როდესაც ქიმიკატებისგან ავადდებით
როდესაც ქიმიკატებისგან ავადდებით
ქიმიკატებისადმი მომატებული მგრძნობელობის (ქმმ) ბევრი მხარე დამაფიქრებელია. გასაგებია, რომ ამ დაავადების ბუნებასთან დაკავშირებით სამედიცინო წრეებში აზრთა სხვაობა არსებობს. ზოგი ექიმი ფიქრობს, რომ ქმმ-ის გამომწვევი მიზეზი ფიზიკური ხასიათისაა, სხვები მას ფსიქოლოგიურ მიზეზს მიაწერენ, კიდევ სხვები კი ქმმ-ის გამომწვევ მიზეზად ორივეს — ფიზიკურსაც და ფსიქოლოგიურ ფაქტორებსაც ასახელებენ. ზოგი სპეციალისტი იმ აზრსაც კი გამოთქვამს, რომ ქმმ რამდენიმე დაავადების ჯგუფს წარმოადგენს *.
ქმმ-ის მქონე ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მათი მდგომარეობა ისეთი ტოქსინების დიდი რაოდენობის პირველადი გავლენის ქვეშ მოხვედრამ განაპირობა, როგორიც, მაგალითად, პესტიციდებია; სხვები ტოქსინების უფრო ნაკლები რაოდენობის განმეორებით ან განუწყვეტელ ზემოქმედებაზე მიუთითებენ. ქმმ-ის შეძენის შემდეგ ადამიანები სხვადასხვა სიმპტომით რეაგირებენ ისეთ ქიმიკატებზე, რომელთაც, თითქოსდა არანაირი კავშირი აქვთ ქმმ-ის გამომწვევ ნივთიერებებთან და რომლებიც წინათ მათზე არ მოქმედებდნენ. მაგალითად, ასეთები აღმოჩნდნენ სხვადასხვა სუნამო თუ სარეცხი ხსნარები და ფხვნილები. ზუსტად ამას ეწოდება „ქიმიკატებისადმი მომატებული მგრძნობელობა“. მაგალითისთვის განვიხილოთ ჯოისის შემთხვევა.
სკოლის პერიოდში ჯოისს თავზე ტილები გაუჩნდა. შემდგომში მას თავი პესტიციდებით დაუმუშავეს. ჯოისს ჯანმრთელობა გაუუარესდა და მგრძნობიარე გახდა ბევრი ისეთი ქიმიური ნივთიერებისადმი, რომლებიც მანამდე მასზე არ მოქმედებდა. მათ რიცხვში შედიოდა დასასუფთავებლად განკუთვნილი საშუალებები და აეროზოლები, სუნამოები, შამპუნები და ბენზინი. „გასიებისგან თვალები მეხუჭებოდა, — ამბობს ჯოისი, — და ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული სინუსების ანთების გამო თავის იმდენად მწვავე ტკივილები და გულისრევა დამეწყო, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ლოგინად ჩავვარდი. . . ფილტვების ანთება იმდენჯერ გადავიტანე, რომ ჩემი ფილტვები იმავე დღეშია, რა დღეშიც ექნებოდა ადამიანს, რომელიც 40 წელია ეწევა — მე კი არასოდეს ვეწეოდი!“.
ტოქსინების მცირე რაოდენობის განუწყვეტელი ზემოქმედება, რომელსაც აგრეთვე ქმმ-ის ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევენ, შეიძლება შინ თუ გარეთ მოხდეს. ფაქტობრივად, უკანასკნელ ათწლეულებში შენობის შიგნით
ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების უმეტესობა გახდა «„დაავადებული“ შენობების სინდრომის» სახელწოდების გამოგონების მიზეზი.„დაავადებული“ შენობების სინდრომი
„დაავადებული“ შენობების სინდრომმა თავი იჩინა XX საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც ენერგიის დასაზოგად ბევრი ბუნებრივად განიავებადი სახლი, სკოლებისა და დაწესებულებების შენობა ჰაერშეუღწევადი, კონდიციონერით გასანიავებელი შენობებით შეცვალეს. საიზოლაციო მასალა, დამუშავებული ხე, აქროლადი წებოვანი ნივთიერებები, სინთეტიკური ქსოვილები და ხალიჩები ხშირად ამ შენობების ასაშენებლად და ინტერიერის გასაფორმებლად გამოიყენებოდა.
განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს საგნები ახალია, სავენტილაციო სისტემით გასუფთავებულ ჰაერში ბევრი მათგანი პოტენციურად მავნებელი ქიმიური ნივთიერებების, მაგალითად, ფორმალდეჰიდის მცირე რაოდენობას გამოყოფს. პრობლემას ხალიჩებიც ართულებენ იმით, რომ სხვადასხვა გამწმენდ საშუალებასა და ხსნარს იწოვენ, ხოლო შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ჰაერში გამოყოფენ. „სხვადასხვა გამხსნელის ორთქლი ყველაზე მეტად აბინძურებს შენობის ჰაერს“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Chemical Exposures—Low Levels and High Stakes). „გამხსნელები კი“, თავის მხრივ, „იმ ქიმიკატებს შორის არიან, რომელთა მიმართ ყველაზე ხშირად რეაგირებენ ქიმიკატებისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანები“, — ნათქვამია ამ წიგნში.
მაშინ როდესაც უმრავლესობა ასეთ შენობებში არსებულ პირობებს, როგორც ჩანს, იტანს, ზოგს სხვადასხვა სიმპტომი უვითარდება — ასთმითა და სხვა რესპირატორული პრობლემებით დაწყებული თავის ტკივილებითა და ხშირი მოთენთილობით დამთავრებული. ეს სიმპტომები, ძირითადად, ქრება, როცა უარყოფითად მოქმედი პირობების გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები ასეთ გარემოს ტოვებენ. ზოგ შემთხვევაში კი „ავადმყოფებს ქიმიკატებისადმი მომატებული მგრძნობელობა უვითარდებათ“, — ნათქვამია ინგლისის სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“. მაგრამ ზოგი რატომ ავადდება ქიმიკატებისგან, მაშინ როცა სხვები თავს ჯანმრთელად გრძნობენ? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან ზოგიერთებს, რომლებსაც ეს პრობლემა არ აწუხებთ, უჭირთ, დაავადებულებს გაუგონ.
ყველა ერთმანეთისგან განვსხვავდებით
კარგი იქნება, თუ გვემახსოვრება, რომ ყოველი ჩვენგანი ერთნაირად არ რეაგირებს სხვადასხვა ფაქტორზე, იქნება ეს ქიმიური ნივთიერებები, მიკრობები თუ ვირუსები. იმაში, რაც გავლენას ახდენს რეაგირებაზე, შედის გენეტიკური თავისებურება, ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკამენტები, რომლებსაც შესაძლოა ვიღებთ, ადრე გადატანილი ავადმყოფობა და ცხოვრების წესისთვის დამახასიათებელი ისეთი ფაქტორები, როგორიც არის, მაგალითად, თამბაქოს წევა და ალკოჰოლის მიღება თუ ნარკოტიკების გამოყენება.
რაც შეეხება მედიკამენტებს, თქვენი ორგანიზმის თავისებურება ზემოქმედებას ახდენს იმაზე, თუ „როგორ იმოქმედებს მედიკამენტი და რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს მას“, — ნათქვამია ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“. ამ გვერდითი მოვლენებიდან ზოგი შეიძლება საკმაოდ სერიოზული იყოს, სასიკვდილოც კი. ჩვეულებრივ, ფერმენტებად წოდებულ ცილებს ორგანიზმიდან სხეულისთვის უცხო ქიმიური ნაერთები გამოაქვს, როგორიც არის, მაგალითად, მედიკამენტების შედგენილობაში შემავალი ქიმიკატები და ყოველდღიური საქმიანობის შედეგად სხეულში დაგროვილი დამაბინძურებელი ნივთიერებები. მაგრამ, თუ ეს „დამლაგებელი“ ფერმენტები არ არის სრულ წესრიგში, შესაძლოა, მემკვიდრეობითობის, ტოქსინებით ადრინდელი მოწამვლის ან კვების უკმარისობის გამო სხეულისთვის უცხო ქიმიურმა ნაერთებმა შეიძლება საშიშ ზღვარს მიაღწიოს *.
ქმმ შეიძლება შევადაროთ სისხლის დაავადებას, რომელიც ფერმენტების სინთეზის დარღვევასთან არის
დაკავშირებული. ამ დაავადებას პორფირია ეწოდება. ხშირად გარკვეული ტიპის პორფირიით დაავადებულების რეაგირება ქიმიკატებზე, დაწყებული მანქანების გამონაბოლქვიდან სუნამოებით დამთავრებული, ქმმ-ის მქონე ადამიანების რეაგირების მსგავსია.გონებაზეც ახდენს გავლენას
ქმმ-ის მქონე ერთ-ერთმა ადამიანმა „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს მოუთხრო იმის შესახებ, რომ გარკვეული სახის ქიმიური ნივთიერებები მასზე ნარკოტიკებივით მოქმედებდა. მან თქვა: „ხასიათი მეცვლებოდა — ვბრაზდებოდი, ვღელავდი, ადვილად ვღიზიანდებოდი, შიშის გრძნობა მეუფლებოდა, ვითენთებოდი. . . ეს სიმპტომები რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში შეიძლებოდა გამქრალიყო“. შემდგომში ის ნაბახუსებივით გრძნობდა თავს და დეპრესიის სხვადასხვა ფორმით იტანჯებოდა.
ქმმ-ის მქონე ადამიანისთვის ასეთი სიმპტომები უჩვეულო არ არის. დ-რ კლაუდია მილერი ამბობს, რომ „ბევრ ქვეყანაში იტყობინებიან ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ, რომლებიც გამოწვეულია ქიმიკატების ზეგავლენით, იქნება ეს ინსექტიციდებითა თუ „დაავადებული“ შენობების სინდრომით. . . ცნობილია, რომ გამხსნელ ხსნარებთან მომუშავეები ხშირად პანიკაში და დეპრესიაში ვარდებიან. . . ასე რომ, ძალიან ყურადღებიანები უნდა ვიყოთ და გვახსოვდეს, რომ სხეულში ქიმიკატების მიმართ, შესაძლოა, ყველაზე მგრძნობიარე ორგანო ტვინია“.
თუმცა ქიმიკატების გავლენით შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემები განვითარდეს, ბევრი ექიმი თვლის, რომ საპირისპირო პროცესიც არსებობს — ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა შეიძლება ქიმიური ნივთიერებებისადმი მგრძნობელობის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. ზემოხსენებული დ-რ მილერი და დ-რ ნიკოლას აშფორდი, რომლებიც მტკიცედ არიან დარწმუნებული ქმმ-ის გამომწვევ ფიზიკურ მიზეზებში, აღიარებენ, რომ „ფსიქოლოგიური დატვირთვის მქონე მოვლენებმა, როგორიც არის, მაგალითად, მეუღლის გარდაცვალება ან გაყრა, შეიძლება იმუნური სისტემის ფუნქციონირება დააქვეითოს და ზოგი ადამიანი მცირე რაოდენობის ქიმიკატების მიმართ მგრძნობიარე გახადოს. ცხადია, რომ ფსიქოლოგიურსა და ფიზიოლოგიურ სისტემებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს“. დ-რ შერი როჯერსი, რომელსაც აგრეთვე სჯერა, რომ ქმმ-ს ფიზიკური მიზეზები იწვევს, აცხადებს, რომ „სტრესი ადამიანს ქიმიური ნივთიერებებისადმი უფრო მგრძნობიარეს ხდის“.
არსებობს კი რამე, რის გაკეთებასაც შეძლებდნენ ქმმ-ის მქონე ადამიანები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ან, სხვა თუ არაფერი, დაავადების სიმპტომების შესამცირებლად მაინც?
დახმარება ქმმ–ის მქონეთათვის
მიუხედავად იმისა, რომ ქმმ-ის განმკურნავი საშუალება დღესდღეობით არ არსებობს, ბევრმა ავადმყოფმა დაავადების სიმპტომების შემცირება მოახერხა, სხვები კი საკმაოდ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. რა დაეხმარა მათ ავადმყოფობასთან გამკლავებაში? ზოგი ამბობს, რომ სარგებლობა მოუტანა ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებამ იმის თაობაზე, რომ, რამდენადაც შესაძლებელი იყო, დაავადების სიმპტომების გამომწვევი ქიმიური ნივთიერებებისთვის თავი აერიდებინათ *. ქმმ-ის მქონე ჯუდიმ შენიშნა, რომ ქიმიკატების არიდება მასზე დადებითად მოქმედებს. ეფსტაინ-ბარის ვირუსისგან გამოჯანმრთელების პერიოდში ჯუდი სახლში პესტიციდების გავლენის ქვეშ მოექცა, რის შემდეგაც ქმმ განუვითარდა.
ქმმ-ის მქონე ბევრი ადამიანის მსგავსად ჯუდიზეც მოქმედებს ის ქიმიკატები, რომლებსაც საოჯახო საქმეებში იყენებენ. ამიტომ ის ყველაფერს წმენდს საჭმლის სოდით და რეცხავს საპნით, რომელიც ქიმიკატებს არ შეიცავს. ის ძმარს ქსოვილების დასალბობ საუკეთესო საშუალებად თვლის. მის გარდერობსა და საწოლ ოთახში მხოლოდ ნატურალური ქსოვილებია. მისი ქმარი ქიმწმენდით გასუფთავებულ თავის ტანსაცმელს გარდერობში მანამ არ ინახავს, სანამ კვირების განმავლობაში კარგად არ გაანიავებს.
ცხადია, დღევანდელ მსოფლიოში ქმმ-ის მქონეთათვის შეუძლებელი იქნება პრობლემების გამომწვევი ქიმიკატებისთვის სრულიად გვერდის ავლა. ერთ-ერთ პუბლიკაციაში ნათქვამია: „ქმმ ხშირად ყველაზე დიდ სირთულეს იმ მხრივ უქმნის ავადმყოფს, რომ ქიმიკატებისგან თავის არიდების მიზნით ის ხალხთან ურთიერთობასაც ერიდება“ (American Family Physician). სტატია იძლევა რჩევას, რომ ექიმთა მეთვალყურეობით ავადმყოფებმა იმუშაონ და ურთიერთობა იქონიონ ხალხთან, რითაც თანდათანობით უფრო და უფრო გააქტიურდებიან. ამავე დროს მოდუნება და სუნთქვის დარეგულირება უნდა ისწავლონ, რათა აჩქარებული გულისცემისას და პანიკაში ჩავარდნისას პრობლემასთან გამკლავება შეძლონ. მიზანი ის არის, რომ ავადმყოფებს ქიმიკატების ზემოქმედებასთან თანდათანობით შეგუებაში გაეწიოთ დახმარება და არა ის, რომ ქიმიკატები მათი ცხოვრებიდან საერთოდ გამოირიცხოს.
სხვა მნიშვნელოვანი სამკურნალო საშუალებაა ღამით კარგი ძილი. დევიდი, რომელსაც ქმმ ჰქონდა და ამჟამად, ფაქტობრივად, მისგან განიკურნა, თავის გამოჯანმრთელებას ნაწილობრივ იმას მიაწერს, რომ სუფთა ჰაერით განიავებულ საწოლ ოთახში ეძინა. ერნესტმაც და მისმა ცოლმა ლორენმაც, რომელთაც ორივეს ქმმ აწუხებთ, შენიშნეს, რომ „ღამით კარგი ძილი საგრძნობლად ეხმარება მათ
დღის განმავლობაში ქიმიკატებთან გარდაუვალი შეხებისას ამ პრობლემასთან გამკლავებაში“.კარგი კვება, რასაკვირველია, ყოველთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად თუ აღსადგენად. ფაქტობრივად, აღიარებულია, რომ ის არის „პროფილაქტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობაზე ზრუნვას“. თავისთავად ცხადია, რომ, ჯანმრთელობის აღსადგენად ან გასაუმჯობესებლად მაინც, ორგანიზმში არსებული სისტემები ეფექტურად უნდა მოქმედებდეს. დიეტური საკვები შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს.
ვარჯიშებიც ხელს უწყობს კარგ ჯანმრთელობას. ამასთანავე, როცა ოფლიანდებით, თქვენს სხეულს კანიდან ტოქსინების გამოყოფაში ეხმარებით. ასევე მნიშვნელოვანია დადებითი განწყობილება, იუმორის გრძნობა, სხვებისადმი სიყვარულის გამოხატვა და იმის ცოდნა, რომ სხვებსაც უყვარხართ. ერთი ექიმი ქმმ-ის მქონე ყველა თავის პაციენტს „სიყვარულსა და სიცილს“ წამლადაც კი უნიშნავს. დიახ, „მხიარული გული ჯანმრთელობაა“ (იგავნი 17:22).
მაგრამ სიყვარულითა და შესანიშნავი მეგობრული ურთიერთობებით ტკბობა შეიძლება უდიდეს პრობლემას წარმოადგენდეს ქმმ-ის მქონეთათვის, რომლებიც ვერ იტანენ სუნამოებს, გამწმენდ და სარეცხ საშუალებებს, დეზოდორანტებსა და სხვა ქიმიკატებს, რომელთაც ბევრი ჩვენგანი ყოველდღე იყენებს. როგორ ახერხებენ ქმმ-ის მქონე ადამიანები ასეთ ვითარებებთან გამკლავებას? რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რის გაკეთება შეუძლიათ სხვებს ქმმ-ის მქონეთა დასახმარებლად? ამ საკითხებს მომდევნო სტატია გააშუქებს.
[სქოლიოები]
^ აბზ. 2 „გამოიღვიძეთ!“ არ არის სამედიცინო ჟურნალი და ქმმ-ის შესახებ სტატიებში არ ცდილობს რომელიმე სამედიცინო თვალსაზრისის მხარდაჭერას. მათში, უბრალოდ, მოთხრობილია ბოლო დროის აღმოჩენებზე და იმაზე, თუ ამ დაავადებასთან ბრძოლაში სასარგებლოდ რას თვლიან ექიმები და ავადმყოფები. „გამოიღვიძეთ!“ აღიარებს, რომ ქმმ-ის გამომწვევ მიზეზებთან, ამ დაავადების ბუნებასა და ავადმყოფებისთვის შეთავაზებულ და მათ მიერ გამოყენებულ მკურნალობის მრავალგვარ მეთოდთან დაკავშირებით ექიმებს შორის საერთო აზრი არ არსებობს.
^ აბზ. 12 ფერმენტის უქონლობის გავრცელებული მაგალითი ფერმენტ ლაქტაზას უკავშირდება. მათ, ვისი პრობლემაც ლაქტაზის უქონლობაა, არ შეუძლიათ რძეში არსებული ლაქტოზის მონელება და მისი დალევის შედეგად ავადდებიან. სხვებს კი არა აქვთ ფერმენტი, რომელიც ხელს უწყობს ყველში და სხვა საკვებში არსებული ქიმიური ნივთიერების, თირამინის, ნივთიერებათა ცვლაში ჩართვას. ამიტომაც, როცა ასეთ საკვებს მიირთმევენ, მათ შეიძლება შაკიკი განუვითარდეთ.
^ აბზ. 20 ვინც ფიქრობს, რომ ქმმ აქვს, კვალიფიცირებულ ექიმს უნდა მიმართოს პროფესიული დახმარებისთვის. არაგონივრული იქნება და, შესაძლოა, ძვირადაც კი დაუჯდეს ვინმეს ყოველმხრივი გამოკვლევის გარეშე ცხოვრების წესში რადიკალური ცვლილებების მოხდენა. შემოწმებამ შეიძლება ცხადყოს ის ფაქტი, რომ კვებაში ან ცხოვრების წესში მხოლოდ მცირე ცვლილებების შეტანა შეამცირებს ან სულაც მოსპობს დაავადების სიმპტომებს.
[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]
გჭირდებათ ამდენი ქიმიკატი?
თითოეული ჩვენგანი უნდა ეცადოს, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს პოტენციურად ტოქსიკური ქიმიკატების გავლენის ქვეშ მოხვედრა. ეს ეხება იმ ქიმიკატებსაც, რომლებიც ოჯახებში გვაქვს. ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია: „ჩანს, რომ ადამიანებში ქიმიკატებისადმი აუტანლობას ყველაზე მეტად ოთახის დაბინძურებული ჰაერი იწვევს. რთული ნარევი, რომელიც მცირე რაოდენობის ასობით სხვადასხვა აქროლად ორგანულ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, ოთახებში გვხვდება“ (Chemical Exposures) *.
ასე რომ, შეეკითხეთ საკუთარ თავს, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა იმდენი ქიმიკატი, რამდენსაც იყენებთ, განსაკუთრებით კი პესტიციდები და აქროლადი გამხსნელების შემცველი საშუალებები. არატოქსიკური ალტერნატიული საშუალებების გამოყენება თუ გიცდიათ? მაგრამ, თუკი პოტენციურად სახიფათო ქიმიკატების გამოყენება გიწევთ, უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომის წინასწარი მიღების გარეშე არასოდეს დააკაროთ ხელი. აგრეთვე შეინახეთ ისინი უსაფრთხო ადგილას, სადაც ბავშვები ვერ მიაგნებენ და მათ მიერ გამოყოფილი ორთქლი არავის და არაფერს ავნებს. გახსოვდეთ, რომ ქიმიკატები ზოგი დახურული კონტეინერიდანაც კი შეიძლება გამოყოფდნენ ორთქლს.
ქიმიკატების შესახებ ცოდნა იმაში გვეხმარება, რომ დავუკვირდეთ, რას ვისვამთ ან ვისხამთ კანზე. ბევრი ქიმიკატი, მათ შორის სუნამოები, კანიდან სისხლში გადადის. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ზოგიერთ წამალს ავადმყოფებს კანზე წასასმელად უნიშნავენ ხოლმე. ასე რომ, თუკი კანზე ტოქსიკური ქიმიკატი გადაგესხათ, ამ შემთხვევაში „პირველი და ყველაზე გადაუდებელი სამკურნალო საშუალება იქნება ის, რომ ქიმიკატი კანიდან გულდასმით ჩამოიბანოთ“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Tired or Toxic?).
ქიმიკატებისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე ბევრი ადამიანი სუნამოებს ვერ იტანს. სუნამოებში გამოყენებული ქიმიკატების ოთხმოცდათხუთმეტ პროცენტში ნავთობიდან წარმოებული სინთეტიკური ნაერთები შედის, მათ შორის აცეტონი, ქაფური, ბენზალდეჰიდი, ეთანოლი, γ-ტერპინენი და მრავალი სხვა. შეერთებულ შტატებში გარემოს დაცვის სამმართველომ განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, თუ რა საფრთხეს უქმნიან ასეთი ნივთიერებები ჯანმრთელობას. იმავეს თქმა შეიძლება იმ ქიმიკატების შესახებაც, რომლებსაც აეროზოლებში იყენებენ. როგორც ერთ-ერთი წყარო იტყობინება, გარემოს შემსწავლელი მეცნიერები, რომლებიც აეროზოლებს იკვლევენ, „მათ ჰაერის დამაბინძურებლებად თვლიან და არა გამასუფთავებლებად“ (University of California at Berkeley Wellness Letter). აეროზოლები ცუდ სუნს კი არ სპობენ, არამედ ნიღბავენ.
ერთი წიგნის თანახმად „ტოქსიკოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცნება ის არის, რომ ზოგ მდგომარეობაში და გარკვეული გავლენის ქვეშ ყველა ქიმიკატი ტოქსიკურია“ (Calculated Risks).
[სქოლიო]
^ აბზ. 33 რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიცვათ სახლი ზოგიერთი პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერებისგან, „გამოიღვიძეთ!“-ის 1998 წლის 22 დეკემბრის ნომერში იყო განხილული (რუს.).