არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რატომაა 2 სამუელის 21:7—9-ში ნათქვამი, რომ დავითს შეებრალა მეფიბოშეთი, ხოლო მოგვიანებით გაბაონელებს გადასცა სიკვდილით დასასჯელად?

თუ ამ მუხლებს ზედაპირულად წავიკითხავთ, შეიძლება მართლაც გაგვიჩნდეს ასეთი კითხვა. მაგრამ სინამდვილეში ბიბლიის ამ მონაკვეთში საუბარია ორ მეფიბოშეთზე. თუ ყურადღებით ჩავუკვირდებით ამ მუხლებს, საინტერესო მხარეებს დავინახავთ.

ისრაელის მეფე საულს შვიდი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდა. პირმშოს იონათანი ერქვა. მოგვიანებით საულს თავისი ხარჭისგან, რიცფასგან, შეეძინა ვაჟი, რომელსაც მეფიბოშეთი დაარქვეს. იონათანსაც ჰყავდა ვაჟი, სახელად მეფიბოშეთი. გამოდის, რომ საულის ვაჟსაც და მის შვილიშვილსაც მეფიბოშეთი ერქვა.

საული მტრულად განეწყო ისრაელში მცხოვრები გაბაონელების მიმართ და მათი გაწყვეტა მოინდომა. როგორც ჩანს, მათგან საკმაოდ ბევრი დახოცა კიდეც. ეს დანაშაული იყო, რადგან ჯერ კიდევ იესო ნავეს ძის დროს ისრაელის თავკაცები დაუზავდნენ გაბაონელებს (იეს. 9:3—27).

ეს შეთანხმება მეფე საულის დროსაც ძალაში იყო. მიუხედავად ამისა, მან მაინც მოინდომა გაბაონელების განადგურება, რის გამოც ის და მისი სახლეულობა სისხლის ღვრაში გახდა დამნაშავე (2 სამ. 21:1). როცა დავითი გამეფდა, გაბაონელებს ესაუბრა და ჰკითხა, როგორ შეეძლო გამოესყიდა ეს დანაშაული, რომ იეჰოვას კვლავ ეკურთხებინა ისრაელი. მათ ოქრო-ვერცხლი კი არ მოითხოვეს, არამედ იმ კაცის შვიდი ვაჟის სიკვდილით დასჯა, რომელიც მათ განადგურებას ცდილობდა (რიცხ. 35:30, 31). დავითმა შეუსრულა მათ ეს თხოვნა (2 სამ. 21:2—6).

იმ დროისთვის საული და იონათანი ცოცხლები აღარ იყვნენ. მაგრამ იონათანის შვილი მეფიბოშეთი ცოცხალი იყო. ის ბავშვობაში უბედური შემთხვევის შედეგად დაკოჭლდა. მას არანაირი ბრალი არ მიუძღოდა იმ სისხლის ღვრაში, რომელიც ბაბუამისმა გააჩაღა. დავითს შეთანხმება ჰქონდა დადებული იონათანთან, რომელიც მის შთამომავლებზეც ვრცელდებოდა, მათ შორის მეფიბოშეთზეც (1 სამ. 18:1; 20:42). ბიბლიაში ვკითხულობთ: „შეებრალა მეფეს [დავითს] მეფიბოშეთი, საულის ვაჟის, იონათანის, ვაჟი, იმ ფიცის გამო, რომელიც დავითსა და საულის ვაჟს, იონათანს ჰქონდათ დადებული იეჰოვას წინაშე“ (2 სამ. 21:7).

დავითმა დააკმაყოფილა გაბაონელების მოთხოვნა და საულის ორი ვაჟი, რომელთაგან ერთ-ერთი მეფიბოშეთი იყო, და მისი ხუთი შვილიშვილი გადასცა მათ (2 სამ. 21:8, 9). ამგვარად გამოისყიდა მან საულის დანაშაული.

რას ვსწავლობთ ამ მონათხრობიდან? კანონში არაორაზროვნად იყო ნათქვამი, რომ შვილები არ უნდა დაიხოცონ მამების გამო (კან. 24:16). საულის ორი ვაჟი და ხუთი შვილიშვილი უდანაშაულო რომ ყოფილიყო, იეჰოვა არ მოიწონებდა დავითის გადაწყვეტილებას. კანონში ისიც ეწერა, რომ თითოეული თავისი ცოდვის გამო უნდა მომკვდარიყო. როგორც ჩანს, საულის შვიდ შთამომავალს, რომლებიც გაბაონელებმა სიკვდილით დასაჯეს, ბრალი მიუძღოდათ საულის მიერ გაჩაღებულ სისხლის ღვრაში. ამიტომ შვიდივეს პასუხი უნდა ეგო თავისი დანაშაულისთვის.

ამ ისტორიიდან ნათლად ჩანს, რომ ვერავინ გაამართლებს საკუთარ დანაშაულს იმის თქმით, რომ უბრალოდ მითითებებს ასრულებდა. ამიტომაც ბიბლია ბრძნულ რჩევას გვაძლევს: „მოასწორე შენი სავალი და განმტკიცდება შენი გზები. ნურც მარჯვნივ გადაუხვევ და ნურც მარცხნივ; ზურგი აქციე ბოროტებას“ (იგავ. 4:24—27; ეფეს. 5:15).