არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„თქვენი სინათლეც ანათებდეს“ იეჰოვას განსადიდებლად!

„თქვენი სინათლეც ანათებდეს“ იეჰოვას განსადიდებლად!

„თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა . . . განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას“ (მათ. 5:16).

სიმღერები: 77, 59

1. რა არის ჩვენი სიხარულის მთავარი მიზეზი?

რა სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ იეჰოვას ხალხი რიცხობრივად იზრდება! გასულ წელს 10 000 000-ზე მეტი ბიბლიის შესწავლა ჩავატარეთ, რაც უპირობოდ იმის დასტურია, რომ ღვთის მსახურთა სინათლე ანათებს. გარდა ამისა, გახსენების საღამოზე გულთბილად მივიღეთ ჭეშმარიტებით დაინტერესებული მილიონობით ადამიანი, რომლებმაც გაიგეს, რომ ღმერთმა ადამიანებისთვის გამოსასყიდი გაიღო, რითაც სიყვარული გამოავლინა (1 იოან. 4:9).

2, 3. ა) რა ვერ გვიშლის ხელს, რომ მნათობებივით ვანათოთ ქვეყნიერებაში? ბ) მათეს 5:14—16-ში ჩაწერილი სიტყვებიდან გამომდინარე, რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

2 იეჰოვას ორგანიზაციაში სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები არიან გაერთიანებულნი. თუმცა ენობრივი ბარიერი ხელს არ გვიშლის, რომ გაერთიანებულად განვადიდოთ ჩვენი ზეციერი მამა, იეჰოვა (გამოცხ. 7:9). არა აქვს მნიშვნელობა, რომელ ენაზე ვლაპარაკობთ ან სად ვცხოვრობთ, ჩვენ შეგვიძლია მნათობებივით ვანათოთ ქვეყნიერებაში (ფილ. 2:15).

3 იეჰოვასთვის დიდება მოაქვს, როცა მისი თაყვანისმცემლები რიცხობრივად იზრდებიან, სიფხიზლეს ინარჩუნებენ და ხარობენ ერთობით. წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ, თუ როგორ აღწევს ღვთის ხალხი ამ ყოველივეს (წაიკითხეთ მათეს 5:14—16).

მეტი ადამიანის მოწვევა

4, 5. ა) ქადაგების გარდა, კიდევ როგორ შეიძლება ანათებდეს ჩვენი სინათლე? ბ) რა კარგი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჩვენს თავაზიანობას? (იხილეთ სურათი 21-ე გვერდზე)

4 „ვერავინ იქნება ამ ბოლო დღეებში უფლის ერთგული და მართალი, . . თუ მისი სინათლე ქვეყნიერებაში არ ანათებს“, — აღნიშნული იყო 1925 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში „სინათლე ბნელში“. შემდეგ კი ახსნილი იყო: „მან სასიხარულო ცნობა უნდა უქადაგოს დედამიწაზე მცხოვრებ ხალხს და თავისი ცხოვრება ამ სინათლის გზებს შეუსაბამოს“. დიახ, ერთ-ერთი საშუალება, რითაც შეგვიძლია ვანათოთ ქვეყნიერებაში, სასიხარულო ცნობის ქადაგება და მოწაფეების მომზადებაა (მათ. 28:19, 20). გარდა ამისა, იეჰოვას ჩვენი ქრისტიანული საქციელით განვადიდებთ. ხშირად მობინადრეები და გამვლელები გვაკვირდებიან, ამიტომ მეგობრული ღიმილი და თბილი მისალმება ბევრ რამეს ეუბნება მათ იმის შესახებ, თუ ვინ ვართ და როგორ ღმერთს ვემსახურებით.

5 იესომ თავის მოწაფეებს ასწავლა: „სახლში შესვლისას მიესალმეთ ოჯახს“ (მათ. 10:12). იმ ტერიტორიაზე, სადაც იესო და მისი მოციქულები ხშირად ქადაგებდნენ, სტუმრის სახლში შეპატიჟება მიღებული იყო. მართალია, დღეს ბევრგან ასე აღარ არის, მაგრამ, როცა მობინადრეს თქვენი მისვლის მიზეზს თავაზიანად და გულღიად უხსნით, ხშირ შემთხვევაში მას შიში უქრება და ნაკლებად ღიზიანდება. სასიამოვნო ღიმილი ხშირად საუკეთესო შესავალია. იმავეს თქმა შეიძლება სტენდით მსახურების დროსაც. მსახურების ამ სფეროში მონაწილეობისას ალბათ შენიშნეთ, რომ ხალხი კეთილგანწყობილი ხდება, როცა მათ თბილად ვუღიმით და ვესალმებით. მათ შეიძლება სტენდთან მოსვლა და პუბლიკაციის აღება მოინდომონ. თავაზიანი მანერების გამო შეიძლება გამვლელებს თქვენთან საუბრის სურვილიც გაუჩნდეთ.

6. რა ხერხს მიმართა ერთმა ხანდაზმულმა წყვილმა, რომ კვლავაც აქტიურად ექადაგათ?

6 ინგლისში მცხოვრები ერთი ხანდაზმული წყვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო თითქმის ვეღარ მსახურობს კარდაკარ. მათ გადაწყვიტეს, კვლავაც ენათებინათ სინათლე. ამიტომ დღის იმ მონაკვეთში, როცა მშობლები მათ სახლთან ახლოს მდებარე სკოლიდან ბავშვების გამოსაყვანად მიდიან, ისინი სახლის წინ მაგიდაზე ბიბლიურ ლიტერატურას ალაგებენ. ბევრმა მშობელმა გამოართვა მათ ბროშურები და წიგნის „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ პირველი და მეორე ტომი. ამ წამოწყებაში მათ თავიანთი კრებიდან ერთი პიონერი დაც შეუერთდა. ამ დის მეგობრული დამოკიდებულება და ხანდაზმული წყვილის გულწრფელი მცდელობა მშობლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ; ერთმა მათგანმა ბიბლიის შესწავლაც დაიწყო.

7. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს ქვეყანაში ჩამოსულ ლტოლვილებს?

7 ბოლო წლებში ბევრ ქვეყანას ლტოლვილთა დიდი ნაკადი მიაწყდა. რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ მათ იეჰოვა და მისი განზრახვები გააცნოთ? დასაწყისისთვის ურიგო არ იქნება, თუ მათ ენაზე მისალმებას ისწავლით. ამაში დიდ დახმარებას გაგიწევთ აპლიკაცია „JW ენები“. კარგი იქნება, თუ მათში ინტერესის აღსაძვრელად რამდენიმე ფრაზასაც დაიხსომებთ. შეიძლება საუბრის დროს შესაძლებლობა მოგეცეთ, რომ მიუთითოთ ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org და მათ ენაზე განთავსებული სხვადასხვა შინაარსის ვიდეოები თუ პუბლიკაციები აჩვენოთ (კან. 10:19).

8, 9. ა) როგორ გვეხმარება შუა კვირის შეხვედრები? ბ) როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ შვილებს, რომ მონაწილეობა მიიღონ კრების შეხვედრებზე?

8 იეჰოვა სიყვარულით უზრუნველგვყოფს ყველაფრით, რაც გვჭირდება. მაგალითად, შეხვედრა „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ გვეხმარება, რომ უფრო დავიხვეწოთ ქადაგებაში. ამ შეხვედრაზე მოსმენილი პრაქტიკული რჩევების წყალობით განმეორებითი მონახულებისა თუ ბიბლიის შესწავლის დროს უფრო თავდაჯერებულები ვართ.

9 ბევრმა სტუმარმა შენიშნა, რომ შეხვედრებზე ბავშვებიც აქტიურობენ. მშობლებო, დაეხმარეთ შვილებს, თავიანთი სიტყვებით გააკეთონ კომენტარები და ასეთი სახით მათაც ანათონ ქვეყნიერებაში. ზოგჯერ მათი მარტივი და გულწრფელი პასუხები ეხმარება ახალ დაინტერესებულებს იმის გაცნობიერებაში, რომ ჭეშმარიტების გზას ადგანან (1 კორ. 14:25).

ხელი შეუწყეთ ერთობას

10. როგორ უწყობს ხელს ოჯახური თაყვანისცემა ერთობას?

10 ჩვენ მაშინაც ვანათებთ სინათლეს, როცა ოჯახსა თუ კრებაში ერთობის შენარჩუნებას ვუწყობთ ხელს. მაგალითად, მშობლებს შეუძლიათ დაგეგმონ, რომ რეგულარულად ჩაატარონ ოჯახური თაყვანისცემა. ბევრი ოჯახი თაყვანისცემის დროს JW მაუწყებლობის მიმდინარე თვის პროგრამასაც უყურებს. კარგი იქნება, პროგრამის ყურების შემდეგ დრო გამოყოთ და ისაუბროთ, თუ როგორ შეგიძლიათ პროგრამაში მოცემული აზრების პირადად გამოყენება. ოჯახური თაყვანისცემის დროს გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებს და მოზარდებს სხვადასხვა მიდგომა სჭირდებათ. გონივრულად გამოიყენეთ შესასწავლი მასალა, რათა თაყვანისცემის საღამო ოჯახის თითოეული წევრისთვის გამამხნევებელი იყოს (ფსალმ. 148:12, 13).

ხანდაზმულების მიმართ ყურადღების გამოვლენა ძალიან გამამხნევებელია (იხილეთ აბზაცი 11)

11—13. როგორ შეგვიძლია თითოეულს, ხელი შევუწყოთ ერთობას და დავეხმაროთ სხვებს, რომ მათაც ანათონ ქვეყნიერებაში?

11 როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ხელი შეუწყონ კრების ერთობას და ამგვარად სხვებიც წაახალისონ, რომ ანათონ ქვეყნიერებაში? ამის ერთ-ერთი საშუალება ასაკოვან და-ძმებთან დამეგობრებაა. თავაზიანად სთხოვეთ თავიანთი გამოცდილება გაგიზიარონ, რომელიც მრავალწლიანი მსახურების მანძილზე დააგროვეს. მათი შემთხვევები თქვენც გაგამხნევებთ და მათაც წაახალისებს, რომ კვლავაც ანათონ ჭეშმარიტების სინათლე. ყველას შეგვიძლია გულთბილად მივიღოთ სამეფო დარბაზში მოსული სტუმრები. ასეთი სახით ხელს შევუწყობთ ერთობას და სტუმრებსაც აღვძრავთ, რომ მათაც ანათონ ქვეყნიერებაში. ამის გაკეთება რთული არ არის. ისინი შინაურულად იგრძნობენ თავს, თუ თბილად გაუღიმებთ, მიესალმებით, დასაჯდომ ადგილს შესთავაზებთ და კრების სხვა წევრებს გააცნობთ.

12 იმ ძმებს, რომლებიც სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებს ატარებენ, ხანდაზმულების დასახმარებლად ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, რათა მათაც მიიღონ მონაწილეობა მსახურებაში. დარწმუნდით, რომ მათ მოსახერხებელი სამქადაგებლო უბნები აქვთ. ზოგ შემთხვევაში შეგიძლიათ ხანდაზმულებს მსახურებისთვის შედარებით ახალგაზრდა პარტნიორი შეურჩიოთ, რომელიც მათ ფიზიკურად დაეხმარება. გარდა ამისა, გაგებით უნდა მოეკიდოთ მათ, რომლებიც ცუდი ჯანმრთელობისა თუ შექმნილი მდგომარეობის გამო ბევრს ვერ მსახურობენ. ახალგაზრდებსა თუ ხანდაზმულებს, გამოცდილებსა თუ გამოუცდელებს თქვენი გულისხმიერება და გამჭრიახობა დაეხმარება, რომ მთელი შემართებით იქადაგონ (ლევ. 19:32).

13 ფსალმუნმომღერალმა თქვა: „რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 133:1, 2). როცა ერთად იყვნენ, ისრაელები ერთმანეთზე კარგ გავლენას ახდენდნენ და გაერთიანებულად სცემდნენ იეჰოვას თაყვანს. ეს მათთვის სასიამოვნო და გამომაცოცხლებელი საცხები ზეთივით იყო. ამიტომ კარგი იქნება, თუ დადებით გავლენას მოახდენთ სხვებზე და ასეთი სახით ხელს შეუწყობთ და-ძმების ერთობას. თუ ასე იქცევით, ნამდვილად იმსახურებთ შექებას. მაგრამ დაფიქრდით, შეგიძლიათ გაფართოვდეთ, ანუ ჩვევად გაიხადოთ, რომ უფრო მეტი და-ძმა გაიცნოთ ახლოს? (2 კორ. 6:11—13).

14. რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ სამეზობლოშიც ანათოს თქვენმა სინათლემ?

14 დაფიქრდით, რის გაკეთება შეგიძლიათ იმისთვის, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების სინათლემ თქვენს სამეზობლოში უფრო მეტად ანათოს? თქვენმა სასიამოვნო საუბარმა და კარგმა საქციელმა შეიძლება თქვენი მეზობელი ჭეშმარიტებისკენ მიიზიდოს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რას ფიქრობენ მეზობლები ჩემზე? სუფთა და მოწესრიგებული მაქვს სახლი თუ ეზო, რითაც კარგ შთაბეჭდილებას ვუქმნი მეზობლებს? მზად ვარ, დახმარების ხელი გავუწოდო მათ?“. ჰკითხეთ ჩვენს და-ძმებს, როგორ იმოქმედა მათ მიერ გამოვლენილმა სიკეთემ თუ კარგმა საქციელმა მათ ნათესავებზე, მეზობლებზე, თანამშრომლებსა თუ კლასელებზე. ალბათ, ამ და-ძმებისგან ბევრ კარგ შემთხვევას მოისმენთ (ეფეს. 5:9).

იფხიზლეთ

15. რატომ არის სიფხიზლე აუცილებელი?

15 როცა ვცდილობთ, უფრო მეტად დავკავდეთ იმ საქმეებით, რომლებიც გვეხმარება, ვანათოთ ქვეყნიერებაში, ცხადვყოფთ, რომ სიფხიზლეს ვინარჩუნებთ. იესომ არაერთხელ მოუწოდა თავის მოწაფეებს: „იფხიზლეთ“ (მათ. 24:42; 25:13; 26:41). თუ ვიფიქრებთ, რომ „დიდი გასაჭირი“ კი მოვა, მაგრამ ჩვენ ამას ვერ მოვესწრებით, შეიძლება ქადაგება გადაუდებელ საქმედ აღარ ჩავთვალოთ (მათ. 24:21). შედეგად, კაშკაშის ნაცვლად ჩვენი სინათლე ბჟუტვას დაიწყებს და შეიძლება საერთოდ ჩაქრეს კიდეც.

16, 17. რის გაკეთება შეგიძლიათ სიფხიზლის შესანარჩუნებლად?

16 რაც უფრო უარესდება მდგომარეობა, მით უფრო მეტად გვჭირდება თითოეულს სიფხიზლის შენარჩუნება. ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა თავის დროზე იმოქმედებს (მათ. 24:42—44). ამასობაში გამოავლინეთ მოთმინება და განსაკუთრებით იფხიზლეთ. ყოველდღე იკითხეთ ღვთის სიტყვა და „ლოცვაში სიფხიზლე შეინარჩუნეთ“ (1 პეტ. 4:7). იფიქრეთ იმ და-ძმების ბრწყინვალე მაგალითებზე, რომლებსაც სიხარულით აღსავსე ცხოვრება აქვთ, რადგან სიფხიზლეს ინარჩუნებენ და კვლავაც ანათებენ ქვეყნიერებაში. ამის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითი მოთხრობილია 2012 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში «სამოცდაათი წელი „იუდეველის კალთას ჩაჭიდებული“».

17 სრულად დაკავდით სულიერი საქმეებით, სიკეთე გაუკეთეთ სხვებს და მათთან იქონიეთ ურთიერთობა, ვინც კარგ გავლენას მოახდენს თქვენზე. ეს უდიდეს სიხარულს მოგანიჭებთ და დროც სწრაფად გაირბენს (ეფეს. 5:16). იეჰოვას მსახურებმა ძალიან ბევრს მიაღწიეს გასულ საუკუნეში. თუმცა ღვთის დახმარებით დღეს გაცილებით ბევრის გაკეთება შეგვიძლია. ამიტომ იეჰოვას ხალხი დღეს ისე ანათებს ქვეყნიერებაში, როგორც არასდროს.

სამწყემსო მონახულება შესაძლებლობას გვაძლევს ღვთის სიტყვიდან სიბრძნე შევიძინოთ (იხილეთ აბზაცები 18, 19)

18, 19. როგორ შეუძლიათ უხუცესებს დაგვეხმარონ, სიფხიზლისა და გულმოდგინების შენარჩუნებაში? მოიყვანეთ მაგალითი.

18 რწმენის განმამტკიცებელია იმის ცოდნა, რომ არასრულყოფილება ხელს ვერ გვიშლის მისთვის მისაღები სახით ვემსახუროთ იეჰოვას. მან ჩვენ დასახმარებლად „მოგვცა ძღვენი ადამიანთა სახით“ ანუ კრების უხუცესები, რაც ძალიან დასაფასებელია (წაიკითხეთ ეფესოელების 4:8, 11, 12). ამიტომ შემდგომში, როცა უხუცესები მოგინახულებენ, ეს დრო იმისთვის გამოიყენეთ, რომ ბევრი რამ ისწავლოთ მათგან და მათი რჩევების პრაქტიკული ღირებულება დაინახოთ.

19 ინგლისში ერთმა წყვილმა, რომელსაც პრობლემები ჰქონდა, ორ უხუცესს სთხოვა დახმარება. ცოლმა უთხრა მათ, რომ მისი მეუღლე ოჯახს სულიერ ხელმძღვანელობას არ უწევდა. ქმარმა აღიარა, რომ ის არც ისე კარგი მასწავლებელი იყო და ამიტომ რეგულარულად ვერ ატარებდა ოჯახურ თაყვანისცემას. უხუცესებმა მათ ყურადღება იესოს მაგალითზე გაუმახვილეს, რომელიც ზრუნავდა თავის მოწაფეებზე და ითვალისწინებდა მათ მოთხოვნილებებს. ძმებმა ოჯახისთავს მოუწოდეს, იესოსთვის მიებაძა, მის მეუღლეს კი ურჩიეს, მოთმინება გამოევლინა. გარდა ამისა, უხუცესებმა წყვილს პრაქტიკული რჩევები მისცეს, თუ როგორ შეეძლოთ ერთმანეთს დახმარებოდნენ, რათა ორ შვილთან ერთად ოჯახური თაყვანისცემა ჩაეტარებინათ (ეფეს. 5:21—29). მოგვიანებით უხუცესებმა შეაქეს ოჯახისთავი გაწეული ძალისხმევისთვის და წაახალისეს, ასე გაეგრძელებინა და წმინდა სულს მინდობოდა, რათა კარგად გაეწია ოჯახისთვის სულიერი მეთაურობა. უხუცესების ყურადღება და მხარში დგომა ამ ოჯახს დაეხმარა, რომ მათაც ენათებინათ თავიანთი სინათლე.

20. რა იქნება შედეგი, თუ თქვენი სინათლეც გაანათებს ქვეყნიერებაში?

20 „ბედნიერია ყველა, ვისაც იეჰოვას შიში აქვს და ვინც მისი გზით დადის“, — მღეროდა ფსალმუნმომღერალი (ფსალმ. 128:1). დიდ სიხარულს იგრძნობთ, თუ თქვენი სინათლეც გაანათებს ანუ სხვებს იეჰოვას გააცნობთ, ხელს შეუწყობთ ერთობას და სიფხიზლეს შეინარჩუნებთ. თქვენი კარგი საქმეები არც სხვებს დარჩებათ შეუმჩნეველი და შეიძლება მათაც გაუჩნდეთ სურვილი, განადიდონ ჩვენი ზეციერი მამა, იეჰოვა (მათ. 5:16).