არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 6

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 18 მადლიერნი ვართ გამოსასყიდისთვის

იეჰოვა დიდად მიმტევებელი ღმერთია

იეჰოვა დიდად მიმტევებელი ღმერთია

„ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა“ (ᲘᲝᲐᲜ. 3:16).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან დავინახავთ, რა გააკეთა იეჰოვამ, რომ ჩვენთვის ცოდვები ეპატიებინა. ამის ცოდნა მისადმი მადლიერებას გაგვიღრმავებს.

1, 2. მაგალითის მეშვეობით ახსენით, რა მდგომარეობაშია კაცობრიობა.

 ᲬᲐᲠᲛᲝᲘᲓᲒᲘᲜᲔᲗ ასეთი სიტუაცია: მდიდარ ოჯახში გაზრდილ ერთ ახალგაზრდას მშობლები უბედური შემთხვევის დროს ეღუპება. თითქოს ეს არ კმაროდა, ის იმასაც იგებს, რომ მათგან მემკვიდრეობად ქონება კი არა, დიდი ვალები ერგო. თანაც მევალეები მისგან ფულის დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვენ. მაგრამ ვალი იმხელაა, რომ მის დაფარვას ის მთელი ცხოვრება ვერ შეძლებს.

2 შეიძლება ითქვას, რომ ჩვენც ანალოგიურ მდგომარეობაში ვართ. ჩვენმა წინაპრებმა, ადამმა და ევამ, თვალის დახამხამებაში დაკარგეს სრულყოფილება, სამოთხე და მარადიული ცხოვრების პერსპექტივა (დაბ. 1:27; 2:7–9). და ჩვენ რა მივიღეთ მემკვიდრეობად? ბიბლია ამ კითხვაზე ასე პასუხობს: „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით – სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომ. 5:12). დიახ, ჩვენ „მემკვიდრეობად“ ცოდვა გვერგო. ეს კი იმხელა ვალია, რომ მის დაფარვას ვერავინ შევძლებთ (ფსალმ. 49:8).

3. რასთანაა შედარებული ცოდვა და რატომ?

3 ვალს ცოდვა იესომაც შეადარა (მათ. 6:12; ლუკ. 11:4). როცა ვცოდავთ, იეჰოვას მოვალეები ვხდებით. თუმცა ამ ვალის გადახდას ჩვენ ვერასდროს შევძლებთ. მისი გაუქმება მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაში ხდება (რომ. 6:7, 23).

4. ა) რა ბედი ელოდა ცოდვილ ადამიანს? (ფსალმუნი 49:7–9). ბ) რა მნიშვნელობით არის ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „ცოდვა“? (იხილეთ ჩარჩო  „ცოდვა“).

4 ცოდვილი ადამიანი თავისით ვერასდროს შეძლებდა იმ ყველაფრის დაბრუნებას, რაც ადამმა და ევამ დაკარგეს (წაიკითხეთ ფსალმუნის 49:7–9). ჩვენით ვერც სიკვდილის შემთხვევაში დავიბრუნებდით სიცოცხლეს და ცხოველების მსგავსად ჩვენთვის ყველაფერი სიკვდილით დამთავრდებოდა (ეკლ. 3:19; 2 პეტ. 2:12).

5. რა გააკეთა იეჰოვამ, რომ ვალისგან გავთავისუფლებულიყავით? (იხილეთ სურათი).

5 დავუბრუნდეთ დასაწყისში მოხსენიებულ მაგალითს. წარმოიდგინეთ, რომ ვინმეს იმ ახალგაზრდისთვის მთელი ვალის გადახდა შეეთავაზებინა. ეჭვგარეშეა, მის მადლიერებას საზღვარი არ ექნებოდა. ჩვენი ზეციერი მამა სწორედ ასე მოიქცა და იმაზე იზრუნა, რომ ცოდვის ვალისგან გავთავისუფლებულიყავით. იესოს სიტყვებიდან ჩანს, როგორ მოხდა ვალის გადახდა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:16). იეჰოვას გულუხვობის წყალობით მხოლოდ ვალი კი არ გვეპატია, არამედ მასთან კარგი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობაც მოგვეცა.

დედამიწაზე მსახურების დროს იესო აუწყებდა ხალხს, რომ იეჰოვა გამოსასყიდის საფუძველზე მათ ცოდვებს აპატიებდა (იოან. 3:16). ბოლოს კი საკუთარი სიცოცხლე გაიღო მათ გამოსასყიდად (იხილეთ აბზაცი 5).


6. რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში და რატომ?

6 რას ნიშნავს ჩვენთვის, რომ ცოდვის ვალი გვეპატია? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად შემდეგ ბიბლიურ ცნებებს განვიხილავთ: შერიგება, გამოსყიდვა, გამოსასყიდი, გათავისუფლება და გამართლება. იმაზე ფიქრი, რაც იეჰოვამ ჩვენთვის გააკეთა, მისადმი მადლიერებას გაგვიღრმავებს.

ᲒᲐᲜᲖᲠᲐᲮᲕᲐ: ᲨᲔᲠᲘᲒᲔᲑᲐ

7. ა) კიდევ რა დაკარგეს ადამმა და ევამ? ბ) რისი საჭიროება შეიქმნა? (რომაელები 5:10, 11).

7 თავიდან ადამი და ევა ღვთის ოჯახის წევრები იყვნენ, მაგრამ დაუმორჩილებლობის შედეგად მარადიულ სიცოცხლესთან ერთად ეს პატივიც დაკარგეს. მეტიც, ისინი ღვთის მტრები გახდნენ და რადგანაც იმ დროს შთამომავლობა არ ჰყავდათ, ყველანი ავტომატურად ღვთის მტრებად დავიბადეთ (დაბ. 3:23, 24; 4:1; ლუკ. 3:38). შესაბამისად, იმის საჭიროება შეიქმნა, რომ იეჰოვას შევრიგებოდით ანუ მასთან კარგი ურთიერთობა აღგვედგინა (წაიკითხეთ რომაელების 5:10, 11). ერთი ლექსიკონის თანახმად, ბიბლიაში „შერიგებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა სწორედ მტრების დამეგობრებაზე მიუთითებს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნამდვილად გვაოცებს ის ფაქტი, რომ ჩვენთან დასამეგობრებლად პირველი ნაბიჯი თავად იეჰოვამ გადმოდგა. ახლა ვნახოთ, რა სამოქმედო გეგმა შეიმუშავა მან ამ მიზნით.

ᲡᲐᲛᲝᲥᲛᲔᲓᲝ ᲒᲔᲒᲛᲐ: ᲒᲐᲛᲝᲡᲧᲘᲓᲕᲐ

8. რა იგულისხმება გამოსყიდვაში?

8 ცოდვილ ადამიანებთან კარგი ურთიერთობა რომ აღედგინა, იეჰოვამ მათი გამოსყიდვა გადაწყვიტა. გამოსყიდვა დაკარგულის უკან დაბრუნებას გულისხმობს, რისთვისაც შესაბამისი საფასურის გადახდა ხდება. სწორედ გამოსყიდვის წყალობით გახდა შესაძლებელი იეჰოვასთან შერიგება ანუ მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენა (რომ. 3:25).

9. რა გეგმა შეიმუშავა იეჰოვამ ისრაელისთვის ცოდვების მისატევებლად?

9 ისრაელისთვის ცოდვები რომ მიეტევებინა და მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა, იეჰოვამ დროებითი გეგმა შეიმუშავა. მათ ყოველწლიურად გამოსყიდვის დღე უნდა აღენიშნათ. ამ დღეს მღვდელმთავარს ცხოველური შესაწირავი უნდა შეეწირა მთელი ერის ცოდვებისთვის. ცხადია, ასეთ მსხვერპლს არ შეეძლო მათი საბოლოო გამოსყიდვა, რადგან ის არ წარმოადგენდა შესაბამის საფასურს. თუმცა როცა იეჰოვა ხედავდა, რომ მისი ხალხი ინანიებდა და კანონით დადგენილ მსხვერპლს სწირავდა, ის მათ პატიობდა (ებრ. 10:1–4). როგორც გამოსყიდვის დღეს, ისე ყოველდღიურად გაღებული ცოდვის შესაწირავი ებრაელებს შეახსენებდა, რომ ცოდვილები იყვნენ და ისეთი მსხვერპლი სჭირდებოდათ, რომელიც მათ სრულად გამოისყიდდა.

10. რა გააკეთა იეჰოვამ მთელი კაცობრიობის ცოდვების მისატევებლად?

10 იეჰოვას შემუშავებული ჰქონდა სხვა გეგმაც, რომელიც მთელი კაცობრიობის ცოდვების საბოლოოდ მიტევებას ითვალისწინებდა. ამ გეგმის განსახორციელებლად მისი საყვარელი ძე იესო „ერთხელ შეეწირა და იტვირთა მრავალთა ცოდვები“ (ებრ. 9:28). სწორედ ამგვარად გაიღო მან მთელი კაცობრიობისთვის გამოსასყიდი (მათ. 20:28). მოდი ჩვენი ცოდვებისთვის გადახდილ ამ საფასურზე ვისაუბროთ.

ᲡᲐᲤᲐᲡᲣᲠᲘ: ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲡᲧᲘᲓᲘ

11. ა) რა არის გამოსასყიდი? ბ) ვის შეეძლო გამოსასყიდის გადახდა?

11 როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, გამოსასყიდი ეწოდება საფასურს, რომელიც კაცობრიობის გამოსასყიდად და ღმერთთან შესარიგებლად უნდა გადახდილიყო. a როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამმა და ევამ სრულყოფილებასთან ერთად მარადიული ცხოვრების პერსპექტივაც დაკარგეს. ამ ყველაფრის დასაბრუნებლად შესაბამისი გამოსასყიდი უნდა გაეღო ზრდასრულ მამაკაცს, რომელიც შემდეგ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა: 1) იქნებოდა სრულყოფილი, 2) ექნებოდა დედამიწაზე მარადიული ცხოვრების უფლება და 3) მზად იქნებოდა საკუთარი სიცოცხლის გასაღებად. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიჩნევდა იეჰოვა მის სიცოცხლეს შესაბამის გამოსასყიდად (1 ტიმ. 2:6).

12. რატომ შეძლო იესომ გამოსასყიდის გადახდა?

12 იესო ზემოხსენებულ სამივე მოთხოვნას აკმაყოფილებდა: 1) ადამის მსგავსად ისიც სრულყოფილი იყო, თუმცა მისგან განსხვავებით არ შეუცოდავს (1 კორ. 15:45; 1 პეტ. 2:22), 2) რაკი უცოდველი იყო, მას დედამიწაზე მარადიული ცხოვრების უფლება ჰქონდა და 3) ის მზად იყო, საკუთარი სიცოცხლე გაეღო ჩვენთვის (ებრ. 10:9, 10). ამგვარად, იესომ საკუთარი სიკვდილით გამოისყიდა ადამის ცოდვა და დაკარგული დაგვიბრუნა (რომ. 5:19). ამიტომაც ეწოდება მას „უკანასკნელი ადამი“. მისი სიკვდილი საკმარისი იყო კაცობრიობის სამუდამოდ გამოსასყიდად და აღარანაირი საჭიროება აღარ არსებობს, რომ სხვა სრულყოფილმა ადამიანმაც გაიღოს იგივე მსხვერპლი (ებრ. 7:27; 10:12).

13. რის საფუძველზე გვაქვს იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა?

13 მოკლედ რომ შევაჯამოთ, რის საფუძველზე გვაქვს იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა? ადამიანებთან კარგი ურთიერთობის აღსადგენად იეჰოვამ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა და მათი გამოსყიდვა განიზრახა. ამ გეგმის განხორციელება კი იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდით ანუ მის მიერ დაღვრილი ძვირფასი სისხლით გახდა შესაძლებელი (ეფეს. 1:7; ებრ. 9:14).

ᲨᲔᲓᲔᲒᲘ: ᲒᲐᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲐᲠᲗᲚᲔᲑᲐ

14. რას განვიხილავთ და რატომ?

14 ქვემოთ ვისაუბრებთ, პირადად ჩვენთვის რას ნიშნავს, რომ იეჰოვამ გამოგვისყიდა. ამ მიზნით განვიხილავთ ორ ბიბლიურ ცნებას, რომლებიც აზრობრივად ერთმანეთთან ახლოს დგას, თუმცა მათ შორის გარკვეული სხვაობაცაა. ეს განხილვა იმასაც დაგვანახებს, რამდენად მიმტევებელია იეჰოვა.

15, 16. რისგან ვართ გათავისუფლებული და რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ამაზე ფიქრობთ?

15 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ გამოსყიდვის ერთ-ერთი შედეგი გათავისუფლებაა. მოციქულმა პეტრემ ასეთი რამ დაწერა: „წინაპართა უსარგებლო ადათ-წესებისგან ხრწნადმა ვერცხლმა ან ოქრომ კი არ გაგათავისუფლათ, არამედ თვით ქრისტეს, როგორც უმანკო და უმწიკვლო კრავის, ძვირფასმა სისხლმა“ (1 პეტ. 1:18, 19).

16 იესოს მიერ დაღვრილი ძვირფასი სისხლით ჩვენ ცოდვისა და სიკვდილის მტანჯველი მონობისგან გავთავისუფლდით (რომ. 5:21). გული მადლიერებით გვევსება, როცა ვფიქრობთ, რამხელა რამ გააკეთეს იეჰოვამ და იესომ ჩვენ გასათავისუფლებლად (1 კორ. 15:22).

17, 18. ა) რა იგულისხმება გამართლებაში? ბ) რას ნიშნავს, რომ იეჰოვამ მართლად ჩაგვთვალა?

17 გამართლება ბრალეულობის მოხსნას და ადამიანის უდანაშაულოდ ცნობას ნიშნავს. როცა იეჰოვა ადამიანს მართლად თვლის, ის აღარ იხსენებს წარსულში მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. თავისი სამართლიანი ნორმებიდან გამომდინარე, ცხადია, ის ვერც ცოდვას შეიწყნარებდა და ვერც ჩვენი საქმეების გამო ჩაგვთვლიდა მართლად. მაშ, რის საფუძველზე თვლის ის ადამიანებს მართლად? ეს გამოსასყიდისადმი რწმენაა (რომ. 3:24; გალ. 2:16).

18 ვნახოთ, რას ნიშნავს, რომ იეჰოვამ მართლად ჩაგვთვალა. ცხებული ქრისტიანებისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ „ღვთის შვილებად“ იწოდებიან (ტიტ. 3:7; 1 იოან. 3:1). რაკი მათ იეჰოვა სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს, იმის უფლებასაც აძლევს, რომ ქრისტესთან ერთად იმმართველონ (რომ. 8:1, 2, 30). მათთვის, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ, გამართლება იმას ნიშნავს, რომ „ღვთის მეგობრებად“ ჩაითვალნენ და ცოდვები ეპატიათ (იაკ. 2:21–23). ახალ ქვეყნიერებაში კი არმაგედონგადატანილ „უამრავ ხალხს“ თუ მკვდრეთით აღმდგარ „მართლებსა“ და „უმართლოებს“ იმის შესაძლებლობა ექნებათ, რომ მარადიულად იცხოვრონ და „ღვთის შვილთა დიდებული თავისუფლებით“ გაიხარონ (საქ. 24:15; რომ. 8:21; იოან. 5:28, 29; 11:26). მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა ყველანი კვლავ იეჰოვას ოჯახის წევრები ვიქნებით!

19. როგორ შეიცვალა ჩვენი მდგომარეობა იეჰოვას მიმტევებლობის წყალობით? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო  „ბიბლიური ცნებები“).

19 ერთ დროს ჩვენც სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ახალგაზრდის მდგომარეობაში ვიყავით. ჩვენც ყველაფერი დავკარგეთ და იმხელა ვალი გვერგო მემკვიდრეობად, რომ მას ვერასდროს გადავიხდიდით. თუმცა იეჰოვამ გადაწყვიტა, ამ მდგომარეობიდან გამოვეყვანეთ და ჩვენს გამოსყიდვაზე იზრუნა. გამოსასყიდისადმი რწმენის საფუძველზე ჩვენ ცოდვისა და სიკვდილისგან გავთავისუფლდით და ცოდვები გვეპატია. რაც მთავარია, ამის წყალობით ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობა გვაქვს.

20. რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?

20 იმაზე ფიქრი, რაც იეჰოვამ და იესომ ჩვენთვის გააკეთეს, გულს მადლიერებით გვივსებს (2 კორ. 5:15). რომ არა ისინი, ჩვენ უიმედო მდგომარეობაში ვიქნებოდით. შემდეგი სტატიიდან უფრო მეტს გავიგებთ იმის შესახებ, თუ პირადად ჩვენთვის რას ნიშნავს იეჰოვას მიმტევებლობა.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 10 ადიდეთ იეჰოვა, ჩვენი ღმერთი!

a ზოგ ენაში „გამოსასყიდის“ აზრის გამოსახატავად იყენებენ ისეთ სიტყვას, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „სიცოცხლის საფასური“.