არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ზოგჯერ ურვადი შეიძლება პირუტყვიც ყოფილიყო.

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რატომ იხდიდნენ ძველ ისრაელში ურვადს?

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠ დროში თუ ოჯახები დამოყვრებას გადაწყვეტდნენ, სასიძოს ურვადი უნდა გადაეხადა საპატარძლოს ოჯახისთვის. ეს შეიძლება ყოფილიყო ძვირფასი ნივთები, პირუტყვი ან ფული. ზოგჯერ ურვადის გადახდა სამუშაოს შესრულებითაც ხდებოდა, როგორც იაკობის შემთხვევაში იყო. იაკობს რახელზე რომ ექორწინა, სასიმამროს შვიდი წელი ემსახურებოდა (დაბ. 29:17, 18, 20). რა დანიშნულება ჰქონდა ამ წეს-ჩვეულებას?

ბიბლეისტი კაროლ მაიერსი ასეთ რამეს ამბობს: „ურვადი ერთგვარი ანაზღაურება იყო საპატარძლოს ოჯახისთვის, რომელიც მუშახელს დაკარგავდა ქალიშვილის სახით. ეს დიდი დანაკარგი იყო, მით უმეტეს, თუ ოჯახი სამეურნეო საქმეს ეწეოდა“. შესაძლოა ურვადი დამოყვრებულ ოჯახებს შორის ურთიერთობის განმტკიცებასაც ემსახურებოდა. ასე რომ, თუ რომელიმე ოჯახს გაუჭირდებოდა, ერთმანეთის იმედი ექნებოდათ. ურვადის გადახდა იმის ოფიციალური დადასტურებაც იყო, რომ ქალიშვილი დანიშნული იყო და მამის ნაცვლად მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობას ქმარი აიღებდა.

ურვადის გადახდა არ ნიშნავდა, რომ ქალი ყიდვა-გაყიდვის ობიექტი იყო. ერთ ნაშრომში ნათქვამია: „მართალია, გოგოს ოჯახისთვის გარკვეული თანხის ან მისი ეკვივალენტის გადახდის ვალდებულება ისრაელების ქორწინებას სავაჭრო გარიგების სახეს აძლევდა, მაგრამ ურვადი ქალის საფასური კი არა, მისი ოჯახისთვის გადახდილი ერთგვარი კომპენსაცია იყო“ (Ancient Israel—Its Life and Institutions).

ზოგ ქვეყანაში დღესაც ამ ჩვეულებას მიჰყვებიან. თუ ქრისტიანი მშობლები ურვადს მოითხოვენ, ეს არ უნდა გასცდეს ზომიერების ფარგლებს, რაც მათ გონიერებაზე იმეტყველებს (ფილ. 4:5; 1 კორ. 10:32, 33). ასე გამოჩნდება, რომ ისინი არც ფულის მოყვარულები არიან და არც ხარბები (2 ტიმ. 3:2). გარდა ამისა, თუ საპატარძლოს მშობლები არ მოითხოვენ ძალიან დიდ ურვადს, სასიძოს არ მოუწევს ქორწილის გადადება მანამ, სანამ საჭირო თანხას არ შეაგროვებს. ან იმ შემთხვევაში, თუ სასიძო პიონერად მსახურობს, მას აღარ მოუწევს მსახურების შეწყვეტა და სრულ განაკვეთზე მუშაობა, რომ უსაშველოდ დიდი ურვადი გადაიხადოს.

ზოგ ქვეყანაში ურვადის რაოდენობა კანონით არის განსაზღვრული. მშობლები ამ კანონებს ემორჩილებიან, რადგან ქრისტიანებს ხელისუფლების მორჩილება მოეთხოვებათ, თუ დადგენილი კანონები არ ეწინააღმდეგება ღვთის კანონებს (რომ. 13:1; საქ. 5:29).