იცნობდე შენს მტერს!
„ჩვენთვის უცნობი არ არის [სატანის] ზრახვები“ (2 კორ. 2:11).
1. რა გაამჟღავნა იეჰოვამ ედემის ბაღში ჩვენი მტრის შესახებ?
ადამმა იცოდა, რომ გველს ლაპარაკი არ შეეძლო. როგორც ჩანს, ის მიხვდა, რომ ევას გველის მეშვეობით სულიერი ქმნილება ელაპარაკა (დაბ. 3:1—6). პირველმა წყვილმა თითქმის არაფერი იცოდა ამ სულიერი ქმნილების შესახებ. მიუხედავად ამისა, ადამმა შეგნებულად აქცია ზურგი მოსიყვარულე ზეციერ მამას და ამ უცნობ ქმნილებას იეჰოვას ნების წინააღმდეგ მოქმედებაში შეუერთდა (1 ტიმ. 2:14). იეჰოვამ მაშინვე გაამჟღავნა გარკვეული ინფორმაცია ამ მტრის შესახებ და იწინასწარმეტყველა, რომ მას საბოლოოდ გაანადგურებდა. თუმცა მან ისიც თქვა, რომ ამ დროის დადგომამდე ეს ბოროტი სულიერი ქმნილება, რომელმაც ევასთან სასაუბროდ გველი გამოიყენა, ღვთის მოყვარულებსაც დაუპირისპირდებოდა (დაბ. 3:15).
2, 3. სავარაუდოდ, რა იყო იმის მიზეზი, რომ მესიის მოსვლამდე ცოტა რამ იყო ცნობილი სატანის შესახებ?
2 იეჰოვა ბრძნულად მოიქცა. მას არასდროს გაუმხელია ამ ურჩი სულიერი ქმნილების სახელი. * უფრო მეტიც, ღმერთი 2 500 წლის განმავლობაში იმ სახელსაც კი არ ამჟღავნებდა, რომელიც ამ მოწინააღმდეგე ანგელოზის ბუნებას აღწერს (იობ. 1:6). ფაქტობრივად, ებრაული წერილების მხოლოდ სამ წიგნში — პირველ მატიანეში, იობსა და ზაქარიაში მოიხსენიება „სატანა“, რომელიც ნიშნავს „მოწინააღმდეგეს“. რატომ იყო ცნობილი მის შესახებ ასე ცოტა მესიის მოსვლამდე?
3 როგორც ჩანს, იეჰოვას არ სურდა, რომ ებრაულ წერილებში სატანასა და მის საქმეებს დიდი ადგილი დათმობოდა და ამგვარად საჭიროზე მეტი ყურადღება გამახვილებულიყო მასზე. იეჰოვას მთავარი განზრახვა ის იყო, რომ ებრაული წერილების მეშვეობით ხალხს გაეგო, ვინ იქნებოდა მესია. ეს წერილები ღვთის ხალხისთვის „ქრისტემდე მიმყვანი“ იქნებოდა (ლუკ. 24:44; გალ. 3:24). როცა მესია მოვიდა, იეჰოვამ სწორედ მესიისა და მისი მოწაფეების მეშვეობით გაგვიმჟღავნა იმ ინფორმაციის დიდი ნაწილი, რომელიც დღეს ვიცით სატანისა და მისი დემონების შესახებ. * ეს ლოგიკურიცაა, რადგან იეჰოვა სატანისა და მისი დამქაშების შესამუსრად იესოს და მის ცხებულ თანამმართველებს გამოიყენებს (რომ. 16:20; გამოცხ. 17:14; 20:10).
4. რატომ არ უნდა გვეშინოდეს ეშმაკის?
4 მოციქული პეტრე სატანა ეშმაკს აღწერს როგორც „მბრდღვინავ ლომს“, იოანე კი მას გველსა და დრაკონს უწოდებს (1 პეტ. 5:8; გამოცხ. 12:9). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გვეშინოდეს ეშმაკის, რადგან მისი ძალა შეზღუდულია (წაიკითხეთ იაკობის 4:7). ჩვენ მხარს იეჰოვა, იესო და ერთგული ანგელოზები გვიჭერენ. მათი დახმარებით შეგვიძლია წინ აღვუდგეთ ჩვენს მტერს. და მაინც, საჭიროა, ვიცოდეთ სამ მთავარ კითხვაზე პასუხი: რამდენად დიდი გავლენა აქვს სატანას? როგორ ცდილობს სატანა ადამიანებზე გავლენის მოხდენას? და რის გაკეთება არ შეუძლია მას? განვიხილოთ ეს კითხვები და გავიგოთ, რის სწავლა შეგვიძლია აქედან.
რამდენად დიდი გავლენა აქვს სატანას?
5, 6. რატომ არ შეუძლიათ ადამიანურ მთავრობებს იმ ცვლილებების მოხდენა, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ადამიანებს?
5 სატანას საკმაოდ ბევრი ანგელოზი შეუერთდა. მან წარღვნამდე მათგან ყველა თუ არა, ზოგიერთი მაინც გააბა ადამიანთა ასულებთან უზნეობის ჩადენის მახეში. ამის შესახებ ბიბლიაში სიმბოლური ენით არის ნათქვამი, რომ დრაკონმა „კუდი მოუსვა ცის ვარსკვლავების მესამედს და დედამიწაზე გადმოყარა“ (დაბ. 6:1—4; იუდ. 6; გამოცხ. 12:3, 4). როცა ამ ანგელოზებმა მიატოვეს ღვთის ოჯახი, ისინი სატანის ხელში აღმოჩნდნენ. მაგრამ ეს ურჩი ქმნილებები უბრალოდ უმართავ ბრბოს არ წარმოადგენენ. სატანამ ღვთის სამეფოს მსგავსი მთავრობა შექმნა და თავი მეფედ გამოაცხადა. თავის უხილავ სამფლობელოში მან ჩამოაყალიბა დემონთა მთავრობები, ძალაუფლებით აღჭურვა ისინი და მსოფლიოს მმართველებად დანიშნა (ეფეს. 6:12).
6 თავისი ორგანიზაციის მეშვეობით სატანა ადამიანთა ყველა მთავრობაზე ახდენს გავლენას. ეს მაშინ გახდა ცხადი, როცა მან იესოს „მსოფლიოს ყველა სამეფო“ აჩვენა და უთხრა: „შენ მოგცემ მთელ ამ ძალაუფლებას და მათ დიდებას, რადგან მე გადმომეცა და ვისაც მინდა, იმას ვაძლევ“ (ლუკ. 4:5, 6). სატანის გავლენის მიუხედავად, ბევრი მთავრობა თავისი მოქალაქეებისთვის კარგ საქმეებსაც აკეთებს. ზოგიერთ მმართველს შეიძლება კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს. მაგრამ არცერთ ადამიანურ მთავრობასა თუ მმართველს არ შეუძლია იმ ცვლილებების მოხდენა, რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდებათ ადამიანებს (ფსალმ. 146:3, 4; გამოცხ. 12:12).
7. როგორ იყენებს სატანა ცრუ რელიგიასა და კომერციულ სისტემას? (იხილეთ სურათი 22-ე გვერდზე)
7 სატანა და მისი დემონები „მთელი მსოფლიოს“ შეცდომაში შესაყვანად მთავრობების გარდა, ცრუ რელიგიასა და კომერციულ გამოცხ. 12:9). ცრუ რელიგიის მეშვეობით სატანა სიცრუეს ავრცელებს იეჰოვას შესახებ. ამასთანავე, ეშმაკი ცდილობს, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დაავიწყოს ღვთის სახელი (იერ. 23:26, 27). შედეგად, ზოგს გულწრფელად სჯერა, რომ ღმერთს სცემს თაყვანს, სინამდვილეში კი დემონებს ემსახურება (1 კორ. 10:20; 2 კორ. 11:13—15). სატანა თავისი სიცრუის გასავრცელებლად კომერციულ სისტემასაც იყენებს. მაგალითად, მისი მეშვეობით არწმუნებს ხალხს, რომ ბედნიერებისთვის აუცილებელია ბევრი ფულისა და ქონების დაგროვება (იგავ. 18:11). ისინი, ვინც ამ სიცრუეს იჯერებენ, მთელ ცხოვრებას სიმდიდრის დაგროვებას უძღვნიან და არა ღმერთს (მათ. 6:24). საბოლოოდ, მატერიალური ნივთების სიყვარული მთლიანად აშთობს მათში ღვთისადმი სიყვარულს (მათ. 13:22; 1 იოან. 2:15, 16).
სისტემასაც იყენებენ (8, 9. ა) რა ორ გაკვეთილს ვსწავლობთ ადამის, ევასა და ურჩი ანგელოზების მაგალითებიდან? ბ) რატომაა კარგი, როცა ვიცით, რამდენად დიდი გავლენა აქვს სატანას?
8 ადამის, ევასა და ურჩი ანგელოზების მაგალითებიდან სულ მცირე ორ მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ. პირველი: არსებობს მხოლოდ ორი მხარე და აქედან ერთ-ერთი უნდა ავირჩიოთ — ან იეჰოვას უნდა ვუერთგულოთ, ან სატანას უნდა მივემხროთ (მათ. 7:13). მეორე: ისინი, ვინც სატანის მხარეს იკავებენ, სანაცვლოდ ცოტას იღებენ. ადამსა და ევას მიეცათ შესაძლებლობა, თავად განესაზღვრათ, რა იყო მათთვის კარგი და რა ცუდი, დემონებმა კი გარკვეული ძალაუფლება მოიპოვეს ადამიანურ მთავრობებზე (დაბ. 3:22). მაგრამ მოჩვენებითი წარმატების სანაცვლოდ სატანა ყოველთვის იმაზე მეტს ითხოვს ჩვენგან, ვიდრე გვთავაზობს (იობ. 21:7—17; გალ. 6:7, 8).
9 რატომაა კარგი, როცა ვიცით, რამდენად დიდი გავლენა აქვს სატანას? ეს გვეხმარება, გაწონასწორებული შეხედულება გვქონდეს მთავრობებზე და აღგვძრავს, მეტი შემართებით ვიქადაგოთ. კარგად გვესმის, რომ იეჰოვა ჩვენგან ხელისუფლების წარმომადგენლების პატივისცემას მოითხოვს (1 პეტ. 2:17). ის მოელის, რომ დავემორჩილებით ადამიანური მთავრობების მიერ დადგენილ კანონებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ღვთის ნორმებს (რომ. 13:1—4). მაგრამ გვესმის, რომ ნეიტრალიტეტი უნდა შევინარჩუნოთ და ერთი პოლიტიკური პარტია თუ ლიდერი მეორეს არ უნდა ვამჯობინოთ (იოან. 17:15, 16; 18:36). ვინაიდან სატანა ცდილობს, დამალოს ღვთის სახელი და რეპუტაცია შეულახოს მას, უფრო მეტად ვართ აღძრული, რომ სხვებს იეჰოვას შესახებ ჭეშმარიტება ვასწავლოთ. ჩვენ გვეამაყება, რომ ღვთის სახელს ვატარებთ, ხალხს ვამცნობთ მას და ვიცით, რომ მისადმი სიყვარული გაცილებით ღირებულია, ვიდრე ფულისა თუ ნივთების სიყვარული (ეს. 43:10; 1 ტიმ. 6:6—10).
როგორ ცდილობს სატანა ადამიანებზე გავლენის მოხდენას?
10—12. ა) სავარაუდოდ, რა სატყუარა გამოიყენა სატანამ ანგელოზების შესაცდენად? ბ) რატომ არის ჩვენთვის ყურადსაღები ის, რომ ბევრი ანგელოზი შეცდა?
10 სატანა ეფექტურ მეთოდებს მიმართავს ადამიანებზე გავლენის მოსახდენად. მაგალითად, ის სატყუარას იყენებს, რათა ადამიანები მიიზიდოს და თავის ჭკუაზე ატაროს. ზოგჯერ ის სხვა მეთოდს მიმართავს და ცდილობს, ისინი იძულებით დაიმორჩილოს.
11 დაფიქრდით, რა ადვილად აცდუნა სატანამ ბევრი ანგელოზი ამ სატყუარას მეშვეობით. როგორც ჩანს, ის საკმაოდ დიდხანს აკვირდებოდა ანგელოზებს, რათა ისეთი მახე დაეგო, რომ ადვილად ეცდუნებინა ისინი და თანამოაზრეებად ექცია. როცა სატანამ მიაღწია თავის მიზანს და ზოგმა ანგელოზმა სქესობრივი კავშირი დაამყარა ქალებთან, მათ ჰიბრიდული შთამომავლობა წარმოშვეს, რომლებიც ჩაგრავდნენ ადამიანებს (დაბ. 6:1—4). შესაძლოა ამ ორგული ანგელოზებისთვის საცდური არა მხოლოდ უზნეობა, არამედ კაცობრიობაზე ძალაუფლებაც იყო, რომელსაც მათ სატანა ჰპირდებოდა. როგორც ჩანს, ის ცდილობდა, რომ ნაწინასწარმეტყველები ქალის შთამომავალი არ მოსულიყო (დაბ. 3:15). როგორც უნდა ყოფილიყო, იეჰოვამ წარღვნა მოახდინა და სატანისა და ურჩი ანგელოზების ყველა მზაკვრული ჩანაფიქრი ჩაშალა.
12 რის სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან? ყოველთვის სათანადოდ შეაფასეთ უზნეობისა და სიამაყის საშიშროება. ის ანგელოზები, რომლებიც სატანას მიემხრნენ, ძალიან დიდი ხნის მანძილზე იეჰოვას წინაშე მსახურობდნენ. ასეთი შესანიშნავი გარემოს მიუხედავად, ბევრმა დაუშვა, რომ მათში არასწორ სურვილებს გაედგა ფესვი და ეს სურვილები უფრო და უფრო გაძლიერებულიყო. მსგავსად ამისა, შეიძლება უკვე ათწლეულებია, რაც იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერ ნაწილს მივეკუთვნებით, თუმცა სულიერად წმინდა გარემოს მიუხედავად, შეიძლება ჩვენში უმართებულო სურვილებმა გაიდგას ფესვი (1 კორ. 10:12). ამიტომ აუცილებელია, რომ გამუდმებით შევამოწმოთ ჩვენი გული, მოვიშოროთ უზნეო ფიქრები და ვებრძოლოთ სიამაყეს (გალ. 5:26; წაიკითხეთ კოლოსელების 3:5).
13. კიდევ რა სატყუარას იყენებს სატანა და რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ გავებათ მის მახეში?
13 კიდევ ერთი სატყუარა, რომელსაც სატანა იყენებს, ოკულტიზმისადმი ინტერესია. დღეს ადამიანებში დემონებისადმი ინტერესს არა მხოლოდ ცრუ რელიგია აღძრავს, არამედ გართობის ინდუსტრიაც. ფილმები, ვიდეოთამაშები და სხვა გასართობი საშუალებები მიმზიდველად წარმოაჩენს ოკულტიზმს. როგორ შეგვიძლია ავერიდოთ ამ მახეს? ცხადია, ჩვენ არ ველით, რომ ღვთის ორგანიზაცია აკრძალული გართობის სახეობების ნუსხას ჩამოგვიწერს. თითოეულმა საკუთარი სინდისი უნდა განსწავლოს, რათა გართობის არჩევისას ღვთის მოსაწონი გადაწყვეტილებები მიიღოს (ებრ. 5:14). თუმცა სწორ გადაწყვეტილებებს იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ გავითვალისწინებთ პავლე მოციქულის ღვთივშთაგონებულ რჩევას და იეჰოვას მიმართ უთვალთმაქცო სიყვარულს გამოვავლენთ (რომ. 12:9). ამიტომ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „თვალთმაქცობაში ხომ არ ჩამეთვლება ჩემ მიერ არჩეული გართობა? ხომ არ იფიქრებენ ბიბლიის შემსწავლელები ან ისინი, ვისაც განმეორებით ვინახულებ, რომ ერთს ვასწავლი და მეორეს ვაკეთებ?“. სატანის მახეებს უფრო ადვილად ავარიდებთ თავს, თუ ყოველთვის იმას გავაკეთებთ, რასაც სხვებს ვასწავლით (1 იოან. 3:18).
14. როგორ ცდილობს სატანა, გვაიძულოს კომპრომისზე წასვლა და რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავყვეთ მის ნებას?
14 გარდა იმისა, რომ მახეებს გვიგებს, სატანა ცდილობს, გვაიძულოს, უარი ვთქვათ იეჰოვას მსახურებაზე. მაგალითად, მისი გავლენით შეიძლება მთავრობამ აგვიკრძალოს ქადაგება ან ჩვენმა თანამშრომლებმა თუ თანაკლასელებმა დაგვცინონ იმის გამო, რომ ბიბლიური ნორმების თანახმად გვსურს ცხოვრება (1 პეტ. 4:4). გარდა ამისა, სატანამ შეიძლება კეთილის მსურველი ოჯახის წევრები გამოიყენოს, რომ კრებაზე წასვლის ხალისი დაგვიკარგოს (მათ. 10:36). რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს? ასეთმა წინააღმდეგობებმა არ უნდა გაგვაკვირვოს, რადგან გვესმის, რომ სატანა იბრძვის ჩვენ წინააღმდეგ (გამოცხ. 2:10; 12:17). გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი გაცილებით მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება — სატანა ირწმუნება, რომ იეჰოვას მხოლოდ მაშინ ვემსახურებით, როცა არანაირი მსხვერპლის გაღება არ გვიწევს. ის ამტკიცებს, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში ზურგს შევაქცევთ ღმერთს (იობ. 1:9—11; 2:4, 5). ჩვენ ყოველთვის იეჰოვას უნდა ვთხოვოთ ძალა და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის არასდროს მიგვატოვებს! (ებრ. 13:5).
რის გაკეთება არ შეუძლია სატანას?
15. შეუძლია სატანას საკუთარი ნების წინააღმდეგ წასვლა გვაიძულოს? ახსენით.
15 სატანა ვერ გვაიძულებს საკუთარი ნების წინააღმდეგ წასვლას (იაკ. 1:14). ბევრი გაუცნობიერებლად ასრულებს სატანის ნებას. მაგრამ ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ისინი თავად წყვეტენ, ვის ემსახურებიან (საქ. 3:17; 17:30). თუ გადაწყვეტილი გვაქვს ღვთის ნების შესრულება, სატანა ვერაფრით შეარყევს ჩვენს ერთგულებას (იობ. 2:3; 27:5).
16, 17. ა) კიდევ რის გაკეთება არ შეუძლიათ სატანასა და მის დემონებს? ბ) რატომ არ უნდა გვაშინებდეს ხმამაღლა ლოცვა?
16 სატანასა და მის დემონებს სხვა შეზღუდვებიც აქვთ. მაგალითად, ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ მათ ჩვენი გულებისა და გონების წაკითხვა შეუძლიათ. ამის გაკეთების ძალა მხოლოდ იეჰოვას და იესოს შესწევთ (1 სამ. 16:7; მარ. 2:8). რის თქმა შეიძლება ლაპარაკსა თუ ხმამაღლა ლოცვაზე? უნდა გვეშინოდეს, რომ სატანა ან დემონები მოისმენენ ჩვენს ლოცვას და ჩვენ საწინააღმდეგოდ იმოქმედებენ? რა თქმა უნდა, არა! ჩვენ არ ვერიდებით ღვთის მსახურებაში კარგი საქმეების კეთებას იმის შიშით, რომ ეშმაკი დაინახავს. მსგავსად ამისა, არ უნდა გვეშინოდეს, რომ ჩვენ მიერ ხმამაღლა წარმოთქმულ ლოცვებს სატანა მოისმენს. ბიბლიაში ბევრი ღვთის მსახურის მაგალითს ვკითხულობთ, რომლებიც ხმამაღლა წარმოთქვამდნენ ლოცვებს და არ ეშინოდათ, რომ ეშმაკი მოისმენდა მათ სიტყვებს (1 მეფ. 8:22, 23; იოან. 11:41, 42; საქ. 4:23, 24). როცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი სიტყვები და საქმეები ღვთის ნებას შევუსაბამოთ, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა არ მისცემს სატანას უფლებას, გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენოს (წაიკითხეთ ფსალმუნის 34:7).
17 ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს მტერს, მაგრამ არ უნდა გვეშინოდეს მისი. იეჰოვას მხარდაჭერით არასრულყოფილ ადამიანებსაც შეუძლიათ სატანასთან ბრძოლაში გამარჯვება (1 იოან. 2:14). თუ მას წინააღმდეგობას გავუწევთ, ის გაიქცევა ჩვენგან (იაკ. 4:7; 1 პეტ. 5:9). ახალგაზრდები სატანის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ. კონკრეტულად რის გაკეთება შეუძლიათ მათ, რომ წინ აღუდგნენ ეშმაკს? მომდევნო სტატია სწორედ ამ კითხვაზე გასცემს პასუხს.
^ აბზ. 2 ბიბლია მოიხსენიებს ზოგიერთი ანგელოზის სახელს (მსაჯ. 13:18; დან. 8:16; ლუკ. 1:19; გამოცხ. 12:7). ვინაიდან იეჰოვამ თითოეულ ვარსკვლავს თავისი სახელი დაარქვა (ფსალმ. 147:4), გონივრულია დავასკვნათ, რომ ყველა ანგელოზს აქვს სახელი, მათ შორის მასაც, რომელსაც მოგვიანებით „სატანა“ ეწოდა.
^ აბზ. 3 ებრაულ წერილებში „სატანა“ მხოლოდ 18-ჯერ არის მოხსენიებული, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში კი — 30-ზე მეტჯერ.