რა თქვა იესომ ქვეყნიერების აღსასრულზე?
როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, ბიბლია „ქვეყნიერების აღსასრულში“ ბოროტი ადამიანებისა და მათ მიერ შექმნილი წყობის განადგურებას გულისხმობს და არა კაცობრიობისა და დედამიწის მოსპობას. მაგრამ გვიმხელს ღვთის სიტყვა, როდის დადგება ეს დღე?
ᲐᲦᲡᲐᲡᲠᲣᲚᲖᲔ ᲡᲐᲣᲑᲠᲘᲡᲐᲡ ᲘᲔᲡᲝᲛ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲛᲘᲛᲓᲔᲕᲠᲔᲑᲡ ᲛᲝᲣᲬᲝᲓᲐ:
„იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღესა და საათზე მოხდება ეს“ (ᲛᲐᲗᲔ 25:13).
„ყურადღებით იყავით და იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება დანიშნული დრო“ (ᲛᲐᲠᲙᲝᲖᲘ 13:33).
როგორც ამ მუხლებიდან დავინახეთ, ადამიანთაგან ზუსტად არავინ იცის, როდის დადგება აღსასრული. მაგრამ ღმერთს დანიშნული აქვს დრო, „დღე და საათი“, როცა ბოროტებით სავსე ქვეყნიერებას ბოლოს მოუღებს (მათე 24:36). ნიშნავს ეს იმას, რომ ეს დღე სრულიად მოულოდნელად დაგვატყდება თავს? სრულებითაც არა! იესომ მოწაფეებს მოუწოდა, დაკვირვებოდნენ მოვლენებს, რომლებიც აღსასრულის მოახლოების მომასწავებელი იქნებოდა.
ᲜᲘᲨᲐᲜᲘ
იესოს მიერ ჩამოთვლილი მოვლენები კარს მომდგარი აღსასრულის ნიშანი იქნებოდა. მან თქვა: „ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ (მათე 24:3, 7). ბოლო დღეებზე საუბრისას იესომ ეპიდემიებიც მოიხსენია (ლუკა 21:11). თქვენც ხედავთ, როგორ სრულდება იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები მოვლენები?
დღეს მთელ მსოფლიოში ომები, შიმშილი და დაავადებები მძვინვარებს; ხშირია მიწისძვრებიც. მაგალითად, 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, რამაც დაახლოებით 225 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამ წელიწადში ᲙᲝᲕᲘᲓ-19-ის პანდემიამ 6, 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იესომ თქვა, რომ ეს მოვლენები ქვეყნიერების აღსასრულის მიმანიშნებელი იქნებოდა.
„ᲑᲝᲚᲝ ᲓᲦᲔᲔᲑᲘ“
ბიბლია ქვეყნიერების აღსასრულის წინა პერიოდს „ბოლო დღეებს“ უწოდებს (2 პეტრე 3:3, 4). 2 ტიმოთეს 3:1—5-დან ვიგებთ, რომ ბოლო დღეებში ზნეობრივი ნორმები გაუფასურდებოდა (იხილეთ ჩარჩო „ვიდრე აღსასრული დადგება“). ამჩნევთ, რომ, რაც დრო გადის, ადამიანები უფრო ეგოისტები, ხარბები, სასტიკები და გულცივები ხდებიან? ხალხის ასეთი მორალური დეგრადაცია იმაზე მეტყველებს, რომ „ბოლო დღეების“ მიწურულს ვცხოვრობთ.
რამდენ ხანს გასტანს „ბოლო დღეები“? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ღმერთი მოსპობს დედამიწის მომსპობთ (გამოცხადება 11:15—18; 12:12).
ᲛᲐᲚᲔ ᲓᲔᲓᲐᲛᲘᲬᲐ ᲡᲐᲛᲝᲗᲮᲔᲓ ᲒᲐᲓᲐᲘᲥᲪᲔᲕᲐ!
ღმერთს უკვე დანიშნული აქვს დღე და საათი, როცა ბოლოს მოუღებს ამ ბოროტებით სავსე ქვეყნიერებას (მათე 24:36). გვახარებს იმის ცოდნაც, რომ მას „არ სურს,.. ვინმე დაიღუპოს“ (2 პეტრე 3:9). ღმერთი ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, ცხოვრება მის მაღალზნეობრივ ნორმებს შეუსაბამონ, რათა გადაურჩნენ აღსასრულს და ახალ ქვეყნიერებაში, სამოთხედქცეულ დედამიწაზე იცხოვრონ.
დღეს ღმერთი ხელმძღვანელობს სამქადაგებლო საქმიანობას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს. ქადაგების მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ღვთის სამეფოს შესახებ და გახდეს მისი ქვეშევრდომი. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში“ იქადაგებდნენ (მათე 24:14). იეჰოვას მოწმეები ქადაგებისა და სწავლების საქმეს მილიარდობით საათს უთმობენ. იესოს სიტყვების თანახმად, ქვეყნიერების აღსასრულამდე სასიხარულო ცნობა დედამიწის კიდით-კიდემდე იქნებოდა ნაქადაგები.
ადამიანთა მმართველობისთვის გამოყოფილი დრო იწურება. თუმცა საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია გადავურჩეთ აღსასრულს და ვიცხოვროთ ღვთის მიერ დაპირებულ სამოთხედქცეულ დედამიწაზე. მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ სამოთხეში ვიცხოვროთ.
იესოს წინასწარმეტყველება ბოლო დღეების შესახებ მომავლის იმედს გვისახავს.