არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რწმენა ძალას გვმატებს

რწმენა ძალას გვმატებს

რწმენას უდიდესი ძალა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სატანას ჩვენი სულიერად განადგურება სურს, რწმენა „ბოროტის ცეცხლმოკიდებული ისრების“ ჩაქრობაში გვეხმარება (ეფეს. 6:16). რწმენით მთისმაგვარი პრობლემების გადალახვაც კი შეგვიძლია. სწორედ ამიტომ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და ამ მთას უთხრათ, აქედან იქით გადადიო, გადავა“ (მათ. 17:20). ვინაიდან რწმენას ჩვენი სულიერად გაძლიერება შეუძლია, კარგი იქნება, დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: რა არის რწმენა? რატომ არის გულის მდგომარეობა მნიშვნელოვანი ფაქტორი რწმენის განსავითარებლად? როგორ გავიძლიეროთ რწმენა და ვის მიმართ უნდა გამოვავლინოთ ის? (რომ. 4:3).

რა არის რწმენა?

რწმენა ჭეშმარიტების დაჯერებაზე მეტს მოიაზრებს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის არსებობის „დემონებსაც სწამთ და კანკალებენ“ (იაკ. 2:19). მაშ, რა არის რწმენა?

გვჯერა, რომ, როგორც დღესა და ღამეს შორის ზღვარი არასდროს წაიშლება, ისე ღვთის დაპირებები არასდროს გამტყუნდება

ღვთის სიტყვა რწმენის ორ მნიშვნელოვან მხარეზე საუბრობს. პირველი, „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ“ (ებრ. 11:1ა). გქონდეს რწმენა ნიშნავს, გჯეროდეს, რომ იეჰოვას ყოველი სიტყვა ჭეშმარიტებაა და აუცილებლად შესრულდება. მაგალითად, იეჰოვამ ისრაელებს უთხრა: „თუ შეძლებდით დაგერღვიათ ჩემი შეთანხმება დღესთან და ჩემი შეთანხმება ღამესთან, რომ დღე და ღამე თავის დროზე აღარ შენაცვლებოდა ერთმანეთს, მაშინ ჩემს მსახურ დავითთან დადებული ჩემი შეთანხმებაც დაირღვეოდა“ (იერ. 33:20, 21). გაგჩენიათ ოდესმე იმის შიში, რომ ერთ დღესაც შეიძლება მზე არ ამოვიდეს და დღესა და ღამეს შორის ზღვარი წაიშალოს? თუ ეჭვი ფიზიკურ კანონებში არ გვეპარება და დარწმუნებულები ვართ, რომ დედამიწა თავისი ღერძისა და მზის გარშემო ყოველთვის იბრუნებს, მაშ რატომ უნდა დავეჭვდეთ, რომ ამ კანონების შემოქმედი თავის დაპირებებს ვერ შეასრულებს? (ეს. 55:10, 11; მათ. 5:18).

მეორე, რწმენა „აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“, ანუ უტყუარი მტკიცება იმისა, რაც თვალისთვის უხილავი, თუმცა რეალურია (ებრ. 11:1ბ). როგორ შეგვიძლია ამის ახსნა? მაგალითად, როგორ დაარწმუნებდით ბავშვს, რომ ჰაერი არსებობს? მართალია, ჰაერი თქვენთვისაც უხილავია, მაგრამ, ალბათ, შეეცდებოდით, ფაქტების საფუძველზე დაგერწმუნებინათ ის მის არსებობაში. შეიძლება მისთვის ქარის მაგალითი მოგეყვანათ ან გეთქვათ, რომ ჰაერი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამაში დარწმუნება ბავშვს იმის გაცნობიერებაშიც დაეხმარება, რომ შეიძლება რაღაც არსებობდეს, მაგრამ თვალისთვის უხილავი იყოს. რწმენის შემთხვევაშიც ასეა — ის საფუძვლიან მტკიცებულებებს ეფუძნება (რომ. 1:20).

გულის მდგომარეობა მნიშვნელოვანია

ვინაიდან რწმენა მტკიცებულებებს ეფუძნება, მის განსავითარებლად ადამიანმა „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა“ უნდა შეიძინოს (1 ტიმ. 2:4). მაგრამ ეს საკმარისი არ არის. როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, ჩვენ გულით უნდა გვწამდეს (რომ. 10:10). ეს იმას ნიშნავს რომ, უბრალოდ კი არ უნდა გვჯეროდეს ჭეშმარიტების, არამედ უნდა ვაფასებდეთ მას. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვავლენთ რწმენას, ანუ ჭეშმარიტების თანახმად ვიმოქმედებთ (იაკ. 2:20). ვისაც ჭეშმარიტების მიმართ გულწრფელი მადლიერება არ გააჩნია, შეიძლება საკუთარი შეხედულებებისა და ხორციელი სურვილების გასამართლებლად სარწმუნო მტკიცებულებაც კი უარყოს (2 პეტ. 3:3, 4; იუდ. 18). სწორედ ამიტომ იყო, რომ ბიბლიურ დროში ყველამ არ გამოავლინა რწმენა, ვინც სასწაულების მომსწრე გახდა (რიცხ. 14:11; იოან. 12:37). ღვთის წმინდა სული რწმენას მხოლოდ იმ ადამიანებში წარმოშობს, ვისაც მთელი გულით უყვარს ჭეშმარიტება (გალ. 5:22; 2 თეს. 2:10, 11).

როგორ განივითარა დავითმა ძლიერი რწმენა

მეფე დავითი გამორჩეული რწმენის მქონე ღვთის მსახურებს შორის მოიხსენიება (ებრ. 11:32, 33). თუმცა მის ოჯახში ყველა როდი ავლენდა ძლიერ რწმენას. მაგალითად, ერთხელ დავითის უფროსმა ძმამ, ელიაბმა, რწმენის ნაკლებობა გამოავლინა, როცა გოლიათზე გაბრაზებული დავითის მოტივებში ეჭვი შეიტანა და უსაყვედურა მას (1 სამ. 17:26—28). რწმენა არაც დაბადებიდან დაგვყვება და არც მემკვიდრეობით გადმოგვეცემა. აქედან გამომდინარე, დავითის ძლიერი რწმენა ღმერთთან ახლო ურთიერთობის შედეგი იყო.

27-ე ფსალმუნში დავითი აღწერს, რა დაეხმარა ძლიერი რწმენის განვითარებაში (1-ლი მუხლი). ის ფიქრობდა თავის წარსულზე და იმაზე, თუ როგორ იხსნა იეჰოვამ მტრებისგან (მე-2 და მე-3 მუხლები). დავითი ძალიან აფასებდა იეჰოვას კარავში თაყვანისცემის შესაძლებლობას (მე-4 მუხლი). იგი კარავში სხვებთან ერთად სცემდა თაყვანს ღმერთს (მე-6 მუხლი). ის მხურვალედ მიმართავდა იეჰოვას ლოცვით (მე-7 და მე-8 მუხლები). გარდა ამისა, დავითს სურდა, რომ მეტი ესწავლა იეჰოვას გზების შესახებ (მე-11 მუხლი). მისთვის რწმენა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ასეთი რამ თქვა: „რომ არ მქონოდა რწმენა . . . რა მეშველებოდა?!“ (მე-13 მუხლი).

როგორ გავიძლიეროთ რწმენა

თქვენც გექნებათ ძლიერი რწმენა, თუ დავითისნაირ აზროვნებასა და ჩვევებს განივითარებთ, რომლის შესახებაც 27-ე ფსალმუნში ვკითხულობთ. როგორც აღვნიშნეთ, რწმენა საფუძვლიან ცოდნას ემყარება. ამიტომ, როცა გულმოდგინედ ვიკვლევთ ღვთის სიტყვას და ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს, წმინდა სული რწმენის განვითარებაში გვეხმარება (ფსალმ. 1:2, 3). საჭიროა, დრო გამოვუყოთ შესწავლილზე ფიქრს, რადგან სწორედ ფიქრი გვეხმარება მადლიერების გაღრმავებაში. მადლიერება კი, თავის მხრივ, რწმენის გამოვლენის სურვილს გაგვიძლიერებს, რასაც ჩვენი იმედის სახალხოდ გაცხადებითა და კრების შეხვედრებზე იეჰოვას განდიდებით გამოვხატავთ (ებრ. 10:23—25). გარდა ამისა, რწმენას ვავლენთ, როცა ვლოცულობთ და სულით არ ვეცემით (ლუკ. 18:1—8). ასე რომ, „განუწყვეტლივ ილოცეთ“ და გჯეროდეთ, რომ იეჰოვა „ზრუნავს თქვენზე“ (1 თეს. 5:17; 1 პეტ. 5:7). რწმენა საქმეებისკენ გვახალისებს, საქმეები კი, თავის მხრივ, რწმენას გვიძლიერებს (იაკ. 2:22).

გამოავლინეთ რწმენა იესოს მიმართ

სიკვდილის წინა საღამოს იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ირწმუნეთ ღმერთი და მირწმუნეთ მე“ (იოან. 14:1). ამ სიტყვებიდან ვიგებთ, რომ რწმენა არა მხოლოდ იეჰოვას, არამედ იესოს მიმართაც უნდა გამოვავლინოთ. რას ნიშნავს, ვირწმუნოთ იესო? განვიხილოთ სამი საშუალება.

რას ნიშნავს იესოსადმი რწმენის გამოვლენა?

პირველი, გამოსასყიდი პირადად თქვენთვის გაღებულ ღვთის საჩუქრად მიიჩნიეთ. მოციქული პავლე წერდა: „ღვთის ძისადმი რწმენით ვცოცხლობ, რომელმაც შემიყვარა და თავი გასწირა ჩემთვის“ (გალ. 2:20). იესოსადმი რწმენის გამოვლენაში იგულისხმება, მტკიცედ გჯეროდეთ, რომ 1) გამოსასყიდი იეჰოვას სიყვარულის უდიდესი გამოვლინებაა, 2) ის თქვენს კეთილდღეობას ემსახურება, 3) მის საფუძველზე გეპატიებათ ცოდვები და 4) გეძლევათ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა (რომ. 8:32, 38, 39; ეფეს. 1:7). თუ ნამდვილად გწამთ გამოსასყიდის, დანაშაულისა და უღირსობის გრძნობა არ შეგაწუხებთ (2 თეს. 2:16, 17).

მეორე, დაუახლოვდით იეჰოვას ლოცვის მეშვეობით, რაც ქრისტეს გამოსასყიდმა გახადა შესაძლებელი. გამოსასყიდის საფუძველზე შეგვიძლია ლოცვის დროს „სიტყვაში სითამამით . . . [დავუახლოვდეთ იეჰოვას], რათა მივიღოთ გულმოწყალება და წყალობა ვპოვოთ დროული დახმარებისთვის“ (ებრ. 4:15, 16; 10:19—22). ლოცვა ძალას გვაძლევს, რომ გავუძლოთ ცოდვის ჩადენის ცდუნებას (ლუკ. 22:40).

მესამე, დაემორჩილეთ იესოს. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა რჩება მასზე“ (იოან. 3:36). ყურადღება მიაქციეთ, რომ იოანე რწმენას დაუმორჩილებლობას უპირისპირებს. აქედან გამომდინარე, იესოსადმი რწმენას იმ შემთხვევაში ავლენთ, თუ ემორჩილებით მას, ანუ ასრულებთ „ქრისტეს კანონს“, რაშიც იესოს სწავლებები და მითითებები იგულისხმება (გალ. 6:2). ამასთანავე, ქრისტეს ემორჩილებით, როცა „ერთგული და გონიერი მონის“ ხელმძღვანელობას მიჰყვებით (მათ. 24:45). იესოსადმი მორჩილება ქარიშხალივით თავსდატეხილი განსაცდელების ატანის ძალას მოგცემთ (ლუკ. 6:47, 48).

„თქვენს უწმინდეს რწმენაზე აღაშენეთ საკუთარი თავი“

ერთხელ ერთმა მამაკაცმა იესოს სთხოვა: „დამეხმარე იმაში, რაშიც რწმენა მაკლია!“ (მარ. 9:24). მას გარკვეულწილად ჰქონდა რწმენა, მაგრამ თავმდაბლად აღიარა, რომ მეტი რწმენა სჭირდებოდა. ამ მამაკაცის მსგავსად, შეიძლება ცხოვრებაში ჩვენც დაგვიდგეს ისეთი მომენტები, როცა მეტი რწმენა დაგვჭირდება. რწმენის გაძლიერება დღესვე შეგვიძლია. როგორც დავინახეთ, რწმენას ღვთის სიტყვის კვლევა და მასზე ფიქრი გვიძლიერებს, რაც, თავის მხრივ, იეჰოვასადმი მადლიერებას გვიღრმავებს. რწმენას გავიძლიერებთ, თუ თანაქრისტიანებთან ერთად თაყვანს ვცემთ იეჰოვას, სახალხოდ გავაცხადებთ ჩვენს იმედს და გამუდმებით ვილოცებთ. მეტიც, როცა რწმენაში ვძლიერდებით, უდიდეს ჯილდოს ვიღებთ. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „საყვარელნო, თქვენს უწმინდეს რწმენაზე აღაშენეთ საკუთარი თავი . . . და ამგვარად დარჩით ღვთის სიყვარულში“ (იუდ. 20, 21).