მალე დედამიწა სამოთხედ იქცევა!
ღმერთმა დედამიწა იმ მიზნით შექმნა, რომ მასზე მართალ ადამიანებს მარადიულად ეცხოვრათ (ფსალმუნი 37:29). მან პირველი წყვილი, ადამი და ევა, ედემის ულამაზეს ბაღში დაასახლა და დაავალა, დაემუშავებინათ მიწა და ეზრუნათ მასზე (დაბადება 1:28; 2:15).
სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოს ბევრი არაფერი აქვს საერთო ღვთის მიერ შექმნილ სამოთხესთან. თუმცა იეჰოვას განზრახვა უცვლელია. როგორ მოიყვანს მას ღმერთი სისრულეში? როგორც წინა სტატიებიდან შევიტყვეთ, იგი დედამიწას არ მოსპობს. მეტიც, მასზე ღვთის ერთგული ადამიანები იცხოვრებენ. მაშ, როგორი ცხოვრება იქნება მას შემდეგ, რაც ღმერთი ბოლომდე შეასრულებს თავის განზრახვას?
ერთი ხელისუფლება
მალე, როცა ღვთის ზეციერი ხელისუფლება მთელ კაცობრიობაზე იმმართველებს, დედამიწაზე ბედნიერება დაისადგურებს — ადამიანები შეხმატკბილებულად იცხოვრებენ და სიამოვნების მომგვრელი საქმით გაიხარებენ. მიწიერი მმართველებისგან განსხვავებით, იესო, ღვთის მიერ დანიშნული მეფე, საუკეთესოდ იზრუნებს თავის ქვეშევრდომებზე. ის მოსიყვარულე, კეთილი, გულმოწყალე და სამართლიანი მმართველი იქნება (ესაია 11:4).
ერთიანი მსოფლიო
მსოფლიო არ დაიქსაქსება ეთნიკური და ეროვნული ნიშნით. ღვთისმოშიში საზოგადოება ერთიანი იქნება (გამოცხადება 7:9, 10). ყველას ეყვარება ღმერთი და მოყვასი; ისინი მხარდამხარ იშრომებენ, რათა ხორცი შეასხან ღვთის თავდაპირველ განზრახვას და მთელი დედამიწა სამოთხედ გადააქციონ (ფსალმუნი 115:16).
ეკოლოგიურად სუფთა გარემო
როდესაც ღვთის სამეფოს მმართველობა მთელ დედამიწაზე განივრცობა, შემოქმედი ბუნების ძალებსაც სრულად გააკონტროლებს (ფსალმუნი 24:1, 2). დედამიწაზე ყოფნისას იესომ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ჩააცხრო ქარიშხალი, რითაც წარმოდგენა შეგვიქმნა, რამხელა ძალას ფლობს ყოველივეს შემოქმედი (მარკოზი 4:39, 41). ქრისტეს მმართველობის დროს არავის ექნება სტიქიის შიში. ღვთის სამეფოს წყალობით კაცსა და ბუნებას შორის ჰარმონია აღდგება (ოსია 2:18).
სრულყოფილი ჯანმრთელობა და უხვი საკვები
ყველას სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნება. აღარ იარსებებს ავადმყოფობა, სიბერე და სიკვდილი (ესაია 35:5, 6). მთელ დედამიწაზე ეკოლოგიურად სუფთა გარემო იქნება, სწორედ ისეთი, როგორიც თავდაპირველად ედემის ბაღში იყო. სამოთხედქცეულ დედამიწაზე უხვი მოსავალი მოვა და ყველას საკმარისად ექნება საკვები (დაბადება 2:9). როგორც ღვთის რჩეულ ერს, ისრაელს, არ აკლდა საკვები აღთქმულ მიწაზე, ისე სამოთხედქცეულ დედამიწაზე არავინ იქნება მშიერი (ლევიანები 26:4, 5).
ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება
ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ადამიანები მშვიდობით დატკბებიან და ერთმანეთს კეთილად და სამართლიანად მოეპყრობიან. აღარ იქნება ომები, არავინ გამოიყენებს ძალაუფლებას ბოროტად და არავის მოუწევს არსებობისთვის ბრძოლა. ბიბლია გვპირდება: „თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ შეაშინებს მათ“ (მიქა 4:3, 4).
საკუთარი სახლ-კარი და კმაყოფილების მომგვრელი საქმე
ყველა ოჯახს ექნება საკუთარი სახლ-კარი და არავის ექნება მისი დაკარგვის შიში. ამასთანავე, ადამიანის შრომა არ იქნება ფუჭი. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ადამიანები „ტყუილუბრალოდ არ გაირჯებიან“ (ესაია 65:21—23).
ღვთიური განათლება
ბიბლიაში ვკითხულობთ: „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება“ (ესაია 11:9). ღვთისმოშიში ადამიანები თავიანთი შემოქმედის, იეჰოვას, უშრეტ სიბრძნეს ეზიარებიან და ბევრ რამეს ისწავლიან მისი შემოქმედების შესახებ. ისინი თავიანთ ცოდნას სხვების საზიანოდ არ გამოიყენებენ და არ შექმნიან საომარ იარაღს (ესაია 2:4). ნაცვლად ამისა, ხალხი მშვიდობიან თანაცხოვრებას და დედამიწის მოფრთხილებას ისწავლის (ფსალმუნი 37:11).
უსასრულო სიცოცხლე
ღმერთმა თავის მხრივ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ დედამიწაზე საცხოვრებლად იდეალური გარემო ყოფილიყო. მისი სურვილია, ჩვენს ლამაზ პლანეტაზე ყველამ გაიხაროს მარადიული სიცოცხლით (ფსალმუნი 37:29; ესაია 45:18). თავდაპირველი განზრახვის შესასრულებლად ღმერთი „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს“ (ესაია 25:8). ბიბლიაში ისიცაა ნათქვამი, რომ „აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:4). ღმერთი ყველას მისცემს მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობას. უსასრულო სიცოცხლით გაიხარებს როგორც ქვეყნიერების აღსასრულს გადარჩენილი ხალხი, ისე მკვდრეთით აღმდგარი უამრავი ადამიანი (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15).
შეიტყვეთ მეტი, თუ რისი გაკეთება გმართებთ, რომ გადაურჩეთ ქვეყნიერების აღსასრულს და იცხოვროთ უკეთეს მსოფლიოში. იეჰოვას მოწმეები გთავაზობენ ბიბლიის უფასო სასწავლო კურსს წიგნით, „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“.