ავტობიოგრაფია
„ახლა ძალიან მიყვარს მსახურება!“
გავიზარდე პროვინციულ ქალაქ ბალკლუტაში, ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა იეჰოვა და ჭეშმარიტება. კრებებს ყოველთვის ხალისით ვესწრებოდი. იქ თბილი და სასიამოვნო გარემო იყო. მართალია, ბუნებით მორცხვი ვიყავი, მაგრამ მსახურებაში ყოველკვირა სიხარულით დავდიოდი. არც კლასელებთან მიჭირდა ქადაგება და არც სხვებთან. იეჰოვას მოწმეობა ჩემთვის საამაყო იყო; ამიტომ 11 წლის ასაკში თავი მივუძღვენი ღმერთს და მოვინათლე.
სიხარული დავკარგე
სამწუხაროდ, მოზარდობის წლებში იეჰოვასთან უწინდელ სიახლოვეს ვეღარ ვგრძნობდი. თანაც მინდოდა ჩემი კლასელებივით ის მეკეთებინა, რაც მომესურვებოდა. მშობლების მიერ დადგენილი წესები და ქრისტიანული ნორმები ძალიან შემზღუდველად მეჩვენებოდა, იეჰოვას მსახურება კი ტვირთად მექცა. ღვთის არსებობაში ეჭვი არ შემპარვია, მაგრამ სულიერ სიცარიელეს ვგრძნობდი.
მართალია, ქადაგება არ შემიწყვეტია, მაგრამ, თუ ვმსახურობდი, ისიც მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით. მსახურებისთვის არ ვემზადებოდი, ამიტომ საუბრის წამოწყება და გაგრძელება მიჭირდა. ამის გამო მსახურებაში ვერანაირ შედეგს ვერ ვაღწევდი, რამაც კიდევ უფრო დამიკარგა ქადაგების ხალისი. ჩემთვის ვფიქრობდი: როგორ შეიძლება წლები აკეთო ეს საქმე და არ დაიღალო-მეთქი.
17 წლის ასაკში ისე მომინდა დამოუკიდებლობა, რომ ჩავაბარგე ჩემი ნივთები და ავსტრალიაში გადავედი საცხოვრებლად. ამ გადაწყვეტილებამ ჩემს მშობლებს ძალიან დასწყვიტა გული. მართალია, ჩემს ამბავს განიცდიდნენ, მაგრამ იმედს არ კარგავდნენ, რომ იქაც გავაგრძელებდი იეჰოვას მსახურებას.
ავსტრალიაში სულიერად კიდევ უფრო მოვსუსტდი. ხშირად ვაცდენდი კრების შეხვედრებს. ისეთ ახალგაზრდებს დავუმეგობრდი, რომლებიც ჩემსავით ერთ დღეს კრების შეხვედრებს ესწრებოდნენ, მეორე დღეს კი დასალევად და საცეკვაოდ ღამის კლუბებში მიდიოდნენ. ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ ცალი ფეხი ქვეყნიერებაში მქონდა, თუმცა არც იქ ყოფნა მანიჭებდა ბედნიერებას.
მოულოდნელი, მაგრამ დაუვიწყარი შეხვედრა
ორი წლის შემდეგ გავიცანი ერთი და, რომელმაც მისდა უნებურად ბევრ რამეზე დამაფიქრა. იმ პერიოდში ერთ სახლში ხუთი გოგო ვცხოვრობდით. ერთხელ სტუმრად ერთი კვირით სარაიონო ზედამხედველი და მისი მეუღლე, თამარა, დავპატიჟეთ. ვიდრე მისი ქმარი კრების საქმეებით იყო დაკავებული, თამარა ჩვენთან ატარებდა დროს. ბევრს ვხალისობდით, რაც ძალიან მომწონდა. ის ძალიან უბრალო და უშუალო იყო. ნამდვილად არ ველოდი, რომ მისნაირ სულიერ ადამიანთან დროის გატარება ასეთი სასიამოვნო იქნებოდა.
თამარას საოცარი ენთუზიაზმი ჰქონდა. მას ისე უყვარდა მსახურება და ჭეშმარიტება, რომ შეუძლებელი იყო, შენც არ გაგჩენოდა ამის სურვილი. მას სიამოვნებას ანიჭებდა იეჰოვასთვის საუკეთესოს გაღება, მე კი უბედური ვიყავი ჩემი ფორმალური მსახურებით. ის ისეთი ბედნიერი იყო და იმდენად დადებითი მუხტი მოდიოდა მისგან, რომ ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა. მისმა მაგალითმა ერთ მნიშვნელოვან ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე დამაფიქრა: იეჰოვას სურს, რომ ყველა მისი მსახური სიხარულითა და „მხიარული ყიჟინით“ ემსახურებოდეს მას (ფსალმ. 100:2).
მსახურების ხალისი დავიბრუნე
მინდოდა, თამარასავით მეც მეგრძნო სიხარული. თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ ამისთვის დიდი ცვლილებები უნდა მომეხდინა. დრო დამჭირდა, რომ წინ პატარ-პატარა ნაბიჯები გადამედგა. დავიწყე მსახურებისთვის მომზადება და დროდადრო დამხმარე პიონერად მსახურება. ეს დამეხმარა, მღელვარება გადამელახა მსახურებაში და უფრო თავდაჯერებული გავმხდარიყავი. რაც უფრო
ხშირად ვიყენებდი ბიბლიას ქადაგების დროს, მით უფრო მეტ კმაყოფილებას ვგრძნობდი. ამან სურვილი გამიჩინა, რომ ყოველთვე დამხმარე პიონერად მემსახურა.დავუახლოვდი სხვადასხვა ასაკის მოწიფულ ქრისტიანს, რომლებსაც უყვარდათ მსახურება. მათი მაგალითი დამეხმარა, გადამეფასებინა პრიორიტეტები და კარგი სულიერი განრიგი შემედგინა. მსახურება ისე შემიყვარდა, რომ გადავწყვიტე, პიონერობა დამეწყო. წლების შემდეგ პირველად ვიყავი ასეთი ბედნიერი. კრებაში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ ოჯახში.
ცხოვრების ახალი ეტაპი
ერთი წლის შემდეგ შევხვდი ალექსს, ძალიან კეთილ და გულწრფელ ადამიანს, რომელსაც უყვარდა იეჰოვა და მსახურება. ის მომსახურე იყო და ექვსი წელი პიონერად მსახურობდა. რაღაც პერიოდი ის მალავიში ქადაგებდა, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. მისიონერებთან თანამშრომლობამ მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მიზნად დაისახა, სამეფოს საქმე ყოველთვის პირველ ადგილზე დაეყენებინა.
2003 წელს მე და ალექსი დავქორწინდით და მას შემდეგ ერთად ვაგრძელებთ სრული დროით მსახურებას. ამასობაში ბევრი რამ ვისწავლეთ და უამრავი კურთხევა მივიღეთ იეჰოვასგან.
იეჰოვამ კურთხევების მისაღებად გზა გაგვიხსნა
2009 წელს მისიონერებად დაგვნიშნეს აღმოსავლეთ ტიმორში, პატარა ქვეყანაში, რომელიც ინდონეზიის არქიპელაგში მდებარეობს. ამან ჩვენში არაერთგვაროვანი ემოცია გამოიწვია. ეს ამბავი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თან გაგვიხარდა, თან ცოტა აგვაღელვა კიდეც. ხუთი თვის შემდეგ აღმოსავლეთ ტიმორის დედაქალაქ დილიში ჩავედით.
ახალ ტერიტორიაზე ქადაგება ბევრ სიახლესთან იყო დაკავშირებული. ჩვენთვის ყველაფერი სრულიად ახალი იყო: კულტურა, ენა, საკვები და საცხოვრებელი პირობები. მსახურებაში ხშირად ვხვდებოდით ღარიბ, გაუნათლებელ *
და დაჩაგრულ ხალხს. ბევრ მათგანს ომმა და ძალადობამ მძიმე ფიზიკური და ემოციური კვალი დააჩნია.ახალ ტერიტორიაზე მსახურება ძალიან საინტერესო იყო. ერთხელ შევხვდი 13 წლის სევდიან გოგონას, მარიას. * მას დედა რამდენიმე წლის წინ დაღუპოდა, მამას კი ძალიან იშვიათად ხედავდა. ბევრი მისი თანატოლის მსგავსად მარიაც ბედის ანაბარად იყო დარჩენილი. მახსოვს, ერთხელ როგორ იტირა, როცა თავის განცდებს მიზიარებდა. წარმოდგენა არ მქონდა, რას მეუბნებოდა, რადგან იმ დროს მის მშობლიურ ენაზე ჯერ კიდევ კარგად ვერ ვლაპარაკობდი. ვილოცე და იეჰოვას ვთხოვე, მის გამხნევებაში დამხმარებოდა, შემდეგ კი გამამხნევებელი ბიბლიური მუხლები წავუკითხე. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში საკუთარი თვალით დავინახე, როგორ შეცვალა ჭეშმარიტებამ მარიას ხასიათი, გარეგნობა თუ ცხოვრების წესი. ის მოინათლა და ახლა უკვე თავად ატარებს ბიბლიის შესწავლებს. მარიას დიდი სულიერი ოჯახი აქვს და თავს მიტოვებულად აღარ გრძნობს.
იეჰოვამ საოცრად აკურთხა სამქადაგებლო საქმიანობა აღმოსავლეთ ტიმორში. მართალია, მაუწყებლების უმეტესობა ბოლო ათი წლის განმავლობაში მოინათლა, მაგრამ ბევრი მათგანი პიონერი, მომსახურე და უხუცესია, ზოგიც მთარგმნელობით ოფისში სულიერ საზრდოს ადგილობრივ ენებზე თარგმნის. მიხარია, როცა ვუყურებ აქაურ და-ძმებს, როგორ მღერიან კრების შეხვედრებზე, როგორ დასთამაშებთ ღიმილი სახეზე და სულიერად როგორ იზრდებიან.
უკეთეს ცხოვრებაზე ვერც კი ვიოცნებებდი
მართალია, აღმოსავლეთ ტიმორში მსახურება სრულიად განსხვავდებოდა ავსტრალიაში მსახურებისგან, მაგრამ ამაზე უკეთეს ცხოვრებაზე ვერც კი ვიოცნებებდი. ხალხით გაჭედილი მიკროავტობუსებით გვიწევდა მგზავრობა, რომელიც ამავე დროს ადგილობრივი ბაზრიდან წამოღებული თევზითა და ბოსტნეულით იყო სავსე. ზოგჯერ ბიბლიის შესწავლას ჩახუთულ და ნესტიან სახლებში ვატარებდით, სადაც მიწის იატაკზე ქათმები დარბოდნენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხშირად ვფიქრობდი: რა მაგარია აქ მსახურება-მეთქი!
როცა წარსულს ვიხსენებ, ვემადლიერები მშობლებს, რომ ჭეშმარიტება მასწავლეს და მხარში მედგნენ მოზარდობის რთულ წლებში. ჩემ შემთხვევაში გამართლდა იგავების 22:6-ში ჩაწერილი სიტყვები. ჩემი მშობლები ამაყობენ ჩემით და ჩემი მეუღლით. მათ უხარიათ, რომ იეჰოვას საქმისთვის ვიხარჯებით. 2016 წლიდან მე და ალექსი ავსტრალაზიის ფილიალის ტერიტორიაზე სარაიონო მსახურებას ვეწევით.
მიჭირს იმის დაჯერება, რომ ოდესღაც მსახურება ჩემთვის მომაბეზრებელი იყო, რადგან ახლა ძალიან მიყვარს მსახურება! ვხვდები, რომ, რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, ნამდვილი სიხარული მხოლოდ იეჰოვასადმი მთელი გულით მსახურებას მოაქვს. ნამდვილად, ალექსთან ერთად იეჰოვას მსახურებაში გატარებული ბოლო 18 წელი უბედნიერესი წლებია ჩემს ცხოვრებაში. ახლა უკვე კარგად მესმის, რატომ ეუბნებოდა ფსალმუნმომღერალი დავითი იეჰოვას: „ყველა, ვინც თავს გაფარებს, გაიხარებს; დღემუდამ სიხარულით იყიჟინებენ . . . შენი სახელის მოყვარულნი შენით გაიხარებენ“ (ფსალმ. 5:11).