არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიოგრაფია

ბრძენებთან სიარულმა ბევრი რამ მასწავლა

ბრძენებთან სიარულმა ბევრი რამ მასწავლა

ბრუკინგზში (სამხრეთი დაკოტა, აშშ) სუსხიანი დილა გათენდა, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ მალე მთელ იმ მხარეში ყინვებს დაიჭერდა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ზუსტად იმ დღეს პატარა ჯგუფი შევიკრიბეთ ერთ გაყინულ ბოსელში. წყლით სავსე ავზთან ვიდექით და სიცივისგან ვკანკალებდით. ნება მიბოძეთ, ცოტაოდენი რამ გიამბოთ ჩემი ცხოვრების შესახებ იმის გასაგებად, თუ რატომ მივედი იქ.

სიყმაწვილის წლები

ბიძაჩემი ალფრედი და მამაჩემი

დავიბადე 1936 წლის 7 მარტს. ოთხ დედმამიშვილს შორის უმცროსი ვიყავი. ჩვენი ოჯახი სამხრეთი დაკოტის აღმოსავლეთ ნაწილში ერთ პატარა ფერმაში ცხოვრობდა. სოფლის მეურნეობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. მშობლები 1934 წელს მოინათლნენ და იეჰოვას მოწმეები გახდნენ. მათ თავი ზეციერ მამას, იეჰოვას მიუძღვნეს, ამიტომ ღვთის ნების შესრულებას მათ ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი ეკავა. ქალაქ კონდის პატარა კრებაში მამაჩემი კლარენსი ჯგუფის მსახური იყო (ახლა უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი). მოგვიანებით ამ პასუხისმგებლობას ბიძაჩემი ალფრედი ასრულებდა.

ჩვენი ოჯახი რეგულარულად ესწრებოდა კრების შეხვედრებს და ბიბლიური იმედის შესახებ კარდაკარ ქადაგებდა. აღზრდამ და მშობლების კარგმა მაგალითმა დადებითი გავლენა იქონია ჩვენზე. მე და ჩემი და დოროთი 6 წლის ასაკში გავხდით მაუწყებლები. 1943 წელს თეოკრატიული მსახურების სკოლაში ჩავეწერე, რომელიც იმ დროს სიახლე იყო.

პიონერად მსახურებისას (1952)

ჩვენი ოჯახი არასდროს აცდენდა კონგრესებს. 1949 წელს სუ-ფოლზში (სამხრეთი დაკოტა) ჩატარებულ კონგრესზე ძმა გრანტ სუიტერი მოწვეული მომხსენებელი იყო. დღემდე მახსოვს მისი მოხსენება: „უფრო გვიანია, ვიდრე თქვენ გგონიათ“. მან ხაზი გაუსვა იმ აზრს, რომ მიძღვნილ ქრისტიანებს თავიანთი ცხოვრება სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გაცხადებისთვის უნდა მიეძღვნათ. ამან მიბიძგა, თავი მიმეძღვნა იეჰოვასთვის. მომდევნო სარაიონო კონგრესზე, რომელიც ბრუკინგზში ჩატარდა, მეც ვიყავი ნათლობის მსურველთა შორის იმ გაყინულ ბოსელში, რომელიც ზემოთ მოვიხსენიე. 1949 წლის 12 ნოემბერს იმ წყლის ავზში ოთხნი მოვინათლეთ.

შემდეგ მიზნად დავისახე პიონერული მსახურება. 1952 წლის 1 იანვარს 15 წლის ასაკში დავიწყე პიონერობა. ბიბლიაში ნათქვამია: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“ (იგავ. 13:20). ჩემი ახლობლებიდან ბევრი მართლაც ბრძენი აღმოჩნდა, რადგან მხარს უჭერდნენ ჩემს გადაწყვეტილებას. ბიძაჩემი ჯულიუსი, რომელიც იმ დროს 60 წლისა იყო, ხშირად ქადაგებდა ჩემთან ერთად. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ერთად მსახურება ძალიან მოგვწონდა. ბევრი რამ ვისწავლე მისგან, რადგან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდა. დოროთიმაც მალევე დაიწყო პიონერობა.

სარაიონო ზედამხედველები ყურადღებას იჩენენ

ჩემი მშობლები ყოველთვის ეპატიჟებოდნენ ჩვენთან სარაიონო ზედამხედველებსა და მათ მეუღლეებს ღამისთევით. ძალიან დამეხმარნენ ჯესი და ლინ კანტუელები. ამ წყვილმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ მიზნად დამესახა პიონერად მსახურება. მათ გამიღვივეს თეოკრატიული მიზნებისკენ სწრაფვის სურვილი. მეზობელი კრებების მონახულებისას ისინი ხანდახან მეპატიჟებოდნენ, რომ მათთან ერთად მემსახურა. ეს ჩემთვის სასიამოვნო და გამამხნევებელი იყო!

კანტუელების შემდეგ ჩვენს კრებას ბად და ჯოუნ მილერები ინახულებდნენ. მაშინ 18 წლისა ვიყავი და სამხედრო სამსახურიდან მოწვევა მივიღე. გამწვევმა კომისიამ თავიდან ისეთი სტატუსი მომანიჭა, რომელიც ჩემი აზრით ეწინააღმდეგებოდა იესოს სიტყვებს ნეიტრალიტეტის დაცვასთან დაკავშირებით. ამასთან, მსურდა, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მექადაგა (იოან. 15:19). ამიტომ გამწვევ კომისიას მივმართე, რომ ჩემთვის რელიგიური მსახურის სტატუსი მოენიჭებინათ.

ჩემზე დიდად იმოქმედა, რომ ძმა მილერმა სურვილი გამოთქვა, ჩემთან ერთად წარმდგარიყო გამწვევი კომისიის წინაშე. ბუნებით ის ძალიან გახსნილი და უშიშარი ადამიანი იყო. ამიტომ ასეთი სულიერად მოწიფული და ძლიერი პიროვნების გვერდით ყოლამ დამაჯერებლობა შემმატა. მოსმენის შედეგად კომისიამ 1954 წლის ზაფხულის მიწურულს რელიგიურ მსახურად მცნო. ამან შესაძლებლობა მომცა, კიდევ ერთი თეოკრატიული მიზნისთვის მიმეღწია.

პატარა სატვირთო მანქანასთან ბეთელში მსახურების დასაწყისში

იმ პერიოდში ბეთელში მიმიწვიეს და სტეიტენ-აილენდზე (ნიუ-იორკი) „საგუშაგო კოშკის მეურნეობაში“ დავიწყე მსახურება. იქ დაახლოებით 3 წელი ვმსახურობდი, რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო. ბეთელში ბრძენ და-ძმებთან ურთიერთობამ და თანამშრომლობამ გაამდიდრა ჩემი ცხოვრება.

ბეთელში მსახურება

WBBR-ში ძმა ფრენცთან ერთად

სტეიტენ-აილენდზე აგრეთვე იყო რადიოსადგური WBBR, რომელსაც იეჰოვას მოწმეები 1924—1957 წლებში იყენებდნენ. მეურნეობაში 15-დან 20-მდე ბეთელელი ვმსახურობდით. უმეტესობა ახალგაზრდები და გამოუცდელები ვიყავით, მაგრამ გვერდით ასაკოვანი ცხებული ძმა ელდონ ვუდვორთი გვყავდა. ის მართლაც ბრძენი ადამიანი იყო. ძმა ვუდვორთი საკუთარი შვილებივით გვეპყრობოდა და სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში გვეხმარებოდა. როცა ჩვენი არასრულყოფილების გამო პრობლემები წამოიჭრებოდა ხოლმე, ის ამბობდა: „მართლა სასწაულია, რას აკეთებს უფალი მათი მეშვეობით, ვისი გამოყენებაც უწევს“.

ჰარი პეტერსონი მსახურებისადმი დიდ მოშურნეობას იჩენდა

ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო, რომ ჩვენთან ერთად ძმა ფრედერიკ ფრენციც მსახურობდა. მისმა სიბრძნემ და წმინდა წერილების უბადლო ცოდნამ დადებითად იმოქმედა ჩვენზე. ამასთან, ის ყურადღებას იჩენდა თითოეულის მიმართ. ჩვენი მზარეული ჰარი პეტერსონი იყო. მისი ნამდვილი გვარი პაპარგიროპულოსი იყო, თუმცა პეტერსონით მივმართავდით, რადგან ასე უფრო გვიადვილდებოდა. ისიც სულით ცხებული იყო და მსახურებისადმი დიდ მოშურნეობას იჩენდა. ძმა პეტერსონი პირნათლად ასრულებდა ბეთელში დაკისრებულ საქმეს, თუმცა ქადაგება ყოველთვის სათანადო ადგილზე იდგა მის ცხოვრებაში. ის ყოველთვე ასობით ჟურნალს ავრცელებდა. გარდა ამისა, მან ბიბლიაც შესანიშნავად იცოდა და ბევრ კითხვაზე გვცემდა პასუხს.

გონიერ დებთან თანამშრომლობა

მეურნეობაში მოყვანილი მოსავლით კონსერვებს ვაკეთებდით. ყოველწლიურად ბეთელის ოჯახისთვის ხილისა და ბოსტნეულისგან დაახლოებით 45 000 ქილა კონსერვს ვამზადებდით. ჩემთვის დიდი პატივი იყო, მეთანამშრომლა ეტა ჰათთან, რომელიც ნამდვილად გონიერი და იყო. მას ყურადღება უნდა მიექცია, რომ კონსერვები რეცეპტის მიხედვით დამზადებულიყო. სეზონზე ადგილობრივი დები მოდიოდნენ დასახმარებლად, რომელთაც ეტა უხსნიდა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ. მიუხედავად იმისა, რომ კონსერვების დამზადების საქმეში ეტას დიდი წვლილი შეჰქონდა, ის პასუხისმგებელი ძმების მიმართ პატივისცემის შესანიშნავ მაგალითს იძლეოდა. ეტა ჩემთვის თეოკრატიული მეთაურობის მორჩილების ბრწყინვალე მაგალითი იყო.

ანჯელა, მე და ეტა ჰათი

ერთი ახალგაზრდა და, რომელიც კონსერვების დამზადებაში გვეხმარებოდა, ანჯელა (ენჯი) რომანო იყო. ეტა დაეხმარა მას, როცა ის ჭეშმარიტებაში პირველ ნაბიჯებს დგამდა. ასე რომ, ბეთელში მსახურების დროს კიდევ ერთი გონიერი და გავიცანი, რომელიც უკვე 58 წელია გვერდში მიდგას. მე და ენჯი 1958 წლის აპრილში დავქორწინდით, რის შემდეგაც იეჰოვასადმი მსახურებაში არაერთი დავალება მივიღეთ. წლების განმავლობაში იეჰოვას მიმართ ენჯის ურყევმა ერთგულებამ ჩვენი ქორწინება განამტკიცა. ნებისმიერი სირთულის დროს შემიძლია ბოლომდე ვენდო მას.

მისიონერული მსახურება და მიმოსვლითი საქმიანობა

1957 წელს სტეიტენ-აილენდზე WBBR-ის შენობების გაყიდვის შემდეგ ცოტა ხანი ბრუკლინის ბეთელში ვიმსახურე. როცა მე და ენჯი დავქორწინდით, ბეთელიდან წამოვედი და დაახლოებით სამი წელი ერთად ვმსახურობდით პიონერებად სტეიტენ-აილენდზე. რაღაც დროის მანძილზე რადიოსადგურის ახალ მფლობელებთანაც ვმუშაობდი. მაშინ ამ რადიოსადგურს WPOW ერქვა.

მე და ენჯის გადაწყვეტილი გვქონდა, უბრალოდ გვეცხოვრა, რაც საშუალებას მოგვცემდა, იქ გვემსახურა, სადაც საჭიროება იყო. ამიტომ 1961 წელს ხელს არაფერი გვიშლიდა, რომ სპეციალურ პიონერებად დაგვეწყო მსახურება ფოლზ-სიტიში (ნებრასკა). როგორც კი ალღო ავუღეთ ახალ მსახურებას, საუთ-ლანსინგში (ნიუ-იორკი) სამეფო მსახურების სკოლაში მიგვიწვიეს. იმ პერიოდში ეს სკოლა ერთთვიან კურსს მოიცავდა. ძალიან მოგვეწონა იქ სწავლა და ვიმედოვნებდით, რომ ნასწავლს ნებრასკაში გამოვიყენებდით. ამიტომ ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ მისიონერებად კამბოჯაში დაგვნიშნეს! ეს მშვენიერი ქვეყანა აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იქ ჩასულებს თვალწინ ეგზოტიკური ხედები გადაგვეშალა. ყველაფერი სრულიად უცხო იყო — იქაური ხმებიც და სურნელიც კი. ერთი სული გვქონდა, როდის დავიწყებდით ქადაგებას.

მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა და სამხრეთ ვიეტნამში მოგვიწია გადასვლა. თუმცა სამწუხაროდ ორ წელიწადში ჯანმრთელობა სერიოზულად შემერყა და ძმებმა გვირჩიეს, რომ სამშობლოში დავბრუნებულიყავით. გარკვეული დრო დამჭირდა ჯანმრთელობის აღსადგენად. როგორც კი მოვმჯობინდი, კვლავ შევუდექით სრული დროით მსახურებას.

ანჯელასთან ერთად სატელევიზიო ინტერვიუს ჩაწერამდე (1975)

1965 წლის მარტში დავიწყეთ მიმოსვლითი მსახურება. 33 წლის მანძილზე სარაიონო და საოლქო ზედამხედველად ვმსახურობდი. ეს მსახურება მე და ენჯის დიდ სიხარულს გვანიჭებდა. ამასთან, ხშირად ვმონაწილეობდი კონგრესებთან დაკავშირებულ საქმეებში. ჩემთვის კონგრესები ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო, ამიტომ სიამოვნებით ვმონაწილეობდი მათ ორგანიზებაში. ნიუ-იორკში რამდენიმეწლიანი მსახურების განმავლობაში არაერთი კონგრესი ჩავატარეთ იანკის სტადიონზე.

ბეთელში დაბრუნება და თეოკრატიული სკოლები

როგორც ეს ხშირად სპეციალური სრული დროით მსახურთა ცხოვრებაში ხდება, მე და ენჯისაც წინ რთული და, ამავე დროს, საინტერესო დავალებები გველოდა. 1995 წელს დამნიშნეს მსახურებაში დახელოვნების სკოლის ინსტრუქტორად. სამი წლის შემდეგ ბეთელში მიგვიწვიეს. ძალიან სასიამოვნო იყო იქ დაბრუნება, სადაც 40 წელზე მეტი ხნის წინ დავიწყე სპეციალური სრული დროით მსახურება. გარკვეული პერიოდი ვმსახურობდი სამსახურებრივ განყოფილებაში და სხვადასხვა სკოლის ინსტრუქტორად. 2007 წელს ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა თეოკრატიული სკოლების განყოფილება, რომელიც ბეთელში ჩატარებულ სკოლებს გაუწევდა ზედამხედველობას. პატივი მხვდა წილად, რამდენიმე წლის განმავლობაში ამ განყოფილების ზედამხედველი ვყოფილიყავი.

ბოლო დროს თეოკრატიული განათლების სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. 2008 წელს დაარსდა უხუცესების სკოლა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში 12 000-ზე მეტმა უხუცესმა გაიარა ეს სკოლა ბრუკლინსა და პატერსონში. დღეს ამ სკოლას გამოცდილი ინსტრუქტორები ატარებენ სხვადასხვა ადგილას. 2010 წელს მსახურებაში დახელოვნების სკოლას ახალი სახელი დაერქვა — ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის. იმავე წელს დაარსდა კიდევ ერთი სკოლა — ბიბლიური სკოლა ქრისტიანი წყვილებისთვის.

2015 სამსახურებრივი წლის დასაწყისში ამ ორი სკოლის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა სამეფოს მახარობელთა სკოლა. ამ სკოლაში სწავლობენ როგორც წყვილები, ისე დაუქორწინებელი დები და ძმები. მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები მაუწყებლები გაახარა იმის გაგებამ, რომ ეს სკოლა ბევრ ფილიალში ჩატარდებოდა. მიხარია, რომ თეოკრატიული განათლების მიღების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო მეტ და-ძმას ეძლევა. მადლიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, გავიცნო ისინი, ვინც ასეთი დასწავლების სურვილი გამოთქვა.

როცა ვიხსენებ ჩემს ცხოვრებას ნათლობიდან დღემდე, მადლობას ვუხდი იეჰოვას იმ ბრძენი ადამიანებისთვის, რომლებიც ჭეშმარიტების გზაზე მხარში მედგნენ. ასაკობრივი თუ კულტურული სხვაობის მიუხედავად, თითოეული მათგანი სულიერად მოაზროვნე ადამიანი იყო. მათი განწყობიდან და საქმეებიდან აშკარად ჩანდა, რომ იეჰოვა ძალიან უყვარდათ. ღვთის ორგანიზაციაში ბევრ ბრძენ ადამიანთან ერთად შეგვიძლია სიარული. პირადად მე ამან უამრავი კურთხევა მომიტანა.

მიხარია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებთან შეხვედრა