ადამიანის მოტაცება — მისი ძირითადი მიზეზები
ადამიანის მოტაცება — მისი ძირითადი მიზეზები
ადამიანის მოტაცება დღეს ჭირად არის ქცეული. მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას მკვლელობაზე, გაუპატიურებაზე, ქურდობაზე, პედოფილიასა და გენოციდზეც. რატომ გახდა ცხოვრება იმდენად სახიფათო, რომ ხალხს ხშირად ეშინია ღამით სახლიდან გასვლა?
ბოროტმოქმედების, ადამიანის მოტაცების ჩათვლით, ასეთი ეპიდემიური სახის ძირითადი მიზეზები დაკავშირებულია საზოგადოებაში არსებულ, მისთვის დამახასიათებელ გამრუდებულ მხარეებთან. წარმოიდგენდით, რომ ამ საშიში დროის შესახებ ბიბლიამ დაახლოებით 2 000 წლის წინათ იწინასწარმეტყველა? დაფიქრდით იმაზე, რაც მე-2 ტიმოთეს 3:2—5-ში სწერია:
„ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა, რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ“.
ალბათ, თქვენც იმ აზრის ხართ, რომ დიდი ხნის წინათ ჩაწერილი ეს სიტყვები შესანიშნავად აღწერს დღევანდელ მდგომარეობას. დღეს საზოგადოებაში არსებული ეს გამრუდებული მხარეები ძალზე აშკარაა. აღსანიშნავია, რომ ადამიანთა ზემოაღწერილი სავალალო ქცევა, ბიბლიაში ასახულია ასეთი სიტყვებით: „უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება“ (2 ტიმოთე 3:1). მოდი განვიხილოთ საზოგადოებაში არსებული მხოლოდ სამი უდიდესი მხარე, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანთა მოტაცების მსოფლიო მასშტაბით გავრცელებას.
პრობლემები მართლწესრიგის უზრუნველყოფაში
„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“ (ეკლესიასტე 8:11).
ბევრგან პოლიციას სახსრები არ ჰყოფნის ამ კრიმინალურ ეპიდემიასთან საბრძოლველად. ამიტომ ბევრ ქვეყანაში ადამიანის მოტაცება მომტაცებლების მოლოდინს ამართლებს. 1996 წელს კოლუმბიელი მომტაცებლებიდან მხოლოდ 2 პროცენტი იქნა გასამართლებული. 1997 წელს მექსიკაში გამოსასყიდ ფასად სულ მცირე 200 მილიონი აშშ დოლარი იქნა გადახდილი. ფილიპინებში ზოგი მომტაცებელი ჩეკებსაც კი იღებს.
გარდა ამისა, სამართალდამცავ ორგანოებში არსებული კორუფციაც ზოგჯერ ხელს უშლის დამნაშავეობასთან ეფექტურ ბრძოლას. მექსიკაში, კოლუმბიასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში თავად მოტაცების წინააღმდეგ მებრძოლი რაზმების მეთაურებს ედებოდათ ბრალი მოტაცებაში. ფილიპინების
სენატის თავი, ბლას ოპლი, ჟურნალ „ეიშაუიკში“ ამბობს, რომ ოფიციალური მონაცემების თანახმად ფილიპინებზე მოტაცებათა 52 პროცენტში გარეულია პოილიციელი ან ყოფილი პოლიციელი თუ სამხედრო პირი. ერთი წყაროს თანახმად, ცნობილ მექსიკელ მომტაცებელს იცავდა « „ფარი“, რომელსაც ქმნიდნენ ქალაქის, სახელმწიფო და ფედერალური პოლიციის, სამართლებრივი ორგანოებისა და სახელმწიფოს მოსყიდული მოხელეები».სიღარიბე და სოციალური უსამართლობა
„კვლავაც ვხედავდი ძალადობას, რაც კი ხდებოდა ამ მზისქვეშეთში: აჰა, იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და მათ არავინ არ ანუგეშებს; მათ მჩაგვრელთა ხელშია ძალა“ (ეკლესიასტე 4:1).
ბევრი ადამიანი დღეს საშინელ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაშია და ხშირად ესენი იწყებენ ადამიანთა მოტაცებას. ასე რომ, მთელ მსოფლიოში მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უფსკრულის განუწყვეტელი ზრდისა და პატიოსანი გზით ფულის შოვნის საშუალებების სიმცირის გამო, ადამიანთა მოტაცება ცდუნებად რჩება. სანამ არსებობს ჩაგვრა, ადამიანთა მოტაცება ყოველთვის იქნება სამაგიეროს გადახდის საშუალება და ყოველთვის მიაპყრობს ყურადღებას იმაზე, რასაც დაუშვებლად მიიჩნევენ.
სიხარბე და სიყვარულის განელება
„ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა“ (1 ტიმოთე 6:10). „რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული“ (მათე 24:12).
ისტორიის მანძილზე ფულის სიყვარული ადამიანებს საშინელი საქმეების ჩადენისკენ უბიძგებდა. და, ალბათ, არც ერთი სხვა სახის ბოროტმოქმედება არ იძლევა ადამიანის ტანჯვის, მწუხარებისა და იმედგაცრუების ხარჯზე გამდიდრების საშუალებას, როგორც ადამიანის მოტაცება. ბევრს სწორედ სიხარბე — ფულის სიყვარული — აღძრავს, სასტიკად მოექცეს უცნობ ადამიანს, აწვალოს და მისი ოჯახი კვირების, თვეებისა და ზოგჯერ წლების განმავლობაში საშინელ განსაცდელში ჩააგდოს.
ცხადია, საზოგადოებაში, რომელიც ფულზე ამახვილებს ყურადღებას და ზნეობრივ ფასეულობებს ფეხქვეშ თელავს, ყველაფერი რიგზე ვერ იქნება. უეჭველია, ეს მდგომარეობა ქმნის ყოველგვარი დანაშაულებრივი ქმედების საფუძველს, ადამიანთა მოტაცების ჩათვლით.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, რომელსაც ბიბლია „უკანასკნელ დღეებს“ უწოდებს? თუ ასეა, რას ნიშნავს ეს დედამიწისთვის და ჩვენთვის? არსებობს გამოსავალი იმ საშინელი პრობლემებიდან, რომლებსაც კაცობრიობა აწყდება, ადამიანის მოტაცების ჩათვლით?
[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]
ეს ახალი ამბავი არ არის
ჯერ კიდევ ძვ. წ. XV საუკუნეში, მოსეს რჯულის მიხედვით, მომტაცებლები სიკვდილით ისჯებოდნენ (მეორე რჯული 24:7). გამოსასყიდი მოითხოვეს იულიუს კეისრისთვისაც, რომელიც ძვ. წ. პირველ საუკუნეში მოიტაცეს. აგრეთვე ახ. წ. XII საუკუნეში მოიტაცეს ინგლისის მეფე, რიჩარდ I ლომგული. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი გამოსასყიდი იყო 24 ტონა ოქრო-ვერცხლი; 1533 წელს ეს გამოსასყიდი ინკებმა გადასცეს ესპანელ კონკისტადორს, ფრანსისკო პისაროს, დატყვევებული ბელადის, ათაუალპას, გასათავისუფლებლად. მიუხედავად ამისა, კონკისტადორებმა ის გაგუდეს.
[სურათი 9 გვერდზე]
პოლიციის შესაძლებლობების მიუხედავად, ადამიანებს ყველგან იტაცებენ.