არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას განზრახვა აუცილებლად შესრულდება!

იეჰოვას განზრახვა აუცილებლად შესრულდება!

„მე ვთქვი და შევასრულებ. მე განვიზრახე და გავაკეთებ“ (ეს. 46:11).

სიმღერები: 147, 149

1, 2. ა) რა გაგვიმჟღავნა იეჰოვამ? ბ) რაში გვარწმუნებს ესაიას 46:10, 11-სა და 55:11-ში ჩაწერილი სიტყვები?

ბიბლიის პირველივე მუხლში მარტივად არის ნათქვამი, რომ „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“, თუმცა ამ სიტყვებში ღრმა აზრი დევს (დაბ. 1:1). ჩვენ ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს ღვთის შემოქმედებაზე, მაგალითად სივრცეზე, სინათლესა და მიზიდულობაზე, და სამყაროს მხოლოდ მცირე ნაწილს შეგვიძლია შევავლოთ თვალი (ეკლ. 3:11). თუმცა იეჰოვამ გაგვიმჟღავნა დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებული განზრახვა, რომლის თანახმადაც დედამიწა საუკეთესო საცხოვრებელი იქნებოდა ღვთის ანარეკლად შექმნილი მამაკაცებისა თუ ქალებისთვის (დაბ. 1:26). ისინი მისი შვილები იქნებოდნენ, იეჰოვა კი მათი მამა იქნებოდა.

2 თუმცა, როგორც „დაბადების“ მესამე თავიდან ვიგებთ, თავი იჩინა წინააღმდეგობამ (დაბ. 3:1—7). მაგრამ ეს წინააღმდეგობა დაუძლეველი არ იყო, რადგან იეჰოვას განზრახვის შესრულებას წინ ვერავინ დაუდგებოდა (ეს. 46:10, 11; 55:11). ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა ზუსტად დანიშნულ დროს შესრულდება!

3. ა) რომელი სწავლებების ცოდნაა მნიშვნელოვანი ბიბლიური ცნობის გასაგებად? ბ) რატომ განვიხილავთ ამ სწავლებებს ახლა? გ) რომელ კითხვებს განვიხილავთ?

3 ჩვენ კარგად ვიცით, რას ასწავლის ბიბლია დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებული ღვთის განზრახვისა და ამ განზრახვის შესასრულებლად იესო ქრისტეს მნიშვნელოვანი როლის შესახებ. ეს ის ძირითადი სწავლებებია, რომლებიც ალბათ ღვთის სიტყვის შესწავლის დაწყებისთანავე გავიგეთ. ჩვენი მხრივ, გვინდა, რომ გულწრფელი ადამიანები გაეცნონ ამ სწავლებებს. ამის შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა წლის ამ დროს, როცა ხალხს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე ვიწვევთ (ლუკ. 22:19, 20). ვინც ამ ღონისძიებას დაესწრება, ღვთის განზრახვის შესახებ ბევრ რამეს გაიგებს. ასე რომ, გახსენების საღამომდე დარჩენილი დღეების მანძილზე უნდა მოვიფიქროთ, რა კითხვებს დავუსვამთ ბიბლიის შემსწავლელებსა თუ სხვა გულწრფელ ადამიანებს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისადმი ინტერესის აღსაძვრელად. ქვემოთ განვიხილავთ სამ კითხვას: რა განიზრახა ღმერთმა თავდაპირველად დედამიწისა და კაცობრიობისთვის? როგორ იჩინა თავი წინააღმდეგობამ? რატომ არის იესოს გამოსასყიდი მნიშვნელოვანი ღვთის განზრახვის შესასრულებლად?

რა განიზრახა შემოქმედმა თავდაპირველად?

4. როგორ აუწყებენ ქმნილებები იეჰოვას დიდებას?

4 იეჰოვა, ჩვენი შემოქმედი, მოწიწებას იწვევს ჩვენში. მან ყველაფერი საუკეთესოდ შექმნა (დაბ. 1:31; იერ. 10:12). რის სწავლა შეგვიძლია იმ სილამაზიდან და წესრიგიდან, რაც ქმნილებებში ჩანს? ქმნილებებზე დაკვირვებისას დიდ შთაბეჭდილებას ახდენს იმის აღმოჩენა, რომ ყველაფერი, რაც იეჰოვამ შექმნა, დიდი თუ პატარა, გარკვეულ მიზანს ემსახურება. ვის არ აოცებს ადამიანის უჯრედის სირთულე, ახალშობილის სინატიფე ან მზის ჩასვლის ბრწყინვალება?! ჩვენ გვხიბლავს ღვთის ქმნილებები, რადგან სილამაზის აღქმით ვართ შექმნილები (წაიკითხეთ ფსალმუნის 19:1; 104:24).

5. რა გააკეთა იეჰოვამ, რომ სამყაროში ჰარმონია ყოფილიყო?

5 როგორც შემოქმედებიდან ჩანს, იეჰოვამ სიყვარულით დაადგინა საზღვრები. ყველაფერს რომ ჰარმონიულად ეფუნქციონირა, მან დაადგინა ბუნების კანონები და ზნეობრივი კანონები (ფსალმ. 19:7—9). ამიტომ სამყაროში ყველაფერს თავისი ადგილი უკავია და იმ ფუნქციას ასრულებს, რაც ღვთის განზრახვის შესასრულებლად არის საჭირო. იეჰოვამ თავის ქმნილებებს ერთმანეთთან თანამშრომლობის ნორმები დაუდგინა. მაგალითად, მიზიდულობის კანონი დედამიწის გარშემო ატმოსფეროს აკავებს, არეგულირებს ზღვებისა და ოკეანეების მიმოქცევას და ხელს უწყობს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელ წესრიგს. ყველა ქმნილება, მათ შორის ადამიანი, ამ საზღვრების ფარგლებში ფუნქციონირებს. ქმნილებებში არსებული წესრიგი აშკარად მოწმობს, რომ ღმერთმა გარკვეული განზრახვით შექმნა დედამიწა და ადამიანი. კარგი იქნება, თუ მსახურების დროს ხალხის ყურადღებას მასზე გადავიტანთ, ვინც ეს შთამბეჭდავი წესრიგი დაამყარა (გამოცხ. 4:11).

6, 7. რა და რა ძღვენი უბოძა იეჰოვამ ადამსა და ევას?

6 ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, ადამიანებს მარადიულად უნდა ეცხოვრათ დედამიწაზე (დაბ. 1:28; ფსალმ. 37:29). ღმერთმა უხვად მისცა ადამსა და ევას ყოველგვარი ძღვენი, რათა გაეხარათ სიცოცხლით (წაიკითხეთ იაკობის 1:17). მან ნების თავისუფლება და იმის უნარი უბოძა მათ, რომ ეაზროვნათ, ჰყვარებოდათ და გაეხარათ მეგობრობით; აგრეთვე აუხსნა ადამს, თუ როგორ შეეძლო მორჩილების გამოვლენა. მან ადამს ისიც ასწავლა, როგორ ეზრუნა საკუთარ საჭიროებებზე, ცხოველებსა და დედამიწაზე (დაბ. 2:15—17, 19, 20). ამასთან, იეჰოვამ ადამი და ევა გემოვნების, შეხების, მხედველობის, სმენისა და ყნოსვის შეგრძნებით შექმნა. ასე რომ, მათ შეეძლოთ ბოლომდე გაეხარათ სამოთხის სილამაზითა და სიუხვით. ადამიანთა პირველ წყვილს ყოველთვის ექნებოდა სასიამოვნო სამუშაო, ახალი პერსპექტივები და ახალი აღმოჩენების გაკეთების შესაძლებლობა.

7 კიდევ რა შედიოდა ღვთის განზრახვაში? იეჰოვამ ადამი და ევა სრულყოფილი შთამომავლობის წარმოშობის უნარით შექმნა. ღმერთს განზრახული ჰქონდა, რომ მათ შვილებსაც წარმოეშვათ შთამომავლობა, ვიდრე დედამიწა არ აივსებოდა ადამიანებით. იეჰოვას სურდა, რომ ადამსა და ევას, ასევე შემდგომში ყველა მშობელს, ისე ჰყვარებოდა თავისი შვილი, როგორც მას უყვარდა თავისი პირველი სრულყოფილი მიწიერი შვილები. მთელი დედამიწა და მისი რესურსები სამარადისოდ მათი გახდებოდა (ფსალმ. 115:16).

როგორ იჩინა თავი წინააღმდეგობამ?

8. რა მიზანს ემსახურებოდა დაბადების 2:16, 17-ში ჩაწერილი კანონი?

8 თუმცა დასაწყისში მოვლენები ისე არ განვითარებულა, როგორც ღმერთს ჰქონდა განზრახული. რა იყო მიზეზი? იეჰოვამ ადამსა და ევას მარტივი კანონი დაუწესა იმის დასანახად, პატივს სცემდნენ თუ არა მის მიერ დადგენილ საზღვრებს. მან თქვა: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“ (დაბ. 2:16, 17). ამ კანონის გაგება ადამისა და ევასთვის რთული არ იქნებოდა. მათ არც მისი დაცვა გაუჭირდებოდათ, რადგან იმაზე მეტი საკვები ჰქონდათ, ვიდრე სჭირდებოდათ.

9, 10. ა) რა დააბრალა სატანამ იეჰოვას? ბ) რა გადაწყვეტილება მიიღეს ადამმა და ევამ? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)

9 სატანა ეშმაკმა შეცდომაში შეიყვანა ევა გველის მეშვეობით და თავისი მამის, იეჰოვას დაუმორჩილებლობისკენ უბიძგა (წაიკითხეთ დაბადების 3:1—5; გამოცხ. 12:9). სატანამ ეჭვქვეშ დააყენა ის ფაქტი, რომ ღვთის მიწიერ შვილებს „ბაღის ყველა ხიდან“ არ შეეძლოთ ნაყოფის ჭამა. ფაქტობრივად, მან იკითხა: „მართლა არ შეგიძლიათ იმის გაკეთება, რაც გინდათ?!“. შემდეგ უტიფრად იცრუა: „არა, არ მოკვდებით“. ის შეეცადა, დაერწმუნებინა ევა, რომ აუცილებელი არ იყო, ღვთისთვის დაეჯერებინა, და უთხრა: „იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ“. სატანა გადაკვრით ამბობდა, რომ იეჰოვას არ სურდა, მათ ნაყოფი ეგემათ და გონება გახსნოდათ. შემდეგ სატანამ ცრუ დაპირება მისცა მათ: „ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“.

10 ადამსა და ევას უნდა გადაეწყვიტათ, იეჰოვას დაემორჩილებოდნენ თუ გველს მოუსმენდნენ. მათ გადაწყვიტეს, არ დამორჩილებოდნენ ღმერთს. ამგვარად, მათ სატანის მხარე დაიკავეს. მათ ზურგი აქციეს იეჰოვას, როგორც მამას, და მისი მფარველობისა და ხელმძღვანელობის გარეშე დარჩნენ (დაბ. 3:6—13).

11. რატომ არ იწყნარებს იეჰოვა ურჩობას?

11 ურჩობის შედეგად ადამმა და ევამ დაკარგეს სრულყოფილება. უფრო მეტიც, ისინი ჩამოშორდნენ იეჰოვას, რომლის თვალებიც იმდენად სუფთაა, რომ ვერ უყურებს და არ იწყნარებს ბოროტებას (აბაკ. 1:13). შემწყნარებლობის შემთხვევაში ზეცაში თუ დედამიწაზე ყველა ცოცხალი ქმნილების კეთილდღეობას საფრთხე დაემუქრებოდა. რაც ყველაზე მთავარია, თუ ღმერთი თვალს დახუჭავდა ედემის ბაღში ჩადენილ ცოდვაზე, მისი სანდოობა ეჭვქვეშ დადგებოდა. მაგრამ იეჰოვა თავისი დადგენილი წესების ერთგულია და არასდროს არღვევს მათ (ფსალმ. 119:142). ნების თავისუფლება არ აძლევდა ადამსა და ევას იმის უფლებას, რომ არაფრად ჩაეგდოთ ღვთის კანონი. ურჩობის გამო ისინი დაიხოცნენ და დაუბრუნდნენ მიწას, საიდანაც იყვნენ აღებულნი (დაბ. 3:19).

12. რისთვის გაწირა ადამმა თავისი შთამომავლები?

12 ნაყოფის ჭამის შემდეგ ადამსა და ევას აღარ ჰქონდათ უფლება, რომ ღვთის ოჯახის წევრები ყოფილიყვნენ. ღმერთმა ისინი ედემის ბაღიდან გაყარა. ადამი და ევა ვეღარასოდეს დაბრუნდებოდნენ იქ (დაბ. 3:23, 24). ამგვარად, იეჰოვა სამართლიანად მოიქცა და არ დაიცვა ისინი მათი გადაწყვეტილების შედეგებისგან (წაიკითხეთ კანონის 32:4, 5). არასრულყოფილების გამო ადამიანი სრულყოფილად ვეღარ აირეკლავდა ღვთის თვისებებს. ადამმა არა მხოლოდ თავად დაკარგა შესანიშნავი მომავალი, არამედ თავისი შთამომავლები არასრულყოფილებისთვის, ცოდვისა და სიკვდილისთვის გაიმეტა (რომ. 5:12). მან თავის შთამომავლებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა წაართვა. ადამსა და ევას აღარასოდეს ეყოლებოდათ სრულყოფილი შვილები; არც მათ შვილებს მიეცემოდათ ამის საშუალება. ღვთისგან ადამისა და ევას ჩამოშორების შემდეგ სატანა ეშმაკს არ შეუწყვეტია ადამიანთა შეცდომაში შეყვანა (იოან. 8:44).

გამოსასყიდი — ღმერთთან შერიგების შესაძლებლობა

13. რა სურს იეჰოვას ადამიანებისთვის?

13 ადამისა და ევას ურჩობის მიუხედავად, ღმერთს ადამიანების მიმართ სიყვარული არ განელებია. იეჰოვას სურს, რომ მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ მასთან და არ უნდა, რომ ვინმე დაიღუპოს (2 პეტ. 3:9). ამიტომ მან მაშინვე იზრუნა, რომ ადამიანებს აღედგინათ მასთან მეგობრული ურთიერთობა და ეს ისე გააკეთა, რომ მისი სამართლიანი ნორმები არ დარღვეულიყო. კონკრეტულად რა გააკეთა იეჰოვამ?

14. ა) იოანეს 3:16-ის თანახმად, რა გააკეთა ღმერთმა ადამიანებისთვის მარადიული სიცოცხლის დასაბრუნებლად? ბ) რომელი კითხვა შეგვიძლია განვიხილოთ დაინტერესებულებთან?

14 წაიკითხეთ იოანეს 3:16. გახსენების საღამოზე დაპატიჟებულთაგან ზოგმა ეს მუხლი ზეპირად იცის. თუმცა იბადება კითხვა: როგორ მოგვიტანს იესოს მსხვერპლი მარადიულ სიცოცხლეს? გახსენების საღამოს კამპანიის დროს, უშუალოდ გახსენების საღამოზე და ჭეშმარიტებას მოწყურებული ადამიანების შემდგომი მონახულებისას გვეძლევა შესაძლებლობა, რომ მათ ამ მნიშვნელოვან კითხვაზე გავცეთ პასუხი. ისინი შეიძლება გააოცოს იმის გაგებამ, თუ როგორ ცხადყოფს გამოსასყიდი იეჰოვას სიყვარულსა და სიბრძნეს. გამოსასყიდის რომელ მხარეებზე შეგვიძლია გავუმახვილოთ მათ ყურადღება?

15. რით განსხვავდებოდა იესო ადამისგან?

15 იეჰოვამ იზრუნა, რომ გამომსყიდველი სრულყოფილი ადამიანი ყოფილიყო. ის იეჰოვას ერთგული უნდა ყოფილიყო და ნებაყოფლობით უნდა გაეღო თავისი სიცოცხლე სასიკვდილოდ განწირული კაცობრიობისთვის (რომ. 5:17—19). იეჰოვამ თავისი პირველი ქმნილება ზეციდან დედამიწაზე გამოგზავნა, რომ ეცხოვრა როგორც ადამიანს (იოან. 1:14). ამგვარად, იესო ადამის მსგავსი სრულყოფილი ადამიანი გახდა. თუმცა ადამისგან განსხვავებით იესომ ბოლომდე შეასრულა იეჰოვას მიერ სრულყოფილი ადამიანისთვის დადგენილი მოთხოვნები. უკიდურესი განსაცდელების დროსაც კი მას არ შეუცოდავს და არც ღვთის რომელიმე კანონი დაურღვევია.

16. რატომ არის გამოსასყიდი უძვირფასესი ძღვენი?

16 იესო, როგორც სრულყოფილი ადამიანი, საკუთარი სიცოცხლის შეწირვით კაცობრიობას ცოდვისა და სიკვდილისგან იხსნიდა. ის იყო ზუსტად ისეთი, როგორიც ადამი უნდა ყოფილიყო — ბოლომდე ღვთის ერთგული და მორჩილი სრულყოფილი ადამიანი (1 ტიმ. 2:6). იესოს მიერ მსხვერპლად გაღებულმა გამოსასყიდმა უსასრულო სიცოცხლის შესაძლებლობა მისცა ბევრს — კაცებს, ქალებსა თუ ბავშვებს (მათ. 20:28). ღვთის თავდაპირველი განზრახვის შესრულება სწორედ გამოსასყიდის მეშვეობით გახდა შესაძლებელი (2 კორ. 1:19, 20). გამოსასყიდი ღვთის ერთგულებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას აძლევს.

იეჰოვამ გზა გაგვიხსნა მასთან დასაბრუნებლად

17. რის შესაძლებლობას იძლევა გამოსასყიდი?

17 ადამიანების გამოსასყიდად იეჰოვამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო (1 პეტ. 1:19). მას იმდენად უყვარს ადამიანები, რომ თავისი მხოლოდშობილი ძის სიცოცხლე შემოგვწირა (1 იოან. 4:9, 10). შეიძლება ითქვას, რომ იესომ ჩვენი მიწიერი წინაპრის, ადამის ადგილი დაიკავა (1 კორ. 15:45). ამგვარად, მან არა მხოლოდ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა დაგვიბრუნა, არამედ ღვთის ოჯახში დაბრუნების შესაძლებლობაც მოგვცა. იეჰოვა სწორედ იესოს მსხვერპლის საფუძველზე აძლევს ადამიანებს თავის დიდ ოჯახში დაბრუნების უფლებას ისე, რომ მისი სამართლიანი ნორმები არ დაირღვეს. მართლაც გულს გვითბობს იმ დროზე ფიქრი, როცა ყველა ღვთის ერთგული ადამიანი სრულყოფილი იქნება! ზეცაში თუ დედამიწაზე ღვთის ოჯახის წევრებს შორის სრულყოფილი ჰარმონია დაისადგურებს. მაშინ პირდაპირი გაგებით ყველანი ღვთის შვილები ვიქნებით (რომ. 8:21).

18. როდის გახდება იეჰოვა ყველაფერი ყველასთვის?

18 სატანის ურჩობამ ვერც იეჰოვას შეუშალა ხელი, რომ ადამიანების მიმართ სიყვარული გამოევლინა და ვერც იეჰოვასადმი ერთგულებაში უშლის ხელს არასრულყოფილ ადამიანებს. გამოსასყიდის მეშვეობით იეჰოვა ყველა თავის შვილს დაეხმარება, ბოლომდე მართლები გახდნენ. წარმოიდგინეთ, როგორი ცხოვრება იქნება, როცა ყველა, „ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს“, მარადიულად იცხოვრებს (იოან. 6:40). ჩვენი მოსიყვარულე და ბრძენი მამა იეჰოვა თავდაპირველი განზრახვის თანახმად გაასრულყოფილებს თავის მიწიერ შვილებს. მაშინ ის ყველაფერი გახდება ყველასთვის (1 კორ. 15:28).

19. ა) რისკენ უნდა აღგვძრას გამოსასყიდისადმი მადლიერებამ? (იხილეთ ჩარჩო „ კვლავაც განვაგრძოთ ღირსეულების ძებნა!“) ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

19 გამოსასყიდისთვის მადლიერებამ უნდა აღგვძრას, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ სხვებს, დაინახონ, როგორ ისარგებლონ ამ უძვირფასესი ძღვნით. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ იეჰოვა სწორედ გამოსასყიდის მეშვეობით აძლევს კაცობრიობას მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას. თუმცა გამოსასყიდით გაცილებით მეტი მიიღწევა. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ გადაიჭრა იესოს მსხვერპლის მეშვეობით ედემის ბაღში სატანის მიერ წამოჭრილი საკამათო საკითხები.