როგორ შევეგუოთ ახალ კრებას
„ამ კრებაში გადმოსვლამდე ძალიან ვნერვიულობდი. მაფიქრებდა, როგორ მიმიღებდნენ კრების წევრები ან შევძლებდი თუ არა ვინმესთან დამეგობრებას“, — ამბობს ალენი, * რომელიც საცხოვრებლად დაახლოებით 1 400 კილომეტრის მოშორებით გადავიდა.
თუ თქვენც მოგიწიათ კრების შეცვლა, შეიძლება ეს თქვენთვისაც გარკვეულ გრძნობებთან არის დაკავშირებული. რა დაგეხმარებათ ახალ კრებასთან შეგუებაში? რა უნდა გააკეთოთ, თუ გრძნობთ, რომ კრების შეცვლა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდით? თუ თქვენს კრებას ახალი წევრები შეემატნენ, რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ გაუადვილოთ მათ კრებასთან შეგუება?
რა უნდა გააკეთოთ, რომ დამკვიდრდეთ ახალ კრებაში?
დაფიქრდით ხის მაგალითზე: ხე გადანერგვის დროს დიდ „სტრესს“ განიცდის. მიწიდან ამოძირკვის შემდეგ, მას ფესვებს აჭრიან, რათა ადვილი იყოს მისი ტრანსპორტირება. ახალ მიწასთან შესაგუებლად ხემ ჩარგვისთანავე უნდა გამოიტანოს ახალი ფესვები. მსგავსად, ახალ კრებაში გადასვლა შეიძლება სტრესთან იყოს დაკავშირებული, რადგან ძველ კრებაში, ალბათ, მეგობრები გყავდათ და ჩვეულ სულიერ განრიგს მიჰყვებოდით, ანუ სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ღრმად გქონდათ „ფესვები გადგმული“. თუმცა ახალ კრებასთან შეგუება რომ გაგიადვილდეთ, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოთ ახალი „ფესვების გამოტანა“. ამაში ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება დაგეხმარებათ. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
ის, ვინც რეგულარულად კითხულობს ღვთის სიტყვას, არის „წყლის ნაკადულებთან დარგულ ხესავით, რომელიც თავის დროზე იძლევა ნაყოფს და რომლის ფოთლებიც არ ჭკნება; ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება“ (ფსალმ. 1:1—3).
როგორც ხეს სჭირდება რეგულარულად წყლით საზრდოობა, რათა არ გახმეს, ისე ჩვენ ვსაჭიროებთ ღვთის სიტყვით რეგულარულად გამოკვებას, რათა სულიერად არ მოვსუსტდეთ. ასე რომ, ყოველდღე იკითხეთ ბიბლია და რეგულარულად დაესწარით კრების შეხვედრებს. არ შეწყვიტოთ ოჯახური თაყვანისცემისა თუ პირადი შესწავლის ჩატარება. გახსოვდეთ: სულიერი წონასწორობის შესანარჩუნებლად ახალ კრებაშიც იმავე სულიერ განრიგს უნდა მიჰყვეთ, რომელსაც ძველ კრებაში მსახურების დროს მიჰყვებოდით.
„ვინც სხვას უხვად ასმევს წყალს, თვითონაც უხვად ექნება წყალი დასალევად“ (იგავ. 11:25).
მსახურებაში აქტიური მონაწილეობა მხნეობას შეგმატებთ და დაგეხმარებათ, მალევე შეეგუოთ ახალ კრებას. „მე და ჩემმა მეუღლემ ახალ კრებაში გადასვლისთანავე დამხმარე პიონერებად დავიწყეთ მსახურება, რაც დიდად დაგვეხმარა“, — აღნიშნავს ერთი უხუცესი, სახელად კევინი. როჯერი, რომელიც დაახლოებით 1 600 კილომეტრის მოშორებით გადავიდა საცხოვრებლად და კრების შეცვლა მოუწია, ამბობს: „მალევე გავიცანით ძმები და პიონერები. ალღო ავუღეთ ახალ ტერიტორიას. მსახურებაში ხშირი მონაწილეობა ყველაზე მეტად აადვილებს ახალ კრებასთან შეგუებას. გარდა ამისა, კარგია, როცა უხუცესებმა იციან, რომ მზად ხარ ნებისმიერი რამის გასაკეთებლად, მაგალითად სამეფო დარბაზის დასალაგებლად, ვინმეს მაგივრად დავალების გასაკეთებლად ან კრებაზე რომელიმე თანაქრისტიანის მანქანით სატარებლად. როცა და-ძმები კრების ახალ წევრებში თავგანწირვის სულს ამჩნევენ, ადვილად უმეგობრდებიან მათ“.
„გაფართოვდით“ (2 კორ. 6:13).
სხვების მიმართაც გამოავლინეთ ძმათმოყვარეობა. მელისას ოჯახმა სხვა კრებაში გადასვლისთანავე შეიძინა
ახალი მეგობრები. „კრების შეხვედრის შემდეგ სამეფო დარბაზში ვრჩებოდით და და-ძმებთან ვსაუბრობდით. ეს შესაძლებლობას გვაძლევდა, რომ მხოლოდ კრების წევრების მოკითხვით არ შემოვფარგლულიყავით“, — ამბობს მელისა. შედეგად, მათ მალევე დაიმახსოვრეს კრების წევრების სახელები. ამ ოჯახს „გაფართოებაში“ სტუმართმოყვარეობის გამოვლენაც დაეხმარა, რამაც ისინი ახლად შეძენილ მეგობრებთან კიდევ უფრო დააახლოვა. მელისა დასძენს: „ჩვენ ერთმანეთის ტელეფონის ნომრები ჩავიწერეთ, რამაც საშუალება მოგვცა, შევხმიანებოდით ერთმანეთს და ადვილად დაგვეგეგმა სულიერი თუ სხვა საქმეები“.თუ ფიქრობთ, რომ გაგიჭირდებათ უცხო ადამიანების გაცნობა და მათთან საუბარი, შეგიძლიათ ამისთვის მარტივი გზები გამონახოთ. მაგალითად, გაუღიმოთ მაშინაც კი, თუ ამის ხასიათზე არა ხართ. თბილი ღიმილით ადამიანებს თქვენკენ მიიზიდავთ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „გაბრწყინებული თვალები გულს ახარებს“ (იგავ. 15:30). რეიჩელი, რომელმაც დატოვა მშობლიური მხარე და საკმაოდ შორს გადავიდა საცხოვრებლად, ამბობს: „ბუნებით მორიდებული ადამიანი ვარ. ზოგჯერ თავს ძალას ვატან, რომ გამოველაპარაკო ახალი კრების წევრებს. ვცდილობ, მათთან მივიდე, ვინც სამეფო დარბაზში მარტო ზის და არავის ელაპარაკება. ვფიქრობ ხოლმე, რომ შეიძლება ისიც ჩემსავით მორცხვი იყოს“. კარგი იქნება, თუ მიზნად დაისახავთ, რომ კრების დაწყებამდე ან მისი დამთავრების შემდეგ თქვენთვის უცხო ადამიანებს გამოელაპარაკოთ.
თავიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში სასიამოვნოა უცხო ადამიანებთან შეხვედრა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება ძალიან დაგღალოთ ამ ყველაფერმა. ამიტომ ძალისხმევა უნდა მოახმაროთ, რომ არ შეწყვიტოთ ახალი მეგობრების შეძენა.
შესაგუებლად დრო გჭირდებათ
ზოგიერთ ხეს ახალ გარემოსთან შესაგუებლად და ფესვების ღრმად გასადგმელად უფრო მეტი დრო სჭირდება. მსგავსად ამისა, ახალ კრებასთან შესაგუებლად ყველას სხვადასხვა დრო სჭირდება. თუ ახალ კრებაში გადასვლის შემდეგ საკმაო დრო გავიდა, მაგრამ თავს მაინც უცხოდ გრძნობთ, ქვემოთ მოცემული ბიბლიური პრინციპების გამოყენება დაგეხმარებათ:
„ნუ მოვიშლით კარგის კეთებას, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ დავიღლებით“ (გალ. 6:9).
შეიძლება არც კი ფიქრობდით, რომ ახალ კრებასთან შესაგუებლად ამდენი დრო დაგჭირდებოდათ. მაგალითად, ბევრი მისიონერი, ვინც სკოლა „გალაადი“ გაიარა და უცხო ქვეყანაში დაინიშნა, რამდენიმე წლის განმავლობაში არსად მიდის და თავის სამშობლოში სტუმრადაც კი არ ჩადის. ეს მათ ეხმარება, რომ უფრო დაუახლოვდნენ ადგილობრივ და-ძმებს და განსხვავებულ კულტურას შეეგუონ.
ალეხანდროს, რომელსაც რამდენჯერმე მოუწია კრების შეცვლა, კარგად ესმის, რომ ახალ გარემოსთან შეგუებას დრო სჭირდება. ის ამბობს: „როცა ბოლოს კრება შევიცვალეთ, ჩემმა ცოლმა მითხრა, რომ ყველა მისი მეგობარი ძველ კრებაში დარჩა“. ალეხანდრომ მეუღლეს შეახსენა, რომ ორი წლის წინ, როცა კრებიდან გადადიოდნენ, ზუსტად იგივე სიტყვები უთხრა. თუმცა ამ ორი წლის განმავლობაში ის ყურადღებას იჩენდა სხვების მიმართ და მისთვის ერთ დროს უცნობი ადამიანები ახლო მეგობრები გახდნენ.
„ნუ იტყვი, წარსული დღეები ახლანდელს სჯობდაო, რადგან სიბრძნე არ ახლავს ამ სიტყვებს“ (ეკლ. 7:10).
არასდროს შეადაროთ ახალი კრება ყოფილ კრებას. მაგალითად, შეიძლება ახალ კრებაში ძმები უფრო თავშეკავებულები ან პირიქით, ძალიან გახსნილები იყვნენ. ყურადღება მათ დადებით თვისებებზე გაამახვილეთ. თქვენც ხომ იგივეს მოელით მათგან?! ზოგი, ვინც 1 პეტ. 2:17).
სხვა კრებაში გადავიდა, დააფიქრა შემდეგმა კითხვამ: მართლა მიყვარს „მთელი საძმო“? („ითხოვეთ და მოგეცემათ“ (ლუკ. 11:9).
არ შეწყვიტოთ ლოცვა. ერთი უხუცესი, სახელად დანიელი, გვირჩევს: „ნუ ეცდებით, მარტო გაუმკლავდეთ საკუთარ გრძნობებს. ბევრი რამის გაკეთება მხოლოდ იეჰოვას დახმარებით შეგვიძლია, ამიტომ ილოცეთ ამ საკითხზე!“. ზემოხსენებული რეიჩელიც იზიარებს მის აზრს. «თუ ზოგჯერ მე და ჩემი მეუღლე კრების სრულფასოვან წევრებად ვერ ვგრძნობთ თავს, იეჰოვას ასეთი სიტყვებით მივმართავთ: „გთხოვ, დაგვანახვე, რამეს ისე ხომ არ ვაკეთებთ, რის გამოც სხვებს უჭირთ ჩვენთან დაახლოება“. ამის შემდეგ ვცდილობთ, უფრო მეტი დრო გავატაროთ და-ძმებთან».
მშობლებო, თუ თქვენს შვილებს უჭირთ ახალ კრებასთან შეგუება, ილოცეთ მათთან ერთად ამ საკითხზე. შეეცადეთ, რომ თქვენს შვილებს ურთიერთობა ჰქონდეთ სულიერად მოწიფულ და-ძმებთან. ამგვარად, მათ ახალი მეგობრების შეძენაში დაეხმარებით.
დაეხმარეთ ახლებს, კრების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი
რა შეგიძლიათ გააკეთოთ მათთვის, ვინც თქვენს კრებაში ეს-ესაა გადმოვიდა? ეცადეთ, თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა განავითაროთ მათთან. თავი მათ ადგილას წარმოიდგინეთ და დაფიქრდით, რა გესიამოვნებოდათ, თქვენ რომ ახალი გადასული ყოფილიყავით სხვა კრებაში, შემდეგ კი შესაბამისად იმოქმედეთ (მათ. 7:12). შეგიძლიათ ისინი ოჯახურ თაყვანისცემაზე დაპატიჟოთ ან ერთად უყუროთ JW მაუწყებლობის ყოველთვიურ პროგრამას? შეგიძლიათ მათთან ერთად იმსახუროთ? თუ სადილად დაპატიჟებთ, იცოდეთ, რომ თქვენ მიერ გამოვლენილი სტუმართმოყვარეობა მათ დიდხანს ემახსოვრებათ. კიდევ რა შეგიძლიათ გააკეთოთ კრების ახალი წევრების დასახმარებლად?
„როცა ახალ კრებაში გადავედით, ერთმა დამ ის მაღაზიები ჩამოგვიწერა, სადაც შედარებით დაბალი ფასები იყო. ეს ინფორმაცია ძალიან გამოგვადგა“, — ამბობს კარლოსი. ის და-ძმები, რომლებიც მანამდე განსხვავებულ კლიმატურ პირობებში ცხოვრობდნენ, დიდად მადლიერი დაგრჩებიან, თუ ეტყვით, როგორ ჩაიცვან სიცხეში, სიცივეში ან წვიმიან ამინდში. მათ გაუადვილდებათ მსახურება, თუ წარმოდგენას შეუქმნით კრების სამქადაგებლო ტერიტორიაზე და გააცნობთ ადგილობრივი ხალხის რელიგიურ შეხედულებებს.
ცვლილებებთან შეგუება ღირს ძალისხმევად
სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ალენი წელიწადზე მეტია, რაც ახალ კრებაში მსახურობს. ის ამბობს: „თავიდან თავს ძალას ვატანდი, რომ და-ძმები გამეცნო. მაგრამ ახლა ისინი ჩემთვის ოჯახის წევრებივით არიან, რაც ძალიან მახარებს“. ალენი მიხვდა, რომ კრების შეცვლით მან მეგობრები კი არ დაკარგა, არამედ უფრო მეტი შეიძინა, რომლებთან მეგობრობაც, ალბათ, მთელი ცხოვრება გასტანს.
^ აბზ. 2 ზოგი სახელი შეცვლილია.