არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სინდისის საქმე

სინდისის საქმე

სინდისის საქმე

ათას ცხრაას ორმოცდაოთხი წლის კლასიკურ ფილმში „დარიშხანი და ძველი მაქმანი“ აღწერილი იყო რამდენიმე ხნიერი მამაკაცის უეცარი სიკვდილი, რომელიც გამოიწვია ანწლის ღვინოში ჩამატებულმა დარიშხანმა. ფილმში გადმოცემული იყო საყოველთაოდ აღიარებული აზრი, რომ დარიშხანი ყოველთვის სწრაფადმოქმედი, მომაკვდინებელი საწამლავია. სინამდვილეში, ფილმში აღწერილი სიკვდილის მიზეზი დარიშხანი არ ყოფილა, არამედ სტრიქნინი და ციანიდი, რომლებიც ღვინოში იყო ჩამატებული.

„დარიშხანით მოწამვლის შემთხვევების საკითხი მწვავე არ არის“, — წერს დოქტორი რობერტ გელეგერი ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში (The New England Journal of Medicine). მაგრამ დასძენს: „დარიშხანით დაბინძურებული სასმელი წყალი და სამრეწველო ნარჩენები ჯანდაცვის სერიოზული პრობლემაა დედამიწის მრავალ კუთხეში; ის ხელს უწყობს ადამიანებში სხვადასხვა დაავადების, მათ შორის კანის, შარდის ბუშტის, ფილტვისა და ღვიძლის კიბოს განვითარებას“.

ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის მხედველობაში მიღებით, გასაგებია, თუ რატომ არ ჩათვლიდნენ ექიმები დარიშხანს სამკურნალო საშუალებად. მიუხედავად ასეთი თვალსაზრისისა, ყურადღება მივაქციოთ კანადაში მომხდარ შემთხვევას: როცა პაციენტ დარლინს, სისხლის გადასხმა, ხოლო მოგვიანებით დარიშხანით მკურნალობა შესთავაზეს, უთანხმოება ჩამოვარდა მასსა და მის მკურნალ ექიმებს, მედდებსა და ფარმაცევტებს შორის. დარლინი თავად მოგვითხრობს ამის შესახებ.

«1996 წლის მაისში პრობლემები შემექმნა ძლიერი სისხლჩაქცევებისა და ღრძილებიდან უჩვეულო სისხლდენის გამო. კინგზტონში (ონტარიო) ჩემმა ჰემატოლოგმა, ექიმმა ჯონ მეთიუსმა, დამიდგინა, რომ ეს კიბოს იშვიათი სახეობა, მწვავე პრომიელოციტური ლეიკემია (მპლ), იყო. რიგი გამოკვლევების, მათ შორის ძვლის ტვინის შემოწმების, შემდეგ ექიმმა მეთიუსმა გულთბილად ამიხსნა, თუ რა იყო მპლ-ი და როგორ შეიძლებოდა მისი მკურნალობა. მკურნალობის ნორმალურ გეგმაში შედიოდა სისხლის გამოცვლა ქიმიოთერაპიასთან ერთად, მაგრამ ბიბლიით განსწავლული სინდისი ნებას არ მრთავდა დავთანხმებოდი სისხლის გადასხმაზე.

იმის ნაცვლად, რომ ძვირფასი დრო ტყუილად დაეკარგათ ჩემს გადარწმუნებაში, ექიმებმა გონივრულად გადაწყვიტეს, მოეძებნათ მკურნალობის სხვა მეთოდი. ამ მკურნალობაში შედიოდა A ვიტამინის შემცველების გამოყენება საშუალო ინტენსივობის ქიმიოთერაპიასთან ერთად. ლეიკემიის მოქმედება მხოლოდ სამი თვის მანძილზე შენელდა, შემდეგ კი მთელი ძალით შემომიტია. ტვინის შეშუპების შედეგად გამოწვეული თავის ტკივილები აუტანელი იყო. გარდა ამისა მკურნალობის ეს მეთოდი შედეგს აღარ იძლეოდა. იმ დროს ექიმმა გვაცნობა, რომ ჩემთვის სისხლის გადასხმის გარდა მკურნალობის სხვა მეთოდი აღარ არსებობდა. გვითხრეს, რომ სულ რაღაც ორი კვირის სიცოცხლეღა მქონდა დარჩენილი.

მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე გავიტანჯე სისხლის ანალიზებით, ანდერძთან დაკავშირებით ადვოკატის მონახულებებით და დაკრძალვის სამზადისით. ამ დროს ექიმმა მეთიუსმა გვაცნობა მკურნალობის უჩვეულო მეთოდის შესახებ, რომელსაც წარმატებით იყენებდნენ ჩინელი ექიმები მპლ-ის სამკურნალოდ, რომელიც აღწერილი იყო რამოდენიმე პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში. კვლევის დროს ექიმმა და მისმა კოლეგამ სამედიცინო ჟურნალში წაიკითხეს შემდეგი რამ: ‘მრავალი ადამიანისთვის, ალბათ, გასაკვირი იქნება, რომ ნაკლებტოქსიკური დარიშხანის სამჟანგი ინტრავენურად წარმატებით გამოიყენება მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის სამკურნალოდ (მპლ)’.

ახლა მხოლოდ ორი არჩევანი არსებობდა — ან სინდისის წინააღმდეგ უნდა წავსულიყავი და დავთანხმებოდი სისხლის გადასხმაზე, ან დარიშხანით მკურნალობის ნაკლებად ცნობილი მეთოდი ამერჩია. მე დარიშხანით მკურნალობა ვარჩიე *. ვერც კი ვიფიქრებდი, თუ რა აურზაური მოჰყვებოდა ჩემს გადაწყვეტილებას ექიმების, მედდების, ფარმაცევტებისა და საავადმყოფოს ხელმძღვანელობის მხრიდანაც კი.

საავადმყოფო შეუთანხმდა ზემდგომ ორგანოებს, რომ დარიშხანის სამჟანგი დაენიშნათ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ამ მეთოდის გამოყენება. თავდაპირველად, ფარმაცევტი თავს იკავებდა თანამშრომლობისგან, რადგან ეჭვი ეპარებოდა მის უსაფრთხოებაში. ჩემი ექიმები, დოქტორი მეთიუსი და დოქტორი გალბრეითი, სხვებს სარწმუნოდ და დადებითად აცნობდნენ მკურნალობის ამ მეთოდს. საბოლოოდ, მკურნალობასთან დაკავშირებით სათანადო სამედიცინო მტკიცებების წარდგენის შემდეგ, საავადმყოფოს სპეციალისტებმა და ფარმაცევტებმა თანამშრომლობა გადაწყვიტეს.

ფარმაცევტი დათახმდა, მოემზადებინა სწრაფი გადასხმისთვის განკუთვნილი დარიშხანის პრეპარატი. მაგრამ ამჯერად ექთნების ჯგუფმა ვეღარ გაბედა, რომ სადავო ნივთიერება გადაესხათ ჩემთვის. ისინი განზე გადგნენ, როდესაც ექიმებმა ხსნარის რამდენიმე ერთეული თავად გადამისხეს. ექთნები დაჟინებით მთხოვდნენ სისხლის გადასხმას; ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ მოვკვდებოდი. მე კი ვთხოვდი, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ, რისი ძალაც შესწევდათ და ამასთანავე პატივი ეცათ ჩემი გადაწყვეტილებისთვის, სინდისის გამო უარი მეთქვა სისხლის გადასხმაზე. მე დიდი მადლობა გადავუხადე მათ, ხელი მოვხვიე და ვთხოვე, პირადი გრძნობების გამოხატვისგან თავი შეეკავებინათ. ჩვენ კარგი ურთიერთობა შევინარჩუნეთ. დარიშხანის სამჟანგით მკურნალობა ექვსი თვე გაგრძელდა და თავი უკეთ ვიგრძენი. ამის შემდეგ ექიმები თანახმა იყვნენ, რომ მკურნალობა სახლში გამეგრძელებინა.

სახლში მონახულებებს ორგანიზებას ექთნების ვიქტორიას ორდენი უწევდა, რომელიც ბინაზე მოვლის მომსახურებას ხელმძღვანელობს. კვლავ წამოიჭრა სინდისთან დაკავშირებული საკითხი. ისინიც უხალისოდ აკეთებდნენ გადასხმას. შეხვედრებმა, წერილებმა და სტატიებმა პრესტიჟული სამედიცინო ჟურნალებიდან, სიტუაცია განმუხტა, რის შედეგადაც ექთნები დათანხმდნენ თანამშრომლობაზე. 1997 წლის სექტემბერში მკურნალობა დასრულდა.

მართალია, კიბოს ამ ფორმამ შეიძლება კვლავ იჩინოს თავი. ექიმმა მითხრა, რომ ეს შენელებული მოქმედების ბომბის მსგავსია, მაგრამ მე ვისწავლე ის, რომ ყოველი დღე ჩემთვის სასიხარულო იყოს, არასდროს ვტოვებ თაყვანისმცემლობის ადგილს და ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო ბიბლიაზე დაფუძნებული იმედის სხვებისთვის გაზიარებაში იმ დროის შესახებ, როცა არავინ იტყვის, „ავად ვარო“ (ესაია 33:24)».

მედიცინის მუშაკებს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რათა სათანადოდ იზრუნონ სხვების ჯანმრთელობაზე. ისინი, ჩვეულებრივ, სერიოზულად ეკიდებიან საქმეს და კეთილსინდისიერად აგრძელებენ მკურნალობას თავიანთი გამოცდილებისა და ცოდნის შესაბამისად. როგორც ეს შემთხვევაც ადასტურებს, ექიმებს, ექთნებსა და ჯანდაცვის სხვა მუშაკებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ, თუ დამყოლი და თანამგრძნობი დარჩებიან საქმეში ჩახედული პაციენტის რწმენისა და სინდისის მიმართ.

[სქოლიო]

^ აბზ. 8 შემთხვევების განხილვისას, ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ მხარს არ უჭერს მკურნალობის რომელიმე მეთოდს.

[სურათი 20 გვერდზე]

დარლინ შეპარდი