მკითხველთა შეკითხვები
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ვინმეს ბრალეულობის დასამტკიცებლად სულ მცირე ორი მოწმეა საჭირო (რიცხ. 35:30; კან. 17:6; 19:15; მათ. 18:16; 1 ტიმ. 5:19). მაგრამ კანონის თანახმად, თუ კაცი დანიშნულ ქალს მინდორში გააუპატიურებდა, ის კი იყვირებდა, კაცი მრუშობაში დამნაშავედ ითვლებოდა, ქალი კი — არა. ვინაიდან გაუპატიურების ფაქტს მოწმეები არ ჰყავდა, რატომ ითვლებოდა ქალი უდანაშაულოდ, კაცი კი დამნაშავედ?
კანონის 22:25—27-ში ჩაწერილი შემთხვევა უშუალოდ კაცის ბრალეულობაზე არ საუბრობს, რადგან ის უკვე დამნაშავედ მიიჩნეოდა. ეს კანონი ქალის უდანაშაულობაზე ამახვილებს ყურადღებას. გავითვალისწინოთ კონტექსტი.
კანონის 22:23, 24-ში საუბარია კაცზე, რომელმაც ქალაქში ნახა დანიშნული ქალი და დაწვა მასთან. ეს საქციელი მას მრუშობაში ეთვლებოდა, რადგან დანიშნულ ქალს დაქორწინებულად მიიჩნევდნენ. რისი თქმა შეიძლება ქალზე? მან „არ იყვირა ქალაქში“. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვები გაიგებდნენ მის ხმას და დაეხმარებოდნენ. მაგრამ, რადგან ასე არ მოიქცა, მასაც მრუშობაში ედებოდა ბრალი. ამიტომ ორივე დამნაშავედ ითვლებოდა.
თუმცა კანონის 22:25—27-ში მოხსენიებულ სიტუაციაში ქალი განსხვავებულად იქცევა. იქ ვკითხულობთ: „თუ კაცი მინდორში ნახავს დანიშნულ ქალს, სტაცებს ხელს და დაწვება მასთან, ის კაცი, რომელიც დაწვა მასთან, უნდა მოკვდეს, ქალს კი არაფერი დაუშავოთ; ქალს არ ჩაუდენია სასიკვდილო ცოდვა, რადგან ეს იგივეა, კაცი რომ თავის მოძმეს დაესხას თავს და მოკლას ის სული. მინდორში ნახა იმ კაცმა ქალი. დანიშნული ქალი ყვიროდა, მაგრამ მშველელი არავინ იყო“.
ამ შემთხვევაში მსაჯულები ქალის უდანაშაულობას იჯერებდნენ. ისინი ასკვნიდნენ, რომ „ქალი ყვიროდა, მაგრამ მშველელი არავინ იყო“. ასე რომ, ქალს მრუშობაში არ ედებოდა ბრალი. თუმცა კაცი დამნაშავედ ითვლებოდა როგორც გაუპატიურებაში, ისე მრუშობაში, რადგან მან ხელი სტაცა დანიშნულ ქალს და დაწვა მასთან.
მართალია, ეს კანონი ქალის უდანაშაულობაზე ამახვილებდა ყურადღებას, მაგრამ ამ სიტუაციაში კაცი სრულიად სამართლიანად იყო მიჩნეული დამნაშავედ გაუპატიურებასა და მრუშობაში. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მსაჯულები საგულდაგულოდ გამოიკვლევდნენ მომხდარ ფაქტს და გადაწყვეტილებას ღვთის ნორმების შესაბამისად მიიღებდნენ, რომლებიც ღმერთმა მათ ნათლად და გასაგებად არაერთხელ აუხსნა (კან. 13:14; 17:4; გამ. 20:14).