არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ნიშნავს ქვეყნიერების აღსასრული?

რას ნიშნავს ქვეყნიერების აღსასრული?

შესაძლოა გსმენიათ, რომ ბიბლია ამ ქვეყნიერების აღსასრულზე საუბრობს (1 იოანე 2:17). ნიშნავს ეს, რომ კაცობრიობას ემუქრება საფრთხე ან ჩვენი პლანეტა უდაბურ და უსიცოცხლო ადგილად იქცევა?

ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ᲒᲕᲐᲠᲬᲛᲣᲜᲔᲑᲡ, ᲠᲝᲛ ᲔᲡ ᲐᲡᲔ ᲐᲠ ᲛᲝᲮᲓᲔᲑᲐ.

რა არ განადგურდება?

ᲙᲐᲪᲝᲑᲠᲘᲝᲑᲐ

ბიბლიაში ნათქვამია: ღმერთს „ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია [დედამიწა], დასასახლებლად შექმნა“ (ᲔᲡᲐᲘᲐ 45:18).

ᲓᲔᲓᲐᲛᲘᲬᲐ

ბიბლიაში ნათქვამია: „თაობა მიდის, თაობა მოდის, დედამიწა კი მარადიულად რჩება“ (ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲐᲡᲢᲔ 1:4).

ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ ᲔᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘ: ბიბლიის თანახმად, დედამიწა არასდროს განადგურდება და ყოველთვის დასახლებული იქნება. მაშ, რა იგულისხმება ქვეყნიერების აღსასრულში?

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: ბიბლია დღევანდელი ქვეყნიერების ბოლო დღეებს წარღვნამდელ პერიოდს ადარებს. ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ ნოეს დროს დედამიწა ძალადობით იყო სავსე (დაბადება 6:13). თუმცა ნოე მართალი კაცი იყო, რის გამოც ღმერთმა მას და მის ოჯახს სიცოცხლე შეუნარჩუნა, ბოროტები კი წარღვნით მოსპო. ბიბლიაში ვკითხულობთ: „წაილეკა იმდროინდელი ქვეყნიერება“ (2 პეტრე 3:6). წარღვნის შედეგად ბოროტი ხალხი განადგურდა და არა დედამიწა. შესაბამისად, როცა ბიბლია აღსასრულზე საუბრობს, ბოროტი ადამიანებისა და მათ მიერ შექმნილი წყობის განადგურებას გულისხმობს და არა ჩვენი პლანეტის მოსპობას.

რა განადგურდება?

ᲑᲝᲠᲝᲢᲔᲑᲐ

ბიბლიაში ნათქვამია: „ცოტაც და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 37:10, 11).

ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ ᲔᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘ: ნოეს დროს მომხდარი წარღვნის შედეგად ბოროტება ერთხელ და სამუდამოდ არ აღმოფხვრილა. ბოროტი ადამიანები ისევ მომრავლდნენ და ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. თუმცა მალე ღმერთი თავისი სამეფოს მეშვეობით, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებს, საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ბოროტებას. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „აღარ იქნება ბოროტი“.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: რა რეაქცია ექნებათ მიწიერ მმართველებს, როცა ღმერთი კაცობრიობის საქმეებში ჩაერევა? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ისინი ღვთის სამეფოს მმართველობას სიხარულით არ შეხვდებიან. მეტიც, უგუნურად მოიქცევიან და დაუპირისპირდებიან ღმერთს (ფსალმუნი 2:2). რა შედეგით დასრულდება ეს ყოველივე? ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ყველა მიწიერ მმართველობას, „თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44). რატომ დაუსვამს ღმერთი წერტილს ადამიანურ მმართველობას?

ადამიანური მმართველობა უნდა ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲓᲔᲡ!

ბიბლიაში ნათქვამია: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; კაცს საკუთარი ცხოვრების წარმართვა არ შეუძლია“ (ᲘᲔᲠᲔᲛᲘᲐ 10:23).

ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ ᲔᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘ: ღმერთს ადამიანები მმართველობის უნარით არ შეუქმნია. ამიტომ მათი ყოველი მცდელობა, მართონ სხვები და გადაჭრან პრობლემები, კრახით სრულდება.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ დღეს არსებული მთავრობები „უძლურნი არიან, აღმოფხვრან გლობალური პრობლემები: სიღარიბე, შიმშილი, ავადმყოფობა, სტიქიური უბედურებები, ომები თუ ძალადობა . . . ზოგის აზრით, ზემოხსენებული პრობლემები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყდება, თუკი მსოფლიოში მხოლოდ ერთი მთავრობა იმმართველებს“ (Britannica Academic). თუმცა დედამიწის ზურგზე არსებული ყველა მთავრობაც რომ გაერთიანდეს, მსოფლიოს მაინც არასრულყოფილი მმართველები ეყოლება, რომელთაც არ ძალუძთ გლობალური პრობლემების გადაჭრა. ამის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სამეფოს ხელეწიფება!

როგორც ბიბლიიდან დავინახეთ, კარგ ადამიანებს ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული არ უნდა აშინებდეთ. პირიქით, მათ უნდა ახარებდეთ იმის ცოდნა, რომ მალე ამ დრომოჭმულ ქვეყნიერებას ღვთის ახალი ქვეყნიერება ჩაანაცვლებს!

როდის მოხდება ეს? მომდევნო სტატიაში ამ კითხვაზეც მივიღებთ პასუხს ბიბლიიდან.