ჩვენი გასაოცარი სამყარო შემთხვევითობის ნაყოფია?
ჩვენი გასაოცარი სამყარო შემთხვევითობის ნაყოფია?
ერთნი ამბობენ, სამყარო სრულიად შემთხვევით შეიქმნაო. მეორენი, განსაკუთრებით კი მორწმუნენი, ამ აზრს არ ეთანხმებიან. სხვებს კი უჭირთ დარწმუნებით რამის თქმა. თქვენ რას ფიქრობთ?
რა შეხედულებაც უნდა გქონდეთ, უდავოდ, დაეთანხმებით იმას, რომ ჩვენი სამყარო გასაოცარია. დავფიქრდეთ, მაგალითად, გალაქტიკებზე. ვარაუდობენ, რომ ხილვად სამყაროში 100 მილიარდამდე გალაქტიკა არსებობს. ყოველი მათგანი წარმოადგენს დაჯგუფებას, რომელიც მილიარდიდან ტრილიონამდე ვარსკვლავს შეიცავს.
გალაქტიკათა უმრავლესობა შეჯგუფებულია გროვებში, რომლებშიც რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ათასამდე გალაქტიკაა. მაგალითად, ანდრომედეს გალაქტიკას, რომელიც ჩვენს მეზობლად მდებარეობს, გალაქტიკა ირმის ნახტომის ტყუპისცალს უწოდებენ. ვარსკვლავთა ეს ორი უზარმაზარი სისტემა ერთმანეთთან მიზიდულობის ძალით არის დაკავშირებული. რამდენიმე სხვა მეზობელ გალაქტიკასთან ერთად ისინი გალაქტიკათა გროვის მხოლოდ პატარა ნაწილს წარმოადგენენ.
სამყარო უამრავი ასეთი გროვისაგან შედგება. მიზიდულობის ძალით გალაქტიკათა ზოგი გროვა ერთმანეთს უკავშირდება და წარმოიქმნება ზეგროვები. მაგრამ ზეგროვების დონეზე მიზიდულობის ძალა კარგავს თავის გავლენას. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გალაქტიკათა ზეგროვები ერთმანეთს შორდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამყარო ფართოვდება. ამ გასაოცარ აღმოჩენას იმ სავარაუდო დასკვნამდე მივყავართ, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა, როდესაც ის ბევრად უფრო პატარა და მკვრივი იყო. სამყაროს წარმოქმნას ხშირად „დიდ აფეთქებასთან“ აკავშირებენ.
ზოგი მეცნიერი სერიოზულად ეჭვობს, შესძლებს თუ არა ადამიანი ოდესმე იმის დადგენას, როგორ წარმოიშვა სამყარო. სხვები იმის ახსნას ცდილობენ, როგორ შეიძლებოდა წარმოქმნილიყო ჩვენი სამყარო გონების ჩაურევლად. ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენის“ 1999 წლის იანვრის გამოცემაში განიხილებოდა თემა „როგორ წარმოიქმნა სამყარო?“. მეცნიერების მიერ წამოყენებული ზოგი ჰიპოთეზა უსაფუძვლო აღმოჩნდა. „სამწუხაროდ, — ნათქვამია ჟურნალში, — ასტრონომებს ძალიან გაუჭირდებოდათ ამ იდეებიდან ნებისმიერის შემოწმება“.
სამყაროს შემთხვევითი წარმოშობის იდეის მისაღებად ისიც უნდა დავუშვათ, რასაც მეცნიერები „იღბლიან შემთხვევითობას“ ანუ „დამთხვევებს“ უწოდებენ. მაგალითად, სამყარო შედგება წყალბადისა და ჰელიუმის უამრავი უმარტივესი
ატომისგან. მაგრამ სიცოცხლის წარმოშობისთვის აუცილებელია არა მხოლოდ წყალბადი, არამედ უფრო რთული უამრავი ატომიც, განსაკუთრებით კი ნახშირბადისა და ჟანგბადის. მეცნიერებმა ვერ ახსნეს, თუ საიდან გაჩნდა ეს უმნიშვნელოვანესი ატომები.ნუთუ უბრალო დამთხვევაა ის, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი რთული ატომები წარმოიქმნება ზოგიერთი გიგანტური ვარსკვლავის წიაღში? და ნუთუ მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით ფეთქდება ზოგი გიგანტური ვარსკვლავი და ზეახალ ვარსკვლავებად იქცევა, რის შედეგადაც მათი საგანძურიდან იფრქვევა იშვიათი ატომები? სერ ფრედ ჰოილმა, რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ აღმოჩენებში, თქვა: „ჩემი აზრით, ნებისმიერი მეცნიერი, ვინც კი ეს ფაქტები გამოიკვლია, აუცილებლად მივა იმ დასკვნამდე, რომ ბირთვული ფიზიკის კანონები განზრახ იქნა ჩამოყალიბებული“.
მაშ, მოდი კარგად გამოვიკვლიოთ მასალა, რომლისგანაც ჩვენი სამყარო შედგება.
[ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]
გაბერვის თეორია
ზოგ მეცნიერს მიაჩნია, რომ პირვანდელი სამყაროს ზოგიერთი თავისებურება, მაგალითად, გაფართოების სტაბილური ტემპი, შეიძლება ადვილად აიხსნას და აუცილებელი არ არის, ამის მიზეზი გონიერ არსებას მივაწეროთ. ისინი იშველიებენ თეორიათა ნაირსახეობას, რომელთაც გაბერვის თეორიის სახელით აერთიანებენ. მაგრამ სამყაროს გაბერვის თეორია ნათელს არ ჰფენს სამყაროს წარმოშობის საკითხს. ამ თეორიის თანახმად, უნდა გვჯეროდეს, რომ თითქოს სამყაროს წარმოშობამდეც არსებობდა რაღაც, რისგანაც შემთხვევით გაჩნდა ჩვენი სამყარო.
გაბერვის თეორიის თანახმად, ერთ წამზე ნაკლები დროის მონაკვეთში სამყარო ატომზე მცირე ზომიდან გაიზარდა ჩვენს გალაქტიკაზე უფრო დიდ ზომამდე. ამბობენ, რომ იმ მომენტიდან სამყარო ფართოვდება უფრო ნელი, სტაბილური ტემპით. დღეს ხილვადი სამყარო მიაჩნიათ უფრო დიდი სამყაროს შემადგენელ მცირე ნაწილად. გაბერვის თეორიის მხარდამჭერები ირწმუნებიან, რომ ხილვად სამყაროში არსებული წესრიგი, რომელიც ყველა მიმართულებით შეინიშნება, შემთხვევითობის წყალობით ჩამოყალიბდა. ისინი ამბობენ, რომ სამყაროს უფრო დიდი, უხილავი ნაწილი შეიძლება სხვანაირი — ქაოსურიც კი — იყოს. „გაბერვის თეორიის დასამტკიცებლად ცდის ჩატარება შეუძლებელია“, — განაცხადა ასტროფიზიკოსმა ჯეფრი ბერბიჯმა. სინამდვილეში, გაბერვის თეორია ეწინააღმდეგება ახალ დაკვირვებებს. დღევანდელი ცოდნის თანახმად, თუ ეს თეორია სწორია, მაშინ საჭირო ხდება ახალი ვარაუდის წამოყენება, რომ არსებობს ანტიგრავიტაციული ძალა. ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერი, ჰოვარდ ჯორჯი, გაბერვის თეორიას უწოდებს ‘შესანიშნავ მეცნიერულ მითს, რომელიც თითქმის არაფრით განსხვავდება მის მიერ ოდესღაც მოსმენილი შექმნასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი მითისგან’.
[სურათი 3 გვერდზე]
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით მიღებულ ამ გამოსახულებაზე თითქმის ყველა ობიექტი გალაქტიკაა.
[საავტორო უფლება]
Pages 3 and 4 (blurred): Robert Williams and the Hubble Deep Field Team (STScI) and NASA
[სურათები 4 გვერდზე]
„ბირთვული ფიზიკის კანონები განზრახ იქნა ჩამოყალიბებული“. სერ ფრედ ჰოილი ზეახალი ვარსკვლავის, 1987A-ის, ფონზე
[საავტორო უფლებები]
Dr. Christopher Burrows, ESA/STScI and NASA
Photo courtesy of N. C. Wickramasinghe