არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 31

დააფასეთ ლოცვის შესაძლებლობა

დააფასეთ ლოცვის შესაძლებლობა

„საკმეველივით მომზადდეს ჩემი ლოცვა შენ წინაშე“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 141:2).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 47 ყოველდღე ლოცვით მიმართეთ იეჰოვას

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1. როგორ უნდა ვუყურებდეთ ლოცვის შესაძლებლობას?

 ᲩᲕᲔᲜᲗᲕᲘᲡ უდიდესი პატივია ცისა და დედამიწის შემოქმედთან ლოცვით ურთიერთობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ენაზე ნებისმიერ დროს შეგვიძლია გადავუშალოთ გული იეჰოვას. ჩვენი მოსიყვარულე მამა ყოველთვის მოგვისმენს, თუნდაც საავადმყოფოში ან ციხეში ვიყოთ. ჩვენ ვაფასებთ ამ მართლაც განსაკუთრებულ შესაძლებლობას.

2. საიდან გამოჩნდა, რომ დავითი აფასებდა ლოცვის შესაძლებლობას?

2 მეფე დავითიც ძალიან აფასებდა ლოცვის შესაძლებლობას, რაც კარგად გამოჩნდა მისი სიტყვებიდან: „საკმეველივით მომზადდეს ჩემი ლოცვა შენ წინაშე“ (ფსალმ. 141:1, 2). საკმეველი, რომელსაც მღვდლები იყენებდნენ ღვთისმსახურების დროს, საგულდაგულოდ მზადდებოდა (გამ. 30:34, 35). როცა დავითმა ლოცვა საკმეველს შეადარა, მას იმის თქმა სურდა, რომ საგულდაგულოდ უკვირდებოდა, რას ეუბნებოდა იეჰოვას ლოცვაში. ჩვენც გვინდა, რომ ჩვენი ლოცვები მოსაწონი იყოს ღვთისთვის.

3. როგორი განწყობა უნდა გვქონდეს ლოცვის დროს და რატომ?

3 ჩვენი ლოცვებიდან უნდა ჩანდეს კრძალვა და პატივისცემა იეჰოვასადმი. ამაში დაგვეხმარება ესაიას, ეზეკიელის, დანიელისა და იოანეს ხილვებზე დაფიქრება. ამ ხილვებში იეჰოვა დიდებულ მეფედ იყო წარმოდგენილი. მაგალითად, ესაიამ იხილა „ამაღლებულ ტახტზე მჯდომი იეჰოვა“ (ეს. 6:1—3). ეზეკიელმა კი იხილა იეჰოვა ზეციერ ეტლზე, რომელიც ცისარტყელისმაგვარი „ბრწყინვალებით იყო გარემოცული“ (ეზეკ. 1:26—28). დანიელმა იხილა თეთრი სამოსლით შემოსილი „მარად არსებული“, რომლის „ტახტიც ცეცხლის ალივით იყო“ (დან. 7:9, 10). იოანემაც იხილა ტახტზე მჯდომი იეჰოვა. „ტახტს ზურმუხტისფერი ცისარტყელა ჰქონდა შემოვლებული“ (გამოცხ. 4:2—4). როცა ვფიქრობთ იეჰოვას დიდებულებაზე, ვხვდებით, რამხელა პატივია მასთან ლოცვით ურთიერთობა და ვაცნობიერებთ, რომ ამ დროს მოკრძალება გვმართებს. მაგრამ რაზე უნდა ვილოცოთ?

„ᲐᲡᲔ ᲘᲚᲝᲪᲔᲗ“

4. რას ვსწავლობთ იესოს სანიმუშო ლოცვის შესავალი სიტყვებიდან?

4 წაიკითხეთ მათეს 6:9, 10. მთაზე ქადაგებისას იესომ ასწავლა თავის მოწაფეებს, როგორ ელოცათ ღვთისმოსაწონად. მან თავიდან მოიხსენია ის საკითხები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება იეჰოვას განზრახვას. კერძოდ მისი სახელის განწმენდა, სამეფოს მოსვლა, რომელიც გაანადგურებს ყველა მის მოწინააღმდეგეს და მისი ნების შესრულება დედამიწაზე. თუ ამ საკითხებზე ვლოცულობთ, ვაჩვენებთ, რომ მთელი გულით გვსურს, შესრულდეს ღვთის განზრახვა.

5. მართებულია თუ არა პირად საკითხებზე ლოცვა?

5 იესოს შემდგომი სიტყვებიდან ვხედავთ, რომ პირად საკითხებზეც შეგვიძლია ვილოცოთ. მაგალითად, ვთხოვოთ იეჰოვას, მოგვცეს ყოველი დღისთვის სამყოფი საკვები, გვაპატიოს ცოდვები, დაგვეხმაროს, არ ავყვეთ ცდუნებას და გვიხსნას ბოროტისგან (მათ. 6:11—13). როცა ამ საკითხებზე ვლოცულობთ, ვაჩვენებთ, რომ იეჰოვას იმედი გვაქვს და გვსურს, ვასიამოვნოთ მას.

რაზე შეუძლია ცოლ-ქმარს ილოცოს? (იხილეთ აბზაცი 6). *

6. მხოლოდ იმაზე უნდა ვილოცოთ, რაც იესომ სანიმუშო ლოცვაში მოიხსენია? ახსენით.

6 როცა იესომ თავის მოწაფეებს სანიმუშო ლოცვა ასწავლა, მას ის არ უგულისხმია, რომ სიტყვასიტყვით გაემეორებინათ. თავად იესოც იმ საკითხებზე ლოცულობდა ხოლმე, რომლებიც მას აწუხებდა (მათ. 26:39, 42; იოან. 17:1—26). მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ვილოცოთ იმაზე, რაც გვაწუხებს. მაგალითად, გადაწყვეტილების მიღებამდე სიბრძნე და გონიერება ვითხოვოთ (ფსალმ. 119:33, 34). რთული დავალების შესრულებამდე შეგვიძლია გამჭრიახობა ვთხოვოთ ღმერთს (იგავ. 2:6). მშობლებს შეუძლიათ შვილებზე ილოცონ, შვილებს — მშობლებზე. ყველას შეგვიძლია ვილოცოთ შემსწავლელებზე და მათზე, ვისაც ვუქადაგებთ. თუმცა ჩვენი ლოცვა მხოლოდ თხოვნით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.

რისთვის უნდა განვადიდებდეთ და ვემადლიერებოდეთ იეჰოვას ლოცვაში? (იხილეთ აბზაცები 7—9). *

7. რატომ უნდა განვადიდოთ იეჰოვა ლოცვის დროს?

7 ლოცვის დროს არც იეჰოვას განდიდება უნდა დაგვავიწყდეს, რადგან სხვა ვინ იმსახურებს ამას თუ არა ჩვენი შემოქმედი?! ფსალმუნმომღერალმა ასე აღწერა იეჰოვა: „კარგი და მიმტევებელი ხარ. . . გულმოწყალე [და] თანამგრძნობი, . . ურყევია შენი სიყვარული და განუზომელია შენი ერთგულება“ (ფსალმ. 86:5, 15). მისი თვისებები და საქმეები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ის ნამდვილად განდიდების ღირსია.

8. რისთვის შეგვიძლია გადავუხადოთ იეჰოვას მადლობა? (ფსალმუნი 104:12—15, 24).

8 გარდა ამისა, როცა ვფიქრობთ იმ ყველაფერზე, რასაც იეჰოვა გვაძლევს, სურვილი გვიჩნდება, მას მადლობა გადავუხადოთ ლოცვაში. მაგალითად, როცა ვხედავთ ნაირფეროვან ყვავილებს, მივირთმევთ გემრიელ საკვებს და ვტკბებით მეგობრებთან ურთიერთობით, გული მადლიერებით გვევსება. ჩვენ ამ ყველაფრით ვხარობთ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამის წყალობით (წაიკითხეთ ფსალმუნის 104:12—15, 24). ყველაზე მეტად კი იეჰოვას უხვი სულიერი საზრდოსა და მომავლის შესანიშნავი იმედისთვის ვემადლიერებით.

9. რა დაგვეხმარება, რომ არ დაგვავიწყდეს იეჰოვასადმი მადლიერების გამოხატვა? (1 თესალონიკელები 5:17, 18).

9 რა დაგვეხმარება, რომ არ დაგვავიწყდეს იეჰოვასთვის მადლობის თქმა იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებს? მაგალითად, შეგვიძლია ჩამოვწეროთ, რა ვთხოვეთ იეჰოვას, პერიოდულად თვალი გადავავლოთ ამ სიას და დავფიქრდეთ, როგორ გვიპასუხა, შემდეგ კი მადლიერება გამოვხატოთ ლოცვაში (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:17, 18). როგორც ჩვენ გვსიამოვნებს სხვისგან გამოვლენილი მადლიერება, ისე იეჰოვას უთბობს გულს ჩვენი მადლიერების სიტყვები (კოლ. 3:15). კიდევ რისთვის უნდა ვემადლიერებოდეთ იეჰოვას?

ᲛᲐᲓᲚᲘᲔᲠᲘ ᲘᲧᲐᲕᲘᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲫᲘᲡᲗᲕᲘᲡ

10. 1 პეტრეს 2:21-დან გამომდინარე, რატომ უნდა ვმადლობდეთ იეჰოვას იესოს გამო?

10 წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:21. იეჰოვამ თავისი საყვარელი ძე გამოგზავნა, რაც უდიდესი მიზეზია მადლიერებისთვის. როცა ვიკვლევთ იესოს ცხოვრებას, ჩვენს ზეციერ მამას ვეცნობით და ვიგებთ, როგორ ვასიამოვნოთ მას. თუ გვწამს, რომ ქრისტეს მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს, ვხარობთ ღმერთთან მშვიდობით და მასთან თბილი და ახლო ურთიერთობა გვაქვს (რომ. 5:1).

11. რატომ უნდა ვილოცოთ იესოს სახელით?

11 იეჰოვას იმისთვისაც ვემადლიერებით, რომ შეგვიძლია მისი ძის სახელით მივმართოთ მას ლოცვით. იეჰოვა სწორედ ამ დროს გვისმენს და გვპასუხობს და თავისი ძის მეშვეობით გვისრულებს სათხოვარს. ეს იესოს სიტყვებიდანაც კარგად ჩანს: „რაც არ უნდა ითხოვოთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამაჩემი ძის მეშვეობით“ (იოან. 14:13, 14).

12. კიდევ რატომ უნდა ვიყოთ იეჰოვას მადლიერი?

12 იეჰოვა ცოდვებს იესოს მსხვერპლის საფუძველზე გვპატიობს. ბიბლიაში იესოს მღვდელმთავარი ეწოდება, „რომელიც დიადი ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში“ (ებრ. 8:1). იესოს აგრეთვე ეწოდება „შუამავალი მამასთან“ (1 იოან. 2:1). მადლიერი ვართ იეჰოვასი, რომ დაგვიყენა მღვდელმთავარი, რომელსაც ესმის, „რა სისუსტეებს ვებრძვით და გვშუამავლობს“ (რომ. 8:34; ებრ. 4:15). რომ არა იესოს მსხვერპლი, არასრულყოფილების გამო ვერასდროს შევძლებდით იეჰოვასთან ლოცვით დაახლოებას. იეჰოვას ვერასდროს გადავუხდით სამაგიეროს იმ ფასდაუდებელი ძღვნისთვის, რომელიც თავისი ძის სახით გაიღო ჩვენთვის!

ᲘᲚᲝᲪᲔᲗ ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

13. როგორ აჩვენა იესომ სიკვდილის წინა ღამეს, რომ უყვარდა თავისი მოწაფეები?

13 სიკვდილის წინა ღამეს იესო დიდხანს ლოცულობდა თავისი მოწაფეებისთვის და მამას სთხოვდა, რომ ბოროტისგან დაეცვა ისინი (იოან. 17:15). მართალია, თავად უდიდესი განსაცდელის პირისპირ იდგა, მაგრამ იმდენად უყვარდა თავისი მოციქულები, რომ ამ დროსაც კი მათი მდგომარეობა აღელვებდა.

რა შეგვიძლია ვთხოვოთ იეჰოვას ჩვენს და-ძმებზე? (იხილეთ აბზაცები 14—16). *

14. როგორ ვაჩვენებთ, რომ გვიყვარს და-ძმები?

14 გვინდა, რომ იესოს მსგავსად მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვიფიქროთ. ამიტომ ლოცვებში ხშირად ჩვენს და-ძმებს მოვიხსენიებთ. ამგვარად ვითვალისწინებთ იესოს მითითებას, გვიყვარდეს თანამორწმუნეები და, ამასთანავე, ვაჩვენებთ იეჰოვას, რამდენად გვიყვარს ისინი (იოან. 13:34). და-ძმებისთვის ლოცვა დროის ფუჭად ხარჯვა არაა, რადგან როგორც ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, „მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს“ (იაკ. 5:16).

15. რატომ უნდა ვილოცოთ თანამორწმუნეებისთვის?

15 ჩვენს თანამორწმუნეებს უამრავი განსაცდელის ატანა უწევთ, ამიტომ უნდა ვილოცოთ მათთვის. შეგვიძლია იეჰოვას ვთხოვოთ, რომ დაეხმაროს მათ ავადმყოფობის, სტიქიური უბედურების, ომის, დევნის თუ სხვა განსაცდელის ატანაში. კარგი იქნება, თუ იმ და-ძმებისთვისაც ვილოცებთ, რომლებიც თავდაუზოგავად ეხმარებიან დაზარალებულებს. შესაძლოა იცნობთ კიდეც ისეთ თანაქრისტიანს, რომელიც განსაცდელის წინაშე დგას. კარგი იქნება, თუ სახელით მოიხსენიებთ მას თქვენს ლოცვებში. როცა იეჰოვას ვთხოვთ ასეთი და-ძმების დახმარებას, ნამდვილ ძმურ სიყვარულს ვავლენთ.

16. რატომ უნდა ვილოცოთ იმ ძმებისთვის, რომელთაც ხელმძღვანელობა აკისრიათ?

16 ძმები, რომლებსაც კრებაში ხელმძღვანელობა აკისრიათ, ძალიან აფასებენ იმას, რომ მათთვის ვლოცულობთ. ისინი ხედავენ კიდეც ჩვენი ლოცვის შედეგებს. მოციქულ პავლესაც ესმოდა ასეთი ლოცვების ფასი. ის წერდა: „ჩემთვისაც ილოცეთ, რომ, როცა ბაგეს გავხსნი, საჭირო სიტყვები წარმოვთქვა და თამამად გავაცხადო სასიხარულო ცნობის წმინდა საიდუმლო“ (ეფეს. 6:19). დღესაც კრებაში უამრავი მძიმედ მშრომელი ძმა გვყავს. ჩვენი მხრიდან სიყვარულის მაჩვენებელი იქნება, თუ იეჰოვას ვთხოვთ, რომ აკურთხოს მათი შრომა.

ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲜᲓᲐᲡᲬᲠᲔᲑᲘᲗ ᲚᲝᲪᲕᲐ

17, 18. რა შემთხვევებში შეიძლება მოგვიწიოს სხვების თანდასწრებით ლოცვა და რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დროს?

17 ზოგჯერ შეიძლება სხვების თანდასწრებით ლოცვა მოგვიწიოს. მაგალითად, ბიბლიის შესწავლაზე დამ შეიძლება დამხმარეს, რომელიც კარგად არ იცნობს შემსწავლელს, სთხოვოს, რომ ბოლოს ილოცოს. ასეთ შემთხვევაში მას გაუადვილდება, შემსწავლელის საჭიროებებს მოარგოს ლოცვა.

18 ზოგჯერ ძმას შეიძლება სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე ან კრების შეხვედრაზე ლოცვის წარმოთქმა მოუწიოს. ამ დროს უნდა გაითვალისწინოს შეხვედრის მიზანი. ძმებმა საჯარო ლოცვა არ უნდა გამოიყენონ და-ძმებისთვის რჩევის მისაცემად ან განცხადების გასაკეთებლად. ჩვეულებრივ კრების შეხვედრებზე ხუთი წუთია განკუთვნილი სიმღერისა და ლოცვისთვის. ამიტომ ძმა, რომელიც ილოცებს, უნდა მოერიდოს მრავალსიტყვაობას, განსაკუთრებით პირველი ლოცვის დროს (მათ. 6:7).

ᲓᲐᲐᲤᲐᲡᲔᲗ ᲚᲝᲪᲕᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐ

19. რა დაგვეხმარება, მზადყოფნით შევხვდეთ იეჰოვას სასამართლო დღეს?

19 რაც უფრო გვიახლოვდება იეჰოვას სასამართლო დღე, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ ლოცვისთვის. ამასთან დაკავშირებით იესომ ასეთი მითითება მოგვცა: „იფხიზლეთ და მუდამ ევედრეთ ღმერთს, რომ თავი დააღწიოთ მოსახდენს“ (ლუკ. 21:36). დიახ, გამუდმებული ლოცვა გვეხმარება, შევინარჩუნოთ სულიერი სიფხიზლე და მზადყოფნით შევხვდეთ იეჰოვას დღეს.

20. რა შემთხვევაში იქნება ჩვენი ლოცვები სასიამოვნო საკმეველივით?

20 მოკლედ შევაჯამოთ, რაზე ვიმსჯელეთ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ლოცვის შესაძლებლობას. ლოცვის დროს ძირითადად ის საკითხები უნდა მოვიხსენიოთ, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება იეჰოვას განზრახვას. გარდა ამისა, მადლიერება უნდა გამოვხატოთ ღვთის ძისთვის და მისი მმართველობისთვის და ვილოცოთ ჩვენი თანამორწმუნეებისთვის. აგრეთვე შეგვიძლია ვილოცოთ ჩვენს ფიზიკურ თუ სულიერ საჭიროებებზე. როცა საგულდაგულოდ ვარჩევთ, რა ვთქვათ, ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ ლოცვის ფასდაუდებელ ძღვენს. ასეთ შემთხვევაში ჩვენი სიტყვები იეჰოვასთვის სურნელოვანი საკმეველივით სასიამოვნო იქნება (იგავ. 15:8).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 45 ჩემი გულის ზრახვები

^ მადლიერი ვართ, რომ შეგვიძლია ლოცვის მეშვეობით ვიურთიერთოთ იეჰოვასთან. გვინდა, რომ მისთვის ჩვენი ლოცვები სურნელოვანი საკმეველივით სასიამოვნო იყოს. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რაზე შეგვიძლია ვილოცოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა სხვების თანდასწრებით გვიწევს ლოცვა.

^ ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ცოლ-ქმარი იეჰოვას ლოცვაში სთხოვს, რომ დაეხმაროს მათ შვილს სკოლაში, მხარში ამოუდგეს ავადმყოფ ასაკოვან მშობელს და ბიბლიის შემსწავლელს დაეხმაროს სულიერ წინსვლაში.

^ ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ახალგაზრდა ძმა იეჰოვას მადლობას უხდის გამოსასყიდისთვის, ჩვენი მშვენიერი პლანეტისთვის და გემრიელი საკვებისთვის.

^ ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: და იეჰოვას სთხოვს, რომ წმინდა სული მისცეს ხელმძღვანელ საბჭოს და დაეხმაროს მათ, ვისაც სტიქიური უბედურება დაატყდა თავს ან იდევნება.