არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 4

იეჰოვა აფასებს ჩვენს მცდელობას, აღვნიშნოთ გახსენების საღამო

იეჰოვა აფასებს ჩვენს მცდელობას, აღვნიშნოთ გახსენების საღამო

„ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ᲚᲣᲙ. 22:19).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 19 უფლის საღამო

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1, 2. რატომ ვესწრებით გახსენების საღამოს ყოველწლიურად?

 ᲗᲘᲗᲥᲛᲘᲡ 2 000 წლის წინ იესომ თავი გაწირა ჩვენთვის და გზა გაგვიხსნა მარადიული სიცოცხლისკენ. სიკვდილის წინა ღამეს იესომ თავის მოწაფეებს დაავალა, ეს უბადლო სიყვარული უბრალო რიტუალით გაეხსენებინათ, რომლის დროსაც ღვინოსა და პურს სიმბოლური მნიშვნელობით გამოიყენებდნენ (1 კორ. 11:23—26).

2 ჩვენ გვიყვარს იესო, ამიტომ ვითვალისწინებთ მის ამ მითითებას (იოან. 14:15). ყოველ წელს გახსენების საღამოს პერიოდში მადლიერების ნიშნად უფრო მეტს ვლოცულობთ და ვფიქრობთ იესოს სიკვდილის მნიშვნელობაზე. უფრო ვაქტიურობთ მსახურებაშიც და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიწვიოთ ამ განსაკუთრებულ საღამოზე. ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ შეხვედრაზე დასასწრებად ხელი არაფერმა შეგვიშალოს.

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 წინამდებარე სტატიაში ვიმსჯელებთ სამ ფაქტორზე, რომლებიც მოწმობს, რომ იეჰოვას ხალხი ყველაფერს აკეთებს იესოს სიკვდილის გასახსენებლად: 1) ისინი გახსენების საღამოს იესოს მიერ დადგენილი წესისამებრ აღნიშნავენ, 2) სხვებს ამ შეხვედრაზე ეპატიჟებიან და 3) ნებისმიერი ხელისშემშლელი ფაქტორის მიუხედავად იესოს ამ მითითებას მიჰყვებიან.

ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲛᲝᲡ ᲐᲦᲜᲘᲨᲕᲜᲐ ᲘᲔᲡᲝᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲓᲐᲓᲒᲔᲜᲘᲚᲘ ᲬᲔᲡᲘᲡᲐᲛᲔᲑᲠ

4. რა კითხვებზე ვიღებთ პასუხს გახსენების საღამოზე და რატომ არის ეს უმნიშვნელოვანესი საკითხები? (ლუკა 22:19, 20).

4 ყოველწლიურად გახსენების საღამოზე ვისმენთ ბიბლიაზე დაფუძნებულ მოხსენებას, რომელიც პასუხს სცემს მრავალ კითხვას. ვიგებთ, რატომ სჭირდება კაცობრიობას გამოსასყიდი და როგორ შეუძლია ერთი ადამიანის სიკვდილს მრავალთა ცოდვების გამოსყიდვა. იმასაც ვიგებთ, რას განასახიერებს პური და ღვინო და ვინ უნდა მიიღოს ეს სიმბოლოები (წაიკითხეთ ლუკას 22:19, 20). მოხსენებაში იმ არაჩვეულებრივ მომავალზეც მახვილდება ყურადღება, რომელიც დედამიწაზე ცხოვრების მოიმედეთ ელით (ეს. 35:5, 6; 65:17, 21—23). ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მილიარდობით ადამიანს წარმოდგენაც კი არა აქვს და, შესაბამისად, არ ესმით, რამდენად ძვირფასი საჩუქარია გამოსასყიდი. თუნდაც იხსენებდნენ იესოს სიკვდილს, ამას მის მიერ დადგენილი წესისამებრ არ აკეთებენ. რა გახდა ამის მიზეზი?

5. რა შეიცვალა მოციქულების სიკვდილის შემდეგ?

5 მას შემდეგ, რაც იესოს მოციქულთა უმეტესობა დაიღუპა, ქრისტიანულ კრებაში თვითმარქვიები გამოჩნდნენ (მათ. 13:24—27, 37—39). სწორედ მათზე შესრულდა შემდეგი სიტყვები: „გამოჩნდებიან ისინი, ვინც დაამახინჯებენ მოძღვრებებს, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქ. 20:29, 30). ერთ-ერთი ბიბლიური მოძღვრება, რომელიც ცრუ ქრისტიანებმა დაამახინჯეს, ის იყო, რომ „ქრისტე ერთხელ შეეწირა და იტვირთა მრავალთა ცოდვები“ (ებრ. 9:27, 28). ისინი ირწმუნებოდნენ, რომ იესოს მსხვერპლი კვლავ და კვლავ უნდა გაღებულიყო. დღეს ბევრ ადამიანს გულწრფელად სჯერა ამ სიცრუის. ისინი რეგულარულად, ზოგჯერ ყოველდღე, იკრიბებიან თავიანთ ტაძრებში წირვაზე დასასწრებად. b ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში წირვა ასეთი სიხშირით არ სრულდება. ნებისმიერ შემთხვევაში მათ მრევლს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იესოს მსხვერპლზე. ზოგს იმაშიც კი ეპარება ეჭვი, საერთოდ თუ შეუძლია იესოს სიკვდილს მათი ცოდვების გამოსყიდვა. და ეს იმიტომ, რომ ისინი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების ზეგავლენაში არიან მოქცეული. რა დასკვნამდე მივიდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ამ საკითხთან დაკავშირებით და როგორ?

6. რა დასკვნამდე მივიდნენ ბიბლიის მკვლევრები 1872 წლისთვის?

6 მე-19 საუკუნის მიწურულს ბიბლიის მკვლევართა ჯგუფმა ჩარლზ ტეიზ რასელის თაოსნობით საღვთო წერილების სიღრმისეული გამოკვლევა დაიწყო. მათ სურდათ, გაეგოთ, სინამდვილეში რა მნიშვნელობა ჰქონდა იესოს მსხვერპლს და როგორ უნდა გაეხსენებინათ მისი სიკვდილი. 1872 წლისთვის ღვთის სიტყვის კვლევის საფუძველზე ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იესოს გამოსასყიდი მთელ კაცობრიობას ეხებოდა. მათ სურდათ, რომ ამის შესახებ სხვებსაც გაეგოთ. ამიტომ ამ ინფორმაციას წიგნებისა თუ ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით ავრცელებდნენ. პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, მათაც წელიწადში ერთხელ დაიწყეს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა.

7. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ბიბლიის მკვლევართა შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია?

7 ის, რაც ამ გულწრფელმა მკვლევრებმა თავის დროზე გამოიკვლიეს, დღესაც გვადგება. იეჰოვას დახმარებით ჩვენც გავიგეთ, სინამდვილეში რა მნიშვნელობა აქვს იესოს მსხვერპლს და რას ემსახურება ის (1 იოან. 2:1, 2). ისიც გავიგეთ, რომ ბიბლია ორგვარი იმედის შესახებ საუბრობს: შედარებით მცირე ჯგუფი ზეცაში უკვდავებას მიიღებს, უმეტესობა კი დედამიწაზე მარადიულად იცოცხლებს. რაც უფრო მეტად ვიაზრებთ, რა ძლიერ ვუყვარვართ იეჰოვას და რამხელა სიკეთე მოაქვს იესოს გაღებულ მსხვერპლს, მით უფრო ვუახლოვდებით ჩვენს ზეციერ მამას (1 პეტ. 3:18; 1 იოან. 4:9). ჩვენი წინამორბედების მსგავსად, ჩვენც მთელი გულით ვეპატიჟებით ხალხს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად იმ წესისამებრ, რომელიც თავად ქრისტემ დაგვიტოვა.

ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲛᲝᲖᲔ ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲞᲐᲢᲘᲟᲔᲑᲐ

რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ სრულად ჩაებათ გახსენების საღამოს კამპანიაში? (იხილეთ აბზაცები 8—10). e

8. როგორ ხდებოდა წლების მანძილზე გახსენების საღამოზე ხალხის დაპატიჟება? (იხილეთ სურათი).

8 იეჰოვას მოწმეები უკვე წლებია გახსენების საღამოზე ეპატიჟებიან ხალხს. ჯერ კიდევ 1881 წელს შეერთებულ შტატებში და-ძმებს მოუწოდეს, ერთად შეკრებილიყვნენ ამ განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად ალეგანში, ერთი ძმის სახლში. მოგვიანებით ყველა კრება თვითონ უწევდა ორგანიზებას ამ ღონისძიების ჩატარებას. 1940 წლის მარტში მაუწყებლებმა მიიღეს მითითება, რომ გახსენების საღამოზე შეეძლოთ მოეწვიათ ყველა, ვინც ინტერესს გამოავლენდა. 1960 წელს კრებებმა პირველად გამოიყენეს დაბეჭდილი მოსაწვევები ხალხის დასაპატიჟებლად. მას შემდეგ იეჰოვას მოწმეებმა მილიარდობით მოსაწვევი გაავრცელეს. რატომ ვახმართ სხვების მოპატიჟებას ამხელა ძალისხმევას?

9, 10. რა მიზანს ემსახურება სხვების მოწვევა გახსენების საღამოზე? (იოანე 3:16).

9 გვინდა ყველამ, ვინც პირველად დაესწრება ამ შეხვედრას, გაიგოს, თუ რა გააკეთეს იეჰოვამ და იესომ კაცობრიობისთვის (წაიკითხეთ იოანეს 3:16). ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ნანახი და მოსმენილი მათ გაუჩენს იეჰოვას გაცნობისა და მსახურების სურვილს. თუმცა ჩვენი მიზანი მხოლოდ ახლების მოწვევა არ არის.

10 ამ შეხვედრაზე არააქტიურებსაც ვეპატიჟებით, რათა შეიხსენონ, რომ იეჰოვასთვის კვლავაც ძვირფასები არიან. ბევრი ეხმაურება ჩვენს მოწვევას, რაც ძალიან გვახარებს. ამ შეხვედრაზე მათ შეიძლება გაახსენდეთ ის დრო, როცა სიხარულით ემსახურებოდნენ იეჰოვას. ამაზე მოწმობს მონიკას შემთხვევაც. c ის კოვიდ-19 პანდემიის დროს დაუბრუნდა კრებას. მისთვის 2021 წლის გახსენების საღამო განსაკუთრებული აღმოჩნდა. მონიკა ამბობს: „ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად შევძელი მსახურებაში მონაწილეობა და ხალხის დაპატიჟება გახსენების საღამოზე. ამ საქმეში მთელი გულით ვიყავი ჩართული, რადგან უზომოდ მადლიერი ვარ იეჰოვასი და იესოსი იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს“ (ფსალმ. 103:1—4). გინდ გამოგვეხმაურონ, გინდ არა, ჩვენ კვლავაც მოვიწვევთ ხალხს, რადგან ვიცით, რომ იეჰოვა აფასებს ჩვენს შრომას.

11. საიდან ჩანს, რომ იეჰოვა აკურთხებს გახსენების საღამოს კამპანიის დროს გაწეულ ძალისხმევას? (ანგია 2:7).

11 აშკარაა, იეჰოვა აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას გახსენების საღამოს კამპანიის დროს. მაგალითად, 2021 წელს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად ამ შეხვედრას მთლიანობაში 21 367 603 ადამიანი დაესწრო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ დამსწრეთა რაოდენობა თითქმის ორ-ნახევარჯერ აღემატებოდა იეჰოვას მოწმეთა რაოდენობას. მაგრამ იეჰოვასთვის მთავარი ის კი არაა, რამდენი დაესწრება ამ შეხვედრას, არამედ ის, რომ ამ შეხვედრამ თითოეული დამსწრის შემთხვევაში თავის მიზანს მიაღწიოს (ლუკ. 15:7; 1 ტიმ. 2:3, 4). დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა ამ კამპანიების მეშვეობით წრფელი გულის ადამიანების მოძებნაში გვეხმარება (წაიკითხეთ ანგიას 2:7).

ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲛᲝᲡ ᲐᲦᲜᲘᲨᲕᲜᲐ ᲮᲔᲚᲘᲡᲨᲔᲛᲨᲚᲔᲚᲘ ᲤᲐᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲣᲮᲔᲓᲐᲕᲐᲓ

იეჰოვა აფასებს ჩვენს მცდელობას, აღვნიშნოთ გახსენების საღამო (იხილეთ აბზაცი 12). f

12. რის გამო შეიძლება გაგვიჭირდეს გახსენების საღამოს აღნიშვნა? (იხილეთ სურათი).

12 იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში სხვადასხვა სირთულეს შევხვდებოდით, მაგალითად, წინააღმდეგობას ოჯახში, დევნას, ომსა თუ ეპიდემიას (მათ. 10:36; მარ. 13:9; ლუკ. 21:10, 11). ზოგჯერ ამ გარემოებების გამო იეჰოვას მსახურებს უჭირთ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა. როგორ გადალახეს ეს სირთულეები ჩვენმა და-ძმებმა იეჰოვას დახმარებით?

13. როგორ აკურთხა იეჰოვამ არტიომის გაბედულება და მონდომება?

13 პატიმრობა. რწმენისთვის დაპატიმრებული ჩვენი ძმები ყველაფერს აკეთებენ გახსენების საღამოს აღსანიშნავად. აი, მაგალითად არტიომი 2020 წელს გახსენების საღამოს პერიოდში 17-კვადრატულმეტრიან საკანში იჯდა სამ-ოთხ პატიმართან ერთად. ასეთი მდგომარეობის მიუხედავად მან მოახერხა სიმბოლოების შოვნა და გადაწყვიტა, თავისთვის მაინც წაეკითხა გახსენების საღამოს მოხსენება. მაგრამ საკანში არასახარბიელო გარემო იყო, რადგან პატიმრები სულ ეწეოდნენ და იგინებოდნენ. ამიტომ არტიომმა მათ სთხოვა, ერთი საათით მაინც შეეკავებინათ თავი მოწევისა და გინებისგან. მისდა გასაკვირად, ისინი დათანხმდნენ. თუმცა იმით არ დაინტერესებულან, რის აღნიშვნას აპირებდა. არტიომს კითხვები მაშინღა დააყარეს, როცა დაინახეს, როგორ აღნიშნა გახსენების საღამო.

14. რა გაკეთდა კოვიდ-19 პანდემიის დროს გახსენების საღამოს აღსანიშნავად?

14 კოვიდ-19 პანდემია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ფიზიკურად ერთად შეკრება არ შეგვეძლო, გახსენების საღამო არ ჩაშლილა. d ბევრმა კრებამ გახსენების საღამოს ჩატარება ვიდეოკონფერენციის მეშვეობით შეძლო. ამ პროგრამის გარეშე არც ის მილიონობით და-ძმა არ დარჩენილა, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტზე. ზოგ ქვეყანაში გახსენების საღამოს მოხსენება ტელევიზიითა თუ რადიოთი გადაიცა. გარდა ამისა, ფილიალებმა ამ მოხსენების ვიდეოჩანაწერი 500-ზე მეტ ენაზე მოამზადეს დაშორებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და-ძმებისთვის. ბევრმა ძმამ თავი არ დაზოგა, რომ ეს ჩანაწერები დანიშნულების ადგილამდე მიეტანა.

15. რას გვასწავლის სიუს შემთხვევა?

15 წინააღმდეგობა ოჯახში. ზოგისთვის ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობაა. ეს კარგად ჩანს ერთი ბიბლიის შემსწავლელის, სიუს, შემთხვევიდან. 2021 წლის გახსენების საღამოს წინა დღეს მან თავის ბიბლიის მასწავლებელს უთხრა, რომ ოჯახში წინააღმდეგობის გამო გახსენების საღამოს ვერ დაესწრებოდა. ბიბლიის მასწავლებელმა მას ლუკას 22:44 წაუკითხა და აუხსნა, რომ სირთულეების დროს იესოს მსგავსად იეჰოვას უნდა მივმართოთ ლოცვით და მისი იმედი გვქონდეს. მეორე დღეს სიუმ ყველაფერი მოამზადა გახსენების საღამოსთვის და ჩვენს ვებგვერდზე უყურა დილის თაყვანისცემის სპეციალურ პროგრამას. იმ საღამოს კი თავის ოთახში განმარტოვდა და ტელეფონით მოუსმინა გახსენების საღამოს მოხსენებას. ამის შემდეგ სიუმ თავის ბიბლიის მასწავლებელს ასეთი რამ მისწერა: „გუშინ ძალიან გამამხნევე. ჩემი მხრიდან ყველაფერი გავაკეთე, რომ დავსწრებოდი, დანარჩენზე კი იეჰოვამ იზრუნა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რა ბედნიერი და მადლიერი ვარ!“. მსგავს სიტუაციაში თქვენც მიენდობით იეჰოვას?

16. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას? (რომაელები 8:31, 32).

16 იეჰოვა აფასებს იმ ძალისხმევას, რასაც გახსენების საღამოს აღნიშვნას ვახმართ. როცა მადლიერებას ვავლენთ იმ ყველაფრისთვის, რასაც იეჰოვა ჩვენთვის აკეთებს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის გვაკურთხებს (წაიკითხეთ რომაელების 8:31, 32). ამიტომ მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, გახსენების საღამოს პერიოდში სულიერ საქმეებში უფრო ვიაქტიუროთ და დავესწროთ ამ შეხვედრას.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 18 მადლიერნი ვართ გამოსასყიდისთვის

a 2023 წლის 4 აპრილს, სამშაბათს, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი აღნიშნავს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს. ბევრი პირველად დაესწრება ამ შეხვედრას. ზოგი, ვინც წლების მანძილზე არააქტიური იყო, ახლა შემოგვიერთდება ამ საღამოს აღნიშვნაში. ზოგსაც დასასწრებად ხელისშემშლელი ფაქტორების გადალახვა მოუწევს. ნებისმიერ შემთხვევაში დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი დასწრებით გულს გაუხარებთ იეჰოვას.

b მორწმუნეებს სწამთ, რომ ამ რიტუალის შესრულების დროს პური და ღვინო გადაიქცევა იესოს სისხლად და ხორცად და, რომ ყოველ ჯერზე, როცა მონაწილეობას იღებენ წირვაში, ხელახლა ხდება იესოს ხორცისა და სისხლის შეწირვა.

c ზოგი სახელი შეცვლილია.

d იხილეთ ვებგვერდზე jw.org სტატიები „2021 წელს გახსენების საღამოს აღნიშვნა“.

e ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: 1960 წლიდან მოყოლებული გახსენების საღამოს მოსაწვევები დაიხვეწა და ახლა როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახითაა ხელმისაწვდომი.

f ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: და-ძმები სამოქალაქო არეულობის დროს გახსენების საღამოს აღნიშნავენ (დადგმული სცენა).