არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დედამიწა შემთხვევით „დაფუძნდა“?

დედამიწა შემთხვევით „დაფუძნდა“?

დედამიწა შემთხვევით „დაფუძნდა“?

ტემპერატურის უკიდურესობების ასაცილებლად დედამიწა მზისგან სათანადოდ დაშორებულ ორბიტაზე უნდა მოძრაობდეს. სხვა მზის სისტემებში აღმოაჩინეს პლანეტები, რომლებიც მზის მაგვარი ვარსკვლავების გარშემო ბრუნავენ და მიჩნეული არიან „დასასახლებლად გამოსადეგ ზონებში“ არსებულ პლანეტებად — ესე იგი, მათ შეუძლიათ წყლის შენარჩუნება თხევად მდგომარეობაში. მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული დასასახლებლად გამოსადეგი პლანეტებიც კი შეიძლება გამოუსადეგარი აღმოჩნდეს ადამიანების საცხოვრებლად. მათი ბრუნვის სიჩქარე და ზომა სათანადო უნდა იყოს.

დედამიწა იმაზე ოდნავ პატარა ზომისა და მსუბუქი რომ ყოფილიყო, ვიდრე არის, გრავიტაციის ძალა სუსტი იქნებოდა და პლანეტის ძვირფასი ატმოსფეროს დიდი ნაწილი კოსმოსში გაიბნეოდა. ამის დანახვა შეიძლება მთვარისა და ორი პლანეტის — მერკურისა და მარსის — მაგალითზე. რადგან ზომითა და წონით დედამიწაზე პატარები არიან, მათ ან საერთოდ არა აქვთ, ან ძალიან გაიშვიათებული ატმოსფერო აქვთ. მაგრამ რა მოხდებოდა, დედამიწა ოდნავ დიდი და მძიმე რომ ყოფილიყო?

ასეთ შემთხვევაში დედამიწის გრავიტაცია უფრო ძლიერი იქნებოდა და მსუბუქი აირები, მაგალითად, წყალბადი და ჰელიუმი, დიდ დროს მოანდომებდნენ ატმოსფეროს დატოვებას. „რაც უფრო მნიშვნელოვანია, დაირღვეოდა ატმოსფეროს აირებს შორის არსებული ზუსტი ბალანსი“, — ნათქვამია ერთ სამეცნიერო სახელმძღვანელოში („Environment of Life“).

ან დავფიქრდეთ ჟანგბადზე, რომელიც ხელს უწყობს წვას. ატმოსფეროში მისი შემცველობა ერთი პროცენტითაც რომ გაიზარდოს, ტყეებს უფრო ხშირად გაუჩნდება ხანძარი. სხვა მხრივ, სითბური ეფექტის გამომწვევი აირის, ნახშირორჟანგის, შემცველობა რომ გაზრდილიყო, დედამიწას მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ტრაგიკული შედეგები დაემუქრებოდა.

დედამიწის ორბიტა

სხვა იდეალურ თავისებურებას დედამიწის ორბიტა წარმოადგენს. ეს ორბიტა რომ უფრო ელიფსური ყოფილიყო, ვერ გავუძლებდით აუტანელ სიცხესა და სიცივეს. ნაცვლად ამისა, დედამიწის ორბიტა თითქმის წრიულია. რა თქმა უნდა, სიტუაცია შეიცვლებოდა, თუ იუპიტერისმაგვარი გიგანტური პლანეტა დედამიწის მეზობლად იმოძრავებდა. უკანასკნელ წლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგი ვარსკვლავის სისტემაში იუპიტერის მსგავსი დიდი პლანეტებია, რომელთა ორბიტები მათგან ძალიან ახლო მანძილზეა განლაგებული. ასეთი პლანეტების უმრავლესობა ოვალური ფორმის ორბიტებზე მოძრაობს. დედამიწის მსგავსი ნებისმიერი პლანეტა ამგვარ სისტემაში დიდ სირთულეებს წააწყდებოდა.

ასტრონომმა ჯეფრი მარსიმ პლანეტების ეს გარე სისტემები შეადარა ჩვენი მზის სისტემის ოთხ პლანეტას: მერკურს, ვენერას, დედამიწასა და მარსს — რომლებიც ჩვენი სისტემის შიდა ნაწილს წარმოქმნიან. ინტერვიუს დროს მარსიმ წამოიძახა: „შეხედეთ, როგორი სრულყოფილია ეს [განლაგება]! ძვირფასი ქვებით მოოჭვილს ჰგავს; აქვთ წრიული ორბიტები; განლაგებული არიან ერთ სიბრტყეში. ყველა ერთი მიმართულებით მოძრაობს. . . ეს მართლაც ზებუნებრივია“. შეიძლება ყოველივე ეს შემთხვევითობით აიხსნას?

ჩვენი მზის სისტემა კიდევ ერთი საოცრებით ხასიათდება. გიგანტური პლანეტები — იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი — ჩვენგან უსაფრთხო მანძილზე მოძრაობენ. საფრთხის შექმნის ნაცვლად, ამ პლანეტებს მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვთ. ასტრონომებმა მათ „ციური მტვერსასრუტები“ უწოდეს, რადგან მათი გრავიტაცია „იწოვს“ დიდ მეტეორებს, რომლებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხეს შეუქმნიდა სიცოცხლეს დედამიწაზე. მართლაც, დედამიწა შესანიშნავად არის ‘დაფუძნებული’ (იობი 38:4). მისი ზომა და მზის სისტემაში მისი ადგილი ზუსტად არის გათვლილი. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი როდია. დედამიწა სხვა განუმეორებელი თავისებურებებითაც ხასიათდება, რომლებიც აუცილებელია ადამიანთა სიცოცხლისთვის.

ჟანგბადი და ფოტოსინთეზი

დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების მასის 63%-ს ჟანგბადის ატომები შეადგენს. გარდა ამისა, ატმოსფეროს ზედა ფენებში არსებული ჟანგბადი დედამიწის ფლორასა და ფაუნას ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. მაგრამ ჟანგბადი ძალიან სწრაფად შედის რეაქციაში სხვა ქიმიურ ელემენტებთან. მაგალითად, რკინასთან მისი ურთიერთქმედებისას ჟანგი წარმოიქმნება. მაშ, როგორ ინარჩუნებს ატმოსფერო ამ უაღრესად მაღალაქტიურ ელემენტს 21%-იან დონეზე?

ამის მიზეზი ფოტოსინთეზია — საოცარი პროცესი, რომლის დროსაც დედამიწის მცენარეულობა საკვების წარმოსაქმნელად მზის სინათლეს იყენებს. ფოტოსინთეზის თანაპროდუქტს ჟანგბადი წარმოადგენს, რომელიც ყოველდღიურად მილიარდ ტონაზე მეტი ოდენობით შედის ატმოსფეროში. „ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ფოტოსინთეზის გარეშე არა მხოლოდ ძირითადი საკვებით უწყვეტი მომარაგება შეწყდებოდა, არამედ დედამიწა, საბოლოოდ, უჟანგბადოდ დარჩებოდა“.

სამეცნიერო სახელმძღვანელოში რამდენიმე გვერდი ეთმობა ფოტოსინთეზად წოდებული პროცესის თითოეული ეტაპის ახსნას. ზოგი ეტაპი ბოლომდე გასაგები არ არის. ევოლუციის თეორიის მომხრეებს არ შეუძლიათ ახსნან, თუ რაღაც მარტივიდან როგორ განვითარდა ევოლუციის წყალობით თითოეული ეტაპი. სინამდვილეში, თითოეული ეტაპი განუმეორებლად რთულია. „ფოტოსინთეზის პროცესის წარმოშობაზე არ არსებობს საყოველთაოდ მიღებული წარმოდგენა“, — აღიარებს „ახალი ბრიტანული ენციკლოპედია“. ევოლუციის თეორიის ერთმა მომხრემ ამ პრობლემას გვერდი იმის თქმით აუარა, რომ ფოტოსინთეზს „რამდენიმე მოწინავე უჯრედმა მისცა დასაბამი“.

ეს არამეცნიერული განაცხადი სხვა საოცარ ფაქტზე გვამახვილებინებს ყურადღებას: ფოტოსინთეზისთვის საჭიროა, უჯრედს ჰქონდეს გარსი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობას, ხოლო იმისათვის, რომ ეს პროცესი არ წყდებოდეს, საჭიროა, უჯრედებს გამრავლების უნარი ჰქონდეთ. ნუთუ ეს პროცესები შემთხვევით მოხდა რამდენიმე „მოწინავე უჯრედში“?

თვითგამრავლებადი უჯრედიდან ადამიანამდე

არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ ატომები შეგროვილიყვნენ და წარმოექმნათ მარტივი თვითგამრავლებადი უჯრედი? თავის წიგნში ნობელის პრემიის ლაურეატი, მეცნიერი ქრისტიან დე დიუვე, აღიარებს: „თუ ჩათვლით, რომ ბაქტერიის უჯრედის წარმოქმნის ალბათობა მისი შემადგენელი ატომების თავმოყრის ალბათობის ტოლია, მარადიულობაც კი არ იქნებოდა საკმარისი, მის წარმოსაქმნელად“ („A Guided Tour of the Living Cell“).

ახლა მოდი დავფიქრდეთ იმ უდიდეს სხვაობაზე, რომელიც არსებობს ბაქტერიის ერთ უჯრედსა და ადამიანის თავის ტვინის მილიარდობით სპეციფიკურ ნეირონს შორის. მეცნიერების აზრით, ადამიანის ტვინი ურთულესი ფიზიკური ობიექტია სამყაროში. ის მართლაც განუმეორებელია. მაგალითად, ადამიანის ტვინის რამდენიმე დიდ უბანს ანალიზატორები ეწოდება. ისინი აანალიზებენ და ამუშავებენ ტვინის სენსორული ნაწილიდან მიღებულ ინფორმაციას. შუბლის არეში არსებული ერთ-ერთი ანალიზატორი იმის უნარს გვაძლევს, რომ სამყაროს საოცრებებზე დავფიქრდეთ. შეიძლება თუ არა შემთხვევითობას მივაწეროთ ასეთი ანალიზატორების არსებობა? „ამ მნიშვნელოვანი არეების ეკვივალენტი არც ერთ ცხოველს არ გააჩნია“, — აღიარებს თავის წიგნში ევოლუციონისტი დ-რი შერვინ ნიულენდი („The Wisdom of the Body“).

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანის ტვინი ზესწრაფ კომპიუტერზე უფრო სწრაფად ამუშავებს ნებისმიერ ინფორმაციას. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგია ადამიანის მრავალი ათეული წლის ძალისხმევის შედეგია. რა შეიძლება ითქვას ადამიანის ჩინებულ ტვინზე? ორი მეცნიერი, ჯონ ბაროუ და ფრენკ ტიპლერი, ერთ-ერთ თავიანთ წიგნში აღიარებს: «ევოლუციონისტებში განვითარდა შეხედულება, რომ ისეთი ინტელექტუალური სიცოცხლის ფორმის ევოლუცია, რომელიც შეედრებოდა „ჰომო საპიენსს“ მის მიერ ინფორმაციის გადამუშავების უნარში, იმდენად შეუძლებელია, რომ უაღრესად საეჭვოა, ასეთი რამ მთლიანი ხილვადი სამყაროს რომელიმე სხვა პლანეტაზე მომხდარიყო“ („The Anthropic Cosmological Principle“). მათი დასკვნის თანახმად, ჩვენი არსებობა უაღრესად იღბლიანი შემთხვევაა.

ნუთუ ყველაფერი შემთხვევით წარმოიშვა?

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? შესაძლებელია, რომ სამყარო მთელი თავისი საოცრებებით, უბრალოდ, შემთხვევით გაჩნდა? ხომ ეთანხმებით იმას, რომ ყოველ დიდებულ მუსიკალურ ნაწარმოებს კომპოზიტორი ჰყავს და ინსტრუმენტები კარგად უნდა იყოს აწყობილი, რომ სასიამოვნო ჟღერადობა ჰქონდეთ? რის თქმა შეიძლება ჩვენს დიდებულ სამყაროზე? «სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, კარგად არის „აწყობილი“», — შენიშნა მათემატიკოსმა და ასტრონომმა, დეივიდ ბლოკმა. რა დასკვნა გამოიტანა მან? „ჩვენი სამყარო სახლია. ჩემი აზრით, ის ღვთის მიერ არის აგებული“.

თუ თქვენც ასე ფიქრობთ, მაშინ, უეჭველად, დაეთანხმებით იმ სიტყვებს, რომლებსაც ბიბლიაში ვკითხულობთ შემოქმედის, იეჰოვას, შესახებ: „მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, დაამყარა სამყარო თავისი სიბრძნით და თავისი გონებით ცა გადაჭიმა“ (იერემია 51:15).

[ჩარჩო⁄სურათები 8, 9 გვერდებზე]

განსაკუთრებული პლანეტა

„დედამიწაზე მისი იდეალური ზომის, ელემენტთა შედგენილობისა და ხნიერი ვარსკვლავისგან, მზისგან, იდეალურად დაშორებული თითქმის წრიული ორბიტის წყალობით არსებულმა განსაკუთრებულმა პირობებმა შესაძლებელი გახადა წყლის დაგროვება მის ზედაპირზე. ძნელია იმის წარმოდგენა, რომ სიცოცხლე უწყლოდ წარმოიშვებოდა“ („Integrated Principles of Zoology“, Sixth Edition).

[საავტორო უფლება]

NASA photo

[ჩარჩო⁄სურათები 10 გვერდზე]

შემთხვევით წარმოიშვა სიცოცხლე?

მეცნიერების განვითარების ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ასოციაციის მიერ 1988 წელს გამოცემულ ჟურნალ „კვლევაში“ („Search“) გამოქვეყნებული იყო რეცენზია წიგნზე, რომელიც ცდილობდა აეხსნა, თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე შემთხვევით. წიგნის მხოლოდ ერთ გვერდზე სამეცნიერო სტატიების ავტორმა ლ. ბენეტმა იპოვა „16 ძალიან საეჭვო განაცხადი, რომელთაგანაც თითოეულის სიმართლე წინამორბედ განაცხადზე იყო დამოკიდებული“. რა დასკვნა გამოიტანა ბენეტმა წიგნის თავიდან ბოლომდე წაკითხვის შემდეგ? მან დაწერა: «უფრო ადვილია, დაიჯერო, რომ ყოვლად მოსიყვარულე შემოქმედმა უეცრად შექმნა სიცოცხლე და რომ ის მიუძღვება მას ტელეოლოგიკური [მიზანდასახული] გზებით. . . ვიდრე აღიარო უამრავი „ბრმა შემთხვევითობა“, რომლებიც ავტორს თავისი დებულებების დასამტკიცებლად სჭირდება».

[სურათები]

ფოტოსინთეზი აუცილებელია საკვების წარმოქმნისა და ჟანგბადის წრებრუნვისთვის.

რას მივაწეროთ დედამიწის იდეალური თავისებურებები, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლის შესანარჩუნებლად?

მეცნიერების აზრით, ადამიანის ტვინი ურთულესი ფიზიკური ობიექტია სამყაროში. როგორ განვითარდებოდა ის შემთხვევით?

[საავტორო უფლებები]

Photo: Zoo de la Casa de Campo, Madrid

Monte Costa, Sea Life Park Hawaii

[სურათები 8, 9 გვერდებზე]

პლანეტების ზომა ნაჩვენებია მასშტაბში.

მზე

მერკური

ვენერა

დედამიწა

მარსი

იუპიტერი

სატურნი

ურანი

ნეპტუნი

პლუტონი

[საავტორო უფლებები]

Sun: National Optical Astronomy Observatories; Mercury, Jupiter, and Saturn: Courtesy of NASA/JPL/Caltech/USGS; Venus and Uranus: Courtesy of NASA/JPL/Caltech; Earth: NASA photo; Mars: NASA/JPL; Neptune: JPL; Pluto: A. Stern (SwRI), M. Buie (Lowell Obs.), NASA, ESA