რას გააკეთებს ღმერთი მომავალში?
თუ რამე გაგიჭირდებათ, ალბათ, ახლო მეგობარს მიმართავთ დახმარებისთვის, რადგან დარწმუნებული ხართ, რომ ასეთ დროს გვერდში დაგიდგებათ. მაგრამ ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთი არაფერს აკეთებს მათთვის და ამიტომ ასეთი მეგობარი ვერ იქნება. სინამდვილეში ღმერთმა უკვე ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენთვის და მალე ყველა პრობლემას მოგვაშორებს და ყოველგვარ ტანჯვას ბოლოს მოუღებს.
ᲑᲝᲚᲝ ᲛᲝᲔᲦᲔᲑᲐ ᲧᲝᲕᲔᲚᲒᲕᲐᲠ ᲑᲝᲠᲝᲢᲔᲑᲐᲡ
ბოროტება მეტად აღარ იარსებებს, რადგან ღმერთი ბოროტების მიზეზს აღმოფხვრის. ბიბლია გვიმხელს, თუ საიდან იღებს სათავეს ბოროტება: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). ეს ბოროტი სხვა არავინაა, თუ არა სატანა ეშმაკი, რომელსაც იესომ „ქვეყნიერების მმართველი“ უწოდა (იოანე 12:31). დღეს რომ დედამიწაზე ასეთი სავალალო მდგომარეობაა, სწორედ იმით აიხსნება, რომ სატანა ახდენს ადამიანებზე გავლენას.
იეჰოვა ღმერთი მალე თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით ბოლოს მოუღებს მას, „ვინც სიკვდილს იწვევს“, ანუ ეშმაკს (ებრაელები 2:14; 1 იოანე 3:8). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ეშმაკმაც კარგად უწყის, რომ მას განადგურებამდე „დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12) ღმერთი მათაც მოსპობს, ვინც ბოროტებას სჩადის (ფსალმუნი 37:9; იგავები 2:22).
ᲓᲔᲓᲐᲛᲘᲬᲐ ᲡᲐᲛᲝᲗᲮᲔᲓ ᲒᲐᲓᲐᲘᲥᲪᲔᲕᲐ
მას შემდეგ, რაც ბოროტებას ბოლო მოეღება, ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედი კაცობრიობასა და დედამიწასთან დაკავშირებით თავის თავდაპირველ განზრახვას სისრულეში მოიყვანს. როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება?
მარადიულად გავიხარებთ მშვიდობით და უსაფრთხოდ ვიცხოვრებთ. „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:11).
უხვად გვექნება ჯანსაღი საკვები. „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:16).
გვექნება კეთილმოწყობილი სახლები და სასიამოვნო სამუშაო. „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, ჩაყრიან ვაზს და შეჭამენ მის ნაყოფს . . . თავად მოიხმარენ სრულად თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:21, 22).
ალბათ, თქვენც ნატრობთ ასეთ პირობებში ცხოვრებას. ძალიან მალე ეს ჩვეულებრივი რამ გახდება ყველასთვის.
ᲐᲦᲐᲠ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲐᲕᲐᲓᲛᲧᲝᲤᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲘ
დღეს ავადმყოფობა და სიკვდილი ყველა ადამიანის ხვედრია, მაგრამ ცოტა ხანში ყველაფერი შეიცვლება. ძალიან მალე ღმერთი იესოს გამოსასყიდის საფუძველზე იხსნის ადამიანებს, რათა ყველას, „ვისაც ის [იესო] სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). როგორ აისახება ეს ჩვენზე?
აღარ იქნება ავადმყოფობა. „არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო. იმ მიწის მკვიდრთ ეპატიებათ დანაშაული“ (ესაია 33:24).
სიკვდილი მეტად აღარ დარევს ხელს ადამიანებს. „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველას მოსწმენდს ცრემლს სახიდან უზენაესი უფალი იეჰოვა“ (ესაია 25:8).
მარადიულად ვიცხოვრებთ. „ღვთისგან ბოძებული ძღვენი – მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომაელები 6:23).
მკვდრები აღდგებიან. „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). ეს ღვთის მიერ გაღებული გამოსასყიდის წყალობით გახდება შესაძლებელი.
როგორ მოახდენს ღმერთი ამ ცვლილებებს?
ᲦᲛᲔᲠᲗᲛᲐ ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ ᲓᲐᲐᲤᲣᲫᲜᲐ
ღმერთი კაცობრიობასა და დედამიწასთან დაკავშირებულ თავის განზრახვას სისრულეში ზეციერი ხელისუფლების მეშვეობით მოიყვანს, რომლის სათავეშიც იესო ქრისტე დგას (ფსალმუნი 110:1, 2). სწორედ ეს ხელისუფლება ანუ სამეფო ჰქონდა მხედველობაში იესოს, როცა თავის მიმდევრებს ასწავლა, ასე ელოცათ: „ჩვენო ზეციერო მამა . . . მოვიდეს შენი სამეფო“ (მათე 6:9, 10).
ღვთის სამეფო მთელ დედამიწაზე იმმართველებს და ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას. ამაზე უკეთეს ხელისუფლებას ვერც ვინატრებთ! ამიტომაც არ იშურებდა იესო ძალ-ღონეს დედამიწაზე მსახურების დროს, რომ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ გაეცხადებინა, და იმავეს გაკეთება თავის მოწაფეებსაც დაავალა (მათე 4:23; 24:14).
თავისი უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარე იეჰოვა ღმერთი გვპირდება, რომ ყველა ამ დანაპირებს შეასრულებს. ალბათ თქვენც გაგიჩნდათ მისი გაცნობის და მასთან დაახლოების სურვილი. მომდევნო სტატიიდან გაიგებთ, რა კურთხევებს მიიღებთ, თუ ასე მოიქცევით.
ᲠᲐᲡ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲔᲑᲡ ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲨᲘ? ღმერთი ბოლოს მოუღებს ავადმყოფობას და სიკვდილს; თავისი ზეციერი ხელისუფლების მეშვეობით ადამიანებს გააერთიანებს და დედამიწას სამოთხედ აქცევს