არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რწმენის შენარჩუნება ტოტალიტარული ტირანიის დროს

რწმენის შენარჩუნება ტოტალიტარული ტირანიის დროს

რწმენის შენარჩუნება ტოტალიტარული ტირანიის დროს

მოგვითხრო მიხაილ დასევიჩმა

„გერმანიაში იეჰოვას მოწმეებს ვხვრეტდით. ხედავ ამ თოფს? — მკითხა გესტაპოს აგენტმა და კუთხეში მიყუდებულ შაშხანაზე მიმითითა. — მე შემეძლო ხიშტზე წამომეგე და საერთოდ არ ვიგრძნობდი თავს დამნაშავედ“.

მხოლოდ 15 წლის ვიყავი, როცა ჩემს სამშობლოში 1942 წელს ასეთი საშიშროების წინაშე აღმოვჩნდი ნაცისტური ოკუპაციის დროს.

დავიბადე 1926 წლის ნოემბერში სტანისლავთან (ახლანდელი ივანო-ფრანკოვსკი) ახლოს მდებარე პატარა სოფელში, რომელიც მაშინ პოლონეთის ტერიტორიას მიეკუთვნებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1939 წლის სექტემბრიდან 1945 წლის მაისამდე, ჩვენი მხარე თავდაპირველად საბჭოთა კავშირმა დაიკავა, შემდეგ დროებით გერმანიამ და ბოლოს კვლავ — საბჭოთა კავშირმა. ომის დამთავრების შემდეგ ეს მხარე უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილი გახდა და, როცა საბჭოთა კავშირმა 1991 წელს არსებობა შეწყვიტა, ის უკრაინის შემადგენლობაში აღმოჩნდა.

ჩემი პოლონელი მამა და ბელორუსი დედა ბერძნული კათოლიკური ეკლესიის წევრები იყვნენ. მაგრამ 1939 წელს ორმა მანდილოსანმა, რომლებიც იეჰოვას 30 მოწმისგან შემდგარ კრებას მიეკუთვნებოდნენ ახლომდებარე სოფელ გორიგლიადში, ბუკლეტი „მსოფლიო ომი ახლოსაა“დაგვიტოვა. მასში აღწერილი იყო მოვლენები, რომელთა თვითმხილველიც შემეძლო თავად ვყოფილიყავი. ამიტომ ბუკლეტში დასმულმა კითხვამ — „სინამდვილეში რატომ ისწრაფვიან ერები ომისკენ?“ — აღმძრა, რომ გულდასმით გამემახვილებინა ყურადღება მასში მოცემულ ბიბლიურ განმარტებებზე.

მხოლოდ ომი არ გვიქმნიდა პრობლემას უკრაინაში, იქ საშინელი შიმშილობა იყო. ამავე დროს, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელის, იოსებ სტალინის, პოლიტიკას რუსეთში იძულებითი გადასახლებები მოჰყვა. ხალხის ტანჯვამ, რომლის თვითმხილველიც ვიყავი, აღმძრა, გულდასმით გამომეკვლია ბიბლია. გორიგლიადში ერთ მოწმეს ვთხოვე, ჩემთვის ბიბლია ესწავლებინა.

ჩვენი სოფელი, ოდაჟივი, გორიგლიადიდან მდინარე დნესტრის მეორე მხარეზე მდებარეობს, რის გამოც კვირაში რამდენჯერმე მიწევდა პატარა ნავით ამ მდინარის გადალახვა, ბიბლიის შესწავლებზე რომ მევლო. 1941 წელს მე და ჩემი და, ანა, ორ სხვა ადამიანთან ერთად მოვინათლეთ ამ მდინარეში.

გესტაპოს მიერ მკაცრად დაკითხვა

გერმანიამ ოკუპაცია 1941 წელს დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც დასჯით გვემუქრებოდნენ, არ შეგვიწყვეტია ქრისტიანული საქმიანობა. მომდევნო წელს პიონერად მსახურება დავიწყე; გადასაადგილებლად ველოსიპედს ვიყენებდი. არ გასულა დიდი ხანი და გერმანიის გესტაპოს მხრიდან იმ ხანმოკლე წინააღმდეგობას წავაწყდი, რომლის შესახებაც შესავალში მოვიხსენიე. აი რა მოხდა:

ერთ დღეს, როცა მსახურებიდან შინ ვბრუნდებოდი, ორ თანაქრისტიანს, დედასა და მის შვილს, ვეწვიე. ამ შვილის ქმარი ჩვენს რწმენას ეწინააღმდეგებოდა და ძალიან სურდა იმის გაგება, თუ მისი მეუღლე საიდან იღებდა ბიბლიურ ლიტერატურას. მე იმ დღეს თან მქონდა არა მხოლოდ ზოგი პუბლიკაცია, არამედ თანამორწმუნეების მსახურების ანგარიშებიც. მისმა მეუღლემ მაშინ დამინახა, როცა მათი სახლიდან გავდიოდი.

„შეჩერდი!“ — დამიღრიალა მან. მე მაგრად ჩავჭიდე ხელი ჩემს ჩანთას და გავიქეცი.

„შეჩერდი! ქურდი!“ — ყვიროდა ის. მინდვრებში მომუშავეებმა იფიქრეს, რომ რაღაც მოვიპარე და იძულებით გამაჩერეს. ამ კაცმა პოლიციის განყოფილებაში წამიყვანა, სადაც გესტაპოს აგენტი დამხვდა.

როდესაც ამ აგენტმა ჩემს ჩანთაში ლიტერატურა დაინახა, გერმანულად იყვირა: „რუტერფორდი! რუტერფორდი!“. მე არ მჭირდებოდა მთარგმნელი იმის გასაგებად, თუ რამ გამოიწვია მისი უკმაყოფილება. ჯოზეფ რუტერფორდის სახელი, რომელიც „საგუშაგო კოშკის ბიბლიისა და ტრაქტატების“ საზოგადოების პრეზიდენტი იყო, იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნების სატიტულო ფურცელზე ეწერა. შემდეგ კი ამ კაცმა, რომელმაც ჩემი თავი დააჭერინა, თავის ცოლის საყვარლობაში დამდო ბრალი. მაგრამ პოლიცია და გესტაპოს აგენტი უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ეს უაზრობა იყო, რადგან მისი მეუღლე საკმაოდ ასაკოვანი, დედაჩემის ტოლი, იყო. შემდეგ მათ დაიწყეს ჩემი დაკითხვა.

მათ სურდათ, სცოდნოდათ, ვინ ვიყავი და სადაური ვიყავი; განსაკუთრებით აინტერესებდათ, საიდან ვიშოვე ეს წიგნები. მაგრამ არაფერს ვეუბნებოდი. მათ რამდენჯერმე დამარტყეს და მასხრად ამიგდეს, რის შემდეგაც სარდაფში ჩამაგდეს. დაკითხვა მომდევნო სამი დღის განმავლობაშიც გრძელდებოდა. შემდეგ შემიყვანეს გესტაპოს აგენტის კაბინეტში, სადაც ის დამემუქრა, რომ ხიშტზე წამომაგებდა. იმ წუთში არ ვიცოდი, შეასრულებდა თუ არა ის თავის დანაპირებს. თავი დავხარე და მომეჩვენა, რომ ძალიან დიდხანს სიჩუმე ჩამოვარდა. უეცრად მან მითხრა: „შეგიძლია წახვიდე“.

როგორც დაინახეთ, იმ პერიოდში ქადაგება მართლაც რომ რთული საქმე იყო; იგივე შეიძლება ითქვას შეხვედრების ჩატარებაზეც. ჩვენ 1943 წლის 19 აპრილს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო აღვნიშნეთ, რომლის დროსაც სახლის ორი ოთახი გამოვიყენეთ გორიგლიადში (ლუკა 22:19). როდესაც ვიწყებდით შეხვედრას, ყვირილი ატყდა, რომ პოლიცია უახლოვდებოდა ჩვენს სახლს. ზოგი ჩვენგანი ბაღში დაიმალა, ხოლო ჩემმა დამ, ანამ, და სამმა მანდილოსანმა სარდაფს შეაფარეს თავი. პოლიციამ იპოვა ისინი და ერთმანეთის მიყოლებით გამოათრია იქიდან, დასაკითხად რომ წაეყვანა. მათ საათობით უხეშად ეპყრობოდნენ და ერთ-ერთი მათგანი სერიოზულადაც კი დაშავდა.

მსოფლიო მდგომარეობა იცვლება

1944 წლის ზაფხულში გერმანელებმა უკან დაიხიეს და საბჭოთა კავშირმა დაიბრუნა ჩვენი ტერიტორია. ჩვენ, როგორც იეჰოვას მსახურები, იმავე ბიბლიურ პრინციპებს ვიცავდით, რომელთა თანახმადაც ნაცისტური ოკუპაციის დროს ვცხოვრობდით. გარდა ამისა, უარს ვამბობდით ნებისმიერი სახის სამხედრო თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობაზე. ბიბლიური პრინციპებისადმი ჩვენი ერთგულება მალე გამოიცადა (ესაია 2:4; მათე 26:52; იოანე 17:14).

რამდენიმე დღეში საბჭოთა მთავრობამ ყველა ახალგაზრდა მამაკაცის სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო. საქმეს უფრო მეტად ის ართულებდა, რომ მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლები არ ეძებდნენ ჯარში გასაწვევებს. უკრაინელი პარტიზანები სისტემატურად დაეძებდნენ ამ ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებიც ტყეში მიჰყავდათ, ბრძოლისთვის რომ გამოეწვრთნათ. ამიტომ ჩვენ, მოწმეები, რთულ მდგომარეობაში ვიყავით, როცა ამ ორი მოწინააღმდეგე მხარის — საბჭოთა მთავრობისა და პარტიზნების — წინაშე გვიწევდა ნეიტრალური პოზიციის დამტკიცება.

ამ ორ დაჯგუფებას შორის შეტაკება სწორედ ჩვენს სოფელში მოხდა და ორი პარტიზანი ჩვენი სახლის წინ, ქუჩაში, მოკლეს. საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს სახლში მოვიდნენ იმის გამოსარკვევად, ვიცოდით თუ არა რამე დახოცილების შესახებ. ჩვენთან მოსულმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩემი წაყვანა და თავიანთ ჯარში მიღება გადაწყვიტეს, რომელიც პოლონელი ჯარისკაცების პოლკისგან ყალიბდებოდა. რადგან წარმოშობით პოლონელი ვიყავი, ამ ჯარში შესვლა მეც მომეთხოვებოდა.

სხვა ოთხ მოწმესთან ერთად უარი ვთქვი ჯარში შესვლაზე, რის შემდეგაც მატარებლით წაგვიყვანეს დნეპროპეტროვსკში, ქალაქში, რომელიც აღმოსავლეთით დაახლოებით 700 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მას შემდეგ, რაც ავუხსენით, რომ ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენის გამო არ შეგვეძლო გვემსახურა სამხედრო სამსახურში, საპატიმროში მოგვათავსეს, სანამ ჩვენს წინააღმდეგ ბრალდებებს მოამზადებდნენ. როდესაც სასამართლოს წინაშე წარვსდექით, შევიტყვეთ, რომ გამომძიებელი ებრაელი იყო. თავის დაცვის დროს ჩვენ ავხსენით საკუთარი მრწამსი, რასაც გამომძიებელი ყურადღებით ისმენდა, მოვიხსენიეთ ისეთი საკითხები, რაც ვიცოდით, რომ მას დააინტერესებდა; მათ შორის ისრაელების ჩაგვრა და მოსეს მეშვეობით ეგვიპტიდან მათი განთავისუფლება.

სასამართლო პროცესი განაჩენის გამოტანამდე თვეების განმავლობაში გრძელდებოდა; ამასობაში ჩვენ სხვა 25 პატიმართან ერთად საკანში მოგვათავსეს. როდესაც იქ მყოფებმა შეიტყვეს, რომ უარი ვთქვით ჯარში წასვლაზე, წამოიძახეს: „თქვენ ჩვენი ძმები ხართ“! მაგრამ მალე შევიტყვეთ, რომ ისინი მოწმეები კი არა, ბაპტისტები ყოფილან. ისინი მზად იყვნენ ჯარში წასვლაზე, მაგრამ იმიტომ დააპატიმრეს, რომ უარი თქვეს იარაღის ტარებაზე.

1945 წლის მაისში, სანამ ჯერ კიდევ პატიმრობაში ვიყავით დნეპროპეტროვსკში, შუაღამეს გამოგვაღვიძა სროლის ხმამ და ბარაკებისა და ქუჩის მხრიდან წამოსულმა ხმაურმა. ჩვენ დაგვაინტერესა, თუ რამ გამოიწვია ეს ხმაური — არეულობამ, ბრძოლამ თუ დღესასწაულმა. მეორე დღეს, საუზმის დროს საპარიკმახეროდან შეგვატყობინეს ახალი ამბავი, რომ ომი დამთავრდა! ამის შემდეგ მოკლე ხანში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. ერთი და იგივე განაჩენი გამოგვიტანეს როგორც ჩვენ, ისე ბაპტისტებს — ათი წელი უნდა გაგვეტარებინა შრომა-გასწორების კოლონიაში.

რუსეთის შრომა–გასწორების კოლონიაში

ჩვენ, ხუთი მოწმე, რუსეთის შრომა-გასწორების კოლონიაში გაგვაგზავნეს. მატარებლით ორი კვირის მგზავრობის შემდეგ სუხობეზვოდნოეში ჩამოგვსვეს, რომელიც მოსკოვიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 400 კილომეტრზე მდებარეობს. სუხობეზვოდნოე იმ 32 შრომა-გასწორების კოლონიის ადმინისტრაციული ცენტრია, რომლებიც რკინიგზის ხაზის გაყოლებაზე იყო განლაგებული. თითოეულ ბანაკში ათასობით პატიმარი იყო. მას შემდეგ, რაც სუხობეზვოდნოეში ექვსი თვე დავყავი, №18 ბანაკში გამგზავნეს. იქ პატიმრების უმეტესობა ბოროტმოქმედი ან პოლიტიკური დამნაშავე იყო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაოდ ხეების მოჭრა დაგვავალეს, რაც ძალიან ძნელი შესასრულებელი იყო. დროდადრო გვიწევდა წელამდე თოვლში გავლა, ხელის ხერხით ხეების მოჭრა და შემდეგ თოვლში მათი თრევა. კვირაში ერთხელ, კვირაობით საუზმის შემდეგ, შესაძლებლობა მქონდა, ბანაკში სხვა ოთხ მოწმესთან ერთად განმეხილა ბიბლიური მასალა. ეს იყო ჩვენი შეხვედრები. ჩვენ გახსენების საღამოსაც აღვნიშნავდით ხოლმე; ერთ წელს საღამო აბანოში აღვნიშნეთ და მაყვლის წვენი გამოვიყენეთ, რადგან არ გვქონდა ღვინო, რომელიც იესოს სისხლის სიმბოლოა.

მარტოობის გრძნობა დამთრგუნველი იყო. მე გულს ვუშლიდი იეჰოვას, რომელიც მაძლიერებდა ისევე, როგორც წინასწარმეტყველ ელიას, როდესაც მას იგივე გრძნობები აწუხებდა (მესამე მეფეთა 19:14, 18). ღმერთი მეხმარებოდა იმის დანახვაში, რომ მარტო არ ვიყავით. ის მართლაც სიმაგრესა და საყრდენს წარმოადგენდა ჩემი ცხოვრების ასეთ რთულ სიტუაციებშიც კი.

სუხობეზვოდნოესთან ახლოს განლაგებულ თითოეულ ბანაკში რამდენიმე მოწმე იყო და ჩვენ ერთი მოწმის მეშვეობით, რომელსაც თავისი სამუშაო ყველა ბანაკის მონახულების საშუალებას აძლევდა, დროდადრო შეგვეძლო მათთან ურთიერთობა. მას, როგორც შუამავალს, საიდუმლოდ შემოჰქონდა და გაჰქონდა ლიტერატურა ბანაკიდან ბანაკში. ეს ჩვენს ხელთ არსებული ცოტაოდენი ლიტერატურით სარგებლობის საშუალებას გვაძლევდა. ეს მართლაც გამამხნევებელი იყო!

უკრაინაში დაბრუნება

სახელმწიფოში გამოცხადებული ამნისტიის წყალობით სასჯელი ათიდან ხუთ წლამდე შემიმცირდა. ამიტომ 1950 წლის აპრილში მშობლიურ კრებას დავუბრუნდი გორიგლიადში. უკრაინაში ჩვენი საქმიანობა ჯერ კიდევ აკრძალული იყო და მსახურებაში მონაწილეობა დიდ საფრთხეს გვიქმნიდა. მაგრამ ამავე დროს დიდად კურთხეული ვიყავით.

მას შემდეგ, რაც დავბრუნდი, ცოტა ხანში ერთ მამაკაცს, სახელად კოზაკს, ვესაუბრე, რომელიც ჟაბოკრუკში ცხოვრობდა, ჩემი სახლიდან დაახლოებით 20 კილომეტრით დაშორებულ სოფელში. ვკითხე, როგორ უმკლავდებოდნენ ის და მისი ოჯახი ცხოვრებისეულ სიძნელეებს. ვიცოდი, რომ კოლექტიურ მეურნეობაში მომუშავეებს დიდი გაჭირვებით გაჰქონდათ თავი; ამიტომ ჩემ მიერ დასმული კითხვა კარგი საშუალება იყო საუბრის წამოსაწყებად. მე მას ავუხსენი, რომ ბიბლია წინასწარმეტყველებდა საკვების უკმარისობისა და ჩვენს დროში არსებული ომების შესახებ (მათე 24:3—14). მას უფრო მეტის გაგების სურვილი გაუჩნდა. ამიტომ კვლავ მოვინახულე. ჟაბოკრუკში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად ყოველკვირა 40 კილომეტრს გავდიოდი ფეხით, რათა ბიბლიის შესწავლა ჩამეტარებინა კოზაკის ოჯახთან. იმ დროს არსებული საშიშროება, რომ აღარაფერი ვთქვათ უამრავი დროის დახარჯვაზე, სულ გადამავიწყდა, როცა 1950 წლის აგვისტოში კოზაკი და მისი ოჯახის წევრები მოინათლნენ.

კოზაკისა და მისი ოჯახის მონათვლიდან ცოტა ხნის შემდეგ ისინი სხვა ათასობით მოწმესთან ერთად გადაასახლეს. 1951 წლის აპრილის დასაწყისში შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა მოულოდნელად შეკრიბეს მოწმეები და ყოველგვარი სასამართლო პროცესისა და სასამართლო საქმის მოსმენის გარეშე ციმბირში გადაასახლეს. კოზაკი და მისი ოჯახის წევრები, აგრეთვე ჩემი ბევრი სხვა მეგობარი აიძულეს, რომ იქ დაედოთ ბინა *.

გორიგლიადში მცხოვრები მოწმეების 15 ოჯახიდან მხოლოდ 4 გადაასახლეს. მაგრამ სხვა კრებებში გადასახლებული მოწმეების რაოდენობა უფრო მეტი იყო. როგორ გაეწია ორგანიზება ამ მასობრივ გადასახლებებს? ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწმეების სიები შეადგინეს და ამგვარად მათ შეეძლოთ სურვილისამებრ ყველა მათგანის თავმოყრა. როგორც ჩანს, ეს სიები 1950 წელს შედგა, როცა მე ჯერ კიდევ რუსეთის ციხეში ვიჯექი, რის გამოც ჩემი სახელი გამორჩენოდათ. ერთი თვით ადრე, 1951 წლის მარტში დავქორწინდი ფენიაზე, იეჰოვას ერთგულ მსახურზე. მისი ოჯახის ყველა წევრი გადაასახლეს, მაგრამ ის გადაურჩა გადასახლებას, რადგან ჩემზე იყო დაქორწინებული და იმ პერიოდში ჩემს გვარს ატარებდა, რომელიც სიაში არ იყო.

რწმენის რთული გამოცდები

გადასახლებების შემდეგ ჩვენ, რომლებიც ჯერ კიდევ მშობლიურ სახლებში ვიყავით, ჩვენი საქმიანობის რეორგანიზება გვმართებდა. მე მთხოვეს, მეზრუნა ივანო-ფრანკოვსკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 15 კრებაზე, რომლებშიც გადასახლებების შემდეგაც კი ჯერ კიდევ დაახლოებით ოცდაათ-ოცდაათი მოწმე იყო. როგორც დურგალს, საკუთარი სახელოსნო მქონდა, რის გამოც შემეძლო მოხერხებულად დამეგეგმა დრო და თვეში ერთხელ ფარულად შევხვედროდი თითოეული კრების ძმებს.

ხშირად ღამით ვხვდებოდით ერთმანეთს სასაფლაოზე, სადაც დარწმუნებული ვიყავით, რომ მარტო ვიქნებოდით. მთავარი განსახილველი საკითხი ყველა კრების ბიბლიური ლიტერატურით მომარაგება იყო. დროგამოშვებით ვიღებდით ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ მიმდინარე ნომრებს პოლონურ ან რუმინულ ენაზე და ვთარგმნიდით უკრაინულად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები გამუდმებით გვითვალთვალებდნენ და ცდილობდნენ, ეპოვათ და გაენადგურებინათ ასლის გადასაღები ჩვენი პრიმიტიული მანქანები.

მაგრამ ჩვენი უდიდესი პრობლემა ის იყო, რომ მოწყვეტილები ვიყავით სხვა ქვეყნებში, მათ შორის ბრუკლინში (ნიუ-იორკი), მცხოვრები თანაქრისტიანი ძმებისგან, რომლებიც ჩვენს ქრისტიანულ საქმიანობას ხელმძღვანელობდნენ. ამის შედეგი ის იყო, რომ ხშირად ჩვენი კრებების წევრები უთანხმოების, გავრცელებული ხმებისა და ინტრიგების გამო იტანჯებოდნენ. ზოგმა მოწმემ დატოვა ორგანიზაცია და ჩამოაყალიბა ოპოზიციური დაჯგუფებები. იმ პერიოდში ცრუ და არასასიამოვნო ინფორმაცია მათ შესახებაც კი გავრცელდა, ვინც საქმეს ხელმძღვანელობდა ბრუკლინში.

ამიტომ ბევრმა ჩვენგანმა დაინახა, რომ რწმენის რთული გამოცდების უმეტესობა მოწინააღმდეგეების მიერ დევნით კი არა, კრებებში არსებული უთანხმოებების შედეგად იყო გამოწვეული. თუმცა ზოგმა გადაწყვიტა, აღარ ეცა თაყვანი ღმერთისთვის ჩვენთან ერთად, მივხვდით, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ბოლომდე ორგანიზაციაში დავრჩენილიყავით და დავლოდებოდით, სანამ იეჰოვა გამოასწორებდა სიტუაციას. საბედნიეროდ, ჩვენს ტერიტორიაზე მოწმეების უმრავლესობა სწორედ ასე მოიქცა. სიხარულით შემიძლია ვთქვა, რომ მრავალი მათგანი, რომლებმაც დატოვეს ორგანიზაცია, მიხვდა თავის შეცდომას და მოგვიანებით დაბრუნდა, ჩვენთან ერთად რომ ემსახურათ იეჰოვასთვის.

იზოლაციის რთულ პერიოდებშიც კი ვმონაწილეობდით საჯარო მსახურებაში და დიდად კურთხეული ვიყავით. რამხელა ჯილდო მივიღეთ! ყოველთვის, როცა ამჟამად ჩვენი კრების წიგნის შესწავლას ვესწრები, თვალნათლივ ვხედავ იეჰოვას კურთხევებს. ჩვენი წიგნის შესწავლის 20 ან მეტ მაუწყებელს ჩემი ოჯახის წევრები დაეხმარნენ ჭეშმარიტების შეცნობაში.

ჩემი და, ანა, და მშობლები იეჰოვას ერთგულები დარჩნენ სიცოცხლის ბოლომდე. მე და ფენია ჯერ კიდევ შეძლებისდაგვარად აქტიურად ვემსახურებით იეჰოვას. დრომ მართლაც სწრაფად გაირბინა. ბოლო 30 წლის განმავლობაში უკრაინაში იეჰოვას მოწმეები ამაღელვებელი მოვლენების მონაწილენი გახდნენ, რის შესახებაც ყველაფრის მოყოლა შეუძლებელია ამ პატარა ისტორიაში. კმაყოფილებას ვგრძნობ, როცა ვიხსენებ, რომ უამრავი წელი იეჰოვასთვის მსახურებაში გავატარე და დარწმუნებული ვარ, რომ ის დარჩება ჩემს სიმაგრედ და საყრდენად, რადგან თავად ამბობს: „მე, უფალი, არ ვიცვლები“ (მალაქია 3:6).

[სქოლიო]

^ აბზ. 32 იხილეთ სტატიები „ორმოც წელზე მეტი კომუნისტებისგან დევნილი“ (1999 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 24—29) და „ციმბირში გადასახლებული“ (1999 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“, გვ. 20—25).

[ჩანართი 21 გვერდზე]

„მათ სურდათ, სცოდნოდათ, ვინ ვიყავი და სადაური ვიყავი; განსაკუთრებით აინტერესებდათ, საიდან ვიშოვე ეს წიგნები, მაგრამ არაფერს ვეუბნებოდი“.

[ჩანართი 22 გვერდზე]

„მარტოობის გრძნობა დამთრგუნველი იყო. მე გულს ვუშლიდი იეჰოვას, რომელიც მაძლიერებდა“.

[სურათი 20 გვერდზე]

მე და ფენია 1952 წელს.

[სურათი 23 გვერდზე]

მე და ფენია დღეს.