არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გავუწიოთ და-ძმებს ნამდვილი მეგობრობა

როგორ გავუწიოთ და-ძმებს ნამდვილი მეგობრობა

ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘᲡ დროს ხომ არ გაგჩენიათ ისეთი განცდა, რომ მხარში არავინ გიდგათ? ჩვენ „მძიმე და ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ, ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ დროდადრო მარტოობის გრძნობა და იმედგაცრუება გვეუფლება (2 ტიმ. 3:1). თუმცა ყოველთვის უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ასეთ სიტუაციებში ნამდვილი მეგობრები დაგვიდგებიან გვერდში. ბიბლიაც ტყუილუბრალოდ არ ამბობს, რომ ნამდვილი მეგობარი „გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავ. 17:17).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲘᲥᲪᲔᲕᲘᲐᲜ ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲘ ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲔᲑᲘ

ერთგული მეგობრების მხარდაჭერით პავლეს შინაპატიმრობაშიც კი არ შეუწყვეტია თავისი დავალების შესრულება.

მოციქულ პავლეს მისიონერული მოგზაურობის დროს გვერდით ისეთი ძმები ჰყავდა, რომლებიც კარგ მეგობრობას უწევდნენ (კოლ. 4:7–11). რომში პატიმრობის დროს ისინი მხარში ედგნენ პავლეს. მაგალითად, ეპაფროდიტემ მას ფილიპელი და-ძმების გაგზავნილი ძღვენი ჩაუტანა (ფილ. 4:18). ტიქიკემ კი სხვადასხვა კრებას გადასცა პავლეს წერილები (კოლ. 4:7). ასეთი მეგობრების წყალობით პავლემ ჯერ შინაპატიმრობის, შემდეგ კი ციხეში ყოფნის დროსაც შეძლო თავისი დავალების შესრულება. ჩვენ როგორ შეგვიძლია გავუწიოთ და-ძმებს ნამდვილი მეგობრობა?

ამას კარგად დავინახავთ, თუ განვიხილავთ რამდენიმე თანამედროვე მაგალითს. ესპანეთში მცხოვრები ერთი პიონერი დის, ელისაბედის, დედას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და უთხრეს, რომ განკურნების იმედი არ უნდა ჰქონოდა. იმ პერიოდში ელისაბედს ერთი და ძალიან ხშირად უგზავნიდა მესიჯებს და ბიბლიური აზრებით ამხნევებდა. აი რას ამბობს ელისაბედი: „ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვიყავი და ეს ყოველი დღისთვის საჭირო ძალას მაძლევდა“ (იგავ. 18:24).

და-ძმებს მაშინაც ვუწევთ მეგობრობას, როცა ვეხმარებით, არ ჩამორჩნენ სულიერ საქმეებს. დაფიქრდით, ხომ არ შეგიძლიათ რომელიმე ხანდაზმული და ან ძმა კრებაზე მანქანით წაიყვანოთ ან მასთან ერთად იმსახუროთ. თუ ასე მოიქცევით, ეს მხოლოდ მათ კი არა, თქვენც გაგამხნევებთ (რომ. 1:12). თუმცა როგორ გავუწიოთ ნამდვილი მეგობრობა იმ და-ძმებს, რომლებიც საერთოდ ვერ გადიან სახლიდან?

ᲒᲐᲣᲬᲘᲔᲗ ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲘ ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲝᲑᲐ ᲛᲐᲗ, ᲕᲘᲜᲪ ᲡᲐᲮᲚᲘᲓᲐᲜ ᲕᲔᲠ ᲒᲐᲓᲘᲡ

ზოგი ჩვენი თანაქრისტიანი ცუდი ჯანმრთელობისა თუ სხვა მიზეზების გამო ფიზიკურად ვერ ესწრება კრების შეხვედრებს. ეს ასე იყო ერთი ძმის, დეივიდის, შემთხვევაშიც. მას ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. ამ პერიოდში ის და მისი მეუღლე ლიდია კრების შეხვედრებს სახლიდან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ესწრებოდნენ.

როგორ ედგნენ მათ მხარში ამ პერიოდში და-ძმები? კრების შეხვედრის შემდეგ დარბაზში მყოფთაგან ზოგიერთი დეივიდსა და ლიდიას ვიდეოკონფერენციის მეშვეობით უკავშირდებოდა. გარდა ამისა, როცა კომენტარებს აკეთებდნენ, და-ძმები მათ კრების შემდეგ მესიჯებით ამხნევებდნენ. ამგვარად ისინი გრძნობდნენ სხვების მხარდაჭერას.

დაგეგმეთ მათთან ერთად მსახურება, ვინც სახლიდან ვერ გადის.

შეგიძლიათ მათთან ერთად იმსახუროთ, ვინც სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს? ამაში შეიძლება თქვენს გეგმებში გარკვეული ცვლილებების შეტანა დაგეხმაროთ. ამგვარად ამ და-ძმებს აგრძნობინებთ, რომ არ დაგვიწყებიათ ისინი (იგავ. 3:27). შეგიძლიათ მათთან ერთად წერილები დაწეროთ ან ტელეფონით იმსახუროთ. უხუცესებს შეუძლიათ ისიც დაგეგმონ, რომ ასეთი მაუწყებლები ვიდეოკონფერენციის მეშვეობით სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებზე ჩართონ. სწორედ ასე მოიქცნენ დეივიდისა და ლიდიას კრების უხუცესებიც. დეივიდი ასე გამოხატავს მადლიერებას: „მართალია, სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა სულ რამდენიმე წუთი გრძელდება, მაგრამ თუნდაც ამ მცირე დროის განმავლობაში და-ძმებთან ერთად სულიერი აზრების მოსმენა და ერთობლივი ლოცვა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა“. თუ მათი მდგომარეობა იძლევა ამის შესაძლებლობას, დროდადრო შეგიძლიათ ასეთ და-ძმებთან თქვენი ბიბლიის შემსწავლელები მიიყვანოთ და ერთად ჩაატაროთ შესწავლა.

მსახურება მათი კარგად გაცნობის შესაძლებლობასაც გვაძლევს. მაგალითად, თუ დავინახავთ, რომ ისინი დახელოვნებულად იყენებენ ქადაგების დროს ღვთის სიტყვას და აყვარებენ ხალხს იეჰოვას, უფრო მეტად დავაფასებთ მათ. თანამშრომლობა უფრო დაგვაახლოებს და მათი სახით ახალ მეგობრებსაც შეგვძენს (2 კორ. 6:13).

რთულ მდგომარეობაში მყოფ პავლეს ტიტეს გვერდში დგომამ დიდი შვება მოჰგვარა (2 კორ. 7:5–7). ტიტეს მაგალითი იმას გვასწავლის, რომ რთულ დროს მხოლოდ სიტყვით კი არ ვანუგეშოთ და-ძმები, არამედ მათ გვერდით ვიყოთ და დახმარების ხელი გავუწოდოთ (1 იოან. 3:18).

ᲒᲐᲣᲬᲘᲔᲗ ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲘ ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲝᲑᲐ ᲛᲐᲗ, ᲕᲘᲜᲪ ᲓᲔᲕᲜᲐᲡ ᲮᲕᲓᲔᲑᲐ

ერთმანეთის მხარდაჭერის შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ რუსი და-ძმები, რაც სერგეისა და ტატიანას შემთხვევიდანაც კარგად ჩანს. მას შემდეგ, რაც მათი სახლი გაჩხრიკეს, პოლიციამ ისინი დასაკითხად წაიყვანა. სერგეი გვიყვება, რა მოხდა, როცა ტატიანა გაათავისუფლეს და სახლში გაუშვეს: „[ტატიანა] ახალი დაბრუნებული იყო, როცა მას ერთმა დამ მიაკითხა. მალე ჩვენს სახლში სხვა და-ძმებმაც მოიყარეს თავი და ჩემს ცოლს სახლის დალაგებაში დაეხმარნენ“.

სერგეი დასძენს: „ყოველთვის მომწონდა იგავების 17:17: „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“. თუმცა ახლა, როცა განსაცდელებს დამოუკიდებლად ვერ ვუმკლავდები, ამ მუხლმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. იეჰოვამ ისეთი მეგობრები მაჩუქა, რომელთაც არაფერი აშინებთ“. a

დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება და-ძმების მხარდაჭერა. ამის საჭიროება „დიდი გასაჭირის“ დროს კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ მთელი ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ იმას, რომ დღესვე გავუწიოთ ერთმანეთს ნამდვილი მეგობრობა (1 პეტ. 4:7, 8).