არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქიმიკატებისადმი მომატებული მგრძნობელობა — ფარული სენი

ქიმიკატებისადმი მომატებული მგრძნობელობა — ფარული სენი

ქიმიკატებისადმი მომატებული მგრძნობელობა — ფარული სენი

პემის სახლი ბამბის მინდვრებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე მდებარეობდა. მინდვრებს თვითმფრინავებიდან რეგულარულად წამლავდნენ ჰერბიციდებითა და პესტიციდებით, ხოლო ქარს ხშირად ამ ქიმიკატების ნარჩენები ახლომდებარე სახლებში, მათ შორის პემის სახლშიც, შეჰქონდა.

პემს თავის მწვავე ტკივილები და გულისრევა დაეწყო — ჯანმრთელობა გაუუარესდა. დროთა განმავლობაში მასზე უარყოფითი გავლენა იქონია იმ ნივთიერებებმა, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ პესტიციდებთან: სუნამოებმა, დეზოდორანტებმა, სხეულის ლოსიონებმა, სარეცხმა საშუალებებმა, საღებავმა, ახალმა ხალიჩამ, თამბაქოს კვამლმა, ოთახის დეზოდორანტებმა და სხვა ნაერთებმა. იმ სიმპტომებს, რომლებიც პემს გააჩნდა, ჩვეულებრივ, მიაკუთვნებენ ქიმიკატებისადმი მომატებულ მგრძნობელობად (ქმმ) წოდებულ დაავადებას *.

«ქიმიკატებთან ყოველდღიური შეხების შემდეგ თავს ძალიან დაღლილად ვგრძნობდი, ამავე დროს ვიბნეოდი, თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, — აუხსნა პემმა „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს, — სხეული დამისივდა, დროდადრო ქოშინი მაწუხებდა, მოულოდნელად ვვარდებოდი პანიკაში, რომელსაც თან სდევდა შეუკავებელი ტირილი, გაძლიერებული გულისცემა და აჩქარებული პულსი, თანაც ფილტვებში სითხე მიგროვდებოდა. ამან ფილტვების ანთებაც კი დამმართა».

თუმცა ქმმ-ის სიმპტომები სხვადასხვა ადამიანში რამდენადმე განსხვავებულია, მათ რიცხვში შეიძლება შედიოდეს თავის ტკივილები, ძლიერი დაღლილობა, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, ეგზემა, გამონაყარი, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ასთმა, ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული სინუსების დაავადება, შფოთვა, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების გაფანტვა, უძილობა, არითმია, მეტეორიზმი, გულისრევა, პირღებინება, ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები და შეტევები. ამ სიმპტომებიდან მრავალი, რასაკვირველია, შეიძლება სხვა დაავადებებითაც იყოს გამოწვეული.

ქმმ — პრობლემის ზრდა

შეერთებულ შტატებში მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის შემოწმებისას გამოვლინდა, რომ მოსახლეობის 15—37 პროცენტი გავრცელებული ქიმიური ნაერთებისა და მათი სუნისადმი, მაგალითად, მანქანების გამონაბოლქვის, თამბაქოს კვამლის, ახალწასმული საღებავის, ახალი ხალიჩისა და სუნამოებისადმი თავს განსაკუთრებულად მგრძნობიარედ ან ალერგიულად მიიჩნევს. მაგრამ თითოეული შემოწმებული ასაკობრივი ჯგუფიდან მხოლოდ 5-მა პროცენტმა ან მასზე ნაკლებმა თქვა, რომ ქმმ-ის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. მათგან დაახლოებით სამი მეოთხედი ქალები იყვნენ.

ქმმ-ის ბევრი მსხვერპლი ამბობს, რომ მათი ასეთი მდგომარეობა პესტიციდებითა და გამხსნელი ნივთიერებებით არის განპირობებული. ერთიც და მეორეც საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით კი გამხსნელები. გამხსნელები არამდგრადი (ადვილად აქროლადი) ნივთიერებებია, რომლებიც სხვა ნივთიერებებს შლიან ან ხსნიან. ისინი საღებავების, ლაქების, წებოვანი მასალის, პესტიციდებისა თუ სარეცხი საშუალებების შედგენილობაში შედიან.

მომდევნო სტატიებში უფრო დაწვრილებით განვიხილავთ ქმმ-ს, ვიმსჯელებთ იმის შესახებ, თუ რა სახის დახმარება არის ხელმისაწვდომი მათთვის, ვინც ამ მდგომარეობით იტანჯება, და ვნახავთ, როგორ შეუძლიათ ერთმანეთში ითანამშრომლონ დაავადებულებმა და მათმა ახლობლებმა, რათა ქმმ-ის მსხვერპლთათვის ცხოვრება უფრო სასიამოვნო გახდეს.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ტერმინი „ქიმიკატებისადმი მომატებული მგრძნობელობა“ გამოვიყენეთ იმის გამო, რომ ფართოდ არის გავრცელებული. მაგრამ არსებობს მრავალი სხვა ტერმინი, მათ შორის „გარემო პირობებით გამოწვეული დაავადება“ და „ქიმიური ნაერთებისადმი ზედმეტი მგრძნობელობის სინდრომი“. ამ შემთხვევაში გამოყენებული სიტყვა „მგრძნობელობა“ ეხება რეაგირებას ქიმიკატების ისეთ რაოდენობაზე, რომელიც უმრავლესობაზე, როგორც ჩანს, არ მოქმედებს.