არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 8

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 130 იყავი მიმტევებელი

როგორ მივბაძოთ იეჰოვას მიმტევებლობაში

როგორ მივბაძოთ იეჰოვას მიმტევებლობაში

„როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (ᲙᲝᲚ. 3:13).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიაში განხილული რჩევები დაგვეხმარება, ვაპატიოთ მათ, ვინც დიდი ტკივილი მოგვაყენა.

1, 2. ა) განსაკუთრებით რა შემთხვევაში შეიძლება გაგვიჭირდეს პატიება? ბ) როგორ მოიქცა ერთი და?

 ᲖᲝᲒᲯᲔᲠ ხომ არ გიჭირთ პატიება? პატიება განსაკუთრებით მაშინ შეიძლება იყოს რთული, თუ ძალიან დიდი ტკივილი მოგვაყენეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერასდროს შევძლებთ მოვერიოთ უარყოფით გრძნობებს და ვაპატიოთ. ეს კარგად ჩანს ერთი დის, დანიელას, a შემთხვევიდან. უდიდესი ტკივილის მიუხედავად ამ დამ შეძლო პატიება. მოდი ვნახოთ, რა გადახდა მას თავს. 2017 წელს ის თავის ოჯახთან ერთად იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოს ეწვია. სამწუხაროდ, უკანა გზაზე ისინი ავარიაში მოყვნენ. ერთმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მათ მანქანას დაეჯახა. როცა დანიელა გონზე მოვიდა, გაიგო, რომ მეუღლე დაღუპულიყო, შვილები კი მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. „განადგურებული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს“, – იხსენებს დანიელა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მძღოლი არც ნასვამი იყო, არც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ისეთსაც არაფერს აკეთებდა, რომ ყურადღება გაჰფანტოდა. მართალია, ეს უბედური შემთხვევა მძღოლის დაუდევრობით არ იყო გამოწვეული, მაგრამ დანიელას მაინც უჭირდა ბრაზის დაოკება. ამიტომ იეჰოვას სთხოვდა, რომ მისთვის შინაგანი სიმშვიდე მიეცა.

2 მძღოლს სიცოცხლის მოსპობის ბრალდება წაუყენეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას პატიმრობა ემუქრებოდა. სასამართლომ დანიელას შეატყობინა, რომ დიდწილად მის ჩვენებაზე იქნებოდა დამოკიდებული, რა განაჩენს გამოუტანდნენ ამ კაცს. დანიელა იხსენებს: „იმის წარმოდგენაზე, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტები უნდა გამეხსენებინა, ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ჭრილობა გამიხსნეს და ზედ მარილი დამაყარეს“. რამდენიმე კვირაში დანიელა სასამართლოს წინაშე წარდგა. მოსმენას ის მამაკაციც ესწრებოდა, რომელმაც მის ოჯახს ამხელა ტკივილი მიაყენა. ყველას გასაკვირად, დანიელამ მოსამართლეს ბრალდებულის შეწყალება სთხოვა. b როცა მან სიტყვა დაასრულა, მოსამართლეს ცრემლები წასკდა და თქვა: „25 წელია, მოსამართლე ვარ და სასამართლოში მსგავსი რამ ჯერ არასდროს მომისმენია. პირველად ვნახე, რომ დაზარალებული მხარე ბრალდებულის შეწყალებას ითხოვს. აქ სიყვარული არავის ალაპარაკებს და არც არავინ პატიობს ვინმეს რამეს“.

3. რატომ გადაწყვიტა დანიელამ პატიება?

3 დანიელა ბევრს ფიქრობდა იეჰოვას მიმტევებლობაზე და სწორედ ამან აღძრა, ეპატიებინა იმ მამაკაცისთვის (მიქ. 7:18). ჩვენც გაგვიჩნდება იმის სურვილი, რომ ვაპატიოთ სხვებს, თუ მადლიერნი ვიქნებით იეჰოვასი, რომელიც ამდენს გვპატიობს.

4. რას მოელის იეჰოვა ჩვენგან? (ეფესოელები 4:32).

4 იეჰოვა მოელის, რომ მივბაძავთ მას და მზად ვიქნებით, მთელი გულით ვაპატიოთ მათ, ვინც ტკივილს გვაყენებს (წაიკითხეთ ეფესოელების 4:32; ფსალმ. 86:5; ლუკ. 17:4). ამ სტატიაში განვიხილავთ სამ რჩევას, რომლებიც დაგვეხმარება, ამ მხრივ გავუმჯობესდეთ.

ᲜᲣ ᲘᲤᲘᲥᲠᲔᲑᲗ, ᲠᲝᲛ ᲣᲐᲠᲧᲝᲤᲘᲗᲘ ᲔᲛᲝᲪᲘᲔᲑᲘ ᲗᲐᲕᲘᲡᲘᲗ ᲒᲐᲓᲐᲘᲕᲚᲘᲡ

5. როგორ შეიძლება ვიგრძნოთ თავი, თუ ვინმე გულს გვტკენს? (იგავები 12:18).

5 სხვისმა ნათქვამმა ან საქციელმა შეიძლება დიდი ტკივილი მოგვაყენოს, განსაკუთრებით თუ ეს ადამიანი ჩვენი ახლო მეგობარი ან ოჯახის წევრია (ფსალმ. 55:12–14). შეიძლება ისეთი განცდაც კი დაგვეუფლოს, თითქოს დანა ჩაგვცეს (წაიკითხეთ იგავების 12:18). ბუნებრივია, ჭრილობაში დანას არავინ ჩატოვებს. მსგავსად, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ემოციური ჭრილობა თავისით მოშუშდება.

6. რა შეიძლება იყოს ჩვენი პირველი რეაქცია, როცა ვინმე ტკივილს გვაყენებს?

6 როცა ვინმე ტკივილს გვაყენებს, ჩვენი პირველი რეაქცია შეიძლება გაბრაზება იყოს. ბიბლიიდანაც ვიგებთ, რომ ეს ბუნებრივი რეაქციაა. თუმცა ის იმისკენაც მოგვიწოდებს, რომ მოვერიოთ ბრაზს (ფსალმ. 4:4; ეფეს. 4:26). წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ ისეთ რამეს გავაკეთებთ, რაც შემდეგ სანანებელი გაგვიხდება (იაკ. 1:20). გახსოვდეთ, პირველი რეაქცია შეიძლება ვერ გავაკონტროლოთ, მაგრამ შემდეგ როგორ მოვიქცევით, ეს ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული!

პირველი რეაქცია შეიძლება ვერ გავაკონტროლოთ, მაგრამ შემდეგ როგორ მოვიქცევით, ეს ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული!

7. კიდევ რა გრძნობები შეიძლება დაგვეუფლოს, როცა უსამართლობის მსხვერპლი ვხდებით?

7 ბრაზთან ერთად შეიძლება სხვა გრძნობებიც დაგვეუფლოს. მაგალითად, ერთი და ენი ამბობს: „პატარა რომ ვიყავი, მამა სახლიდან წავიდა და ჩემს ძიძაზე დაქორწინდა. თავს მიტოვებულად ვგრძნობდი. ხოლო როცა შვილები ეყოლათ, ვფიქრობდი, რომ ჩემი ადგილი სხვამ დაიკავა. მთელი მოზარდობა ისეთი განცდა მქონდა, რომ არავის ვჭირდებოდი“. ჯორჯეტი, რომელსაც ქმრის ღალატის გამო ოჯახი დაენგრა, ასე აღწერს თავის გრძნობებს: „განადგურებული ვიყავი. რაც თავი მახსოვს, სულ ვმეგობრობდით. თანაც ორივენი პიონერები ვიყავით და მსახურებაშიც დიდ დროს ვატარებდით ერთად“. კიდევ ერთი და ნაომი კი ასეთ რამეს ამბობს: „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მეუღლე გულს მატკენდა. ამიტომ საშინლად მოტყუებულად ვიგრძენი თავი, როცა გამომიტყდა, რომ პორნოგრაფიას უყურებდა. ისეთი განცდა დამეუფლა, რომ მიღალატეს“.

8. ა) რატომ უნდა ვაპატიოთ სხვებს? ბ) რატომ არის ჩვენთვისვე კარგი, როცა ვპატიობთ მას, ვინც დიდი ტკივილი მოგვაყენა? (იხილეთ ჩარჩო  „როგორ მოვიქცეთ, თუ ემოციური ტრავმა მოგვაყენეს?“).

8 ჩვენ სხვის სიტყვებსა და საქციელს ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ საკუთარი საქციელი გავაკონტროლოთ. რა იქნება საუკეთესო არჩევანი, როცა ვინმე ტკივილს გვაყენებს? რა თქმა უნდა, პატიება. რატომ ვამბობთ ამას? მოდი რამდენიმე მიზეზს შევეხოთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ გვიყვარს იეჰოვა, ის კი მოელის ჩვენგან, რომ მიმტევებლები ვიქნებით. თანაც, თუ ბრაზს ვერ მოვერევით და არ ვაპატიებთ, დიდი ალბათობით, არასახარბიელო გადაწყვეტილებას მივიღებთ ან საკუთარ ჯანმრთელობას ვავნებთ (იგავ. 14:17, 29, 30). ამას ადასტურებს ერთი დის, ქრისტინის, სიტყვებიც: „თუ ნაწყენი ან გაბრაზებული ვარ, სახეზე მაწერია. ასეთ დროს იმასაც ვერ ვაკონტროლებ, რას ვჭამ და რამდენს. ნორმალურადაც არ მძინავს და ემოციებსაც ვერ ვაკონტროლებ. ამის გამო ოჯახის წევრებთანაც მეძაბება ურთიერთობა და სხვებთანაც“.

9. კიდევ რატომაა კარგი, თუ გულში წყენას არ ვიტოვებთ?

9 იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი არ ნანობს თავის საქციელს, მაინც შესაძლებელია, მოვერიოთ წყენას, რაც ჩვენთვისვე იქნება კარგი. ვნახოთ, რას ამბობს ზემოხსენებული ჯორჯეტი: „მეუღლის ღალატის შემდეგ დიდი დრო დამჭირდა, რომ წყენა დამევიწყებინა და ბრაზს მოვრეოდი. თუმცა ენით ვერ აღგიწერთ, როგორი სიმშვიდე დამეუფლა, როცა ეს შევძელი“. თანაც, თუ წყენას დავივიწყებთ, არც დავიბოღმებით. ამგვარად, წარსულის ტყვეობაში არ დავრჩებით და ცხოვრების ხალისსაც დავიბრუნებთ (იგავ. 11:17). მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფიქრობთ, რომ მაინც არ ხართ მზად პატიებისთვის?

ᲨᲔᲔᲑᲠᲫᲝᲚᲔᲗ ᲣᲐᲠᲧᲝᲤᲘᲗ ᲔᲛᲝᲪᲘᲔᲑᲡ

10. რატომ უნდა მივცეთ საკუთარ თავს დრო? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

10 რა დაგვეხმარება, მოვერიოთ უარყოფით გრძნობებს და მთელი გულით ვაპატიოთ? ერთ-ერთი ისაა, რომ საკუთარ თავს საკმარისი დრო მივცეთ. როგორც მძიმედ დაშავებულ ადამიანს სჭირდება დრო რეაბილიტაციისთვის, ისე ემოციური ტრავმის შემთხვევაშია საჭირო დრო ჭრილობების მოსაშუშებლად (ეკლ. 3:3; 1 პეტ. 1:22).

როგორც მძიმედ დაშავებულ ადამიანს სჭირდება დრო რეაბილიტაციისთვის, ისე ემოციური ტრავმის შემთხვევაშია საჭირო დრო ჭრილობების მოსაშუშებლად (იხილეთ აბზაცი 10).


11. კიდევ რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ?

11 ლოცვა კიდევ ერთი დამხმარე საშუალებაა, რომ მოვერიოთ უარყოფით გრძნობებს და შევძლოთ პატიება. c ზემოხსენებული ენი გვიყვება, როგორ დაეხმარა მას ლოცვა: „რაღაც მომენტში ყველას მოგვივიდა ზედმეტი. ამიტომ იეჰოვას ვთხოვდი, რომ თითოეული ჩვენგანისთვის ეპატიებინა. ამის შემდეგ მამაჩემს და მის ცოლს წერილი მივწერე და ვუთხარი, რომ ვაპატიე“. თუმცა მისთვის ადვილი არ იყო, იეჰოვასთვის მიებაძა მიმტევებლობაში. ის დასძენს: „იმედი მაქვს, ჩემი საქციელი მამას და მის ცოლს იმისკენ აღძრავთ, რომ მეტი გაიგონ იეჰოვას შესახებ“.

12. რატომ უნდა გავითვალისწინოთ იგავების 3:5, 6-ში ჩაწერილი რჩევა?

12 იეჰოვამ ყველაზე კარგად იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო, ამიტომ მას უნდა მივენდოთ და არა საკუთარ თავს (წაიკითხეთ იგავების 3:5, 6; ეს. 55:8, 9). ის არასდროს მოგვთხოვს ისეთი რამის გაკეთებას, რაც ჩვენთვის საზიანო იქნება. შესაბამისად, უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენთვისვე იქნება კარგი, თუ მივყვებით მის მითითებას და მიმტევებლები ვიქნებით (ფსალმ. 40:4; ეს. 48:17, 18). მაგრამ თუ მხოლოდ საკუთარი გულის კარნახს მოვუსმენთ, შეიძლება ვერც ვერასდროს შევძლოთ პატიება (იგავ. 14:12; იერ. 17:9). ზემოხსენებული ნაომი აღნიშნავს: „თავიდან ვფიქრობდი, რომ არ ვიყავი ვალდებული, მეპატიებინა ჩემი ქმრისთვის. თავს იმით ვიმართლებდი, რომ თუ ვაპატიებდი, შეიძლება ისევ ეყურებინა პორნოგრაფიისთვის და დავიწყებოდა, რამხელა ტკივილი მომაყენა. თანაც, თავს ვიმშვიდებდი, რომ იეჰოვას ესმოდა ჩემი. თუმცა დროთა განმავლობაში ერთ რამეს მივხვდი: იეჰოვა კი მიგებდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ იწონებდა ჩემს დამოკიდებულებას. ფაქტია, იეჰოვას ესმოდა, რომ დრო იყო საჭირო ემოციური ჭრილობების მოსაშუშებლად, მაგრამ იმასაც მოელოდა, რომ ვაპატიებდი“. d

ᲨᲔᲔᲪᲐᲓᲔᲗ ᲓᲐᲛᲝᲙᲘᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲪᲕᲚᲐᲡ

13. რისკენ მოგვიწოდებს რომაელების 12:18–21?

13 საკმარისი არაა, უბრალოდ დავივიწყოთ მომხდარი. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ მშვიდობის აღდგენას მასთან, ვინც ტკივილი მოგვაყენა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის თანაქრისტიანია (მათ. 5:23, 24). ამიტომ მნიშვნელოვანია, მოვერიოთ უარყოფით გრძნობებს, ისინი დადებითი ემოციებით ჩავანაცვლოთ და საქმითაც დავანახოთ ამ ადამიანს, რომ ვაპატიეთ (წაიკითხეთ რომაელების 12:18–21; 1 პეტ. 3:9). რა დაგვეხმარება ამაში?

14. რას უნდა ვეცადოთ და რატომ?

14 ჩვენს განწყობაზეა დამოკიდებული, რას დავინახავთ ადამიანში – კარგს თუ ცუდს. თუ კარგის დანახვას ვეცდებით, ეს პატიებასაც გაგვიადვილებს. ამ მხრივ საუკეთესო მაგალითს იეჰოვა გვაძლევს, რომელიც ყოველთვის ადამიანის კარგ თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას (2 მატ. 16:9; ფსალმ. 130:3). აი როგორ ეხმარება ასეთი მიდგომა ერთ ძმას, ჯეროდს: „როცა თანაქრისტიანი გულს მტკენს, იმაზე ვიწყებ ფიქრს, რამდენი რამ მომწონს მასში. ეს კი, თავის მხრივ, პატიებას მიადვილებს“.

15. რატომ ღირს ადამიანისთვის იმის თქმა, რომ ვაპატიეთ?

15 არანაკლებ მნიშვნელოვანია, მწყენინებელს ვუთხრათ, რომ ვაპატიეთ. თუ რატომ უნდა მოვიქცეთ ასე, კარგად ჩანს ნაომის სიტყვებიდან: „ერთ დღეს ჩემმა ქმარმა მკითხა, ვაპატიე თუ არა. კი მინდოდა ამის თქმა, მაგრამ სიტყვები ყელში გამეჩხირა. მივხვდი, რომ ბოლომდე არ მქონდა ნაპატიები. საბედნიეროდ, რაღაც დროის შემდეგ შევძელი მისთვის ამის თქმა. არასდროს დამავიწყდება მისი აცრემლებული თვალები და ის შვება, რომელიც ამ სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ვიგრძენი. ამის შემდეგ კვლავ შევძელი მისი ნდობა და უწინდელი ურთიერთობის აღდგენა“.

16. რა დაგვანახა განხილულმა?

16 იეჰოვა მოელის, რომ მიმტევებლები ვიქნებით, თუმცა ეს შეიძლება ყოველთვის ადვილი არ იყოს (კოლ. 3:13). მაგრამ თუ ამ სტატიაში განხილულ სამივე რჩევას გავითვალისწინებთ, შევძლებთ, მოვერიოთ თავს (იხილეთ ჩარჩო  „როგორ ვაპატიოთ“).

ᲞᲐᲢᲘᲔᲑᲐ ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲘᲐ

17. რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებლები?

17 არაერთი მიზეზი გვაქვს, მიმტევებლები ვიყოთ. პირველი, ასე ჩვენს გულმოწყალე მამას, იეჰოვას, ვბაძავთ და გულს ვუხარებთ (ლუკ. 6:36). მეორე, ცხადვყოფთ, რომ ვემადლიერებით იეჰოვას, რომელმაც პირადად ჩვენც ბევრი რამ გვაპატია (მათ. 6:12). და მესამე, ფიზიკურადაც უკეთ ვგრძნობთ თავს და სხვებთანაც უკეთესი ურთიერთობები გვაქვს.

18, 19. რა შეიძლება მოჰყვეს პატიებას?

18 პატიებას შეიძლება ისეთი რამ მოჰყვეს, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით. ეს კარგად ჩანს დასაწყისში მოხსენიებული დანიელას შემთხვევიდან. თურმე მძღოლს სასამართლო პროცესის შემდეგ თავის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა დანიელას სიტყვებმა მას ამის გაკეთება გადააფიქრებინა. მან ბიბლიის შესწავლაც კი დაიწყო.

19 ზოგჯერ შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, რომ პატიება ყველაზე რთულად გადასადგმელი ნაბიჯი იყოს. თუმცა თუ ასე მოიქცევით, აუცილებლად დაინახავთ, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო (მათ. 5:7). ამიტომ ყველანაირად ეცადეთ, მიჰბაძოთ ჩვენს მიმტევებელ ზეციერ მამას.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 125 „ბედნიერნი არიან გულმოწყალენი!“

a ზოგი სახელი შეცვლილია.

b ყველა ქრისტიანმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცევა მსგავს სიტუაციაში.

c ვებსაიტზე jw.org უყურეთ მუსიკალურ ვიდეოკლიპებს „ვაპატიოთ ერთმანეთს“, „დამეხმარე, ვაპატიო“ და „დავიბრუნებ მეგობარს“.

d მართალია, პორნოგრაფიის ყურება ცოდვაა და დიდ ტკივილს აყენებს უდანაშაულო მეუღლეს, მაგრამ ბიბლიის თანახმად, ის არ არის გაყრის საფუძველი.