არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 7

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 51 ღმერთს მივუძღვენით თავი

გაქვთ ნაზირების მსგავსი განწყობა?

გაქვთ ნაზირების მსგავსი განწყობა?

„ნაზირობის დროს იეჰოვას თვალში ის წმინდა იქნება“ (ᲠᲘᲪᲮ. 6:8).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიაში განვიხილავთ ნაზირების მაგალითს და გავიგებთ, როგორ განვივითაროთ თავგანწირვის სულისკვეთება და გაბედულება.

1. როგორი განწყობა ჰქონდათ ოდითგანვე ღვთის თაყვანისმცემლებს?

 ᲔᲭᲕᲒᲐᲠᲔᲨᲔᲐ, დიდ პატივად მიიჩნევთ იეჰოვასთან ურთიერთობას. მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდათ წარსულში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებსაც (ფსალმ. 104:33, 34). ბევრ მათგანს იეჰოვას გულისთვის დიდ მსხვერპლზე მოუწია წასვლა. ზუსტად ასე იყო ნაზირების შემთხვევაშიც. ვინ იყვნენ ისინი და რა მხრივ არიან ჩვენთვის სამაგალითო?

2. ა) ვინ იყვნენ ნაზირები? (რიცხვები 6:1, 2). ბ) რატომ დებდა ზოგი ნაზირობის აღთქმას?

2 ებრაული სიტყვა „ნაზირ“ ნიშნავს „გამორჩეულს“, „გამოცალკევებულს“ ან „მიძღვნილს“. ის ზუსტად აღწერს იმ ისრაელების სულისკვეთებას, რომლებიც გარკვეულ მსხვერპლზე მიდიოდნენ, რათა იეჰოვასთვის განსაკუთრებული სახით ემსახურათ. მოსეს კანონის თანახმად, როგორც ქალს, ისე კაცს, შეეძლო განსაკუთრებული აღთქმა დაედო იეჰოვასთვის, რომ რაღაც დროით ნაზირად იმსახურებდა (წაიკითხეთ რიცხვების 6:1, 2). a მას, ვინც აღთქმას დებდა, ისეთი მითითებების დაცვა მოეთხოვებოდა, რომლებიც სხვა ისრაელებზე არ ვრცელდებოდა. ამიტომ შეიძლება ვინმემ იკითხოს, საერთოდ რატომ უჩნდებოდა ადამიანს სურვილი, ნაზირობის აღთქმა დაედო? როგორც ჩანს, ამისკენ მას იეჰოვასადმი დიდი სიყვარული და ღრმა მადლიერების გრძნობა უბიძგებდა (კან. 6:5; 16:17).

3. რა მსგავსებაა ნაზირებსა და თანამედროვე დროს მცხოვრებ ღვთის მსახურებს შორის?

3 პირველ საუკუნეში მოსეს კანონი „ქრისტეს კანონმა“ ჩაანაცვლა, რომელიც უკვე აღარ ითვალისწინებდა ნაზირად მსახურებას (გალ. 6:2; რომ. 10:4). თუმცა იეჰოვას მსახურები კვლავაც ავლენენ ნაზირების მსგავს განწყობას და მთელი გულით, სულით და ძალით ემსახურებიან მას (მარ. 12:30). ჩვენ საკუთარი ნებით ვდებთ მიძღვნის აღთქმას და ღმერთს ვპირდებით, რომ მის ნებას ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენებთ და საჭიროების შემთხვევაში მსხვერპლზეც წავალთ. ამიტომ იმის განხილვა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ ნაზირებს დადებული პირობისადმი, ჩვენც ბევრ რამეს გვასწავლის (მათ. 16:24). b განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

ᲒᲥᲝᲜᲓᲔᲗ ᲗᲐᲕᲒᲐᲜᲬᲘᲠᲕᲘᲡ ᲡᲣᲚᲘᲡᲙᲕᲔᲗᲔᲑᲐ

4. რა მსხვერპლზე მიდიოდნენ ნაზირები და რატომ არ იქნებოდა ეს ადვილი? (რიცხვები 6:3, 4).

4 წაიკითხეთ რიცხვების 6:3, 4. ნაზირებს არანაირი მათრობელი სასმელი არ უნდა მიეღოთ და უნდა მორიდებოდნენ როგორც ყურძენს, ისე ყველაფერს, რაც ყურძნისგან იყო დამზადებული. არადა, ჩვეულებრივ, ისრაელები სიამოვნებით მიირთმევდნენ ამ ყველაფერს, რადგან ამაში, თავისთავად, ცუდი არაფერი იყო. ბიბლიიდან ჩანს, რომ ღვინო ღვთის ძღვენია და ღმერთმა ის ადამიანებს „გულის გამამხიარულებლად“ მისცა (ფსალმ. 104:14, 15). თუმცა ნაზირები მზად იყვნენ, მსხვერპლზე წასულიყვნენ და ყველა ამ სიამოვნებაზე უარი ეთქვათ. c

ნაზირების მსგავსად თქვენც ხართ მზად მსხვერპლზე წასასვლელად? (იხილეთ აბზაცები 4—6).


5. რა მსხვერპლი გაიღეს მადიანამ და მარსელამ და რატომ?

5 იეჰოვასთვის სრულად რომ დავიხარჯოთ, ჩვენც გვიწევს გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა. მოვიყვანოთ, მადიანასა და მისი ცოლის, მარსელას, მაგალითი. d მადიანას მაღალანაზღაურებადი სამსახური ჰქონდა და ისინი საკმაოდ მდიდრულ ბინაში ცხოვრობდნენ. თუმცა მათ დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ იეჰოვასთვის მეტად დახარჯულიყვნენ. ამ მიზნისთვის რომ მიეღწიათ, გარკვეული ცვლილებების მოხდენა დასჭირდათ. აი რას ამბობენ ისინი: „დავიწყეთ ხარჯების შემცირება, გადავედით უფრო პატარა ბინაში, გავყიდეთ მანქანა და მოპედი ვიყიდეთ“. რა თქმა უნდა, მადიანასა და მარსელას არავინ ავალდებულებდა ასე მოქცევას, მაგრამ მათ ეს თავად მოინდომეს, რადგან მსახურების გაფართოება სურდათ. ისინი უზომოდ კმაყოფილი და ბედნიერი არიან, რომ ასეთი არჩევანი გააკეთეს.

6. რა აღძრავთ ქრისტიანებს მსხვერპლის გაღებისკენ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

6 ბევრი ქრისტიანი სიხარულით მიდის მსხვერპლზე, რათა მეტი დრო დაუთმოს თეოკრატიულ საქმეებს (1 კორ. 9:3—6). იეჰოვა არ გვავალდებულებს, რომ ამგვარი მსხვერპლი გავიღოთ. ვერც იმას ვიტყვით, რომ რაზეც მსახურების გასაფართოებლად უარის თქმა გვიწევს, თავისთავად, ცუდია. მაგალითად, ზოგი კარგ სამსახურზე და სახლზე ამბობს უარს, ზოგიც — შინაური ცხოველის ყოლაზე, ზოგიც კი — გარკვეული დროის მანძილზე დაქორწინებასა თუ შვილების ყოლაზე. ზოგი იქ გადადის საცხოვრებლად, სადაც მქადაგებლების საჭიროებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლობლებისგან შორს მოუწევს ყოფნა. თუმცა ასეთ მსხვერპლს სიხარულით იღებენ, რადგან სურთ, საუკეთესო გაიღონ იეჰოვასთვის. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა ძალიან აფასებს მათ მსხვერპლს, იქნება ეს დიდი თუ მცირე (ებრ. 6:10).

ᲜᲣ ᲨᲔᲒᲠᲪᲮᲕᲔᲑᲐᲗ, ᲘᲧᲝᲗ ᲒᲐᲜᲡᲮᲕᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ

7. რატომ შეიძლება ზოგჯერ რთული ყოფილიყო ნაზირობის აღთქმის შესრულება? (რიცხვები 6:5; იხილეთ აგრეთვე სურათი).

7 წაიკითხეთ რიცხვების 6:5. ნაზირები თმას არ იჭრიდნენ, რითაც იეჰოვასადმი უპირობო მორჩილებას ცხადყოფდნენ. თუ ებრაელი დიდი ხნის განმავლობაში მსახურობდა ნაზირად, თმა ისე მოეზრდებოდა, რომ ამას სხვებიც შეამჩნევდნენ. თუ გვერდში მყოფები პატივს სცემდნენ მის გადაწყვეტილებას, განსხვავებულობა მას არანაირ პრობლემას არ შეუქმნიდა. თუმცა, სამწუხაროდ, ნაზირებს ყოველთვის არ აფასებდნენ და არ უჭერდნენ მხარს. მაგალითად, ამოსის სიტყვები: „თქვენ კი ნაზირებს ღვინოს ასმევდით“, შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ მისი მსახურების პერიოდში ხალხი ნაზირებს დადებული აღთქმის დარღვევისკენ უბიძგებდა (ამოს. 2:12). ასე რომ, ნაზირებისთვის ნამდვილად არ იქნებოდა ყოველთვის ადვილი, სხვებისგან განსხვავებული ყოფილიყვნენ.

თავისი აღთქმის ერთგულ ნაზირს არ რცხვენოდა, სხვებისგან განსხვავებული ყოფილიყო (იხილეთ აბზაცი 7).


8. განსაკუთრებით რამ გაგამხნევათ ბენიამინის შემთხვევიდან?

8 თუნდაც ხასიათით მორცხვი და გაუბედავი ვიყოთ, იეჰოვა შეგვმატებს გაბედულებას და არც ჩვენ მოგვერიდება, განსხვავებულები გამოვჩნდეთ სხვების თვალში. მოვიყვანოთ ნორვეგიაში მცხოვრები ერთი 10 წლის ძმის, ბენიამინის, მაგალითი. მის სკოლაში საომარ ვითარებაში მყოფი უკრაინის მხარდასაჭერად ღონისძიება მოეწყო, რა დროსაც უკრაინის დროშის ფერებში გამოწყობილ ბავშვებს სიმღერა უნდა ემღერათ. ბენიამინმა გადაწყვიტა, ღონისძიების ჩატარების ადგილიდან ცოტა მოშორებით დამდგარიყო. თუმცა მასწავლებელმა შენიშნა და ხმამაღლა დაუძახა: „აქ მოდი, ყველანი გელოდებით!“. ბენიამინიც მივიდა მასწავლებელთან და გაბედულად უთხრა: „მე პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ვიცავ და ასეთ ღონისძიებებში არ ვმონაწილეობ. სხვათაშორის, ბევრი იეჰოვას მოწმე ციხეშიც კი ზის იმის გამო, რომ ომში არ მიდის“. მასწავლებელი დააკმაყოფილა ახსნამ. თუმცა კლასელები მალევე არ მოეშვნენ მას. ბენიამინი ისე აღელდა, რომ კინაღამ ტირილი დაიწყო. თუმცა თავს მოერია და მთელ კლასსაც იგივე გაუმეორა, რაც მასწავლებელს უთხრა. მოგვიანებით ის მშობლებს მოუყვა, როგორ გრძნობდა იმ დროს იეჰოვას მხარდაჭერას.

9. რა შემთხვევაში შევძლებთ იეჰოვას გახარებას?

9 ჩვენ იეჰოვას ვემორჩილებით, რაც ავტომატურად სხვებისგან განსხვავებულს გვხდის. გაბედულება გვჭირდება, რომ სკოლაში თუ სამსახურში არასდროს დავმალოთ, ვინ ვართ. თუმცა, რაკი მსოფლიოში დღითი დღე ეცემა ზნეობრივი თუ მორალური ნორმები, შეიძლება კიდევ უფრო რთული გახდეს ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრება და სხვებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარება (2 ტიმ. 1:8; 3:13). მაგრამ გახსოვდეთ, იეჰოვას გულს ვუხარებთ, როცა ჩვენი განსხვავებულობის არ გვრცხვენია (იგავ. 27:11; მალ. 3:18).

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲜᲔᲑᲐ ᲞᲘᲠᲕᲔᲚ ᲐᲓᲒᲘᲚᲖᲔ ᲓᲐᲐᲧᲔᲜᲔᲗ

10. რატომ იქნებოდა რთული ნაზირებისთვის რიცხვების 6:6, 7-ში ჩაწერილი მითითების მიყოლა?

10 წაიკითხეთ რიცხვების 6:6, 7. ნაზირებს ეკრძალებოდათ გარდაცვლილთან მიახლოება. თუმცა ახლობლის სიკვდილის შემთხვევაში ამ მითითების დაცვა ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი. ებრაელებს დაკრძალვის ისეთი წეს-ჩვეულებები ჰქონდათ, რომ მგლოვიარეებს სულ უწევდათ მკვდართან შეხება (იოან. 19:39, 40; საქ. 9:36—40). მაგრამ ნაზირებს ამ წეს-ჩვეულებების დაცვა მაშინაც კი არ შეეძლოთ, როცა ოჯახის წევრი დაეღუპებოდათ. ასე მოქცევა და დადებული აღთქმის შესრულება მათი მხრიდან დიდ რწმენას მოითხოვდა. ეჭვგარეშეა, ასეთ რთულ დროს იეჰოვა აუცილებლად მისცემდა ძალას ამ ერთგულ მსახურებს.

11. რა უნდა ჰქონდეს ქრისტიანს გადაწყვეტილი? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

11 ჩვენც სერიოზულად ვეკიდებით მიძღვნის აღთქმას, რაც იმაზეც ახდენს გავლენას, თუ როგორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ და როგორ ვიქცევით, როცა საქმე ჩვენს ოჯახს ეხება. მართალია, გულმოდგინედ ვასრულებთ ოჯახურ ვალდებულებებს, მაგრამ ოჯახის წევრების სურვილებს იეჰოვას ნებაზე წინ არასდროს ვაყენებთ (მათ. 10:35—37; 1 ტიმ. 5:8). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ Შეიძლება მათ არ ესიამოვნოთ ჩვენი არჩევანი.

მზად ხართ, რომ ურთულეს სიტუაციებშიც კი იეჰოვას ნება ცხოვრებაში პირველ ადგილზე დააყენოთ? (იხილეთ აბზაცი 11). e


12. როგორ იქცეოდა ალექსანდრუ რთული ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად?

12 განვიხილოთ ერთი რეალური შემთხვევა. ერთმა ცოლ-ქმარმა, ალექსანდრუმ და დორინამ, იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. თუმცა ერთი წლის შემდეგ დორინამ უარი თქვა შესწავლაზე და ქმარსაც იგივე მოსთხოვა. ალექსანდრუმ მშვიდად და ტაქტიანად აუხსნა, რომ არ აპირებდა შესწავლის შეწყვეტას, რამაც დორინა ძალიან გააღიზიანა. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ქმარს თავი დაენებებინა შესწავლისთვის. ალექსანდრუ ყველანაირად ცდილობდა, გაეგო მეუღლისთვის, თუმცა ეს ადვილი არ იყო. ზოგჯერ ის იქამდე მიჰყავდა დორინას კრიტიკასა და უხეშობას, რომ შესწავლის შეწყვეტაზეც კი ფიქრობდა. მიუხედავად ამისა, ალექსანდრუმ შეძლო, ცხოვრებაში პირველ ადგილზე იეჰოვას ნება დაეყენებინა, თუმცა, ამავე დროს, ცოლის მიმართაც უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას ავლენდა. საბოლოოდ, მისმა მაგალითმა დორინას შესწავლის გაგრძელების სურვილი აღუძრა და იეჰოვასაც მიუძღვნა თავი (ვებგვერდზე jw.org ვიდეორუბრიკაში „ჭეშმარიტება ცვლის ცხოვრებას“ იხილეთ ვიდეო „ალექსანდრუ და დორინა ვაკარები: სიყვარული სულგრძელი და კეთილია“).

13. რით ვაჩვენებთ, რომ გვიყვარს იეჰოვაც და ჩვენი ოჯახიც?

13 ოჯახის ინსტიტუტს საფუძველი იეჰოვამ ჩაუყარა და სურს, რომ ოჯახის თითოეული წევრი ბედნიერი იყოს (ეფეს. 3:14, 15). ამიტომ თუ გვინდა, ნამდვილად ბედნიერები ვიყოთ, მის ხელმძღვანელობას უნდა მივყვეთ. დარწმუნებული იყავით, იეჰოვა ძალიან აფასებს, რომ მის ნებას პირველ ადგილზე აყენებთ, თუმცა, იმავდროულად, ზრუნავთ ოჯახის წევრებზე და მათ სიყვარულითა და პატივისცემით ექცევით (რომ. 12:10).

ᲡᲮᲕᲔᲑᲨᲘᲪ ᲒᲐᲐᲦᲕᲘᲕᲔᲗ ᲜᲐᲖᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲒᲐᲜᲬᲧᲝᲑᲐ

14. განსაკუთრებით ვის გამხნევებას უნდა ვეცადოთ?

14 მართალია, იეჰოვას ყველა მსახური მზადაა მსხვერპლზე წასასვლელად, რადგან უყვართ ის, მაგრამ ამის გაკეთება ყოველთვის არ არის ადვილი. ამიტომ ღირს იმაზე დაფიქრება, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს თავგანწირვის სულისკვეთების გამოვლენაში. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ჩვენი საუბრები სხვებისთვის წამახალისებელი იქნება (იობ. 16:5). გყავთ კრებაში ისეთი და-ძმები, რომლებიც ცდილობენ, გაიმარტივონ ცხოვრება და უფრო მეტად ჩაერთონ თეოკრატიულ საქმეებში? იცნობთ ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც თამამად აფიქსირებენ სკოლაში თავიანთ პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილი არ არის მათთვის? ბიბლიის შემსწავლელი ან რომელიმე თანაქრისტიანი ხომ არ ხვდება ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობას? კარგი იქნება, თუ ყოველთვის გამოძებნით შესაძლებლობას, რომ შეაქოთ ისინი თავგანწირული სულისკვეთებისა და გაბედულებისთვის (ფლმ. 4, 5, 7).

15. როგორ უჭერს ზოგი მხარს სრული დროით მსახურებს?

15 ხანდახან შეიძლება იმის საშუალებაც გვქონდეს, რომ ხელი გავუმართოთ სრული დროით მსახურებს (იგავ. 19:17; ებრ. 13:16). ეს ასე მოხდა შრი-ლანკაში მცხოვრები ერთი ასაკოვანი დის შემთხვევაში, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა სრული დროით მსახურთა დახმარების სურვილი. როცა მას პენსია გაუზარდეს, გადაწყვიტა, ფინანსურად დახმარებოდა ორ ახალგაზრდა პიონერს, რომ გაეგრძელებინათ სრული დროით მსახურება. ის ყოველთვიურად გარკვეულ თანხას აძლევდა მათ სატელეფონო ხარჯების დასაფარავად. ამ ძვირფასი დის განწყობა ნამდვილად სამაგალითოა ჩვენთვის.

16. რას გვიმხელს ის ფაქტი, რომ ღვთის ხალხს ნაზირად მსახურება შეეძლო?

16 ჩვენ მართლაც ბევრ რამეს ვსწავლობთ ნაზირებისგან, რომლებიც საკუთარი სურვილით მიდიოდნენ მსხვერპლზე. თუმცა ის ფაქტი, რომ ღვთის ხალხს ნაზირად მსახურება შეეძლო, ჩვენი ზეციერი მამის შესახებაც ბევრს გვიმჟღავნებს. მაგალითად, მას ეჭვი არ ეპარება, რომ გულწრფელად გვსურს მის მოსაწონად ცხოვრება და მიძღვნის აღთქმის შესასრულებლად მსხვერპლზე წასასვლელადაც ვართ მზად. ის იმის შესაძლებლობასაც გვაძლევს, რომ საქმით დავუმტკიცოთ სიყვარული (იგავ. 23:15, 16; მარ. 10:28—30; 1 იოან. 4:19). ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენი მსხვერპლი და აფასებს მას. დაე ყოველთვის გვქონდეს იმის ძლიერი სურვილი, რომ იეჰოვასთვის საუკეთესო გავიღოთ!

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • საიდან ჩანდა, რომ ნაზირად მსახურება თავგანწირვის სულისკვეთებასა და გაბედულებას მოითხოვდა?

  • როგორ გავუღვივოთ სხვებსაც ნაზირების მსგავსი განწყობა?

  • რას გვიმხელს იეჰოვას შესახებ ის ფაქტი, რომ ღვთის ხალხს ნაზირად მსახურება შეეძლო?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 124 მუდამ ერთგულები

a უშუალოდ ღმერთმა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დანიშნა ნაზირად, უმეტესობამ, როგორც ჩანს, ასეთი მსახურება ნებაყოფლობით აირჩია (იხილეთ ჩარჩო „იეჰოვას მიერ დანიშნული ნაზირები“).

b ზოგჯერ ჩვენს პუბლიკაციებში ნაზირები სრული დროით მსახურებს არიან შედარებული. თუმცა ამ სტატიაში საუბარია იმაზე, როგორ შეუძლია ღვთის ყველა მიძღვნილ მსახურს ნაზირების მსგავსი სულისკვეთების გამოვლენა.

c როგორც ჩანს, ნაზირებს არანაირი დავალების შესრულება არ მოეთხოვებოდათ.

d ვებგვერდზე jw.org სტატიათა სერიაში „იეჰოვას მოწმეების შემთხვევები“ იხილეთ სტატია „გადავწყვიტეთ, ცხოვრება გაგვემარტივებინა“.

e ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ნაზირი სახლის ბანიდან უყურებს ოჯახის წევრის დაკრძალვის ცერემონიალს, თუმცა დადებული აღთქმის გამო არ შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება.