ვინ არის მსახური?
ბიბლიის თვალსაზრისი
ვინ არის მსახური?
იესოს მსხვერპლად შეწირვის წინა ღამეს მისი უახლოესი მეგობრები გაცხარებით კამათობდნენ. ლუკას 22:24-ის თანახმად, „იყო დავა მათ შორის: რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად“. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა იესოს მოციქულებს შორის ასეთი კამათი წამოიჭრა. სულ მცირე, მანამდე ორჯერ მაინც იესოს მათი აზროვნების შესწორება მოუწია.
რამდენად სამწუხაროა, რომ ამ კრიტიკულ ღამეს იესო კვლავ იძულებულია, შეახსენოს მათ, როგორი უნდა იყოს ქრისტიანი მსახური სინამდვილეში. მან თქვა: „თქვენს შორის უფროსი უმცროსივით იყოს, ხოლო ვინც უფროსობს — მსახურივით“ (ლუკა 22:26).
არ უნდა გაგვაკვირვოს იმან, რომ მოციქულებს მცდარი შეხედულება ჰქონდათ ხალხში გამოსაჩენი ადგილის მოპოვების მნიშვნელოვნებაზე. იესომდე რელიგიური ხელმძღვანელობის საკითხში მაგალითს, ძირითადად, მწიგნობრები და ფარისევლები უჩვენებდნენ. იმის მაგივრად, რომ ხალხისთვის სულიერად ეხელმძღვანელათ, ეს ცრუ მსახურები მხარს უჭერდნენ მკაცრ ტრადიციებსა და ადათ-წესებს, რომლებიც ‘ცათა სასუფეველს კეტავდნენ ადამიანთა წინაშე’. მათ საზოგადოებაში პრესტიჟული, გამოჩენილი მდგომარეობის მოპოვება აინტერესებდათ და ეგოისტური ბუნების ადამიანები იყვნენ, რომლებიც ‘თავიანთ საქმეებს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებდნენ’ (მათე 23:4, 5, 13).
სრულიად სხვანაირი მსახური
მაგრამ იესომ თავის მოწაფეებს სრულიად ახალი წარმოდგენა შეუქმნა სულიერ მსახურებაზე. ის ასწავლიდა: „თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი — ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზედ, ვინაიდან ერთი მამა გყავთ — ზეციერი. . . უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს“ (მათე 23:8—11). იესოს მოწაფეებს არ უნდა მიებაძათ იმ დროის რელიგიური წინამძღოლებისთვის. თუკი მათ სურდათ, რომ ნამდვილი მსახურები ყოფილიყვნენ, იესო უნდა ყოფილიყო მათი მისაბაძი მაგალითი. როგორი მაგალითი დატოვა მან?
ბიბლია ხშირად იყენებს ბერძნულ სიტყვა „დიაკონოს“-ს „მსახურის“ მნიშვნელობით. „რელიგიის ენციკლოპედია“ განმარტავს, რომ ეს სიტყვა მიანიშნებს „არა პრესტიჟულ
მდგომარეობაზე, არამედ ვინმეს მსახურად ყოფნაზე: ქრისტეს მაგალითის მიბაძვა. . . მსახურების ქრისტიანული გაგების თავიდათავია“.სიტყვა „მსახურის“ ზუსტი განსაზღვრების თანახმად იესომ საკუთარი თავი სხვებს უძღვნა. „კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, — მოთმინებით ხსნიდა ის, — არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28). თავისი დრო, ენერგია და შესაძლებლობები იესომ უანგაროდ გაიღო იმისათვის, რომ სხვებს ფიზიკურად და სულიერად დახმარებოდა. რატომ? მას ებრალებოდა სულიერად მიტოვებული ხალხი, რომელიც მის სანახავად გროვდებოდა. ქრისტეს დახმარება ეწადა. მას დიდი სიყვარული ამოძრავებდა მსახურებაში და სურდა, რომ თავის მოწაფეებსაც იგივე განწყობა ჰქონოდათ (მათე 9:36).
თავისი ცხოვრებით იესომ მაგალითი დაუტოვა მომავალ მსახურებს. „სამკალი ბევრია, — თქვა მან, — მუშაკნი კი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ (მათე 9:37, 38). დიახ, იესოს მსახურები დაკავებული უნდა ყოფილიყვნენ უდიდესი საქმით, რომელიც კი კაცობრიობას ოდესმე უხილავს — მთელი კაცობრიობისთვის სულიერი ნუგეშის მისანიჭებლად ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებითა და სწავლებით (მათე 28:19, 20).
გაცემა და სხვების საჭიროებებზე ყურადღების გამახვილება იყო ის, რაც ასე განასხვავებდა სხვებისთვის სამსახურის გაწევისადმი ქრისტეს მიდგომას. ის ასწავლიდა თავის მსახურებს, ყოფილიყვნენ მშრომელნი, სულიერი მეთევზეები და მწყემსები და არა სპეციალური ჩაცმულობითა და წარჩინების ნიშნებით მორთულ-მოკაზმული მისტიკოსები თუ სწავლულები (მათე 4:19; 23:5; იოანე 21:15—17).
ბიბლიის თვალსაზრისი
სამწუხაროდ, საუკუნეების განმავლობაში დამახინჯდა მსახურთა, როგორც თავდაუზოგავ მქადაგებელთა და მასწავლებელთა, ეს ამაღლებული, უანგარო ცნება. რა გამოიწვია ქრისტიანული მსახურების ფორმალური, იერარქიული სახის ჩამოყალიბებამ? შეიქმნა პრესტიჟისა და ძალაუფლების მქონე სასულიერო წოდებები და ორდენები, რომელთა წარმომადგენლებიც ხშირად დიდ სიმდიდრეს იხვეჭდნენ. ყოველივე ამან წარმოშვა დაყოფა. ჩამოყალიბდა სამღვდელოების კლასი, რომელიც უმთავრესად საეკლესიო საიდუმლოებათა აღსრულებითა და გზასაცდენილთათვის რჩევა-დარიგების მიცემით იყო დაკავებული. პირველი საუკუნის ქრისტიანობა, რომელიც აქტიური რელიგია იყო და რომელშიც ყველა მსახურობდა, მომდევნო საუკუნეებში პასიური გახდა და მხოლოდ საგანგებოდ მომზადებულსა და უფლებამოსილ რამდენიმე პირს შეეძლო ქადაგება და სწავლება.
მაგრამ ბიბლია ქრისტიან მსახურად სცნობს არა იმას, ვინც ჩაცმულობით, რთული რიტუალების შესრულებითა და ხელფასით გამოირჩევა ან სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალური აღიარებით სარგებლობს, არამედ იმას, ვინც უანგაროდ შრომობს. პავლე მოციქულმა ხაზი გაუსვა იმ სულისკვეთებას, რომელიც ქრისტიანმა მსახურებმა უნდა გამოავლინონ. ის მოუწოდებდა მათ, ‘არაფერი გაეკეთებინათ პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით’ (ფილიპელთა 2:3).
პავლე, უდავოდ, თავისი ქადაგებისამებრ იქცეოდა. ქრისტეს მაგალითის ზუსტად მიბაძვით ის არასოდეს ‘ეძებდა სარგებლობას თავისთვის, არამედ მრავალთათვის, რათა გადარჩენილიყვნენ’. მას ესმოდა და კარგად გრძნობდა თავის პასუხისმგებლობას, რომ ‘უსასყიდლოდ უნდა ექადაგა სახარება, — როგორც თვითონ ამბობდა, — და არ უნდა გამოეყენებინა თავისი უფლება ხარებაში’. ის არ ‘ეძიებდა კაცთაგან დიდებას’ (1 კორინთელთა 9:16—18; 10:33; 1 თესალონიკელთა 2:6).
ჭეშმარიტი ქრისტიანი მსახურის როგორი არაჩვეულებრივი მაგალითია! ღვთის ჭეშმარიტ მსახურებად თავს წარმოაჩენენ ისინი, რომლებიც ჰბაძავენ მის შესანიშნავ მაგალითს, იესო ქრისტეს მიერ დატოვებული უანგარო მსახურის ნიმუშის მიხედვით მოქმედებენ და საკუთარ თავს მზადყოფნით უძღვნიან სხვებისთვის სულიერი დახმარების აღმოჩენასა და კეთილი ცნობით მათ ნუგეშისცემას (1 პეტრე 2:21).