მას შეეძლო მოეპოვებინა ღვთის კეთილგანწყობა
ჩვენ იეჰოვას ვემსახურებით და ცხადია, გვსურს მისი კეთილგანწყობის მოპოვება. მაგრამ ვის ჩათვლის ღმერთი თავისი კეთილგანწყობისა და კურთხევის ღირსად? ბიბლიურ დროში ზოგმა დაიმსახურა ღვთის მოწონება იმის მიუხედავად, რომ არაერთი მძიმე ცოდვა ჰქონდა ჩადენილი. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც შესაშური თვისებების მიუხედავად ვერ დაიმსახურეს ღვთის კეთილგანწყობა. ამიტომ შეიძლება ვიკითხოთ: „ყველაზე მეტად რის დანახვა სურს იეჰოვას ჩვენში?“. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გავიხსენოთ იუდას მეფე რობოამის შემთხვევა.
ცუდი დასაწყისი
რობოამის მამა სოლომონი იყო, რომელიც ისრაელში 40 წელს მეფობდა (1 მეფ. 11:42). სოლომონი ძვ. წ. 997 წელს მოკვდა. რობოამი გასამეფებლად იერუსალიმიდან ჩრდილოეთით, შექემში გაემგზავრა (2 მატ. 10:1). ალბათ, მას აფიქრებდა, შეძლებდა, თუ არა სოლომონის მსგავსი მმართველი ყოფილიყო, რომელიც უჩვეულო სიბრძნით გამოირჩეოდა. რას წარმოიდგენდა რობოამი, რომ რთული საკითხების გადაჭრის მისი უნარი ძალიან მალე გამოიცდებოდა!
რობოამს წესით უნდა დაენახა ისრაელის სამეფოში არსებული დაძაბული მდგომარეობა. მალევე ხალხის წარმომადგენლები მივიდნენ მასთან და პირდაპირ უთხრეს თავიანთი საწუხარი: „მამაშენმა უღელი დაგვიმძიმა; შეგვიმსუბუქე მამაშენისგან დაკისრებული მძიმე სამუშაო და მძიმე უღელი, რომელიც დაგვადგა, და გემსახურებით“ (2 მატ. 10:3, 4).
რობოამი ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა. თუ ხალხის მოთხოვნას გაითვალისწინებდა და უღელს შეუმსუბუქებდა, ფუფუნებაზე უარის თქმა მოუწევდა მას, მის ოჯახსა და მთელ სამეფო კარს. მაგრამ, თუ საჩივარს არ გაითვალისწინებდა, ხალხი შეიძლებოდა აჯანყებულიყო. როგორ უნდა მოქცეულიყო ის? ახლად გამეფებულმა რობოამმა თავიდან რჩევა უხუცესებს ჰკითხა, რომლებიც სოლომონის მრჩევლები იყვნენ. თუმცა საბოლოოდ მან თანატოლების აზრი გაითვალისწინა. რობოამმა გადაწყვიტა, ხალხს მკაცრად მოპყრობოდა და უთხრა: „მე უფრო დაგიმძიმებთ უღელს. მამაჩემი ხომ მათრახებით გსჯიდათ, მე კი ეკლიანი შოლტებით დაგსჯით“ (2 მატ. 10:6—14).
ჩვენ რის სწავლა შეგვიძლია აქედან? ჩვენი მხრიდან სიბრძნის მაჩვენებელი იქნება, თუ გავითვალისწინებთ უფროსი ასაკის სულიერად მოწიფული ქრისტიანების რჩევებს. ცხოვრებისეული გამოცდილების წყალობით მათ შეუძლიათ წინასწარ განჭვრიტონ, რა შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას და შესაბამისად კარგი რჩევა მოგვცენ (იობ. 12:12).
„ისინიც დაემორჩილნენ იეჰოვას სიტყვას“
აჯანყების ჩასახშობად რობოამმა ჯარი დარაზმა. მაგრამ იეჰოვა ჩაერია და წინასწარმეტყველ შემაიას პირით უთხრა მათ: „არ გახვიდეთ და არ შეებრძოლოთ თქვენს ძმებს, ისრაელის ძეებს. თითოეული თქვენ-თქვენს სახლში დაბრუნდით, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს“ (1 მეფ. 12:21—24). *
ბრძოლა არც კი შემდგარა. წარმოგიდგენიათ, რა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა რობოამი?! რას იფიქრებდა ხალხი მეფეზე, რომელიც იმუქრებოდა, რომ „ეკლიანი შოლტებით“ დასჯიდა მათ, ახლა კი აჯანყებულებთან დათმობაზე წავიდა?! (შეადარეთ 2 მატიანის 13:7). მიუხედავად ამისა, მეფე და მისი ჯარი „დაემორჩილნენ იეჰოვას სიტყვას და იეჰოვას სიტყვისამებრ თავ-თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ“.
რას გვასწავლის ეს შემთხვევა? გონივრული იქნება, ღმერთს დავემორჩილოთ მაშინაც კი, თუ ამის გამო სხვისი დასაცინი გავხდებით. ღვთის მორჩილება მის კეთილგანწყობასა და კურთხევებს მოგვიტანს (კან. 28:2).
რა მოუტანა ამან რობოამს? მან მორჩილება გამოავლინა და უარი თქვა თავისი გეგმის განხორციელებაზე, შებრძოლებოდა ახლად ჩამოყალიბებულ ჩრდილოეთის ათტომიან სამეფოს. მან ყურადღება იუდასა და ბენიამინის ტომების ქალაქების მშენებლობაზე გადაიტანა, რომლებზეც ის მეფობდა, და „საგულდაგულოდ გაამაგრა“ არაერთი ქალაქი (2 მატ. 11:5—12). უფრო მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ რობოამი გარკვეული ხნის მანძილზე ემორჩილებოდა იეჰოვას კანონებს. ვინაიდან იერობოამმა ისრაელის ათტომიანი სამეფო კერპთაყვანისმცემლობაში გახვია, იქ მცხოვრებთაგან ბევრი რობოამს უჭერდა მხარს. ეს იქიდან ჩანდა, რომ ისინი იერუსალიმში ჩადიოდნენ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანსაცემად (2 მატ. 11:16, 17). ასე რომ, მორჩილებამ განამტკიცა რობოამის მეფობა.
მთელი გულით მოინანია მან ცოდვა?
როცა მისი მეფობა განმტკიცდა, რობოამმა მოულოდნელი რამ გააკეთა — მიატოვა იეჰოვას კანონი და ცრუ ღმერთებს დაუწყო თაყვანისცემა. რა იყო ამის მიზეზი? ხომ არ მოახდინა მასზე გავლენა დედამ, რომელიც ამონელი იყო? (1 მეფ. 14:21). რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, მან მთელი ერი ჩაითრია ამაში. ამიტომ იეჰოვამ დაუშვა, რომ ეგვიპტის მეფე შიშაკს იუდას ბევრი ქალაქი დაეპყრო მიუხედავად იმისა, რომ რობოამმა ისინი გაამაგრა (1 მეფ. 14:22—24; 2 მატ. 12:1—4).
გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როცა შიშაკი იერუსალიმს მიადგა, სადაც რობოამი მეფობდა. წინასწარმეტყველმა შემაიამ რობოამსა და მთავრებს ღვთის ცნობა გადასცა: „თქვენ მიმატოვეთ და მეც შიშაკს შეგატოვეთ ხელში“. რა რეაქცია ჰქონდა რობოამს ღვთის ამ ცნობაზე? ბიბლიაში ვკითხულობთ: „მაშინ თავი დაიმდაბლეს ისრაელის მთავრებმა და მეფემ და თქვეს: მართალიაო იეჰოვა“. მათი საქციელის გამო ღმერთმა რობოამი და იერუსალიმი განადგურებისგან იხსნა (2 მატ. 12:5—7, 12).
ამის შემდეგ რობოამმა სამხრეთ სამეფოში განაგრძო მმართველობა. მას ბევრი ვაჟი ჰყავდა. მან სიკვდილამდე გულუხვად დაასაჩუქრა თავისი ვაჟები. როგორც ჩანს, მას სურდა, რომ ასეთი სახით თავიდან აეცილებინა მისი ძისა და მემკვიდრის, აბიას წინააღმდეგ ამბოხება (2 მატ. 11:21—23). წინა შემთხვევისგან განსხვავებით რობოამმა ამჯერად წინდახედულობა გამოიჩინა.
კარგი თუ ცუდი?
და მაინც, რობოამმა ვერ მოიპოვა ღვთის კეთილგანწყობა. „ბოროტებას სჩადიოდა რობოამი, — ასე აჯამებს ბიბლია მის მეფობას და იქვე დასძენს მიზეზს, — რადგან მთელი გულით არ ეძებდა იეჰოვას“ (2 მატ. 12:14).
დავფიქრდეთ, რაზე მიანიშნებს ეს: რობოამი დროდადრო ემორჩილებოდა ღმერთს. მან იეჰოვას ხალხის სასარგებლოდ კარგი საქმეებიც გააკეთა, მაგრამ ვერ განივითარა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა, ანუ არ ჰქონდა მის მოსაწონად ცხოვრების ძლიერი სურვილი. ამიტომ ის ცუდ საქმეებს სჩადიოდა და ცრუთაყვანისმცემლობაში გაება. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: რობოამმა ღვთის რჩევა იმიტომ გაითვალისწინა, რომ მთელი გულით ინანიებდა თავის საქციელს და იეჰოვას მოსაწონად ცხოვრება უნდოდა, თუ უბრალოდ სხვების გავლენაში მოექცა? (2 მატ. 11:3, 4; 12:6). მოგვიანებით ის კვლავ არასწორ გზას დაადგა. როგორ განსხვავდებოდა ის პაპამისისგან, მეფე დავითისგან! მართალია, შეცდომები დავითმაც დაუშვა, მაგრამ მისი ცხოვრებიდან ჩანდა, რომ უყვარდა იეჰოვა, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარეს იდგა და მთელი გულით ინანიებდა ცოდვებს (1 მეფ. 14:8; ფსალმ. 51:1, 17; 63:1).
რობოამის შემთხვევიდან კარგ გაკვეთილს ვსწავლობთ. ქებას იმსახურებენ ის ადამიანები, რომლებიც ოჯახებს მატერიალურად უზრუნველყოფენ და ღირსეული მიზნებისკენ ისწრაფვიან. მაგრამ ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად აუცილებელია, ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას დავუთმოთ და არასდროს ვთქვათ მასზე უარი.
ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ იეჰოვასადმი სიყვარულის გასაძლიერებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ. როგორც შეშაა საჭირო ცეცხლის ასაგიზგიზებლად, ისე ღვთის სიტყვის შესწავლა, მასზე ფიქრი და გამუდმებული ლოცვაა აუცილებელი, რომ ღვთისადმი სიყვარული შევინარჩუნოთ (ფსალმ. 1:2; რომ. 12:12). თავის მხრივ, იეჰოვასადმი სიყვარული მის მოსაწონად ცხოვრების სურვილს გაგვიძლიერებს. საჭიროების შემთხვევაში ღვთისადმი ძლიერი სიყვარული გულწრფელი მონანიებისკენ გვიბიძგებს და რობოამისგან განსხვავებით ბოლომდე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარეს ვიდგებით (იუდ. 20, 21).
^ აბზ. 9 სოლომონის ორგულობის გამო ღმერთმა ადრევე თქვა, რომ ისრაელის სამეფო გაიყოფოდა (1 მეფ. 11:31).