მათ მზადყოფნა გამოავლინეს — მიანმა
„სამკალი მართლაც ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“ (ლუკ. 10:2). იესოს მიერ დაახლოებით 2 000 წლის წინ წარმოთქმული ეს სიტყვები კარგად აღწერს მიანმაში არსებულ მდგომარეობას. ამ ქვეყანაში, სადაც 55 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სულ რაღაც 4 200-მდე მაუწყებელია.
თუმცა „სამკლის ბატონმა“, იეჰოვამ, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ასობით და-ძმა აღძრა, რომ ჩასულიყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ ქვეყანაში და მათ სულიერ მკაში დახმარებოდნენ. მოდი გავიგოთ, რამ გადააწყვეტინა ამ და-ძმებს მშობლიური მხარის დატოვება, რა დაეხმარა მათ ამაში და რა კურთხევებს იღებენ ისინი.
„ჩამოდით, პიონერები ნამდვილად გვჭირდება!“
რამდენიმე წლის წინ კაზუჰირომ, რომელიც იაპონიაში პიონერად მსახურობდა, ეპილეფსიური შეტევის დროს გონება დაკარგა და საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმმა მას ორი წლით მანქანის ტარება აუკრძალა. კაზუჰიროს ამის გაგებამ თავზარი დასცა. ის ნერვიულობდა, რომ მისთვის საყვარელი საქმის, პიონერობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა. მან გულმხურვალედ ილოცა და იეჰოვას სთხოვა, რომ მისთვის პიონერობის გაგრძელების საშუალება მიეცა.
კაზუჰირო აღნიშნავს: „ერთი თვის შემდეგ ჩემმა მეგობარმა, რომელიც მიანმაში მსახურობს, ჩემი გასაჭირის შესახებ გაიგო. მან დამირეკა და მითხრა, რომ მიანმაში ხალხი ძირითადად ავტობუსით მგზავრობს. თუ აქ ჩამოხვალ, მსახურების გაგრძელებას მანქანის გარეშეც შეძლებო! ექიმს ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა, მიანმაში გადავსულიყავი. ჩემდა გასაკვირად მან მითხრა, რომ მიანმადან ნევროლოგი იყო ჩამოსული და მასთან შემახვედრებდა. თუ შეტევა გამიმეორდებოდა, ის იზრუნებდა ჩემზე. ექიმის სიტყვები ლოცვაზე პასუხად ჩავთვალე“.
კაზუჰირომ მაშინვე გაგზავნა წერილი მიანმას ფილიალში, რომელშიც წერდა, რომ მას და მის ცოლს მიანმაში პიონერებად მსახურების სურვილი ჰქონდათ. სულ რაღაც ხუთი დღის შემდეგ ფილიალმა პასუხი მისწერა: „ჩამოდით, პიონერები ნამდვილად გვჭირდება“. კაზუჰირომ და მისმა ცოლმა, მარიმ მანქანები გაყიდეს, ვიზები აიღეს და თვითმფრინავის ბილეთები შეიძინეს. დღეს მანდალაიში ისინი სიხარულით მსახურობენ ჟესტურენოვან ჯგუფში. კაზუჰირო ამბობს: «ამ ყველაფერმა რწმენა გაგვიძლიერა ფსალმუნის 37:5-ში ჩაწერილი ღვთის დაპირებისადმი: „იეჰოვას მიანდე შენი გზა, მასზე დაამყარე იმედი და ის იმოქმედებს“».
იეჰოვა გზას გვიხსნის
2014 წელს იეჰოვას მოწმეებმა მიანმაში სპეციალურ კონგრესს უმასპინძლეს. არაერთი უცხოელი დელეგატი დაესწრო ამ ღონისძიებას. ერთ-ერთი იყო შეერთებულ შტატებში მცხოვრები 34 წლის და მონიკა. ის ამბობს: „კონგრესიდან დაბრუნების შემდეგ იეჰოვას ლოცვაში ვთხოვდი, დაენახვებინა, რა მიზანი დამესახა. ამის შესახებ მშობლებსაც დაველაპარაკე. ყველანი ვფიქრობდით, რომ მიანმაში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გარკვეული დრო გავიდა. ამ პერიოდში ბევრს ვლოცულობდი“. მონიკა განაგრძობს:
„იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა, გამოეთვალათ ხარჯები. ამიტომ საკუთარ თავს ვკითხე, მქონდა თუ არა იმდენი თანხა, რომ მიანმაში გადავსულიყავი. შევძლებდი თუ არა თავის რჩენას ისე, რომ სამსახურისთვის დიდი დრო არ დამეთმო. მალევე მივხვდი, რომ საკმარისი ფული არ მქონდა მსოფლიოს მეორე კუთხეში გადასასვლელად“. საინტერესოა, როგორ შეძლო მან თავისი მიზნის მიღწევა (ლუკ. 14:28).
მონიკა დასძენს: „ერთ დღეს ჩემმა დამსაქმებელმა დამიბარა. ვნერვიულობდი. მეგონა სამსახურიდან დამითხოვდა. მაგრამ პირიქით მოხდა. მან მადლობა გადამიხადა კარგი მუშაობისთვის და მითხრა, რომ პრემიის მოცემას აპირებდა, რომელიც ზუსტად იმდენი აღმოჩნდა, რამდენიც მჭირდებოდა“.
მონიკა მიანმაში 2014 წლის დეკემბრიდან მსახურობს. რას ფიქრობს ის იმ ქვეყანაში მსახურებაზე, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა? «ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ, — ამბობს ის. — სამ ადამიანს ვასწავლი ბიბლიას. ერთ-ერთი შემსწავლელი 67 წლისაა. ის ყოველთვის ღიმილით მხვდება და გულში თბილად მიკრავს. როცა გაიგო, რომ ღმერთს იეჰოვა ერქვა, აცრემლდა და მითხრა: „ცხოვრებაში პირველად გავიგე ღვთის სახელი. ჩემზე ბევრად პატარა ხარ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შენგან მოვისმინე“. რა თქმა უნდა, მეც ავცრემლდი. ასეთი შემთხვევები ძალიან სასიამოვნოს ხდის უცხო ქვეყანაში მსახურებას». ახლახან მონიკამ სამეფოს მახარობელთა სკოლა გაიარა.
ზოგს მიანმაში მსახურების სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 2013 წლის წელიწდეულს გაეცნო, სადაც მიანმას შესახებ იყო მოთხრობილი. 30 წელს გადაცილებული და, სახელად ლი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ცხოვრობდა. ის სრულ განაკვეთზე მუშაობდა, თუმცა წელიწდეულის წაკითხვის შემდეგ მიანმაში მსახურების სურვილი გაუჩნდა. ის გვიყვება: „2014 წელს იანგონში სპეციალურ კონგრესს დავესწარი. იქ ერთი პიონერი წყვილი გავიცანი, რომლებიც მიანმაში ჩინურენოვან ტერიტორიაზე მსახურობდნენ. რადგანაც ჩინური ვიცი, მიანმაში გადასვლა გადავწყვიტე, რათა ჩინურენოვან ჯგუფს დავხმარებოდი. მანდალაიში მე და მონიკა ერთად ჩავედით. იეჰოვას კურთხევად ვთვლით, რომ ორივე ერთ სკოლაში ვასწავლით ნახევარ განაკვეთზე და სახლიც იქვე ახლოს გვაქვს ნაქირავები. ცხელი კლიმატისა თუ სხვა ხელისშემშლელი ფაქტორების მიუხედავად, აქ მსახურებას ჩემთვის დიდი სიხარული მოაქვს. მიანმაში ხალხი უბრალოდ ცხოვრობს. ისინი ძალიან ზრდილობიანები არიან და სიამოვნებით ისმენენ სასიხარულო ცნობას. ამაღელვებელია იმის დანახვა, თუ როგორ აჩქარებს იეჰოვა საქმეს. დარწმუნებული ვარ, იეჰოვას ნებაა, რომ აქ, მანდალაიში ვმსახურობ“.
იეჰოვა ისმენს ლოცვებს
უცხო ქვეყანაში მსახურმა არაერთმა და-ძმამ იგრძნო ლოცვის ძალა. მათ შორის არის 30 წელს გადაცილებული წყვილი, ჯამპი და ნაო. ისინი იაპონიაში ჟესტურენოვან კრებაში მსახურობდნენ. რატომ გადავიდა ეს წყვილი მიანმაში? ჯამპი გვიყვება: „მე და ჩემს მეუღლეს ყოველთვის გვინდოდა უცხოეთში მსახურება. ჩვენი კრებიდან ერთი ძმა მიანმაში გადავიდა. მართალია, ცოტა ფული გვქონდა, მაგრამ 2010 წლის მაისში ჩვენც მიანმაში ჩავედით, სადაც და-ძმებმა გულთბილად
მიგვიღეს“. რას ფიქრობს ის მიანმაში ჟესტურენოვან ტერიტორიაზე მსახურებასთან დაკავშირებით? ჯამპი განაგრძობს: „ხალხი დიდ ინტერესს იჩენს. როცა ჟესტურ ენაზე ვიდეოებს ვაყურებინებთ, მობინადრეები ოვაციებს ვერ მალავენ. გვიხარია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ და მსახურების გასაფართოებლად მიანმაში ჩამოვედით“.როგორ გააქვს თავი ამ წყვილს? ჯამპი იხსენებს: „სამ წელიწადში მთელი ფული გამოგველია, ამიტომ საკმარისი თანხა არ გვქონდა, რომ შემდეგი წლისთვის ბინის ქირა გადაგვეხადა. მე და ჩემი ცოლი ბევრს ვლოცულობდით. მოულოდნელად ფილიალიდან წერილი მივიღეთ, საიდანაც შევიტყვეთ, რომ დროებით სპეციალურ პიონერებად დაგვნიშნეს. ჩვენ იეჰოვაზე ვიყავით მინდობილები, მან კი გვაგრძნობინა, რომ მხარში გვედგა. ის ყოველმხრივ ზრუნავს ჩვენზე“. ახლახან ამ წყვილმაც გაიარა სამეფოს მახარობელთა სკოლა.
იეჰოვა ბევრს აღძრავს
რამ უბიძგა მიანმაში გადასვლისკენ 43 წლის იტალიელ საიმონსა და მის 37 წლის მეუღლეს, ანას, რომელიც ახალი ზელანდიიდანაა? ანა გვპასუხობს: „ეს 2013 წლის წელიწდეულის დამსახურებაა“. საიმონი კი დასძენს: „მიანმაში მსახურება დიდი პატივია. აქ ცხოვრება ბევრად ადვილია, ამიტომ შემიძლია უფრო მეტი დრო დავუთმო იეჰოვას მსახურებას. სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ იეჰოვა ზრუნავს თავის მსახურებზე, რომლებიც სხვა ქვეყანაში გადადიან“ (ფსალმ. 121:5). ანა ამბობს: „ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ ვცხოვრობთ, ამიტომ ქმართან უფრო მეტ დროს ვატარებ, რამაც უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან. გარდა ამისა, კარგი მეგობრები შევიძინეთ. ხალხს აკვიატებული აზრები არა აქვს იეჰოვას მოწმეებზე და ბევრი ინტერესს ავლენს“. რამდენად დიდია ინტერესი?
ანა გვიყვება: „ერთხელ ბაზარში ერთ სტუდენტ გოგონას ვუქადაგე და შეხვედრაზე შევთანხმდით. მომდევნო შეხვედრაზე ის მეგობართან ერთად მოვიდა. სხვა დროს უფრო მეტი მეგობარი მოიყვანა, მოგვიანებით კი მათი რიცხვი კიდევ გაიზარდა. დღეს ხუთ მათგანს ბიბლიას ვასწავლი“. საიმონი ამბობს: „აქაურები მეგობრულები და ცნობისმოყვარეები არიან. ბევრი ავლენს ჭეშმარიტებისადმი ინტერესს. უბრალოდ დრო არ გვყოფნის, რომ ყველას სათანადო ყურადღება მივაქციოთ“.
რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა დასჭირდა ზოგს მიანმაში გადასასვლელად? იაპონიაში მცხოვრები მიზუჰო ამბობს: „მე და ჩემს ქმარს, საჩიოს, ძალიან გვინდოდა იმ ქვეყანაში მსახურება, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, მაგრამ არ ვიცოდით, სად გადავსულიყავით. 2013 წლის წელიწდეულში მიანმაში მომხდარი ამაღელვებელი შემთხვევების წაკითხვის შემდეგ იმაზე დავიწყეთ ფიქრი, თუ რამდენად რეალური იყო ჩვენთვის მიანმაში გადასვლა“. საჩიო დასძენს: „გადავწყვიტეთ, ერთი კვირით მიანმაში ქალაქ იანგონს ვწვეოდით და, ასე ვთქვათ, დაგვეზვერა იქაურობა. ამ ხანმოკლე მოგზაურობის დროს ქვეყანაზე გარკვეული წარმოდგენა შევიქმენით და დავრწმუნდით, რომ იქ აუცილებლად უნდა გადავსულიყავით“.
გამოეხმაურებით მოწვევას?
50 წელს გადაცილებული ავსტრალიელი წყვილი როდნი და ჯენი, თავიანთ ქალ-ვაჟთან, დენიკასა და ჯორდანთან ერთად მიანმაში 2010 წლიდან მსახურობს. როდნი ამბობს: „ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ აქ მცხოვრები ხალხი სულიერს იყო მოწყურებული. ყველა ოჯახს ვურჩევდი მიანმასნაირ ტერიტორიაზე მსახურებას. მიხარია, რომ აქ მსახურებამ ჩემი ოჯახი კიდევ უფრო დააახლოვა იეჰოვასთან. ბევრი ახალგაზრდა მხოლოდ ტელეფონზე, მანქანაზე, სამსახურზე და სხვა რამეებზე ფიქრობს, ჩვენი შვილები კი ახალი სიტყვების სწავლით არიან დაკავებულები, რომლებიც მსახურების დროს გამოადგებათ. აგრეთვე სწავლობენ მათთან მსჯელობას, ვისთვისაც ბიბლია უცხო წიგნია; ადგილობრივ ენაზე ამზადებენ კომენტარებს, რომ კრების შეხვედრებში მონაწილეობა მიიღონ, და სხვა სულიერი საქმეებით არიან დაკავებულები“.
37 წლის ოლივერი, რომელიც შეერთებული შტატებიდანაა, გვიხსნის, თუ რატომ ურჩევს სხვებს ასეთი სახის მსახურებაში მონაწილეობას. „კარგი შედეგები მომიტანა, როცა იეჰოვას მსახურებისთვის ჩემთვის კომფორტული გარემო დავტოვე. სხვა ქვეყანაში მსახურებამ უფრო თავდაჯერებული გამხადა და ნებისმიერ სიტუაციაში იეჰოვაზე მინდობა მასწავლა. იმ და-ძმების გვერდით მსახურებამ, რომელთაც მანამდე საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ რწმენა გვაერთიანებდა, დამანახვა, რომ ასეთი ერთობა მხოლოდ ღვთის ორგანიზაციაში არსებობს“. დღეს ოლივერი და მისი მეუღლე ანა კვლავაც ერთგულად აგრძელებენ ჩინურენოვან ჯგუფში მსახურებას.
ავსტრალიელი და ტრეიზელი, რომელიც 52 წლისაა, მიანმაში 2004 წლიდან მსახურობს. ის ამბობს: „ვისაც საშუალება აქვს, ვურჩევ, იქ გადავიდეს საქადაგებლად, სადაც ამის დიდი საჭიროებაა. თავად დავრწმუნდი, რომ, თუ სურვილი გაქვს, იეჰოვა აუცილებლად აკურთხებს შენს ძალისხმევას. ასეთ ცხოვრებაზე ვერც კი ვიოცნებებდი. იმაზე აზრიანი და კმაყოფილების მომტანი ცხოვრება მაქვს, ვიდრე წარმოვიდგენდი“.
ამ და-ძმების გულწრფელმა სიტყვებმა, ალბათ, თქვენც აღგძრათ, გადახვიდეთ გაუნაწილებელ ტერიტორიებზე და სუფთა გულის ადამიანებს დაეხმაროთ. დიახ, ის და-ძმები, რომლებიც მიანმაში გადავიდნენ მსახურებისთვის, მოგვიწოდებენ: „ჩამოდით მიანმაში და დაგვეხმარეთ!“.