არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

კროსვორდი. რაც შეეხება კროსვორდებს, არ შეიძლება, სრული პასუხები მომდევნო ნომერში გამოაქვეყნოთ? მე ყოველთვის ჯერ ჟურნალს ვკითხულობ და მოგვიანებით ვავსებ კროსვორდს, ამიტომ ძნელია ისე წაიკითხო გვერდი, რომელზეც პასუხებია მოცემული, რომ თვალი არ შეავლო მათ.

ჯ. ლ. (აშშ).

ჩვენ ვაფასებთ თქვენს წინადადებას. მაგრამ, რადგანაც „გამოიღვიძეთ!“ კარდაკარ ვრცელდება, მრავალი მკითხველი ვერ იღებს მომდევნო ნომერს. ამიტომ ვფიქრობთ, უმჯობესია, პასუხები იმავე გამოშვებაში დარჩეს. შეეცადეთ, წინასწარ არ გადახედოთ მას! (რედ.)

ჯადოქრობა. მე 13 წლის ვარ და სკოლაში შევხვდი გოგონას, რომელსაც სწამს ჯადოქრობა. ერთხელ მან მკითხა, თუ რას ვფიქრობდი ამის შესახებ. ვუთხარი, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი და ამიტომ მხარს არ ვუჭერდი ოკულტური ძალების გამოყენებას. ის გაღიზიანდა და მას შემდეგ მრავალჯერ შეეცადა ამ თემაზე საუბარს. მე იეჰოვას ვთხოვდი დახმარებას და ის მართლაც მივიღე რუბრიკაში „ბიბლიის თვალსაზრისი“, სტატიის სახით „რა დგას ჯადოქობის უკან?“ (8 ნოემბერი, 1999). მე მას ჟურნალი მივეცი და მას მერე, რაც სტატია წაიკითხა, აღარ მეკითხება, თუ რატომ ვფიქრობ ამ საკითხზე ასე.

კ. ე. (აშშ).

დიდად მადლობელი ვარ სტატიისთვის „რა დგას ჯადოქრობის უკან?“ (8 ნოემბერი, 1999). მრავალი ადამიანი ფიქრობდა, რომ ჯადოქრები მახინჯები და მოხუცებულები უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ შავი მაგია დღესდღეობით მრავალ ახალგაზრდა მამაკაცსა და ქალს იზიდავს. ჩემი ქალიშვილიც დაინტერესდა მაგიით. მაგრამ მას გამოწერილი ჰქონდა „გამოიღვიძეთ!“ და პირველ ნომერში, რომელიც მან მიიღო, ეს სტატია იყო! ის მართლაც დროულად მოვიდა.

ბ. ჰ. (აშშ).

ანგელოზები. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი მადლიერება სტატიების სერიისთვის „ჭეშმარიტება ანგელოზების შესახებ“ (8 დეკემბერი, 1999). ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ გაბედა და მოკრძალებულად, მაგრამ, ამავე დროს, გულახდილად დაწერა სტატია, რომელმაც გამოააშკარავა ანგელოზებზე დამახინჯებული თვალსაზრისის საშიშროება. მე განსაკუთრებით მომეწონა სურათი მე-9 გვერდზე, სადაც ნაჩვენებია, რომ ანგელოზები უარყოფენ იმ თაყვანისცემასა და დიდებას, რომელსაც დღეს მიაგებენ.

ჟ. ლ. ა. ჰ. (ბრაზილია).

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაცდელი. მეიჯერების ოჯახის ისტორიამ სტატიაში „გაჭირვებისას ღმერთზე მინდობა ვისწავლეთ“ (8 დეკემბერი, 1999) ძალიან გამამხნევა. ჩვენს ვაჟს გულის სხვადასხვა სერიოზული პრობლემა ჰქონდა, რაც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვდა. ექიმები გვეუბნებოდნენ: „თქვენი ვაჟი მოკვდება, თუ სისხლს არ გადავუსხამთ!“. ისინი მე და ჩემს ქმარს ცალ-ცალკე გვაიძულებდნენ, თანხმობა განგვეცხადებინა სისხლის გადასხმაზე. მაგრამ მეიჯერების ოჯახის მსგავსად, ჩვენც ვლოცულობდით ძალისა და გამბედაობისთვის. ჩვენმა ბიჭმა გადაიტანა ოპერაცია და ახლა თავს კარგად გრძნობს. მან იეჰოვას მოწმედ მონათვლის სურვილი გამოთქვა.

ბ. კ. (შეერთებული შტატები).

ჩემი ქმარი საავადმყოფოში დავაწვინეთ, სადაც ექიმების აზრით, შეიძლება თვეების მანძილზე დარჩენილიყო. მე ძალიან ვიღლებოდი, რადგან ვუვლიდი სამ ბავშვს და ამავე დროს ყოველდღე დავდიოდი საავადმყოფოში ქმრის მისახედად. ჩემმა ქრისტიანმა და-ძმებმა ფასდაუდებელი დახმარება აღმომიჩინეს ბავშვების მოვლაში. როცა ვფიქრობდი, რომ მეტს ვეღარ შევძლებდი, ჩემი მეუღლე სახლში გაწერეს. როდესაც ამ გამამხნევებელ სტატიას ვკითხულობდი, ვერ ვიკავებდი გულწრფელი თანაგრძნობისა და სევდის ცრემლებს იმის გამო, რაც მეიჯერების ოჯახმა გადაიტანა. მოხარული ვარ, რომ ვხედავ მათ დიდ ნდობას იეჰოვასადმი!

ჯ. ა. (აშშ).