ლეფევრ დ’ეტაპლი — მას სურდა, ღვთის სიტყვა უბრალო ხალხსაც წაეკითხა
კვირა დილით ეკლესიაში შეკრებილი ხალხი ყურებს ვერ უჯერებდა. ისინი სახარებისეულ ცნობას ლათინურის ნაცვლად მშობლიურ ენაზე, ფრანგულზე, ისმენდნენ. ეს ისტორიული მოვლენა პარიზის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ მოში 1520-იანი წლების დასაწყისში მოხდა.
ბიბლიის მთარგმნელი, ჟაკ ლეფევრ დ’ეტაპლი (ლათინურად იაკობუს ფაბერ სტაპულენზისი), რომელიც თავად ჩაუდგა სათავეში ბიბლიის ფრანგულ ენაზე თარგმნას, მოგვიანებით თავის ახლო მეგობარს წერდა: „ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ეხმარება ღმერთი უბრალო [ადამიანებს] თავისი სიტყვის გაგებაში“.
იმ პერიოდში პარიზში კათოლიკური ეკლესიის მესვეურები და ღვთისმეტყველები წინააღმდეგნი იყვნენ, რომ ხალხს სხვა ენებზე შესრულებული ბიბლიის თარგმანები წაეკითხა. რამ უბიძგა ლეფევრს, ბიბლია ფრანგულად ეთარგმნა და როგორ გახადა მან ღვთის სიტყვა უბრალო ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი?
წმინდა წერილების გაგების ძლიერი სურვილი
სანამ ლეფევრი ბიბლიას ფრანგულ ენაზე თარგმნიდა, მთელ თავის დროს უძველესი ფილოსოფიური და თეოლოგიური ნაშრომების შესწავლას უთმობდა. მან აღმოაჩინა, რომ ეს ტექსტები დამახინჯებული იყო, რადგან საუკუნეების განმავლობაში მათი გადაწერისა და თარგმნის დროს არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული. მისი მიზანი იყო, აღედგინა ამ უძველესი ნაშრომების ტექსტები და ზუსტად გადმოეტანა მათი თავდაპირველი მნიშვნელობა. კვლევის დროს მან გადაწყვიტა, საგულდაგულოდ შეესწავლა ლათინური ვულგატა, რომელსაც კათოლიკური ეკლესია იყენებდა.
წმინდა წერილების კვლევისას იგი მიხვდა, რომ ღვთისგან მომდინარე ჭეშმარიტების ცოდნა ადამიანს უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს. ამიტომ ლეფევრმა მიატოვა ფილოსოფიის შესწავლა და მთელი თავისი დრო და ენერგია ბიბლიის თარგმნას მიუძღვნა.
ლეფევრმა ერთმანეთს შეადარა ლათინურ ენაზე შესრულებული წიგნ „ფსალმუნების“ ხუთი სხვადასხვა თარგმანი და შემდეგ, 1509 წელს, ნაშრომის სახით გამოაქვეყნა. * მის ნაშრომში აგრეთვე შედიოდა ლათინური ვულგატა, რომელშიც გარკვეული ცვლილებები შეიტანა. იმ პერიოდში მოღვაწე თეოლოგებისგან განსხვავებით, ის ცდილობდა, გაეგო ამა თუ იმ ბიბლიური მონაკვეთის ზუსტი მნიშვნელობა და რაც შეიძლება გასაგებად გადმოეცა. მის მიერ შემუშავებული წმინდა წერილების ინტერპრეტაციის მეთოდი სხვა ბიბლეისტებმა და რეფორმატორებმაც მოიწონეს (იხილეთ ჩარჩო „ როგორ გაიზიარა მარტინ ლუთერმა ლეფევრის შეხედულებები“).
ლეფევრი, რომელიც კათოლიკედ აღიზარდა, დარწმუნებული იყო, რომ კათოლიკური ეკლესიის რეფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ უბრალო ხალხს წმინდა წერილებს სწორად აუხსნიდნენ. მაგრამ როგორ შეძლებდა ხალხი მის გაგებას, როცა იმ პერიოდში წმინდა წერილები, ძირითადად, ლათინურ ენაზე იყო ნათარგმნი?
ყველასთვის ხელმისაწვდომი ბიბლიის თარგმანი
ლეფევრს ღვთის სიტყვის სიყვარულმა უბიძგა, ბიბლია რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაეხადა ხელმისაწვდომი. ამიტომ მან 1523 წლის ივნისში გამოაქვეყნა ფრანგულ ენაზე ნათარგმნი სახარებები ორ ტომად, რომელიც ჯიბის ფორმატის იყო. ეს პატარა ზომის
წიგნები სტანდარტულ გამოცემებთან შედარებით ნახევარი ფასი ღირდა და მათზე ღარიბებსაც კი მიუწვდებოდა ხელი.ამ სიახლეს ხალხი დიდი სიხარულით შეხვდა. ყველას, კაცსა თუ ქალს, იმდენად ძლიერი სურვილი ჰქონდა, იესოს სიტყვები მშობლიურ ენაზე წაეკითხა, რომ პირველი 1 200 ეგზემპლარი რამდენიმე თვეში გაიყიდა.
გაბედული ნაბიჯი
ლეფევრმა თავისი თარგმანის წინასიტყვაობაში განმარტა, რომ სახარებები ფრანგულ ენაზე იმ მიზნით თარგმნა, რომ „სახარებისეული ცნობა უბრალო ხალხსაც ისევე გაეგო, როგორც მათ, ვინც ლათინური იცოდა“. რატომ იყო ლეფევრი ასე მოწადინებული, რომ ყველას გაეგო ბიბლიური სწავლებები?
მან კარგად იცოდა, რომ კათოლიკური ეკლესიის სწავლებებზე გავლენას ახდენდა ფილოსოფია და ადამიანური შეხედულებები (მარკოზი 7:7; კოლოსელები 2:8). მისი აზრით, ახლა სწორედ იმის დრო იყო, რომ სახარებებში ჩაწერილი ცნობა „მთელ მსოფლიოში გაცხადებულიყო, რათა ადამიანურ სწავლებებს მეტად აღარ შეეყვანა ხალხი შეცდომაში“.
გარდა ამისა, ლეფევრი ცდილობდა, გამოეაშკარავებინა, რომ მათი არგუმენტები, რომლებიც აკრიტიკებდნენ მის მიერ ფრანგულ ენაზე ნათარგმნ ბიბლიას, მცდარი და უსაფუძვლო იყო. მან ამხილა მათი თვალთმაქცური საქციელი: „როგორ ასწავლიან ისინი [ხალხს], დაიცვან იესო ქრისტეს მცნებები, როცა არანაირი სურვილი არა აქვთ, უბრალო ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სახარება მშობლიურ ენაზე?!“ (რომაელები 10:14).
ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ სორბონის უნივერსიტეტში (პარიზი) მოღვაწე თეოლოგები შეეცადნენ ლეფევრის შეჩერებას. 1523 წლის აგვისტოში მათ დაგმეს ფრანგულ ენაზე გაკეთებული ბიბლიის თარგმანები და ის ნაშრომები, სადაც ღვთის სიტყვის, ბიბლიის, შესახებ კომენტარები იყო მოცემული, რადგან ისინი, მათი აზრით, „ეკლესიისთვის საფრთხეს წარმოადგენდა“. რომ არა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I, ლეფევრს ერეტიკოსად შერაცხავდნენ.
მას ბოლომდე მიჰყავს დაწყებული საქმე
ლეფევრმა არავის და არაფერს დართო ნება, ხელი შეეშალა მისთვის ბიბლიის თარგმნაში. 1524 წელს, მას შემდეგ, რაც დაასრულა ბერძნული წერილების თარგმნა (ე. წ. ახალი აღთქმა), მან გამოაქვეყნა „ფსალმუნები“ ფრანგულ ენაზე, რომელიც, მისი აზრით, მორწმუნეებს დაეხმარებოდა, „უფრო მხურვალედ და ღრმა გრძნობით ელოცათ“.
სორბონის უნივერსიტეტში მოღვაწე თეოლოგები დაუყოვნებლივ შეუდგნენ ლეფევრის თარგმანის საფუძვლიანად შესწავლას. მალე მათ განკარგულება გასცეს, რომ საჯაროდ დაეწვათ მის მიერ ნათარგმნი ბერძნული წერილები; თეოლოგებმა აგრეთვე სხვა თარგმანებიც დაგმეს, რადგან, როგორც თავად ამბობდნენ, ეს თარგმანები ეწინააღმდეგებოდა ეკლესიის სწავლებებს და „მხარს უჭერდა ლუთერის იდეებს“. როდესაც მათ ლეფევრი დაიბარეს, რათა თავისი მოსაზრებები დაესაბუთებინა, მან დუმილი არჩია და სტრასბურგში გაიქცა, სადაც ფარულად განაგრძო ბიბლიის თარგმნა. ზოგმა მას ასეთი საქციელი სიმხდალეში ჩაუთვალა, თუმცა ლეფევრი ფიქრობდა, რომ დუმილი საუკეთესო პასუხი იყო მათთვის, ვინც არ აფასებდა ბიბლიაში ჩაწერილ ფასდაუდებელ ჭეშმარიტებას (მათე 7:6).
სტრასბურგში გაქცევიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ მეფე ფრანსუა I-მა მას თავისი ოთხი წლის ვაჟი კარლი მიაბარა აღსაზრდელად. ახლა ლეფევრს უკვე ბევრი დრო ჰქონდა, რომ ბიბლიის თარგმნა დაესრულებინა. 1530 წელს მის მიერ ნათარგმნი მთლიანი ბიბლია იმპერატორ კარლ V-ის ნებართვით საფრანგეთის საზღვრებს გარეთ, ანტვერპენში (ბელგია), დაიბეჭდა. *
მისი მოლოდინი არ გამართლდა
მთელი თავისი ცხოვრება ლეფევრი იმედოვნებდა, რომ კათოლიკური ეკლესია ადამიანური მოძღვრებების ნაცვლად, ბიბლიურ ჭეშმარიტებას დაუჭერდა მხარს. მას ღრმად სწამდა, რომ „ყველა ქრისტიანის უფლებაა, უფრო სწორად ვალია, პირადად წაიკითხოს და შეისწავლოს ბიბლია“. სწორედ ამიტომ შრომობდა დაუღალავად, რომ ღვთის სიტყვა ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მართალია, მისი სურვილი, კათოლიკურ ეკლესიაში რეფორმაცია მომხდარიყო, არ განხორციელდა, მაგრამ მან უდიდესი მემკვიდრეობა — უბრალო ხალხისთვის გასაგებ ენაზე ნათარგმნი ბიბლია — დაგვიტოვა.
^ აბზ. 8 ამ ნაშრომში მოცემული იყო „ფსალმუნების“ ხუთი თარგმანი ცალ-ცალკე სვეტებად და აგრეთვე ცხრილი, სადაც ეწერა ღვთის წოდებები და ტეტრაგრამატონი ანუ ღვთის სახელის აღმნიშვნელი ოთხი ებრაული ასო (Fivefold Psalter).
^ აბზ. 21 ხუთი წლის შემდეგ, 1535 წელს, ფრანგმა მთარგმნელმა, ოლივეტანმა, გამოსცა ბიბლია, რომელიც დედნისეული ენებიდან თარგმნა. ბერძნული წერილების თარგმნისას ის ლეფევრის მიერ შესრულებულ თარგმანს ეყრდნობოდა.