არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დავიმკვიდროთ სამოთხედქცეული დედამიწა?

როგორ დავიმკვიდროთ სამოთხედქცეული დედამიწა?

წინა სტატიიდან გავიგეთ, რომ უღვთო ქვეყნიერებას დიდი დღე არ უწერია. ამაში ღვთის სიტყვა ბიბლია გვარწმუნებს, სადაც ვკითხულობთ:

„წარმავალია ქვეყნიერება“ (1 ᲘᲝᲐᲜᲔ 2:17).

ეჭვი არ გვეპარება, რომ აღსასრულს ბევრი გადაურჩება, რადგან ამავე მუხლში ნათქვამია:

„ღვთის ნების შემსრულებელი სამარადისოდ რჩება“.

გადარჩენისთვის აუცილებელია, ღვთის ნების თანახმად ვცხოვრობდეთ. თუმცა ღვთის ნების გასაგებად ჯერ ღმერთი უნდა გავიცნოთ.

ᲗᲣ ᲦᲛᲔᲠᲗᲡ ᲒᲐᲘᲪᲜᲝᲑᲗ, ᲒᲐᲓᲐᲣᲠᲩᲔᲑᲘᲗ ᲐᲦᲡᲐᲡᲠᲣᲚᲡ

იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ (იოანე 17:3). ამგვარად, აღსასრულს რომ გადავურჩეთ და მარადიულად ვიცხოვროთ, უნდა ვეცნობოდეთ ღმერთს. ღვთის გაცნობაში გაცილებით მეტი იგულისხმება, ვიდრე მის შესახებ მშრალი ფაქტების, თუნდაც იმის ცოდნა, რომ ის არსებობს. ჩვენ მასთან ახლო ურთიერთობა უნდა განვავითაროთ. როგორც წესი, მეგობრული ურთიერთობის განსავითარებლად დროის გამოყოფაა საჭირო. ამ მხრივ გამონაკლისს არც ღმერთთან მეგობრობა წარმოადგენს. ქვემოთ მიმოვიხილავთ რამდენიმე ბიბლიურ აზრს, რომლებიც ღმერთთან დაახლოებაში დაგვეხმარება.

ᲧᲝᲕᲔᲚᲓᲦᲔ ᲘᲙᲘᲗᲮᲔᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲐ

ქვეყნიერების აღსასრულს გადაურჩებით, თუ ღმერთს ლოცვაში დახმარებას სთხოვთ და მისი ნების თანახმად იცხოვრებთ.

ჩვენ ყოველდღე ვიკვებებით, რომ ვიცოცხლოთ. თუმცა იესომ თქვა: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4).

იეჰოვას ნააზრევს ბიბლიის ფურცლებიდან ვეცნობით. თუ შეისწავლით ღვთის სიტყვას, გაიგებთ, რა მოიმოქმედა ღმერთმა წარსულში ადამიანებისთვის, რას აკეთებს დღეს და რას გააკეთებს მომავალში.

ᲚᲝᲪᲕᲐᲨᲘ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲡᲗᲮᲝᲕᲔᲗ ᲦᲛᲔᲠᲗᲡ

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვატყობთ, რომ გვიჭირს ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრება? თუ გავიცნობთ ღმერთს და დავუახლოვდებით, ის საკუთარ სისუსტეებთან ბრძოლაში დაგვეხმარება.

დავფიქრდეთ ერთი ქალის შემთხვევაზე, რომელიც უზნეო ცხოვრების წესს მისდევდა. პირობითად მას საკურა დავარქვათ. ამ ქალბატონმა ბიბლიის შესწავლისას გაიგო, რას ფიქრობს ღმერთი გარყვნილებაზე (1 კორინთელები 6:18). საკურამ ლოცვაში ღმერთს ძალა სთხოვა და მისი დახმარებით თავი დაანება უზნეო ცხოვრებას. თუმცა მას დღემდე უწევს ცდუნებებთან გამკლავება. ის ამბობს: „როცა გონებაში უზნეო ფიქრები მომდის, იეჰოვას ვუღვრი გულს, რადგან ვიცი, რომ ჩემით ვერაფერს გავხდები. საკუთარ თავზე გამოვცადე ლოცვის ძალა, რამაც ღმერთთან კიდევ უფრო დამაახლოვა“. საკურას მსგავსად, მილიონობით ადამიანი ეცნობა ღმერთს, რომელიც საჭირო ძალას აძლევს მათ, რომ ცვლილებები მოახდინონ და მის მოსაწონად იცხოვრონ (ფილიპელები 4:13).

რაც უფრო დაუახლოვდებით ღმერთს, მით უფრო ძვირფასი გახდებით მისთვის (გალატელები 4:9; ფსალმუნი 25:14). შედეგად, გადაურჩებით აღსასრულს და დაიმკვიდრებთ სამოთხედქცეულ დედამიწას. როგორი იქნება ცხოვრება ახალ ქვეყნიერებაში? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.

a ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.