სახიფათო სპორტი — უნდა გარისკო?
ბიბლიის თვალსაზრისი
სახიფათო სპორტი — უნდა გარისკო?
„დღესდღეობით სულ უფრო და უფრო მეტი ჩვენგანი ტოვებს დამკვირვებლის ადგილს, რათა თვითმფრინავიდან თავად გადახტეს, მთებიდან ძირს თოკით დაეშვას, ჩანჩქერის ზემოთ ბაიდარათი გაცუროს და ზვიგენებთან ჩაყვინთოს“ (გაზეთი The Willow Glen Resident).
ეს სიტყვები სპორტში არსებულ მზარდ ტენდენციებს აღწერს. სპორტის ისეთი სახეობების პოპულარობის მნიშვნელოვანი ზრდა, როგორებიცაა საპარაშუტო სპორტი, მყინვარებზე ცოცვა, პარაპლანერიზმი და დიდი სიმაღლეებიდან პარაშუტით ხტომა *, რისკიანი საქმეებით მსოფლიოს გატაცებას ირეკლავს. სნოუბორდები, მთამსვლელი ველოსიპედები, სკეიტბორდები და „როლიკებიც“, რომლებსაც გორგოლაჭები ერთ მწკრივზე აქვთ განლაგებული, იმ მიზანს ემსახურება, რომ ადამიანის შეზღუდული შესაძლებლობები ფრიალო მთებისა და ძალიან მაღალი ციცაბო კლდეების დაპყრობითა და უსაზღვროდ გრძელი ნახტომების გაკეთების მცდელობით გაიზარდოს. როგორც ჟურნალ „ტაიმშია“ ნათქვამი, სახიფათო სპორტის დიდი პოპულარობა — სპორტისა, რომლის მონაწილეები თავს დიდ საფრთხეში იგდებენ — ნათელყოფს მილიონობით ადამიანის წადილს იმის მიმართ, რომ მიაღწიონ «იმ მეტაფორულ უკიდურეს ზღვარს, სადაც საფრთხე, სიმარჯვე და შიში შერწყმულია, რათა უქმე დღეებში ამ „მებრძოლმა“ ადამიანებმა, ისევე როგორც პროფესიონალმა სპორტსმენებმა, საკუთარ შეზღუდულ შესაძლებლობებს გადააჭარბონ».
მაგრამ პოპულარობის ზრდას დიდი მსხვერპლიც მოჰყვება. უამრავი ადამიანი ზიანდება იმით, რომ შედარებით უსაფრთხო სპორტული თამაშების ადგილს სახიფათო სპორტი იკავებს. 1997 წელს შეერთებულ შტატებში სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მოხვედრილ სკეიტბორდინგის დროს ტრავმირებულთა რიცხვი 33-ზე მეტი პროცენტით, სნოუბორდინგის დროს — 31 პროცენტით და ალპინიზმის დროს — 20 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება სპორტის სხვა სახეობებს, შედეგები უფრო დრამატულიც კი არის, რაზეც სახიფათო სპორტთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ზრდა მეტყველებს. ასეთი სპორტის მოყვარულები საფრთხის შესახებ ინფორმირებული არიან. თხილამურებით სრიალის სარისკო სახეობაში მონაწილე ქალი აცხადებს: „ჩემს გონებაში განუწყვეტლივ ფიგურირებს სიკვდილი“. პროფესიონალი სნოუბორდერი ასეთ დასკვნას აკეთებს: თუკი არ დაზიანდი, საკმარისად არ გარჯილხარ.
ამ ფაქტების მხედველობაში მიღებით, როგორი უნდა იყოს ქრისტიანის დამოკიდებულება ასეთ საქმიანობებში მონაწილეობის მიმართ? როგორ შეუძლია ბიბლიას დაგვეხმაროს იმის გადაწყვეტაში, მივდიოთ თუ არა სპორტის სახიფათო სახეობებს? იმის განხილვა, თუ როგორ უყურებს ღმერთი სიცოცხლის სიწმინდეს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება.
ღვთის თვალსაზრისი სიცოცხლეზე
ბიბლია გვეუბნება, რომ იეჰოვაა „წყარო სიცოცხლისა“ (ფსალმუნი 35:10). კაცობრიობის შექმნის გარდა მან უდიდესი მზრუნველობა გამოიჩინა, რათა უზრუნველვეყავით იმით, რაც გვესაჭიროება სიცოცხლით სიამოვნების მისაღებად (ფსალმუნი 138:14; საქმეები 14:16, 17; 17:24—28). ამიტომ გონივრული იქნებოდა, დაგვესკვნა, რომ ის მოელის ჩვენგან იმის მოფრთხილებას, რაც ასე გულმოწყალედ გვიბოძა. ისრაელი ერისათვის მიცემული კანონები და პრინციპები გვეხმარება ამის დაფასებაში.
მოსეს რჯულით მოითხოვებოდა, რომ სხვების სიცოცხლის დასაცავად უსაფრთხოების ზომები ყოფილიყო მიღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ვინმე დაიღუპებოდა, ადამიანს, რომელსაც ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად რაიმეს გაკეთება შეეძლო, მაგრამ არაფერი იღონა, სიკვდილში დამნაშავედ მიიჩნევდნენ. სახლის პატრონს, მაგალითად, თავისი ახალი სახლის ბანისთვის პარაპეტად წოდებული დაბალი გალავანი ანუ მოაჯირი უნდა შემოევლო. თუკი ის ასე არ მოიქცეოდა და ვინმე ბანიდან გადმოვარდებოდა, მისი სისხლი ამ სახლზე იქნებოდა (მეორე რჯული 22:8). თუკი ხარი მოულოდნელად ურქენდა ვინმეს და მოკლავდა, ხარის პატრონი არ აგებდა პასუხს. სხვა მხრივ კი, თუ ცნობილი იყო, რომ ხარი მარქენალია და მისი პატრონიც გაფრთხილებული იყო, მაგრამ ხარი კარგად არ დააბა, ხარმა კი ვინმეს ურქინა, მაშინ ხარის პატრონს დასდებდნენ ბრალს და მოკლავდნენ (გამოსვლა 21:28, 29). ვინაიდან სიცოცხლე ძვირფასია იეჰოვასთვის, მის რჯულში სიცოცხლის დაცვისა და მოფრთხილების დიდი პატივისცემაა ასახული.
ღვთის ერთგულ მსახურებს ესმოდათ, რომ ეს პრინციპები საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებაზეც ვრცელდებოდა. ბიბლიაში, ერთგან, მოთხრობილია იმის შესახებ, რომ დავითმა ‘ბეთლემის ჭის წყლის დალევა’ მოისურვა. იმ დროს ბეთლემი ფილისტიმელებს ჰქონდათ დაპყრობილი. დავითის თხოვნა რომ გაიგონეს, მისი ჯარიდან სამი კაცი ფილისტიმელთა ბანაკში შეიჭრა, ბეთლემის ჭიდან წყალი ამოიღო და დავითს მიუტანა. როგორ მოიქცა დავითი? მან კი არ დალია წყალი, არამედ მიწაზე დაღვარა. დავითმა თქვა: „შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც დამელიოს ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ!“ (პირველი ნეშტთა 11:17—19). დავითისთვის წარმოუდგენელი იყო საკუთარი კმაყოფილებისთვის ვინმეს სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება.
იესოც ამნაირად მოიქცა, როდესაც — მოსალოდნელი იყო, რომ ხილვაში — ეშმაკი უბიძგებდა, ტაძრის ქიმიდან გადავარდნილიყო იმის დასანახავად, დაიცავდნენ თუ არა მას ანგელოზები ზიანისგან. იესომ უპასუხა: „არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი“ (მათე 4:5—7). დიახ, დავითსაც და იესოსაც ესმოდათ, რომ ღვთის თვალში არასწორი იყო უსარგებლო რისკზე წასვლა, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება შეეძლო.
ამ მაგალითების განხილვის შემდეგ შეიძლება დაინტერესდეთ: სად გავავლოთ ზღვარი და როგორ განვსაზღვროთ, ექსტრემალური ხასიათის ან სახიფათო ხომ არ არის სპორტის ესა თუ ის სახეობა? ვინაიდან გართობის გავრცელებული ფორმებიც კი, რომლებიც თავისთავად არ არის საშიში, შეიძლება უკიდურეს ხასიათს იღებდეს, როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რით შემოვიფარგლოთ?
ღირს რისკზე წასვლა?
ნებისმიერი საქმიანობის გულწრფელი შეფასება დაგვეხმარება პასუხის მიღებაში. მაგალითად, შეიძლება ვკითხოთ საკუთარ თავს: „რამდენად ხშირად იღებენ ტრავმებს სპორტის ამ სახეობაში მონაწილენი? ვარ ნავარჯიშები ან მაქვს დაზიანებისგან დამცავი აღჭურვილობა? რა შედეგები მოჰყვება იმას, თუ დავეცი ან ნახტომი ზუსტად ვერ მოვზომე, ან თუკი დამცავმა აღჭურვილობამ მიმტყუნა? იქნება ეს უმნიშვნელო მარცხი, თუ არსებობს სერიოზული დაზიანების ან სიკვდილის ალბათობა?“.
გასართობად უსარგებლო რისკზე წასვლამ შეიძლება ნამდვილი ქრისტიანის იეჰოვასთან ძვირფას ურთიერთობაზე მოახდინოს გავლენა, ისევე როგორც მის უფლებამოსილებაზე, მიიღოს კრებაში განსაკუთრებული უპირატესობები (1 ტიმოთე 3:2, 8—10; 4:12; ტიტე 2:6—8). ცხადია, თვით გართობის დროსაც კი ქრისტიანები კარგად იქცევიან, როცა სიცოცხლის სიწმინდეზე შემოქმედის თვალსაზრისს ითვალისწინებენ.
[სქოლიო]
^ აბზ. 4 დიდი სიმაღლეებიდან ხტომის ბაზას წარმოადგენს შენობა, ანტენა, ხიდი და კლდე. სპორტის ეს სახეობა, რომლის მონაწილეები შენობების, ხიდებისა და კლდეების მსგავსი უძრავი ობიექტებიდან პარაშუტით ხტებიან, იმდენად სახიფათოდ ითვლება, რომ შეერთებული შტატების ეროვნული პარკების მომსახურების ბიუროს მიერ აიკრძალა.