ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 3
იეჰოვა მოგიმართავთ ხელს
„იეჰოვა იყო იოსებთან, ამიტომ ყველაფერში ხელი ემართებოდა“ (ᲓᲐᲑ. 39:2).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 30 ჩემო მამა, ჩემო ღმერთო, ჩემო მეგობარო!
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a
1, 2. ა) რატომ არ გვაკვირვებს ღვთის ხალხს განსაცდელები? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
ᲦᲕᲗᲘᲡ ხალხს არ გვიკვირს განსაცდელები, რადგან, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „ღვთის სამეფოს დასამკვიდრებლად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევს“ (საქ. 14:22). ჩვენ ისიც გვესმის, რომ ზოგიერთი პრობლემა არ მოგვარდება იმ დრომდე, როცა „აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხ. 21:4).
2 იეჰოვა ყველანაირი განსაცდელისგან არ გვიცავს, მაგრამ მათ ასატანად საჭირო ძალას გვაძლევს. ამ მხრივ საინტერესოა, რა მისწერა მოციქულმა პავლემ რომში მცხოვრებ ქრისტიანებს. ჯერ ჩამოთვალა, რა განსაცდელებს შეხვდნენ ის და მისი თანამსახურები, შემდეგ კი დასძინა: „ჩვენ ყველაფერში სრულად ვიმარჯვებთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა“ (რომ. 8:35—37). აქედან ნათლად ჩანს, რომ პრობლემების პირისპირაც იეჰოვა ხელს გვიმართავს. მოდი ამჯერად ვიმსჯელოთ იოსებზე და ვნახოთ, როგორ უმართავდა იეჰოვა მას ხელს და ჩვენ როგორ მოგვიმართავს.
ᲠᲝᲪᲐ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐ ᲛᲝᲣᲚᲝᲓᲜᲔᲚᲐᲓ ᲘᲪᲕᲚᲔᲑᲐ
3. როგორ შეიცვალა იოსების ცხოვრება?
3 როგორც ვიცით, იაკობს შვილებიდან გამორჩეულად იოსები უყვარდა (დაბ. 37:3, 4). უფროს ძმებს შეშურდათ მისი და მოიძულეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთ დღესაც იოსები მიდიანელ ვაჭრებს მიჰყიდეს. ვაჭრებმა ის ძალიან შორს, ეგვიპტეში წაიყვანეს და ფოტიფარს, ფარაონის მცველთა უფროსს, მიჰყიდეს. იოსებისთვის ყველაფერი უეცრად შეიცვალა — მამის საყვარელი შვილი წარმართი ეგვიპტელის მონა გახდა (დაბ. 39:1).
4. იოსების მსგავსად, რა პრობლემებს შეიძლება შევხვდეთ?
4 ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლ. 9:11). ცხოვრებაში, ადრე თუ გვიან, ყველანი ვხვდებით „ადამიანისთვის ჩვეულ“ სირთულეებს (1 კორ. 10:13). შეიძლება პრობლემები ქრისტეს მოწაფეობის გამოც შეგვექმნას და დაცინვას, წინააღმდეგობასა და დევნას შევხვდეთ (2 ტიმ. 3:12). რა სირთულის წინაშეც არ უნდა აღმოჩნდეთ, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა ხელს მოგიმართავთ. როგორ ამტკიცებს ამას იოსების მაგალითი?
5. რას მიხვდა ფოტიფარი? (დაბადება 39:2—6).
5 წაიკითხეთ დაბადების 39:2—6. ფოტიფარმა დაინახა, რომ იოსები უნარიანი და შრომისმოყვარე ახალგაზრდა იყო. ის მიხვდა, რომ მას „ყველა საქმეში იეჰოვა უმართავდა ხელს“. b ამიტომ ფოტიფარმა იოსები თავისი სახლის ზედამხედველად დანიშნა და მთელი თავისი ქონება მას ჩააბარა. შედეგად იეჰოვამ მისი სახლეულობა უხვად აკურთხა.
6. სავარაუდოდ, როგორ აღიქვამდა იოსები თავის მდგომარეობას?
6 მოდი ამ სიტუაციას იოსების თვალით შევხედოთ. ნუთუ მას მხოლოდ ის სურდა, რომ ბატონის თვალში დაფასებული ყოფილიყო?! საბოლოო ჯამში, ის ხომ მაინც წარმართი ბატონის მონად რჩებოდა. ალბათ მას ყველაზე მეტად თავისუფლება და მამასთან დაბრუნება უნდოდა. მიუხედავად ამისა, იეჰოვას ის მონობიდან არ დაუხსნია. თითქოს მონობა არ კმაროდა, ცოტა ხანში იოსების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
ᲠᲝᲪᲐ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐ ᲣᲐᲠᲔᲡᲓᲔᲑᲐ
7. კიდევ რა ცვლილება მოხდა იოსების ცხოვრებაში? (დაბადება 39:14, 15).
7 როგორც დაბადების 39-ე თავიდან ვიგებთ, ფოტიფარის ცოლმა თვალი დაადგა იოსებს და ყველანაირად ცდილობდა მის ცდუნებას, მაგრამ ვერაფრით დაიყოლია. ბოლოს ისე გამწარდა იოსებზე, რომ გაუპატიურების მცდელობაში დასდო ბრალი (წაიკითხეთ დაბადების 39:14, 15). როცა ეს ამბავი ფოტიფარმა გაიგო, იოსები საპყრობილეში ჩააგდო, სადაც არაერთი წელი გაატარა (დაბ. 39:19, 20). საპატიმროს აღსაწერად გამოყენებული ებრაული სიტყვა მიუთითებს ჯურღმულზე. უკვე სიტყვაც გვახვედრებს, რა მძიმე პირობებში აღმოჩნდა იოსები (დაბ. 40:15). გარდა ამისა, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, გარკვეული დროის მანძილზე იოსებს ფეხებზე ხუნდები ედო და რკინის საკვრელები — კისერზე (ფსალმ. 105:17, 18). იოსების მდგომარეობა ისევ უეცრად უარესობისკენ შეიცვალა. ერთ დროს ბატონის სანდო და დაფასებული მონა საწყალ პატიმრად იქცა.
8. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული მაშინაც კი, თუ ჩვენი მდგომარეობა ცუდიდან უარესისკენ იცვლება?
8 გქონიათ ისეთი სიტუაცია, როცა გულმხურვალედ ლოცულობდით, მაგრამ მდგომარეობა ცუდიდან უარესობისკენ შეიცვალა? ეს არც გვიკვირს, რადგან იეჰოვა არ გვარიდებს ყოველგვარ განსაცდელს ამ ქვეყნიერებაში, რომელსაც სატანა მართავს (1 იოან. 5:19). მაგრამ ერთ რამეში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ — იეჰოვა ხედავს ჩვენს მდგომარეობას და ზრუნავს ჩვენზე (მათ. 10:29—31; 1 პეტ. 5:6, 7). გარდა ამისა, ის გვარწმუნებს: „არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრ. 13:5). მდგომარეობა გამოუვალიც რომ გვეჩვენებოდეს, იეჰოვა აუცილებლად მოგვცემს მოთმინების ძალას. ვნახოთ, როგორ ადასტურებს ამას იოსების მაგალითი.
9. საიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვა იყო იოსებთან პატიმრობის დროს? (დაბადება 39:21—23).
9 წაიკითხეთ დაბადების 39:21—23. მართალია, იოსები საპყრობილეში მძიმე პირობებში იყო, მაგრამ იეჰოვა იქაც უმართავდა ხელს. საიდან გამოჩნდა ეს? იოსებმა საპყრობილის ზედამხედველის ნდობა და პატივისცემა მოიპოვა ისევე, როგორც ერთ დროს ფოტიფარის სახლში. მალე საპყრობილის ზედამხედველმა იოსები სხვა ყველა პატიმრის მეთვალყურედ დააყენა. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, „საპყრობილის ზედამხედველს აღარ უწევდა იმაზე ზრუნვა, რაც იოსებს ჩააბარა“. ახლა იოსებს შეეძლო თავის მძიმე მდგომარეობაზე კი არ ეფიქრა, არამედ ყურადღება თავის ახალ დავალებაზე გადაეტანა. როგორ შეძლო პატიმარმა, რომელსაც მეფის მოხელის ცოლის გაუპატიურების მცდელობაში ედებოდა ბრალი, ამხელა ნდობის მოპოვება? ამას მხოლოდ ერთი ახსნა მოეძებნება: დაბადების 39:23-დან ვიგებთ, რომ „იეჰოვა იყო მასთან და ყველა საქმეში იეჰოვა უმართავდა ხელს“.
10. რატომ შეიძლება ეფიქრა იოსებს, რომ ყველაფერში ხელი არ ემართებოდა?
10 მოდი კიდევ ერთხელ შევხედოთ განვითარებულ მოვლენებს იოსების თვალით. იფიქრებდა იოსები, რომ ყველაფერში ხელი ემართებოდა მაშინ, როცა ცრუ ბრალდება წაუყენეს და დააპატიმრეს? რა ენდომებოდა იოსებს ყველაზე მეტად? ის, რომ თავი მოეწონებინა საპყრობილის ზედამხედველისთვის? ყველაზე მეტად ალბათ ბრალდების მოხსნა და გათავისუფლება სურდა. ერთ-ერთ პატიმარს, რომელსაც მალე გაათავისუფლებდნენ, ხომ სთხოვა კიდეც, რომ ფარაონს დალაპარაკებოდა მასზე და ციხიდან გამოსვლაში დახმარებოდა (დაბ. 40:14). თუმცა ამ კაცს იოსები მაშინვე არ გახსენებია, რის გამოც მას კიდევ 2 წელი მოუწია ციხეში ყოფნა (დაბ. 40:23; 41:1, 14). მიუხედავად ამისა, იეჰოვა კვლავ მასთან იყო და ხელს უმართავდა.
11. რა უნარი უბოძა იეჰოვამ იოსებს და რა როლი შეასრულა ამან ღვთის განზრახვის განხორციელებაში?
11 ვიდრე იოსები საპყრობილეში იყო, იეჰოვამ ფარაონს ორი სიზმარი ახილვინა. ნანახით აფორიაქებულ მეფეს ერთი სული ჰქონდა, ეს სიზმრები მისთვის ვინმეს აეხსნა. როცა ფარაონმა გაიგო, რომ იოსებს სიზმრების ახსნის უნარი ჰქონდა, ის თავისთან მოაყვანინა. იეჰოვას დახმარებით იოსებმა მას სიზმრებიც აუხსნა და გონივრული რჩევაც მისცა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფარაონზე. მან დაინახა, რომ იოსებს ღმერთი უმართავდა ხელს, ამიტომ თავის სამეფოში საკვების გამნაწილებლად დანიშნა (დაბ. 41:38, 41—44). მოგვიანებით დიდი შიმშილობა ჩამოვარდა არა მარტო ეგვიპტეში, არამედ ქანაანშიც, სადაც იოსების ოჯახი ცხოვრობდა. თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე იოსებს უკვე შეეძლო, შიმშილისგან ეხსნა თავისი ოჯახი და, შესაბამისად, მესიამდე მიმყვანი შთამომავლობითი ხაზი გადაერჩინა.
12. რაში მოუმართა იეჰოვამ იოსებს ხელი?
12 დავფიქრდეთ, რა უჩვეულოდ განვითარდა მოვლენები იოსების ცხოვრებაში. ვინ აღძრა ფოტიფარი, რომ კარგი თვალით შეეხედა ერთი უბრალო მონისთვის? ვინ მოაპოვებინა ერთ საწყალ პატიმარს საპყრობილის ზედამხედველის კეთილგანწყობა? ვინ ახილვინა ფარაონს სიზმრები? ვინ მისცა იოსებს სიზმრების ახსნის უნარი? ვინ შთააგონა ფარაონს, რომ იოსები მთელ ეგვიპტეში საკვების გამნაწილებლად დაენიშნა? (დაბ. 45:5). აშკარაა, ამ ყველაფრის უკან იეჰოვა იდგა და სწორედ ის უმართავდა იოსებს ხელს. ძმების მიერ გაწირულ იოსებს ყველაფერი სასიკეთოდ შემოუბრუნდა, რაც საბოლოოდ იეჰოვას განზრახვის განხორციელებას მოემსახურა.
ᲩᲕᲔᲜ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲕᲘᲛᲐᲠᲗᲐᲕᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲮᲔᲚᲡ
13. ყველაფერში ერევა იეჰოვა, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება? ახსენით.
13 რა დასკვნამდე მივყავართ იოსების ისტორიას? ყველაფერში ერევა იეჰოვა, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება? ყველა ცუდ სიტუაციას ჩვენ სასიკეთოდ ცვლის? ბიბლია ამას არ ამბობს (ეკლ. 8:9; 9:11). თუმცა ერთ რამეში მტკიცედ ვართ დარწმუნებული: იეჰოვა ხედავს ჩვენს სირთულეებს და ისმენს ჩვენს ღაღადს, როცა შველას ვთხოვთ (ფსალმ. 34:15; 55:22; ეს. 59:1). უფრო მეტიც, მოთმინების ძალას გვაძლევს, რომ წარმატებით გავართვათ თავი სირთულეებს. როგორ აკეთებს ამას?
14. როგორ გვეხმარება იეჰოვა განსაცდელების დროს?
14 ერთ-ერთი, რითაც იეჰოვა გვეხმარება, დროული ნუგეში და გამხნევებაა (2 კორ. 1:3, 4). ასე მოხდა ახალგაზრდა თურქმენი ძმის, ეზიზის შემთხვევაში, რომელსაც რწმენის გამო ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის იხსენებს: «იმ დილით, როცა ჩემი სასამართლო უნდა გამართულიყო, ერთმა ძმამ ესაიას 30:15 წამიკითხა, სადაც ეწერა: „თქვენი ძალა მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება“. ეს მუხლი ყოველთვის მეხმარებოდა, შემენარჩუნებინა სიმშვიდე და იეჰოვასადმი ნდობა. ამ სიტყვებზე ფიქრი მაძლიერებდა მთელი პატიმრობის განმავლობაში». შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორ განუგეშათ და გაგამხნევათ იეჰოვამ მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდებოდათ?
15, 16. რას გვასწავლის ტორის გამოცდილება?
15 როცა ყველაფერი ჩაივლის, ხშირად სწორედ მაშინ ვაცნობიერებთ, რომ იეჰოვას არ მივუტოვებივართ. ამაში ერთი და, ტორი, თავად დარწმუნდა. მისი ვაჟი მეისონი 6 წელი ებრძოდა კიბოს. შვილის სიკვდილმა ტორი გაანადგურა. ის ამბობს: „როგორც დედას, ამაზე უარესი არაფერი დამმართნია. ყველა მშობელი დამეთანხმება, რომ ურჩევნია თვითონ დაიტანჯოს, ვიდრე შვილის ტანჯვას უყუროს“.
16 მართალია, ტორიმ დიდი ტრაგედია გადაიტანა, მაგრამ მოგვიანებით გააანალიზა, როგორ ედგა იეჰოვა მხარში. ის ამბობს: „ამ გადასახედიდან ვხედავ, როგორ ზრუნავდა იეჰოვა ჩემზე და ჩემს ვაჟზე მთელი ეს დრო. მაშინაც კი, როცა მეისონი ძალიან ცუდად იყო და არავის ნახვა არ შეეძლო, და-ძმები მაინც მოდიოდნენ საავადმყოფოში მიუხედავად იმისა, რომ მანქანით 2 საათი უნდა ევლოთ. ამიტომ საავადმყოფოს მოსაცდელში ყოველთვის ვიღაც იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში დაგვხმარებოდა. და-ძმები ჩვენს მატერიალურ საჭიროებებზეც ზრუნავდნენ. ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი არაფერი მოგვკლებია“. იეჰოვამ არა მარტო ტორის, არამედ მეისონსაც მისცა მოთმინების ძალა (იხილეთ ჩარჩო „იეჰოვა ზუსტად იმას გვაძლევდა, რაც გვჭირდებოდა“).
ᲜᲣ ᲓᲐᲘᲕᲘᲬᲧᲔᲑᲗ, ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲯᲔᲠ ᲛᲝᲒᲘᲛᲐᲠᲗᲐᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲛ ᲮᲔᲚᲘ
17, 18. რა დაგვეხმარება, დავინახოთ და დავაფასოთ ის, რასაც იეჰოვა ჩვენ მხარდასაჭერად აკეთებს? (ფსალმუნი 40:5).
17 წაიკითხეთ ფსალმუნის 40:5. მთამსვლელის მიზანი ისაა, რომ მიაღწიოს მწვერვალს. თუმცა სანამ მწვერვალამდე მივა, შეუძლია შიგადაშიგ გაჩერდეს და დატკბეს ხედებით. დროდადრო ჩვენც, ასე ვთქვათ, უნდა შევჩერდეთ და დავფიქრდეთ, როგორ გვიმართავს იეჰოვა ხელს სირთულეების დროსაც კი. ყოველი დღის ბოლოს დაფიქრდით: დღეს რაში დავინახე იეჰოვას მზრუნველობა? შეიძლება პრობლემა პრობლემად რჩება, მაგრამ როგორ მეხმარება იეჰოვა მის ატანაში? შეეცადეთ, სულ მცირე, ერთი რამ მაინც გაიხსენოთ, რაც იეჰოვას მხარდაჭერაზე მოწმობს.
18 ბუნებრივია, თუ პრობლემის მოგვარებაზე ვლოცულობთ (ფილ. 4:6). მაგრამ ამავე დროს არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, დღესვე როგორ გვიმართავს ხელს იეჰოვა. ის გვპირდება, რომ გაგვაძლიერებს და აგვატანინებს განსაცდელს. ასე რომ, ყოველთვის მადლიერი უნდა ვიყოთ იეჰოვასი, რომ მხარში გვიდგას და არ გვტოვებს. მაშინ დავინახავთ, იოსებივით ჩვენც როგორ გვიმართავს ხელს იეჰოვა განსაცდელების დროსაც კი (დაბ. 41:51, 52).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 32 დადექით იეჰოვას მხარეს!
a განსაცდელის დროს შეიძლება ვფიქრობთ, რომ იეჰოვა ხელს არ გვიმართავს და გვგონია, რომ მხოლოდ მაშინ გვემართება ხელი, როცა ყველაფერი ჩაივლის. იოსების ცხოვრებაში განვითარებული მოვლენები ერთ მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის — იეჰოვა განსაცდელების დროსაც გვიმართავს ხელს. წინამდებარე სტატიაში სწორედ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ.
b იოსების დაწინაურების ამბავს ბიბლია მხოლოდ რამდენიმე მუხლში მოგვითხრობს, მაგრამ სინამდვილეში ამას შეიძლება წლები დასჭირდა.