდან საკმაოდ ცოტა ადამიანი ირიცხება. ასე რომ, გჯეროდეთ, ის თქვენც დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ერთგულება (1 კორ. 10:13).

12. რა დაგვეხმარება, რომ სერიოზული ცოდვა არ ჩავიდინოთ?

12 მართალია, ყველა არასრულყოფილი ადამიანი მიდრეკილი ვართ ცუდისკენ, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, ავყვებით თუ არა ცდუნებას (იაკ. 1:14). ასე რომ, თქვენი გადასაწყვეტია, როგორ წარმართავთ ცხოვრებას. თუმცა ზოგი მაინც ამტკიცებს, რომ ადამიანს არ შეუძლია თავისი სურვილებისა და გრძნობების გაკონტროლება, რაც მტკნარი სიცრუეა. სინამდვილეში, თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ საკუთარი თავის მართვა და ცდუნებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ცოდვილმა მიდრეკილებებმა რომ არ გძლიოთ, ყოველდღე უნდა ილოცოთ, რეგულარულად უნდა შეისწავლოთ ღვთის სიტყვა, დაესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს და იქადაგოთ. თუ ასე მოიქცევით, იმის ძალაც გექნებათ, რომ მიძღვნის თანახმად იცხოვროთ. და რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა ყოველთვის მხარში გიდგათ (გალ. 5:16).

13. რისი სწავლა შეგვიძლია იოსებისგან?

13 მიძღვნის თანახმად ცხოვრება გაგიადვილდებათ, თუ წინასწარ დაფიქრდებით, როგორ მოიქცევით, როცა ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით. ბიბლიაში არაერთი ცოცხალი მაგალითი გვაქვს იმ ადამიანებისა, რომლებიც, დიდი ალბათობით, სწორედ ასე იქცეოდნენ. არადა ისინიც ჩვენნაირი არასრულყოფილები იყვნენ. მაგალითად, მოვიყვანოთ იოსების შემთხვევა. ფოტიფარის ცოლი არაერთხელ შეეცადა მის შეცდენას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რადგან იოსებს ნაფიქრი ჰქონდა, Როგორ მოიქცეოდა მსგავს სიტუაციებში. Ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ის არასდროს თანხმდებოდა თავისი ბატონის ცოლის შემოთავაზებას. ერთხელ ფოტიფარის ცოლს ასეთი სიტყვებიც კი უთხრა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და როგორ შევცოდო ღმერთს?!“ (დაბ. 39:8—10). აშკარაა, იოსები წინასწარ იყო მომზადებული და ზუსტად იცოდა, რას გააკეთებდა ცდუნების დროს. ამიტომაც არ გასჭირვებია სწორად მოქცევა.

14. რა დაგეხმარებათ, არ აჰყვეთ ცდუნებას?

14 როგორ შეგიძლიათ იოსების მსგავსად გამოავლინოთ სიმტკიცე ცდუნების დროს? ამას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ წინასწარ მოემზადებით ასეთი სიტუაციებისთვის. ისწავლეთ, მყისიერად თქვათ უარი ყველაფერზე, რაც იეჰოვას სძულს, და მაშინვე ამოიგდოთ თავიდან არასწორი ფიქრები (ფსალმ. 97:10; 119:165). თუ ასეთ ჩვევებს გამოიმუშავებთ და წინასწარ გეცოდინებათ, როგორ მოიქცევით, ცდუნებას არ აჰყვებით.

15. საიდან გამოჩნდება, რომ ადამიანი გულმოდგინედ ეძებს იეჰოვას? (ებრაელები 11:6).

15 შესაძლოა ეჭვი არ გეპარებათ, რომ ჭეშმარიტება იპოვეთ და გსურთ, მთელი გულით ემსახუროთ იეჰოვას, მაგრამ რაღაც მაინც გაკავებთ მიძღვნისა და ნათლობისგან. ამ დროს კარგი იქნება, თუ მიჰბაძავთ მეფე დავითს, რომელმაც იეჰოვას ასეთი რამ სთხოვა: „გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული. შემამოწმე და ნახე, რა მიფორიაქებს სულს. ნახე, რაიმე ცუდისკენ ხომ არ მიმიწევს გული, და წამიძეხი მარადიულობის გზაზე!“ (ფსალმ. 139:23, 24). დარწმუნებული იყავით, იეჰოვა „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (წაიკითხეთ ებრაელების 11:6). თუ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ თავი მიუძღვნათ იეჰოვას და მოინათლოთ, ამით აჩვენებთ, რომ თქვენც გულმოდგინედ ეძებთ მას.

ᲙᲕᲚᲐᲕᲐᲪ ᲓᲐᲣᲐᲮᲚᲝᲕᲓᲘᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ

16, 17. საიდან ვიცით, რომ იეჰოვა მათაც იზიდავს თავისკენ, ვინც ქრისტიანულ ოჯახში იზრდება? (იოანე 6:44).

16 იესომ თქვა, რომ მისი მოწაფე ვერავინ გახდება, თუ იეჰოვამ არ მიიზიდა თავისკენ (წაიკითხეთ იოანეს 6:44). რაზე უნდა დაგაფიქროთ ამ აზრმა? იეჰოვამ პირადად თქვენში დაინახა რაღაც კარგი და ამიტომაც მიგიზიდათ. ის თქვენ თავის საკუთრებად, თავის მსახურად მიგიჩნევთ (კან. 7:6).

17 მაგრამ, თუ იეჰოვას მოწმეების ოჯახში იზრდებით, შეიძლება გაგიჭირდეთ იმის დაჯერება, რომ იეჰოვამ პირადად თქვენ მიგიზიდათ. თუ ეს თქვენს შემთხვევაშიც ასეა, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა ადამიანებს ჯგუფურად კი არა, ინდივიდუალურად იზიდავს. თანაც ბიბლიაში ნათქვამია: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკ. 4:8; 1 მატ. 28:9). ასე რომ, გადადგით ნაბიჯი იეჰოვასთან დასაახლოებლად და ისიც აუცილებლად დაგიახლოვდებათ (შეადარეთ 2 თესალონიკელების 2:13).

18. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში? (ფსალმუნი 40:8).

18 ვინც თავს უძღვნის იეჰოვას და ინათლება, იესოს მსგავს განწყობას ავლენს, რომელიც მზად იყო, მამის ნებისმიერი დავალება სიხარულით შეესრულებინა (წაიკითხეთ ფსალმუნის 40:8; ებრ. 10:7). მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, რა დაგეხმარებათ, ნათლობის შემდეგაც ერთგულად ემსახუროთ იეჰოვას.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რა იგულისხმება მიძღვნაში?

  • რატომაა მნიშვნელოვანი მადლიერების გრძნობა?

  • რა დაგეხმარებათ, რომ სერიოზული ცოდვა არ ჩაიდინოთ?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 38 ის გაგაძლიერებთ