გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ მიმდინარე წლის ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.
როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას ქალების მიმართ?
იეჰოვა მიუკერძოებელია და არ გამოარჩევს კაცებს ქალებისგან. ის ისმენს მათ ლოცვებს, გულთან ახლოს მიაქვს მათი გრძნობები და საფიქრალი და თავისი საქმის შესრულებას ანდობს (w24.01, გვ. 15, 16).
როგორ გავითვალისწინოთ ეფესოელების 5:7-ში ჩაწერილი მითითება: „საერთო არაფერი გქონდეთ მათთან“?
მოციქული პავლე გვაფრთხილებს, არ გვქონდეს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც არად აგდებენ იეჰოვას ნორმებს. ცუდ გავლენას მხოლოდ ისინი კი არ ახდენენ, ვისთანაც პირისპირ ვურთიერთობთ, არამედ ისინიც, ვისაც სოციალური ქსელებით ვეცნობით (w24.03, გვ. 22, 23).
როგორ გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რომ არ დავიჯეროთ სიცრუე?
ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ შეცდომაში არ შეგვიყვანოს თანაქრისტიანის მიერ გულუბრყვილოდ გაზიარებულმა ინფორმაციამ, უცნობი ადამიანებისგან მიღებულმა იმეილებმა ან განდგომილებმა, რომლებსაც თავი დაინტერესებულად მოაქვთ (w24.04, გვ. 12).
როცა საქმე სოლომონის, წარღვნის დროს განადგურებულ ადამიანებსა თუ სოდომისა და გომორის მკვიდრთა გასამართლებაზე მიდგება, რა ვიცით და რა არა?
ჩვენ არ ვიცით, აღდგებიან თუ არა ისინი მკვდრეთით, თუმცა ის კი ვიცით, რომ იეჰოვამ ყველა ფაქტი იცის და ის დიდად გულმოწყალეა (w24.05, გვ. 3, 4).
რაში გვარწმუნებს ის ფაქტი, რომ იეჰოვას „კლდე“ ეწოდება? (კან. 32:4).
იეჰოვა ჩვენი თავშესაფარია. ის სანდოა, ამიტომ ყოველთვის ასრულებს დაპირებულს. მას არ აქვს მერყევი ბუნება. შესაბამისად, მისი განზრახვები და ნორმებიც უცვლელია (w24.06, გვ. 26–28).
რა გაგიადვილებთ ახალ კრებასთან შეგუებას?
მიენდეთ იეჰოვას. ის წარსულში მხარში ედგა თავის ერთგულ მსახურებს და არც თქვენ დაგტოვებთ მხარდაჭერის გარეშე. მოერიდეთ შედარებას. იყავით აქტიურები და შეიძინეთ ახალი მეგობრები (w24.07, გვ. 26–28).
რისი სწავლა შეგვიძლია მათეს 25-ე თავში ჩაწერილი სამი იგავიდან?
ცხვრებსა და თხებზე მოყვანილი იგავი ხაზს უსვამს ერთგულების აუცილებლობას; გონიერ და უგუნურ ქალწულებზე მოყვანილი იგავიდან კი ვიგებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, მზად ვიყოთ ბოლომდე მოსათმენად; ხოლო იგავი ტალანტებზე გულმოდგინების აუცილებლობას გვანახებს (w24.09, გვ. 20–24).
რა სიმაღლის იყო სოლომონის ტაძრის წინკარი?
ზოგ ძველ ხელნაწერში 2 მატიანის 3:4-ში ნათქვამია, რომ წინკარი სიმაღლეში იყო „120 წყრთა“ ანუ 53 მეტრი. მაგრამ სხვა ავტორიტეტულ ხელნაწერებში ვხვდებით ციფრს „20“, რაც 9 მეტრს უტოლდება. თუ გავითვალისწინებთ ტაძრის კედლის სისქეს, ეს ციფრი უფრო მეტად შეესაბამება რეალობას (w24.10, გვ. 31).
რა იგულისხმება სიტყვებში: „მომსახურეს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი“? (1 ტიმ. 3:12).
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ დაქორწინებულია, ერთზე მეტი ცოლი არ უნდა ჰყავდეს, არ უნდა სჩადიოდეს სექსუალურ უზნეობას და არც რომანტიკულ ინტერესს უნდა იჩენდეს სხვა ქალის მიმართ (w24.11, გვ. 19).
საიდან ვიცით, რომ იოანეს 6:53-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები გახსენების საღამოს არ ეხება?
იოანეს 6:53-ში იესო თავისი ხორცის ჭამასა და სისხლის დალევაზე საუბრობს. ეს სიტყვები მან ახ. წ. 32 წელს გალილეაში შეკრებილ იუდეველებს უთხრა, რომელთაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საკმარისი რწმენა. ერთი წლის შემდეგ კი, როცა იერუსალიმში გახსენების საღამო დააწესა, მათ ესაუბრებოდა, ვინც ზეცაში მასთან ერთად იმმართველებდა (w24.12, გვ. 10, 11).