ენები — ურთიერთობის ხიდები და კედლები
ენები — ურთიერთობის ხიდები და კედლები
ჩვენი კორესპონდენტისგან მექსიკაში
„ისტორიას ისე ნათლად არ შეუძლია წარმოდგენა შეგვიქმნას იმის შესახებ, თუ როგორ იცვლებოდა ხალხი, მათი სოციალური წყობა, მათი მრწამსი და გრძნობები, როგორც ეს მათი ენის გაანალიზებით არის შესაძლებელი“ (მარტინ ალონსო).
მთელი ისტორიის მანძილზე ენა — თავისი წარმოშობით, თავისებურებითა და ძალით — სწავლულებს ანცვიფრებდა. მართლაცდა, მათი განცვიფრება — ისევე როგორც ისტორიული ჩანაწერების უმეტესობა — ენის წყალობით შემორჩა. უეჭველია, ენა ადამიანისთვის ურთიერთობის უმთავრესი საშუალებაა.
დღეისათვის ზოგი ენათმეცნიერი ვარაუდობს, რომ მსოფლიოში დაახლოებით 6 000 ან უფრო მეტ ენაზე მეტყველებენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ადგილობრივ დიალექტებზე. ყველაზე ფართოდ გავრცელებული სალაპარაკო ენა დიდი ხნის მანძილზე ჩინური ენის მანდარინული დიალექტია, რომელზეც 800 მილიონზე მეტი ადამიანი მეტყველებს. შემდეგი ოთხი ენა, რომლებზეც უმეტესობა საუბრობს, არის ინგლისური, ესპანური, ჰინდი და ბენგალური.
რა ხდება, როდესაც სხვადასხვა კულტურა და, რა თქმა უნდა, მათი ენები უეცრად ხვდება ერთმანეთს? მეორე მხრივ, როგორ მოქმედებს ხალხთა იზოლაცია მათ ენაზე? მოდი ვნახოთ, როგორ შენდება ურთიერთობის ხიდები და, ამავე დროს, კედლებიც.
ჰიბრიდული, კრეოლური და „ლინგვა ფრანკა“ ენები
კოლონიზაცია, ქვეყნებს შორის ვაჭრობა და საკონცენტრაციო ბანაკებში პატიმრობაც კი ისეთი ვითარებები იყო, როცა ადამიანები ურთიერთობის მოთხოვნილებას მწვავედ განიცდიდნენ, რადგან ერთმანეთის ენა არ იცოდნენ. ამიტომ ისინი იწყებდნენ უბრალო, ანუ გამარტივებული ენის გამოყენებას. ამარტივებდნენ გრამატიკას, იყენებდნენ ცოტა სიტყვებს და მათ ვიწრო გაგებით ხმარობდნენ
საერთო ინტერესის მხარდასაჭერად. ასე წარმოიშვა ჰიბრიდული ენა. ჰიბრიდულ ენას, როგორი მარტივიც უნდა იყო, აქვს თავისი ლინგვისტური სისტემა. მაგრამ, თუ ის საჭიროება, რომელმაც ამ ენის გამოგონება განაპირობა, აღარ იარსებებს, ენა შეიძლება მოკვდეს.როდესაც ჰიბრიდული ენა მოსახლეობის ძირითად სამეტყველო ენად იქცევა, ახალი სიტყვები ემატება და გრამატიკის სტრუქტურის შეცვლა ხდება. ასე რომ, იქმნება კრეოლური, ანუ ნარევი ენა. ნარევი ენები ჰიბრიდულებისგან განსხვავებით ხალხის კულტურას ასახავს. დღეს მთელ მსოფლიოში ლაპარაკობენ ათობით ჰიბრიდულ და ნარევ ენაზე, რომლებიც დაფუძნებულია ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, სუაჰილსა და სხვა ენებზე. ზოგი მათგანი სახელმწიფოში ძირითადი ენაც კი გახდა, მაგალითად, ტოკ-პისინი — პაპუა-ახალ გვინეიაში და ბისლამა-ვანუატუში.
ურთიერთობის ხელშემწყობი სხვა ხიდები არის „ლინგვა ფრანკას“ ენები. „ლინგვა ფრანკა“ არის იმ ჯგუფების საერთო სალაპარაკო ენა, რომლებსაც სხვადასხვა მშობლიური ენა აქვთ. მაგალითად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ადგილობრივ სხვადასხვაგვარ ენებზე მოსაუბრეებს შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარება „სანგოდ“ წოდებული ენის მეშვეობით. დიპლომატებს შორის ინგლისური და ფრანგული ის ენებია, რომლებსაც „ლინგვა ფრანკად“ იყენებენ. ჰიბრიდული, აგრეთვე ნარევი ენები მიჩნეულია „ლინგვა ფრანკად“.
ქვეყნის სხვადასხვა რაიონში შეიძლება გამოიყენონ სახელმწიფო ენის ადგილობრივი ნაირსახეობები, რასაც დიალექტი ეწოდება. მაგალითად, როგორიცაა ტოსკანური დიალექტი იტალიაში. რაც უფრო მივარდნილია რაიონი, მით უფრო დიდი შეიძლება იყოს განსხვავება. დროთა განმავლობაში ზოგი დიალექტი იმდენად განსხვავებული ხდება თავდაპირველი ენისგან, რომ ახალ ენად ყალიბდება.
ზოგიერთ შემთხვევაში ადვილი არ არის ლინგვისტებისთვის, ენა და დიალექტი ერთმანეთისგან განასხვაონ. აგრეთვე, რადგან ენა მუდმივ ცვლას განიცდის, გამოუყენებლობის შედეგად დიალექტები ზოგჯერ „კვდება“ და მასთან ერთად იგივე ემართება ისტორიის გარკვეულ მონაკვეთსაც.ენა ღვთისგან ბოძებული ძღვენია (გამოსვლა 4:11). ენის შეცვლის მომხიბვლელი პროცესი გვიჩვენებს, თუ რა მოქნილია ეს ძღვენი. ენამ შეიძლება ისიც გვასწავლოს, რომ ადამიანთა არც ერთი ჯგუფი არ არის აღმატებული სხვა დანარჩენზე, რადგან არ არსებობს ისეთი გაგება, როგორიცაა ჩამორჩენილი ენა. ისევე როგორც ღვთისგან ბოძებულ სხვა ძღვენს, ყველა თანაბრად ფლობს ენას, მიუხედავად კულტურისა და საცხოვრებელი ადგილისა. თავდაპირველადვე ხალხების ენები საკმაოდ ჩამოყალიბებული იყო საიმისოდ, რომ თავისი დანიშნულება შეესრულებინა. თითოეული მათგანი პატივისცემის ღირსია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ადამიანი ლაპარაკობს მასზე.
ისტორიული და საზოგადოებრივი ფაქტორები
ადამიანები რომ ურთიერთობის მოყვარული არიან, ეს ენებშიც აირეკლება. ამიტომ, როდესაც კულტურებს შორის კავშირი მყარდება — რაც ჩვეულებრივი მოვლენაა — მათი ენები ირეკლავს ამას მომდევნო თაობებში.
მაგალითად, ესპანურ ენაში, რომელსაც ლათინური ენის თანამედროვე ვარიანტად მიიჩნევენ, ბევრი არაბული სიტყვაა, რაც მოწმობს მუსლიმანების მიერ რვა საუკუნის მანძილზე ესპანეთის ტერიტორიათა დაპყრობის შესახებ. აგრეთვე შეიძლება იმის შემჩნევაც, რომ ესპანურ ენაზე გავლენა იქონია ბერძნულმა, ფრანგულმა, ინგლისურმა და კიდევ სხვა ენებმა. გარდა ამისა, ესპანურ ენაში, რომელზეც ამერიკაში ლაპარაკობენ, შემორჩა ამ კონტინენტზე უძველეს დროში მცხოვრებთა კვალი. მაგალითად, იქაურ ესპანურში ვხვდებით მრავალ სიტყვას ცენტრალურ ამერიკაში მცხოვრები აცტეკების „ნაჰუატლ“ ენიდან.
როგორც მშობლიური ენის მეშვეობით შეიძლება ამოიცნო ადამიანების ეროვნება და სადაურობა, ისე მეტყველებით შეიძლება ამოიცნო, თუ რა პროფესია ან ხელობა აქვს ადამიანს, რომელი კულტურის წარმომადგენელია, რა სპორტს მიჰყვება და იმის გაგებაც შეიძლება, თუ რომელ დამნაშავეობრივ ორგანიზაციას მიეკუთვნება. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. ლინგვისტები ენის ამ სპეციფიკურ ნაირსახეობებს ჟარგონს, სლენგს ან დიალექტს უწოდებენ.
მაგრამ, როდესაც ერებს, ეთნიკურ ჯგუფებსა და კულტურებს შორის მტრობა ჩამოვარდება, ენა აღარ არის დამაკავშირებელი ხიდი. ის შეიძლება იქცეს კედლად, რომელიც უფრო ამძაფრებს ხალხებს შორის წარმოქმნილ განხეთქილებას.
ენების მომავალი
ურთიერთობა რთული საქმეა. ერთი მხრივ, დღევანდელი ტენდენცია ლინგვისტური კედლების ნგრევაა და ეს, ძირითადად, მასმედიის წყალობით ხდება. ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ თანახმად, ინგლისური არის ძირითადი ან მეორე ენა შვიდიდან ერთი ადამიანისთვის. ამიტომ ის წარმოადგენს ყველაზე ფართოდ გავრცელებულ „ლინგვა ფრანკას“, რომელსაც მსოფლიოში იყენებენ. ხალხს ეს ენა საშუალებას აძლევს, ფართომასშტაბიანი ურთიერთობა დაამყარონ და სასარგებლო ინფორმაცია გაუზიარონ ერთმანეთს.
ურთიერთობის კედლები კი დაყოფას, სიძულვილსა და ომს უწყობს ხელს. ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“ აღნიშნავს: „ყველას ერთ ენაზე რომ ელაპარაკა. . . ქვეყნებს შორის კეთილმოსურნეობა გაიზრდებოდა“. რა თქმა უნდა, ასეთი კეთილგანწყობისთვის უფრო დიდი ცვლილებებია საჭირო, ვიდრე უბრალოდ „ლინგვა ფრანკას“ გამოყენება. მხოლოდ ენის ბრძენ გამომგონებელს შეუძლია ყველა ხალხი ერთ ენაზე აამეტყველოს.
ბიბლია, რომელსაც ღმერთი ადამიანებთან ურთიერთობისთვის ძირითად საშუალებად იყენებს, ნათელყოფს, რომ მალე ღმერთი მოსპობს დღევანდელ ბოროტ სისტემას და განახორციელებს მმართველობას ზეციდან, თავის სამეფოს მეშვეობით (დანიელი 2:44). ეს მთავრობა კაცობრიობას გააერთიანებს მშვიდობიან, სამართლიან ახალ სისტემაში აქ, დედამიწაზე (მათე 6:9, 10; 2 პეტრე 3:10—13).
დღესაც კი სუფთა სულიერი ენა — ჭეშმარიტება იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ — აერთიანებს მილიონობით ადამიანს, ყველა ენიდან, ერიდან და იმ რელიგიებიდან, რომლებსაც ადრე მიეკუთვნებოდნენ (სოფონია 3:9). ამიტომ ლოგიკურია, რომ ახალ ქვეყნიერებაში ღმერთი კაცობრიობას გააერთიანებს ერთი ენით, რაც ბაბელში მომხდარი მოვლენის საპირისპირო მოქმედება იქნება.
[ჩარჩო 28 გვერდზე]
ენების წარმოშობა
უაღრესად ბრძენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, ენას იყენებს ზეცაში, ანგელოზთა სამფლობელოში (იობი 1:6—12; 1 კორინთელთა 13:1). როდესაც მან შექმნა ადამიანები, მათში ჩადო სიტყვათა მარაგი და მისი გაფართოების შესაძლებლობა. ჩვენ ვერ ვიპოვით იმის მტკიცებას, რომ ოდესმე არსებობდა რომელიმე პრიმიტიული ენა, რომელიც ღრუტუნითა და ღრენით გამოიხატებოდა. პირიქით, განვიხილოთ, რას ამბობს ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ შუმერულზე, დამწერლობის მქონე უძველეს ენაზე: „შუმერული ზმნა თავისი. . . სხვადასხვაგვარი პრეფიქსებით, ინფიქსებითა და სუფიქსებით ცხადყოფს, რომ ეს ენა რთული იყო“.
დაახლოებით ძვ. წ. XX საუკუნეში ღვთის დავალების უგულებელყოფით, რომ გაფანტულიყვნენ და „გაევსოთ დედამიწა“, ადამიანებმა შინყარის ველებზე (მესოპოტამია) გადაწყვიტეს ყველას თავმოყრა და რელიგიური „ბაბილონის გოდლის“ აშენება დაიწყეს. ენათა დაყოფა იმ დროიდან იწყება, როდესაც ღმერთმა აურია მათ ენები, რითაც ჩაშალა მათი საშიში და მავნე გეგმები (დაბადება 1:28; 11:1—9).
ბიბლია არ ამბობს იმას, რომ ყველა ენა ერთი ენიდან წარმოიშვა. შინყარში ღმერთმა ბევრი ახალი სიტყვა და აზროვნება ჩაუდო ადამიანებს, რამაც ენათა მრავალსახეობა წარმოშვა. ამიტომ იმ ენის დადგენა, რომლიდანაც თითქოს ყველა დანარჩენი განვითარდა, ამაო მცდელობაა.
[სურათი 28 გვერდზე]
ბაბელში ღმერთმა მეამბოხე ადამიანების ენა არია.