ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 16
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 64 სიხარულით მივიღოთ მონაწილეობა მკაში
როგორ ვიქადაგოთ მეტი სიხარულით
„სიხარულით ემსახურეთ იეჰოვას!“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 100:2).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიაში განხილულია კონკრეტული რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება, მეტი სიხარულით ვიქადაგოთ.
1. რატომ უჭირს ზოგს მსახურების დროს სხვებთან საუბარი? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
ᲩᲕᲔᲜ გვიყვარს იეჰოვა და გვსურს, ხალხს მის გაცნობაში დავეხმაროთ. ამიტომაც ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ ყველას ვუქადაგოთ. ბევრ ჩვენგანს დიდ სიხარულს ანიჭებს სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობა. თუმცა ზოგს უჭირს, სიხარულით იქადაგოს, რადგან მათთვის ადვილი არ არის უცნობებთან საუბრის წამოწყება. ამის მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს, მაგალითად, სიმორცხვე, თავდაუჯერებლობა, უარისა და კონფლიქტის შიში. ზოგს კი შეიძლება სხვებთან დაუპატიჟებლად მისვლა ერიდებოდეს. და მაინც, რაკი ამ და-ძმებს ძალიან უყვართ იეჰოვა და ესმით რამდენად მნიშვნელოვანია სამქადაგებლო საქმე, რეგულარულად მონაწილეობენ მასში. ეჭვგარეშეა, ამის დანახვა იეჰოვას ძალიან ახარებს.
2. რატომ არ უნდა გაიტეხოთ გული, თუ მსახურება ყოველთვის არ განიჭებთ სიხარულს?
2 თუ ზემოთ მოხსენიებული მიზეზების გამო ზოგჯერ თქვენც არ განიჭებთ მსახურება სიხარულს, გულს ნუ გაიტეხთ. სინამდვილეში, თავდაჯერებულობის ნაკლებობა შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ თავმდაბალი ხართ, არ გსურთ ყურადღების ცენტრში ყოფნა და არც სხვებთან კამათი გიყვართ. ისიც სავსებით ბუნებრივია, რომ თქვენს განწყობაზე ცუდად მოქმედებდეს, როცა ვინმე უარს გეუბნებათ, მით უმეტეს, რომ თქვენ მისთვის მხოლოდ კარგი გინდათ. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვას ესმის, რა სირთულეებსაც ხვდებით და სურს, დაგეხმაროთ (ეს. 41:13). ამ სტატიაში განვიხილავთ ხუთ რჩევას, რომლებიც დაგვეხმარება, მოვერიოთ უარყოფით გრძნობებს და სიხარული ვპოვოთ მსახურებაში.
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲗ ᲒᲐᲘᲫᲚᲘᲔᲠᲔᲗ ᲗᲐᲕᲘ
3. რამ შემატა წინასწარმეტყველ იერემიას ქადაგების ძალა?
3 საუკუნეების მანძილზე იეჰოვას მსახურებს მისი სიტყვა აძლევდა ნებისმიერი დავალების შესრულების ძალას. მოვიყვანოთ წინასწარმეტყველი იერემიას მაგალითი. Როცა მან იეჰოვასგან დავალება მიიღო, ყოყმანი დაიწყო და ასეთი სიტყვები თქვა: „როგორ ვილაპარაკო?! ჯერ ყმაწვილი ვარ“ (იერ. 1:6). რამ შემატა მას თავდაჯერებულობა? ღვთის სიტყვამ. აი რა თქვა იერემიამ: „ის ძვლებში დამწყვდეული ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში; დავიღალე მისი დაოკებით“ (იერ. 20:8, 9). Მართალია, საქადაგებლად რთული ტერიტორია ჰქონდა, მაგრამ ცნობამ, რომელიც უნდა გაეცხადებინა, იერემიას თავისი დავალების შესასრულებლად საჭირო ძალა შემატა.
4. Როგორ მოქმედებს ჩვენზე ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე ფიქრი? (კოლოსელები 1:9, 10).
4 ღვთის სიტყვა ჩვენც გვმატებს ქადაგების ძალას. კოლოსელებისთვის მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ საფუძვლიანი ცოდნა მათ დაეხმარებოდა, „იეჰოვას ღირსად“ ეცხოვრათ და „ყოველ კარგ საქმეში ნაყოფი“ გამოეღოთ (წაიკითხეთ კოლოსელების 1:9, 10). ასეთ კარგ საქმეებში შედის სასიხარულო ცნობის ქადაგებაც. ასე რომ, თუ წაიკითხავთ ღვთის სიტყვას და დაფიქრდებით მასზე, რწმენა განგიმტკიცდებათ და უფრო მეტად დაინახავთ ქადაგების აუცილებლობას.
5. რა შემთხვევაში მოემსახურება ბიბლიის კითხვა და შესწავლა თავის მიზანს?
5 ღვთის სიტყვამ რომ გაგაძლიეროთ, ის გადარბენით კი არა, აუჩქარებლად უნდა წაიკითხოთ და დრო გამოუყოთ ფიქრსა და გამოკვლევას. თუ ბიბლიის კითხვის დროს ისეთ აზრს გადააწყდებით, რომელიც თქვენთვის გაუგებარია, ნუ გადაახტებით. აუცილებლად მოინიშნეთ და გამოიკვლიეთ! ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“ და „იეჰოვას მოწმეების საკვლევი სახელმძღვანელო“. თუ ასე მოიქცევით, უფრო მეტად დარწმუნდებით ღვთის სიტყვის სანდოობაში (1 თეს. 5:21). ეს კი, თავის მხრივ, სხვებისთვის ნასწავლის გაზიარების სურვილს გაგიძლიერებთ და ქადაგებაც მეტ სიხარულს მოგანიჭებთ.
ᲡᲐᲤᲣᲫᲕᲚᲘᲐᲜᲐᲓ ᲛᲝᲔᲛᲖᲐᲓᲔᲗ
6. რატომ არის მნიშვნელოვანი საფუძვლიანი მომზადება?
6 თუ მსახურებისთვის საფუძვლიანად მოემზადებით, დიდი ალბათობით, უფრო თავისუფლად შეძლებთ ხალხთან საუბარს. სანამ საქადაგებლად გაგზავნიდა, იესომაც მოამზადა თავისი მოწაფეები (ლუკ. 10:1—11). მათაც გაითვალისწინეს იესოს რჩევები და მსახურებამ დიდი სიხარული მიანიჭათ (ლუკ. 10:17).
7. როგორ მოვემზადოთ მსახურებისთვის? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
7 როგორ მოვემზადოთ მსახურებისთვის? უპირველეს ყოვლისა, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რისი თქმა გვსურს ადამიანებისთვის და როგორ შევძლებთ სათქმელის ბუნებრივად გადაცემას. კარგი იქნება, იმაზეც ვიფიქროთ, რა შეიძლება გვიპასუხონ და როგორ გავაგრძელოთ მათთან საუბარი. ეს დაძაბულობას მოგვიხსნის და შევძლებთ ხალხს თავისუფლად და მეგობრულად ვესაუბროთ.
8. რა გაგებით ჰგვანან ქრისტიანები „თიხის ჭურჭელს“?
8 მოციქულმა პავლემ კორინთელ ქრისტიანებს მისწერა: „ეს განძი ჩვენ თიხის ჭურჭელში გვაქვს“ (2 კორ. 4:7). რა განძზე საუბრობდა ის? ეს არის სამქადაგებლო საქმე, რომელსაც ადამიანების გადარჩენა შეუძლია (2 კორ. 4:1). რისი თქმა შეგვიძლია „თიხის ჭურჭელზე“? მასში სასიხარულო ცნობის მქადაგებლები იგულისხმებიან. პირველ საუკუნეში ვაჭრებს თიხის ჭურჭლით გადაჰქონდათ ფული თუ სხვა ღირებული რაღაცები, მაგალითად, მარცვლეული და ღვინო. ჩვენც ფასეული რამ მოგვენდო — სასიხარულო ცნობა. მის გასაცხადებლად საჭირო ძალას თავად იეჰოვა გვაძლევს.
ᲡᲗᲮᲝᲕᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲒᲐᲑᲔᲓᲣᲚᲔᲑᲐ
9. Როგორ დავძლიოთ უარყოფითი რეაქციის შიში? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
9 Როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვაშინებს ხალხის რეაქცია? გაიხსენეთ, რა გააკეთეს მოციქულებმა, როცა მათ ქადაგება აუკრძალეს. ისინი პანიკაში კი არ ჩაცვივდნენ, იეჰოვას მიმართეს დახმარებისთვის: „ძალა მიეცი შენს მონებს, რომ შენი სიტყვა გაბედულად ილაპარაკონ“. იეჰოვამაც უპასუხოდ არ დატოვა მათი ლოცვა (საქ. 4:18, 29, 31). თქვენც იეჰოვას მიმართეთ დახმარებისთვის და სთხოვეთ, შიში მოყვასის სიყვარულით დაგაძლევინოთ.
10. Როგორ გვეხმარება იეჰოვა, გავამართლოთ ჩვენი წოდება და ვიყოთ მისი მოწმეები? (ესაია 43:10—12).
10 იეჰოვამ თავის მოწმეებად აგვირჩია და იმასაც დაგვპირდა, რომ გაბედულებას შეგვმატებდა (წაიკითხეთ ესაიას 43:10—12). როგორ აკეთებს ის ამას? განვიხილოთ ოთხი მხარე: 1) როცა ვქადაგებთ, ჩვენ გვერდით იესოა, 2) იეჰოვა ანგელოზების მეშვეობითაც გვეხმარება, 3) ის წმინდა სულის მეშვეობით გვახსენებს ნასწავლს და 4) მან თანამშრომლებად სულიერი და-ძმები გვიბოძა (მათ. 28:18—20; იოან. 14:25, 26; გამოცხ. 14:6). ასეთი მხარდაჭერის ფონზე ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ შევძლებთ შიშის დაძლევას და დავალების შესრულებას.
ᲘᲧᲐᲕᲘᲗ ᲛᲝᲥᲜᲘᲚᲜᲘ ᲓᲐ ᲒᲥᲝᲜᲓᲔᲗ ᲓᲐᲓᲔᲑᲘᲗᲘ ᲒᲐᲜᲬᲧᲝᲑᲐ
11. რა დაგეხმარებათ, უფრო მეტ ადამიანს უქადაგოთ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
11 ხომ არ გწყდებათ ხოლმე გული, როცა კარდაკარ მსახურების დროს არცთუ ისე ბევრი გხვდებათ სახლში? ასეთ დროს კარგი იქნება, დაფიქრდეთ, სად შეიძლება მათი ნახვა (საქ. 16:13). იქნებ სამსახურში არიან ან საყიდლებზე? თუ ასეა, ხომ არ აჯობებდა ქუჩაში გემსახურათ?! ერთი ძმა ჯოშუა ამბობს: „სავაჭრო ცენტრებსა და ავტოსადგომებზე ხშირად მეძლევა ხოლმე ქადაგების შესაძლებლობა“. მან და მისმა მეუღლემ ისიც შენიშნეს, რომ ხალხი სამუშაო დღეებში უფრო საღამოობით ხვდებათ სახლში, კვირაობით კი — ნაშუადღევს (ეფეს. 5:15, 16).
12. Როგორ გავიგოთ, რა სწამს ადამიანს ან რა აღელვებს?
12 თუ ხალხი დიდი ინტერესით არ ეხმაურება სასიხარულო ცნობას, შეეცადეთ, გაარკვიოთ, რისი სწამთ და რა აღელვებთ. ზემოთ მოხსენიებული ცოლ-ქმარი საუბრის დასაწყებად ჩვენი რომელიმე ბუკლეტის პირველ გვერდზე მოცემულ კითხვას იყენებს. მაგალითად, კითხვა „რა არის თქვენთვის ბიბლია?“ ასე გადააკეთეს: „ზოგი ფიქრობს, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა, ზოგს კი ეჭვი ეპარება ამაში. თქვენ რას ფიქრობთ?“. ასეთი კითხვის შემდეგ ხშირად საუბარი საინტერესოდ წარიმართება ხოლმე.
13. ხალხის გამოხმაურებაზეა დამოკიდებული მსახურებაში ჩვენი წარმატება? ახსენით (იგავები 27:11).
13 მსახურებაში ჩვენი წარმატება ხალხის გამოხმაურებაზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ რომ, როცა ვქადაგებთ, იეჰოვასა და იესოს დავალებას ვასრულებთ (საქ. 10:42). სულ რომ ვერავის გავესაუბროთ და არც არავინ მოგვისმინოს, სიხარულს იმის ცოდნა მოგვანიჭებს, რომ ზეციერი მამის მოსაწონად ვიქცევით (წაიკითხეთ იგავების 27:11).
14. რატომ გვაქვს სიხარულის მიზეზი მაშინაც, თუ პირადად ვერავის ვეხმარებით?
14 Როცა კრებაში ვინმე ისეთ ადამიანს პოულობს, რომელიც ღვთის სიტყვით ინტერესდება, მასთან ერთად ჩვენც ვხარობთ. სამქადაგებლო საქმე შეგვიძლია დაკარგული ბავშვის ძებნას შევადაროთ. ამ საქმეში ბევრია ჩართული და ისინი ყველგან ეძებენ ბავშვს. და როცა მას ვინმე პოულობს, ყველა ხარობს. მოწაფეების მომზადებაც გუნდური საქმეა. ჩვენს უბნებზე სასიხარულო ცნობა ყველას ყურამდე რომ მივაწვდინოთ, ამისთვის მთელი კრებაა საჭირო. ამიტომაც ყველას გვაქვს სიხარულის მიზეზი, როცა ვინმე ჭეშმარიტებით ინტერესდება და კრების შეხვედრებზე იწყებს დასწრებას.
ᲘᲤᲘᲥᲠᲔᲗ, ᲠᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐᲡ ᲒᲐᲫᲚᲔᲕᲗ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ
15. რა შეგვმატებს მსახურებაში ენთუზიაზმს? (მათე 22:37—39; იხილეთ აგრეთვე სურათი).
15 თუ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ მსახურება იეჰოვასა და ადამიანებისთვის სიყვარულის დამტკიცების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა, ეს ენთუზიაზმს შეგვმატებს (წაიკითხეთ მათეს 22:37—39). უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ ახარებს იეჰოვას იმის დანახვა, რომ სამქადაგებლო საქმეში ვართ ჩართული. იმაზეც დაფიქრდით, როგორი ბედნიერნი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ბიბლიას შეისწავლიან. არც ის დაგავიწყდეთ, რომ ამ საქმეზე მათი სიცოცხლეა დამოკიდებული (იოან. 6:40; 1 ტიმ. 4:16).
16. რისი გაკეთება შეგვიძლია, თუ სახლიდან ვერ გავდივართ? მოიყვანეთ მაგალითები.
16 რა დაგეხმარებათ, არ დაკარგოთ სიხარული და ენთუზიაზმი მაშინაც კი, თუ სახლიდან ვერ გადიხართ? კარგი იქნება, დაფიქრდეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე. მაგალითად, კოვიდპანდემიის დროს სამუელი და დანია თითქმის არ გადიოდნენ სახლიდან. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინი ტელეფონით ქადაგებდნენ, წერილებს წერდნენ და „ზუმით“ ბიბლიის შესწავლებსაც ატარებდნენ. სამუელს კიბოს სამკურნალოდ საავადმყოფოში უწევდა ხოლმე სიარული და არც იქ უშვებდა ხელიდან ქადაგების შესაძლებლობას. ის ამბობს: „სირთულეების დროს ადვილია, რომ ფიზიკურად, ემოციურად თუ სულიერად გამოიფიტო. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მსახურებამ სიხარული მოგვანიჭოს“. აი რას გვიზიარებს დანია, რომელიც პანდემიის დროს წაიქცა და პირველი 3 თვე ლოგინად იყო ჩავარდნილი, შემდეგ კი 6 თვე ინვალიდის სავარძლით გადაადგილდებოდა: „ვცდილობდი, მსახურების შესაძლებლობა ხელიდან არ გამეშვა. მაგალითად, ვუქადაგებდი ექთანს, რომელიც ჩემთან მოდიოდა და იმ კურიერებსაც ვესაუბრებოდი, რომლებსაც ჩვენთვის რაღაცები მოჰქონდათ. საინტერესო საუბრები მქონდა ერთი კომპანიის წარმომადგენელთანაც, საიდანაც სამედიცინო ინვენტარს ვიწერდი“. Მართალია, სამუელსა და დანიას ბევრი რამ ზღუდავდა, მაგრამ, რაც შეეძლოთ, ყველაფერს აკეთებდნენ და სიხარულსაც განიცდიდნენ.
17. რა მიზანი უნდა დავისახოთ?
17 მსახურებაში მეტი სიხარული რომ იგრძნოთ, ეცადეთ, ამ სტატიაში განხილული ხუთივე რჩევა გაითვალისწინოთ. თითოეული მათგანი შეიძლება საჭმლის რეცეპტში მოცემულ ცალკეულ ინგრედიენტს შევადაროთ. კერძი გემრიელი მაშინ გამოდის, როცა ყველა ინგრედიენტს ვიყენებთ. მსგავსადვე, თუ ამ სტატიაში მოცემულ თითოეულ რჩევას გავითვალისწინებთ, უკეთ შევძლებთ მოვერიოთ უარყოფით გრძნობებს და მსახურებაც მეტ სიხარულს მოგვანიჭებს.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲒᲛᲐᲢᲔᲑᲗ ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲡ . . .
-
მსახურებისთვის საფუძვლიანი მომზადება?
-
იეჰოვასთვის გაბედულების თხოვნა?
-
იმაზე ფიქრი, რომ მსახურება იეჰოვასა და ადამიანებისთვის სიყვარულის დამტკიცების შესაძლებლობას გაძლევთ?
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 80 „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“