მთავარი თემა
თუ საყვარელი ადამიანი ხელიდან გამოგეცალათ
„ნუ . . . ტირი . . . საყვარელო, ღმერთს ჩვენთვის კარგი უნდა“.
ეს სიტყვები ჩასჩურჩულეს ბებეს მამის დაკრძალვაზე, რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
მამა-შვილს ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ზემოხსენებული სიტყვები, რომელიც ოჯახის მეგობარმა ბებეს სანუგეშებლად უთხრა, მას გულში ლახვარივით ჩაესო. „როგორ შეიძლება მამაჩემის სიკვდილი კარგი იყოს?!“, — იმეორებდა თავისთვის მგლოვიარე ქალი. წლების შემდეგ ბებემ ეს შემთხვევა თავის წიგნში აღწერა, საიდანაც ჩანდა, რომ ის კვლავ გლოვობდა დაკარგულ მამას.
ბებეს შემთხვევიდანაც გამოჩნდა, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილთან გასამკლავებლად ზოგს შეიძლება წლები დასჭირდეს. ბიბლია მართებულად უწოდებს სიკვდილს „უკანასკნელ მტერს“ (1 კორინთელები 15:26). ის სასტიკი მტერივით იჭრება ჩვენს ცხოვრებაში, ხშირად სწორედ მაშინ, როცა არ ველით და ძვირფას ადამიანებს გვტაცებს ხელიდან. მის წინაშე ყველანი უძლურები ვართ. ამიტომ სრულიად ნორმალურია, თუ გვიჭირს ტკივილთან გამკლავება.
ალბათ, თქვენც გაგჩენიათ ასეთი კითხვები: რამდენი ხანი სჭირდება მგლოვიარეს ძვირფასი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის დასაამებლად? როგორ უნდა გაუმკლავდეს მას? პირადად მე რა შემიძლია გავაკეთო მგლოვიარეთა სანუგეშებლად? არსებობს რაიმე იმედი გარდაცვლილთათვის?