არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის ცუდი იმაში, რომ სახლიდან გავიპარო?

რა არის ცუდი იმაში, რომ სახლიდან გავიპარო?

ახალგაზრდების შეკითხვები

რა არის ცუდი იმაში, რომ სახლიდან გავიპარო?

„ჩვენ შუაღამით ვიპარებოდით ხოლმე სახლიდან და სხვა ახალგაზრდებთან შესახვედრად კაფეში მივდიოდით. შემდეგ ერთ გორაკზე ვგროვდებოდით. ჩემ გარდა ყველა ეწეოდა სიგარეტს. ჩვენ ვისხედით, ათას რამეზე ვსაუბრობდით და ჰევი-მეტალს ვუსმენდით. სახლში დილის 5 საათზე ვბრუნდებოდით, სანამ ჩემს მშობლებს ჯერ კიდევ ეძინათ“ (ტარა) *.

„როცა მამაჩემი სამუშაოზე მიდიოდა, დედას კი ეძინა, წინა კარიდან ვიპარებოდი. რადგან კარი რკინის იყო, ღიას ვტოვებდი, რომ დედას მისი დახურვის ხმა არ გაეგო. მთელ ღამეს მეგობრებთან ერთად ვატარებდი. დილით, მზის ამოსვლისას, კვლავ სახლში შეპარვას ვცდილობდი. რამდენჯერმე დედამ გაიგო, რომ შინ არ ვიყავი, კარი ჩამიკეტა და გარეთ დამტოვა“ (ჯოზეფი).

სახლიდან გაპარვა მიმზიდველი და გასართობი ჩანს; საშუალება გეძლევა, რამდენიმე საათი შენს ნებაზე გაატარო, აკეთო ის, რაც გინდა და იყო იმასთან, ვისთანაც გინდა, ისე რომ ანგარიში არ ჩააბარო არავის. გარდა ამისა, შეიძლება გსმენია, როგორ ტრაბახობენ შენი თანატოლები იმით, თუ რას აკეთებენ და როგორ ერთობიან, როცა ღამით სახლიდან იპარებიან. ასე რომ, შენთვის შეიძლება ეს მაცდუნებელი იყოს და გსურდეს მათთან შეერთება.

ჩრდილოეთ ამერიკაში 110 უმცროსი და უფროსი კლასის მოსწავლეთა გამოკითხვისას 55-მა მათგანმა აღიარა, რომ, სულ მცირე, ერთხელ მაინც იყვნენ გაპარული სახლიდან. უმეტესობამ ეს პირველად 14 წლის ასაკში გააკეთა. პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ ზოგიერთი სპეციალისტი მშობლებს ურჩევს, სახლში ელექტრონული სიგნალიზაცია დააყენონ, რათა თავიანთ შვილებს ხელი შეუშალონ სახლიდან დაუკითხავად წასვლაში. რატომ იტეხს თავზე მშობლების რისხვას ამდენი ახალგაზრდა სახლიდან გაპარვის გამო?

რატომ იპარება ზოგი სახლიდან

ზოგჯერ ახალგაზრდები სახლიდან მხოლოდ მოწყენილობის გამო იპარებიან, მეგობრების წრეში გართობა სურთ. წიგნში „მოზარდები და ახალგაზრდები“ ახსნილია, რომ ახალგაზრდები შეიძლება გაიპარონ „შეზღუდვების გამო, მაგალითად, იმიტომ, რომ საღამოს სახლში ადრე უნდა დაბრუნდეს ან დასჯილია და აკრძალული აქვს სახლიდან გასვლა, რაც მათ გართობაში ხელს უშლის. ახალგაზრდები მაინც მიდიან და ზოგჯერ ისე ბრუნდებიან სახლში, რომ ვერავინ იგებს ამის შესახებ“. ერთი 16 წლის ახალგაზრდა ხსნის თავისი გაპარვის მიზეზს. „თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობ და ისე ვერ ვცხოვრობ, როგორც მე მსურს, — თქვა მან, — სახლში სხვა ახალგაზრდებთან შედარებით გაცილებით ადრე უნდა ვიყო. მშობლები არ მიშვებენ იქ, სადაც ჩემი მეგობრები დადიან. . . მე ვიტყუები და, რა თქმა უნდა, სადაც მინდა, იქ მაინც მივდივარ“. სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა ჯოზეფმა სახლიდან გაპარვა 14 წლის ასაკიდან დაიწყო, როცა ის რეპის კონცერტზე წავიდა, რომელზე დასწრებაც მშობლებმა აუკრძალეს.

უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდების უმეტესობას გაპარვისას მაინცდამაინც ცუდი მოტივები არ ამოძრავებს. ზემოთ მოხსენიებულმა ტარამ თქვა: „ჩვენ აზრად არ მოგვსვლია, რომ წავსულიყავით და რაიმე სერიოზული ცოდვა ჩაგვედინა’. მე მხოლოდ ჩემს დასთან ერთად ყოფნა მსურდა, მას კი — თავის მეგობრებთან დროის გატარება“. ჯოზეფმა თქვა: „ჩვენ, უბრალოდ, ერთად ვიკრიბებოდით. ჩემს მეგობრებთან ყოფნა და მათთან საუბარი მსურდა“. მიუხედავად იმისა, რომ, უბრალოდ, მეგობრებთან შეხვედრას და მათთან ერთად ყოფნას იშვიათად მიჰყავს ადამიანი დიდი დანაშაულის ჩადენამდე, მრავალ ახალგაზრდას მაინც სერიოზული პრობლემები შეექმნა.

საფრთხე

ფსიქიატრ დ-რ ლინ პონტონს მოჰყავს მოსაზრება: „ახალგაზრდებისთვის ჩვეულებრივი რამ არის რისკზე წასვლა“. დ-რი პონტონი განმარტავს, რომ ახალგაზრდებისთვის ნორმალური და სასარგებლოც კია დამოუკიდებლობის სურვილის ქონა, სიახლეების ძიება, ახალ და საინტერესო სიტუაციებში მოხვედრა. ეს ზრდის პროცესის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ მრავალი ახალგაზრდა ისეთ რისკზე მიდის, რომელიც ყოველგვარი გონივრულობის ზღვარს სცილდება; განსაკუთრებით მაშინ, როცა მშობლების მეთვალყურეობის გარეშეა“. ჟურნალში „მოზარდი“ (Teen) ნათქვამია: „თანატოლების ზეგავლენამ, მოწყენილობამ, უმართავმა ენერგიამ და, შესაძლოა, სხვა კატალიზატორმა, მაგალითად, როგორიცაა ლუდი. . . შეიძლება მოზარდებს უმართებულო რისკისკენ უბიძგოს, რაც შეიძლება სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეთ“. ერთი გამოკვლევის თანახმად, მოზარდთა ზოგიერთ სახიფათო მოქმედებაში შედიოდა სიჩქარის გადაჭარბება, ვანდალიზმი, მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა და ქურდობა.

თუ დაუმორჩილებელი გახდი, შეიძლება ამან უფრო სერიოზული შეცდომებისკენ გიბიძგოს. ეს ეთანხმება ლუკას 16:10-ში მოცემულ იესოს სიტყვებს: „ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა“. ამგვარად, გასაკვირი არაა, რომ მეგობრებთან ერთად სახლიდან გაპარვამ სერიოზულ ცოდვამდე მიგიყვანოს. ტარამ იმრუშა; ჯოზეფმა ნარკოტიკებით ვაჭრობა დაიწყო, რის გამოც დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს; ახალგაზრდა ქრისტიანმა, სახელად ჯონმა, ნარკოტიკების გამოყენება და მანქანების მოპარვა დაიწყო. სამწუხაროა, მაგრამ მრავალ ახალგაზრდას ასეთმა მოქმედებამ ფიზიკური ზიანი მიაყენა. ამაში შედიოდა არასასურველი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ლოთობა და ნარკომანია (გალატელთა 6:7, 8).

ზიანი

მაგრამ ფიზიკურ ზიანზე უფრო გამანადგურებელი შეიძლება ემოციური ჭრილობა იყოს. სინდისის ქენჯნა შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს (ფსალმუნი 37:4, 5). ჯოზეფი ამბობს: „არის ასეთი გამონათქვამი, რომ იმას, რაც გაქვს, ვერ აფასებ, სანამ არ დაკარგავ. ხანდახან ვფიქრობ წარსულზე და მიჭირს იმის დაჯერება, რომ ამდენად დაბრმავებული ვიყავი“.

აგრეთვე არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენმა საქციელმა შეიძლება შენს რეპუტაციას ავნოს. ეკლესიასტეს 10:1-ში ნათქვამია: «შხამიანი ბუზები აფუჭებენ და ალპობენ სურნელოვან ზეთს; მცირედი სიბრიყვე უფრო ძვირფასია ზოგჯერ, ვიდრე სიბრძნე და დიდება [„ასევე მოქმედებს მცირედი სიბრიყვე მასზე, ვისაც პატივს სცემენ მისი სიბრძნისა და დიდების გამო“, აქ]». ძველ დროს ძვირფასი ნელსაცხებელი შეიძლება გაეფუჭებინა ისეთ პატარა რამესაც კი, როგორიც მკვდარი ბუზია. მსგავსად ამისა, ძალისხმევით მოპოვებული შენი რეპუტაცია შეიძლება ‘მცირედმა სიბრიყვემ’ შელახოს. თუ ქრისტიანი ხარ, ასეთი ცუდი მოქმედება, ეჭვგარეშეა, კრებაში პასუხისმგებლობებს დაგაკარგვინებს. ბოლოს და ბოლოს, როგორ შეძლებ სხვების წახალისებას ბიბლიური პრინციპების გამოსაყენებლად, მაშინ როცა სხვებმა იციან, რომ თავად შენ არ აკეთებ ამას? (რომაელთა 2:1—3).

დაბოლოს, დაფიქრდი, თუ რა ტკივილს მიაყენებ მშობლებს, როცა ისინი აღმოაჩენენ, რომ შინ არა ხარ. ერთი მშობელი იხსენებს, როგორ შეშინდა, როცა გაიგო, რომ თავისი 15 წლის ქალიშვილი შინ არ იყო. როგორც თავად ამბობს, ის და მისი მეუღლე მწუხარებისგან „გაოგნებულნი“ იყვნენ, რადგან არ იცოდნენ, სად შეიძლებოდა ყოფილიყო მათი ქალიშვილი. გსურს შენი მშობლებისთვის მსგავსი ტკივილისა და მწუხარების მიყენება? (იგავნი 10:1).

მეტი თავისუფლების მოპოვება

გასაგებია, რომ შეიძლება გული გაგიტეხოს იმაზე ფიქრმა, რომ შენი მშობლები მეტისმეტად მკაცრნი არიან. მაგრამ არის თუ არა სახლიდან გაპარვა გამოსავალი? თითქმის ყველა შემთხვევაში, საბოლოოდ, ფაქტზე დაგიჭერენ. მაშინაც კი, თუ იმდენად მოხერხებული ხარ, რომ შეგიძლია მშობლები „გააცურო“, იეჰოვა ღმერთი ხედავს თუნდაც ღამე ჩადენილ შენს საქმეებს (იობი 34:21). ადრე თუ გვიან შენი მოქმედება გამომჟღავნდება, რაც ადვილად შესაძლებელია, რომ მშობლებს შენდამი ნდობას დაუკარგავს. რა იქნება ამის შედეგი? შენ დაკარგავ ზუსტად იმას, რაც ასე გინდოდა — თავისუფლებას!

გახსოვდეს, თავისუფლების მოსაპოვებლად მშობლების ნდობის დამსახურებაა საჭირო. ამის ყველაზე საუკეთესო საშუალება კი მათდამი მორჩილებაა (ეფესელთა 6:1—3). თუ ფიქრობ, რომ გარკვეულ საკითხებში შენი მშობლები უკიდურესობაში ცვივდებიან, გულწრფელად და პატივისცემით დაელაპარაკე მათ. შეიძლება შენს ნათქვამს დიდი ყურადღებით მოეკიდონ. მეორე მხრივ, შეიძლება აღმოაჩინო, რომ მათ საფუძვლიანი მიზეზი აქვთ იმისათვის, რომ გარკვეულწილად შეგზღუდონ. მაშინაც კი, თუ არ ეთანხმები, არ დაგავიწყდეს, რომ მათ უყვარხარ და ყოველივე საუკეთესო სურთ შენთვის. ეცადე, განამტკიცო მათი შენდამი ნდობა და დროთა განმავლობაში მიიღებ ნანატრ თავისუფლებას *.

„ნუ წახვალ მათ გზაზე“

ძველად ღვთისმოშიში ახალგაზრდები ხშირად იდგნენ იმ საცდურის წინაშე, რომ თანატოლებს შეერთებოდნენ უგუნურ მოქმედებაში. ამიტომ სოლომონი აფრთხილებდა ახალგაზრდებს: „შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიან შენს შეცთენას, არ დაჰყვე მათ ნებას. . . ნუ წახვალ მათ გზაზე“ (იგავნი 1:10, 15). გახსოვდეს ეს რჩევა, როცა ეგრეთ წოდებული მეგობრები ცდილობენ, სახლიდან გაპარვაზე დაგიყოლიონ. სოლომონი იძლევა შემდგომ გაფრთხილებას: „გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან“ (იგავნი 22:3).

თუ უკვე იპარები სახლიდან, შეჩერდი! საბოლოო ჯამში, ამით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებ. უთხარი მშობლებს, თუ რას აკეთებდი და მზად იყავი ნებისმიერი დასჯისა თუ შეზღუდვისათვის, რომელიც ამას შეიძლება მოჰყვეს. საჭიროების შემთხვევაში შეიძინე ახალი მეგობრები, რომლებიც კარგ გავლენას მოახდენენ შენზე (იგავნი 13:20). ეცადე, მოძებნო სასარგებლო და ურისკო გართობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიბლიის კითხვითა და კრებებზე დასწრებით იმუშავე საკუთარ სულიერობაზე. „რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა?“ — იკითხა ფსალმუნმომღერალმა. ის პასუხობს: „დაიცვას შენი [ღვთის] სიტყვისამებრ“ (ფსალმუნი 118:9). თუ განაგრძობ აზროვნების შეცვლაზე მუშაობას და ეცდები იმის კეთებას, რაც სწორია, მიხვდები, რომ, თუმცა სახლიდან გაპარვა შეიძლება მიმზიდველი და გასართობია, არ ღირს ამის გულისთვის რისკზე წასვლა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 19 იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეგიძლია მეტი თავისუფლების მოპოვება, დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე წიგნის „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ მე-3 თავი. გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

[ჩანართი 29 გვერდზე]

„მშობლები არ მიშვებენ იქ, სადაც ჩემი მეგობრები დადიან. . . მე ვიტყუები და სადაც მინდა, იქ მაინც მივდივარ“.

[სურათი 28 გვერდზე]

სახლიდან გაპარვა ხშირად სერიოზულ პრობლემებს იწვევს.