არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იმედი, რომელიც მაძლიერებს

იმედი, რომელიც მაძლიერებს

იმედი, რომელიც მაძლიერებს

მოგვითხრო ტატიანა ვილეისკამ

ჩვენი ბედნიერი ოჯახი მაშინ დაინგრა, როცა ჩვენსავე ბინაში დედა ცემით მომიკლეს. ოთხი თვის შემდეგ მამამ თავი მოიკლა. ამის შემდეგ სიცოცხლე მომძულდა. მაგრამ როგორ მოხდა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და ამ ამბის მოყოლა შემიძლია? ნება მიბოძეთ, აგიხსნათ.

აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქი დონეცკი მეტალურგიული ქარხნებითა და ქვანახშირის საბადოებითაა ცნობილი. მოსახლეობა, რომელიც ერთ მილიონს აღემატება, რუსულად ლაპარაკობს. ხალხი შრომისმოყვარე და მეგობრულია. ზოგ მათგანს ასტროლოგიის ან სპირიტიზმის სჯერა და მომავლის გასაგებად ბევრი ჰოროსკოპებს იყენებს. სხვები ჯადოქრებს მიმართავენ. ამ ადამიანებიდან ზოგი მკვდრებს მიმართავს იმ იმედით, რომ ავადმყოფობისგან განიკურნება, ან სულაც — გართობის მიზნით.

მამა მეწაღე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ათეისტობაზე სდებდა თავს, ფიქრობდა, რომ დედამიწაზე ვინმეს უნდა დავესახლებინეთ. ის იტყოდა ხოლმე: „ჩვენ მხოლოდ სტუმრები ვართ ამ პლანეტაზე“. დედა ყოველ აღდგომას ეკლესიაში მიდიოდა, რადგან, როგორც თავად ამბობდა, თუ ღმერთი არის, თუკი ის არსებობს, ჩვენ ეკლესიაში უნდა ვიაროთო. მე 1963 წლის მაისში დავიბადე. ჩვენ ყველა, ჩემი უფროსი დის, ლიუბოვისა, და უმცროსი ძმის, ალექსანდრეს, ჩათვლით ბედნიერი ოჯახის წევრები ვიყავით.

„თეთრი მაგია სასარგებლოა“

ქვანახშირის საბადოზე მუშაობისას ჩვენმა შორეულმა ნათესავმა პეტრემ * უბედური შემთხვევის შედეგად თავის არეში რამდენიმე ტრავმა მიიღო. მას სპეციალურ კლინიკაში ესაჭიროებოდა მკურნალობა. ჯანმრთელობის მდგომარეობით შეწუხებულმა რჩევა-დარიგების მისაღებად ჯადოქარს მიმართა. ჯადოქარმა პეტრე სულიერ სამყაროსთან დააკავშირა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცოლი და ჩემი მშობლები ეუბნებოდნენ, ჯადოქრობა უაზრობააო, ის თვლიდა, რომ ამაში თავად უკეთესად ერკვეოდა. „რასაც მე ვიყენებ, თეთრი მაგიაა, — ამტკიცებდა ის, — შავი მაგიაა ცუდი, თეთრი მაგია კი სასარგებლოა“.

პეტრე ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა ძალა, რითაც მომავლის წინასწარმეტყველება და ბოროტებისგან ადამიანების დაცვა შეეძლო. მაგრამ პეტრე ცოლმა მიატოვა. ამიტომაც პეტრე ხანდახან ჩვენთან ათევდა ღამეს; ზოგჯერ კვირების მანძილზეც რჩებოდა. ის საშინელ გავლენას ახდენდა ოჯახზე. ასე იყო თუ ისე, დედას და მამას სერიოზული შეკამათება მოსდიოდათ. საბოლოო ჯამში, ისინი დაშორდნენ ერთმანეთს და ბოლოს, განქორწინდნენ. ჩვენ, ბავშვები, დედასთან ერთად სხვა ბინაში გადავედით, და პეტრე, რომელიც მისი ნათესავი იყო, ჩვენთან გადმოვიდა.

ლიუბოვი გათხოვდა და ქმართან ერთად უგანდაში (აფრიკა) გადავიდა საცხოვრებლად. 1984 წლის ოქტომბერში ალექსანდრე დასასვენებლად წავიდა, მე კი ერთი კვირით ქალაქ გორლოვკაში გავემგზავრე. როდესაც სახლს ვტოვებდი, მე და დედა უბრალოდ დავემშვიდობეთ ერთმანეთს. როგორ მწყდება გული იმაზე, რომ მისთვის მეტი არაფერი მითქვამს, ან რატომ სულაც სახლში არ დავრჩი! მე აღარ მინახავს დედა ცოცხალი.

„შენი საყვარელი დედა გარდაიცვალა“

როდესაც გორლოვკიდან დავბრუნდი, სახლი დაკეტილი დამხვდა. კარებზე მილიციის მიერ დატოვებული შემაშფოთებელი ნიშანი შევამჩნიე, რაც სახლში შესვლას კრძალავდა. შიშისგან გამაჟრჟოლა. მეზობლებთან მივედი. ოლგა ისე იყო აღელვებული, რომ ლაპარაკის თავი არ ჰქონდა. მისმა ქმარმა, ვლადიმერმა, თბილად მომმართა და მითხრა: „ტანია, საშინელი რამ მოხდა. შენი საყვარელი დედა გარდაიცვალა. ის პეტრემ მოკლა. ამის შემდეგ ის ჩვენთან შემოვიდა, მილიციას დაურეკა და ჩაჰბარდა“.

მილიციამ დაადასტურა ეს საზარელი ფაქტი და ჩვენი ბინის გასაღები მომცა. პეტრესადმი სიძულვილი მახრჩობდა. გააფთრებულმა მისი ნივთების უმეტესობას ვტაცე ხელი — მაგიის შესახებ წიგნების ჩათვლით — საბანზე დავყარე, ახლომდებარე მინდორში გავიტანე და დავწვი. ალექსანდრემაც შეიტყო ეს შემზარავი ამბავი და ისიც პეტრესადმი სიძულვილით აღივსო. შემდეგ ის ჯარში გაიწვიეს და სახლის დატოვება მოუწია. მამა ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად, ლიუბოვიც დაბრუნდა უგანდიდან და ცოტა ხნით ჩვენთან დარჩა. დროდადრო გვიჩნდებოდა იმის საფუძველი, გვეფიქრა, რომ ბოროტი სულიერი ძალები მოსვენებას არ გვაძლევდნენ. გარდა ამისა, მამას კოშმარები ესიზმრებოდა. დედის სიკვდილში თავს იდანაშაულებდა. „მე რომ მასთან დავრჩენილიყავი, — იტყოდა ხოლმე, — ის ცოცხალი იქნებოდა“. არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ მამა ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და დედის სიკვდილიდან ოთხი თვის თავზე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

მამის დაკრძალვის შემდეგ ალექსანდრე ჯარში დაბრუნდა, ლიუბოვი კი უგანდაში წავიდა. ვეცადე, ცხოვრება ახლიდან დამეწყო. დავიწყე სწავლა მაკეევკას საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში, რომელიც სახლიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე იყო. ბინა ახლებურად მოვაწყვე. ვიმედოვნებდი, რომ ამით წარსულის შემზარავ მოვლენებს მეხსიერებიდან ამოვიშლიდი. მაგრამ მაინც არსებობდა იმის საფუძველი, რომ დემონურ თავდასხმებზე მიმეტანა ეჭვი.

„ო, ღმერთო, თუკი ნამდვილად არსებობ“

ალექსანდრემ სამხედრო სამსახური გაასრულა და შინ დაბრუნდა. მაგრამ მალე პრობლემები შეგვექმნა — ხშირად ვკამათობდით. ალექსანდრე დაქორწინდა, მე კი რამდენიმე თვით სახლიდან დაახლოებით 170 კმ-ით დაშორებულ, აზოვის ზღვის პირას მდებარე ქალაქ როსტოვში გადავედი საცხოვრებლად. ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტე, მომეშორებინა აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი პეტრეს ეკუთვნოდა.

იმდენად დეპრესირებული ვიყავი, რომ მე თვითონაც თავის მოკვლას ვაპირებდი. მაგრამ ყურში დედის სიტყვები ჩამესმოდა: „თუ ღმერთი არის, თუკი ის არსებობს. . .“. ერთ ღამეს პირველად ვილოცე. „ო, ღმერთო, — ვევედრებოდი მას, — თუკი ნამდვილად არსებობ, გთხოვ, დამანახვე, რა არის სიცოცხლის აზრი“. ერთი-ორი დღის შემდეგ მომივიდა წერილი ლიუბოვისგან, რომელიც თავისთან, უგანდაში, მეპატიჟებოდა. ასე რომ, თვითმკვლელობა გადავდე.

სიურპრიზები უგანდაში

დედამიწაზე შეიძლება არც ისე ბევრი ადგილი მოიპოვებოდეს, რომელიც ისე განსხვავდებოდეს უკრაინისგან, როგორც უგანდა. 1989 წლის მარტში ჩემი თვითმფრინავი ენტებეში დაეშვა. თვითმფრინავიდან გამოსვლისას ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ჰაერღუმელში მოვხვდი. ასეთი სიცხე არასოდეს მიგრძვნია! ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ეს ჩემი პირველი მოგზაურობა იყო საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ. ხალხი ლაპარაკობდა ინგლისურად, ენაზე, რომელიც არ მესმოდა.

ჩავჯექი ტაქსში, რომელმაც 45 წუთის შემდეგ კამპალაში ჩამიყვანა. ლანდშაფტი იმდენად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მიჩვეული ვიყავი, თავი უცხო პლანეტაზე მეგონა! ტაქსის მომღიმარი მძღოლი სიკეთის განსახიერება იყო. მან, როგორც იქნა, ლიუბოვისა და მისი ქმრის, ჯოზეფის, სახლს მიაგნო. შვებით ამოვისუნთქე!

ლიუბოვი ბიბლიას სწავლობდა იეჰოვას მოწმეებთან. არასოდეს მსმენოდა მათ შესახებ. ლიუბოვს კი ერთი სული ჰქონდა, მათ შესახებ მოეთხრო. მან მომატარა სახლი და თან მიყვებოდა ყველაფერს, რაც ნასწავლი ჰქონდა, დაბადებიდან გამოცხადების ჩათვლით. ცოტა არ იყოს, ეს მოსაწყენად მომეჩვენა!

ერთ დღეს ლიუბოვთან მოვიდნენ მოწმეები, რომლებიც მას ასწავლიდნენ. ერთ-ერთ მათგანს მარიანა ერქვა. მას არ უცდია, მაშინვე ექადაგა ჩემთვის, რადგან ინგლისურად ბევრს მაინც ვერ გავიგებდი. მაგრამ მისმა თბილმა, მეგობრულმა გამოხედვამ გამაგებინა, რომ ის გულწრფელი, ბედნიერი ადამიანი იყო. მან მიჩვენა სამოთხის სურათი, რომელიც გამოსახული იყო ბროშურაზე „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“. „შეხედე ამ ქალს, — მითხრა მან, — ეს შენ ხარ, ის მეორე ქალი კი მე. ამ ხალხთან ერთად ჩვენ სამოთხეში ვართ. განა ეს შესანიშნავი არ არის?“.

კამპალაში მცხოვრები სხვა მოწმეები, როგორც ჩანს, ლიუბოვსა და ჯოზეფს რიგრიგობით აკითხავდნენ ხოლმე. ისინი იმდენად მეგობრულები იყვნენ, რომ დავეჭვდი, ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენას ხომ არ ცდილობდნენ. რამდენიმე კვირის შემდეგ პირველად დავესწარი შეხვედრას — ეს იყო უფლის სერობის აღნიშვნა (ლუკა 22:19). მიუხედავად იმისა, რომ არ მესმოდა, რას ლაპარაკობდნენ, ადამიანების მეგობრულობამ ჩემზე კიდევ ერთხელ მოახდინა შთაბეჭდილება.

‘წაიკითხე თავიდან ბოლომდე’

მარიანამ რუსული ბიბლია მომცა — ეს იყო ჩემი პირველი ბიბლია. „წაიკითხე ბიბლია თავიდან ბოლომდე, — შემეხვეწა ის, — მაშინაც კი, თუ ყველაფერს ვერ გაიგებ, მაინც იკითხე!“.

მარიანას საჩუქარმა გული ამიჩუყა და გადავწყვიტე, გამეთვალისწინებინა მისი რჩევა. „ბოლოს და ბოლოს, — ვფიქრობდი, — რა აზრი აქვს ბიბლიის ქონას, თუკი მის წასაკითხავად თავს არ შევიწუხებ?“.

უკრაინაში დაბრუნებისას ბიბლია თან წამოვიღე. მომდევნო რამდენიმე თვე მოსკოვში ვმუშაობდი, თავისუფალ დროს კი ბიბლიის კითხვას ვუთმობდი. იმ დროისთვის, როცა უგანდაში დავბრუნდი, ცხრა თვის შემდეგ, ბიბლიის ნახევარი წაკითხული მქონდა. კამპალაში დაბრუნების შემდეგ მარიანამ ბიბლიის ფურცლებიდან მომავლის არაჩვეულებრივი იმედი დამანახვა. სამოთხე! აღდგომა! დედ-მამის კვლავ ხილვა! მივხვდი, რომ რაც შევიტყვე, დონეცკში წარმოთქმული ლოცვის პასუხი იყო (საქმეები 24:15; გამოცხადება 21:3—5).

როდესაც შესწავლისას ბოროტი სულების თემას შევეხეთ, სულგანაბული ვისმენდი. ბიბლიამ დამარწმუნა იმაში, რასაც დიდი ხანია ვეჭვობდი. არ არსებობს კარგი თუ უწყინარი მაგია. მისი ყველა ფორმა სახიფათოა. ამის უტყუარობაში დასარწმუნებლად არ დამჭირვებია იმაზე მეტი მტკიცება, რაც ჩვენს საკუთარ ოჯახში მოხდა. როდესაც პეტრეს ნივთები დავწვი, ჩემდა უნებურად სწორად მოვქცეულვარ. პირველმა ქრისტიანებმაც დაწვეს მაგიასთან დაკავშირებული საგნები, როდესაც იეჰოვასთვის მსახურება დაიწყეს (მეორე რჯული 18:9—12; საქმეები 19:19).

რაც უფრო მეტს ვიგებდი ბიბლიიდან, მით უფრო ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე. თამბაქოს წევას თავი დავანებე და 1990 წლის დეკემბერში იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლე. ლიუბოვი ჩემზე სამი თვით ადრე მოინათლა, ჯოზეფი კი — 1993 წელს.

დონეცკში დაბრუნება

1991 წელს დონეცკში დავბრუნდი. იმავე წელს იეჰოვას მოწმეებმა უკრაინაში კანონის საფუძველზე აღიარება მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ თავისუფლად შეკრება და საჯაროდ ქადაგება შეგვეძლო. ქუჩაში თავისუფალი დროის მქონე ნებისმიერ ადამიანთან ვიწყებდით საუბარს. მალე აღმოვაჩინეთ, რომ იმ ქვეყანაშიც კი, სადაც ადამიანები ათეისტებად თვლიდნენ თავს, ბევრი ინტერესით ეხმაურებოდა ღვთის სამეფოს შესახებ ცნობას.

90-იანი წლების დასაწყისში ბიბლიური ლიტერატურა არ იყო საკმარისი რაოდენობით, რის გამოც დონეცკის ქუჩებში თავისებური ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. ჩვენი წიგნებისა და ბროშურების წარმოსაჩენად ქალაქის მთავარ მოედანზე სტენდს ვდგამდით ხოლმე. ცოტა ხანში მეგობრულად განწყობილი, ცნობისმოყვარე ადამიანები ჩერდებოდნენ კითხვების დასასმელად. მათ, ვისაც ლიტერატურის წაკითხვა სურდა, პუბლიკაციას დროებით ვატანდით და ბიბლიის საშინაო შესწავლას ვთავაზობდით.

1992 წელს გავხდი პიონერი, იეჰოვას სრული დროით მსახური მოწმე, ხოლო 1993 წლის სექტემბერში მიმიწვიეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალში ზელტერსში (გერმანია), რათა მთარგმნელების ჯგუფს შევერთებოდი. 1998 წლის სექტემბერში პოლონეთში გადავედით. ახლა კი ჩვენი ახალი ფილიალის მშენებლობის დამთავრების შემდეგ ლვოვში გადასვლას ველით.

იეჰოვას ხალხის ზრდა უკრაინაში გასაოცარია. მაშინ როცა 1991 წელს დონეცკში ერთი კრება და 110 მოწმე იყო, ახლა 24 კრება და 3 000-ზე მეტი მოწმეა! 1997 წელს დონეცკში ჩასვლისას სასიამოვნო შეხვედრების გარდა უსიამოვნო ამბავიც მელოდა.

„პეტრე გეძებს“

დონეცკში ყოფნისას იულიამ, მოწმემ, რომელიც იცნობდა ჩვენს ოჯახს, გამაოგნებელი რამ მითხრა: „პეტრე გეძებს. შენთან დალაპარაკება სურს“.

იმ საღამოს სახლში ვტიროდი და ლოცვით მივმართავდი იეჰოვას. რა უნდა ჩემგან პეტრეს? ვიცოდი, რომ ჩადენილი დანაშაულის გამო რამდენიმე წელი დაპატიმრებული იყო. მძულდა პეტრე იმის გამო, რაც გააკეთა, და ვფიქრობდი, რომ იეჰოვას ახალი ქვეყნიერების შესახებ ცნობის გაგებას ის არ იმსახურებდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ვლოცულობდი ამის შესახებ და შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი გადასაწყვეტი არ იყო, ვინ იქნებოდა მარადიული სიცოცხლის ღირსი. გამახსენდა იესო ქრისტეს მიერ მის გვერდით ძელზე ჩამოკიდებული ბოროტმოქმედისთვის მიცემული პირობა — რომ ის ბოროტმოქმედი მასთან ერთად იქნებოდა სამოთხეში (ლუკა 23:42, 43).

ამაზე ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, შევხვედროდი პეტრეს და დამემოწმებინა მისთვის მესიანური სამეფოსა და ღვთის ახალი ქვეყნიერების შესახებ. ორ ქრისტიან ძმასთან ერთად იულიას მიერ მოცემულ მისამართზე წავედი. იქ, დედაჩემის სიკვდილის შემდეგ პირისპირ პირველად შევხვდი პეტრეს.

დაძაბული ატმოსფერო იყო. მე ავუხსენი პეტრეს, რომ იეჰოვას მოწმე გავხდი და, რომ ბიბლია დამეხმარა გამეგო, თუ რატომ ვაწყდებით ამ წუთისოფელში პრობლემებს, ზოგჯერ პირად ტრაგედიებსაც კი. ისიც ვუთხარი პეტრეს, თუ რამდენად შემზარავი იყო ჩვენთვის დედისა და შემდეგ მამის დაკარგვა.

პეტრემ ამიხსნა, რომ ხმამ ჩააგონა, მოეკლა დედაჩემი, და მან დეტალურად აღწერა ის, რაც იმ დღეს მოხდა. მისი შემაძრწუნებელი მონათხრობის მოსმენისას ჩემს გულში ზიზღი და სიბრალული ერთმანეთს ენაცვლებოდა, რადგან ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა, რითაც მონადირეების მიერ დევნილ ცხოველს მაგონებდა. როგორც კი პეტრემ ლაპარაკი დაამთავრა, შევეცადე, მისთვის ბიბლიაში მოცემული შესანიშნავი აღთქმები გამეცნო. მან თქვა, რომ იესო სწამს, ამიტომაც ვკითხე:

— გაქვს ბიბლია?

— ჯერ არა. მაგრამ ერთი შევუკვეთე, — მიპასუხა მან.

— შენ შეიძლება უკვე იცი, რომ ბიბლიის თანახმად ჭეშმარიტი ღმერთის პირადი სახელია იეჰოვა (ფსალმუნი 82:19).

ამ სახელის გაგონებისთანავე პეტრე აღელდა. „არ მიხსენო ეს სახელი, — მითხრა მან, — ვერ ვიტან ამ სახელს“. თუმცა ბევრს ვეცადეთ, პეტრესთვის ღვთის შესანიშნავი აღთქმების შესახებ მოგვეთხრო, მაგრამ ვერაფერს გავხდით.

იქაურობის დატოვებისას ერთი აზრი გარკვევით მიტრიალებდა თავში: იეჰოვა რომ არ გამეცნო, შეიძლებოდა დედაჩემივით მოკლული ვყოფილიყავი, ან მამაჩემივით თავი მომეკლა, ანდა პეტრეს მსგავსად, ბოროტ სულებს საშინელი საქმეების ჩასადენად ვემართე. რამდენად მადლიერი ვარ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა, გავიცანი!

ვუყურებ მომავალს და არა წარსულს

ამ საშინელმა მოვლენებმა ჩემს გრძნობებს თავისი დაღი დაასვა. ახლაც კი მოგონებები ზოგჯერ ძალიან მტკენს გულს და მამწუხრებს. მაგრამ იმ დროიდან, როცა იეჰოვასა და მის მიზნებს გავეცანი, ჩემში გამაჯანსაღებელი პროცესი დაიწყო. ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მასწავლა, ყურადღება წარსულზე კი არა, მომავალზე გადამეტანა. მერედა რა დიდებულ მომავალს უმზადებს იეჰოვა თავის მსახურებს!

ამ მომავალში მიწიერ სამოთხეში მიცვალებულების აღდგომაც მოხდება. რაოდენ სასიხარულო იქნება, როდესაც ჩემს მკვდრეთით აღმდგარ მშობლებს შევხვდები! მართლაც, მამაჩემი მართალი იყო, როცა ამბობდა, ჩვენ მხოლოდ სტუმრები ვართ ამ პლანეტაზეო. დედაჩემის მისწრაფებაც, ჰქონოდა იმის რწმენა, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს, მართლაც გამართლებული იყო. ჩემი უდიდესი ნატვრაა, დედ-მამისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლება შემეძლოს, როდესაც ისინი ღვთის ახალ ქვეყნიერებაში აღდგებიან.

[სქოლიო]

^ აბზ. 7 სახელი შეცვლილია.

[ჩანართი 22 გვერდზე]

დედაჩემის სიკვდილის შემდეგ პირისპირ პირველად შევხვდი მის მკვლელს.

[სურათი 21 გვერდზე]

მარიანა და ჰაინც ვერტჰოლცებთან ერთად, რომლებიც უგანდაში მასწავლიდნენ.

[სურათი 21 გვერდზე]

ჩემი ნათლობა კამპალაში.

[სურათი 22 გვერდზე]

ვმუშაობ ვარშავაში (პოლონეთი) უკრაინულ მთარგმნელობით ჯგუფში.