არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გადარჩა რელიგია

როგორ გადარჩა რელიგია

როგორ გადარჩა რელიგია

იმ დროისთვის, როდესაც 1941 წელს ნაცისტური გერმანია რუსეთში შეიჭრა, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია საბჭოთა კავშირში, ფაქტობრივად, განადგურებული იყო. მაგრამ, ნაცისტების შემოსევის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ რელიგიის მიმართ თავისი დამოკიდებულება შეცვალა. რა იყო ამის მიზეზი?

ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი თანამედროვე ისტორიის დარგში, რიჩარდ ოვერი, თავის წიგნში „რუსეთის ომი — სისხლით შეღებილი თოვლი“ ხსნიდა: „ეკლესიის მეთაურმა, მიტროპოლიტმა სერგიმ, გერმანელების შემოსევის დღესვე მიმართა მორწმუნეებს, გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი ეღონათ. მომდევნო ორი წლის მანძილზე მან გამოაქვეყნა არანაკლებ ოცდასამი ეპისტოლესი, სადაც მრევლს მოუწოდებდა, ებრძოლათ იმ უღვთო სახელმწიფოსთვის, რომელშიც ცხოვრობდნენ“. ამგვარად, როგორც ოვერიმ განაგრძო, „სტალინმა რელიგიას კვლავ აღორძინების ნება დართო“.

1943 წელს სტალინმა საბოლოოდ განაცხადა თანხმობა მართლმადიდებლური ეკლესიის აღიარებაზე იმით, რომ სერგი ეკლესიის ახალ პატრიარქად დანიშნა. „პასუხად, ეკლესიის მმართველი ფენის წარმომადგენლები მორწმუნეებისგან კრებდნენ ფულს, რომ საბჭოთა სატანკო ბრიგადები დაეფინანსებინათ, — შენიშნავს ოვერი, — მღვდლები და ეპისკოპოსები თავიანთ საკრებულოს ღვთისა და სტალინისადმი რწმენის დაცვისკენ მოუწოდებდნენ“.

რუსეთის ისტორიის ამ პერიოდის აღწერისას რუსმა რელიგიათმცოდნემ სერგეი ივანენკომ დაწერა: ‘რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური გამოცემა „მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალი“ განადიდებდა სტალინს, როგორც ყველა დროისა და ხალხების უდიდეს ბელადსა და მოძღვარს, რომელიც ღმერთმა გამოგზავნა მემამულეებისა და კაპიტალისტების მიერ ჩაგრული ხალხის სახსნელად. ის მოუხმობდა მორწმუნეებს, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლათ მტრებისგან სსრკ-ს დასაცავად და ყველაფერი გაეღოთ კომუნიზმის ასაშენებლად’.

„დიდად აფასებდა სუკ-ი“

1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგაც კი მართლმადიდებლური ეკლესია კვლავაც კომუნისტების ინტერესებს ემსახურებოდა. ჰარისონ სოლზბერის მიერ გამოცემულ წიგნში „საბჭოთა კავშირი — ორმოცდაათი წელი“, ახსნილია ეს ფაქტი: „ომის დამთავრების შემდეგ ეკლესიის მეთაურებმა მხარი დაუჭირეს სტალინს ცივ ომთან დაკავშირებული საგარეო პოლიტიკის მოთხოვნების საკითხში“.

ადრე მოხსენიებულ წიგნში „მახვილი და ფარი“ აღწერილია, თუ როგორ ემსახურებოდნენ საბჭოთა კავშირის ინტერესებს ეკლესიის მეთაურები. წიგნში მოთხრობილია, რომ პატრიარქი ალექსი I, რომელმაც 1945 წელს სერგის შემდეგ პატრიარქის ტახტი დაიმკვიდრა, «შეუერთდა 1949 წელს დაარსებულ პროსაბჭოურ ორგანიზაციას „მშვიდობის მსოფლიო საბჭო“». წიგნში აგრეთვე აღინიშნება, რომ მას და მიტროპოლიტ ნიკოლოზს „დიდად აფასებდა სუკ-ი [საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი], როგორც მათ, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფოს თავისი გავლენის მოხდენა შეეძლო ხალხზე“.

აღსანიშნავია ის, რომ 1955 წელს პატრიარქმა ალექსი I-მა განაცხადა: „რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ჩვენი მთავრობის აბსოლუტურად მშვიდობიან საგარეო პოლიტიკას მხარს უჭერს არა იმიტომ, რომ ეკლესიას, თითქოსდა, თავისუფლება აკლდეს, არამედ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი სამართლიან პოლიტიკას ატარებს და ეს პოლიტიკა შეესატყვისება იმ ქრისტიანულ იდეალებს, რომელთაც ეკლესია ქადაგებს“.

ლონდონში (ინგლისი) გამომავალი გაზეთის, „გარდიანის“, 2000 წლის 22 იანვრის გამოცემაში მოყვანილი იყო განდგომილი მართლმადიდებელი მღვდლის, გიორგი ედელშტაინის, სიტყვები: „ყველა ეპისკოპოსი საგულდაგულოდ იყო არჩეული იმისათვის, რომ საბჭოთა მთავრობასთან ეთანამშრომლათ. ყველა სუკ-ის აგენტი იყო. ცნობილია, რომ პატრიარქი ალექსი სუკ-ს მოსყიდული ჰყავდა და მისი კოდური სახელი დროზდოვი იყო. ეპისკოპოსები დღესაც იგივე პოლიტიკას ეწევიან, რასაც 20 თუ 30 წლის წინათ“.

საბჭოთა სახელმწიფოს მოსამსახურე

მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საბჭოთა მთავრობას შორის არსებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ჟურნალ „ლაიფის“ 1959 წლის 14 სექტემბრის გამოცემაში ნათქვამი იყო: „სტალინი გარკვეულ დათმობაზე წავიდა რელიგიის მიმართ, და ეკლესია მას, როგორც მეფეს, ისე ეპყრობოდა. მთავრობის საგანგებო სამინისტროს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან თანამშრომლობა დაევალა და მას შემდეგ კომუნისტები ეკლესიას საბჭოთა სახელმწიფოს იარაღად იყენებდნენ“.

რუსული ეკლესიის საქმიანობაში გარკვეული სპეციალისტი, მეთიუ სპინკა, თავის წიგნში „ეკლესია საბჭოთა რუსეთში“, რომელიც 1956 წელს გამოიცა, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო ურთიერთობის არსებობას ადასტურებდა. „ახლანდელმა პატრიარქმა ალექსიმ, — წერდა ის, — ეკლესია შეგნებულად აქცია მთავრობის იარაღად“. მართლაცდა, მართლმადიდებლური ეკლესია, სინამდვილეში, იმან გადაარჩინა, რომ სახელმწიფოს მოსამსახურე გახდა. „მაგრამ განა ეს საძრახისია?“ — შეიძლება იკითხოთ. მაშ, დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ უყურებენ ამ საკითხს ღმერთი და ქრისტე.

იესო ქრისტემ უთხრა თავის ჭეშმარიტ მოწაფეებს: „არ ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან“. ღვთის სიტყვაში დასმულია კითხვა: „მრუშნო, განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა, ღვთის მტრობაა?“ (იოანე 15:19; იაკობი 4:4). ასე რომ, ბიბლიის თანახმად, ეკლესიამ თავი იქცია რელიგიურ მეძავად, რომელთანაც „მეძაობდნენ დედამიწის მეფეები“. მან დაგვანახვა, რომ წარმოადგენს იმის ნაწილს, რასაც ბიბლია ‘დიდ ბაბილონს, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედას’ უწოდებს (გამოცხადება 17:1—6).

როგორ გადარჩნენ მოწმეები

ამის საპირისპიროდ, იესო ქრისტემ ნათელყო, თუ რის მიხედვით უნდა ამოეცნოთ მისი ჭეშმარიტი მიმდევრები; მან თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). ზუსტად ეს სიყვარული იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში იეჰოვას მოწმეთა გადარჩენის ძირითადი ფაქტორი, როგორც წიგნ „მახვილსა და ფარში“ მოცემული ცნობიდან ჩანს: „იეღოველები ყველანაირად მხარში უდგანან თავიანთ თანამორწმუნეებს, რომლებიც [შრომა-გასწორებით] ბანაკებში თუ მუდმივ გადასახლებაში იმყოფებიან. ისინი მათ ფულით, საკვებითა და ტანსაცმლით ამარაგებენ“.

დაპატიმრებულთათვის მიწოდებულ „საკვებში“ სულიერი „პროდუქტებიც“ შედიოდა — ბიბლიები და ბიბლიური ლიტერატურა. ბიბლიაში ჩაწერილია ‘ღვთის სიტყვები’, რომლებიც, იესოს თქმით, ჩვენი სულიერი სიცოცხლისათვის არის აუცილებელი (მათე 4:4). ლიტერატურა ბანაკებში საიდუმლოდ შეჰქონდათ; ეს დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული, რადგან აღმოჩენის შემთხვევაში ლიტერატურის შემომტან ნებისმიერ ადამიანს სასტიკად სჯიდნენ.

1962-1966 წლებში ლატვიელი ქალი, ჰელენა ცელმინია, დაპატიმრებული იყო და რუსეთში, პოტმის ბანაკში, იხდიდა სასჯელს. მან დაწერა წიგნი „ქალები საბჭოთა ციხეებში“, რომელშიც ამბობდა: «ბევრ იეჰოვას მოწმეს ათი წლით საკატორღო სამუშაოები მიუსაჯეს მხოლოდ იმის გამო, რომ თავიანთ ბინებში ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ რამდენიმე ეგზემპლარი ჰქონდათ. თუკი ადამიანებს იმიტომ აპატიმრებენ, რომ ეს ჟურნალები აქვთ, მაშინ გასაგებია ადმინისტრაციის შეშფოთება და გაღიზიანება ბანაკებში ამ ლიტერატურის არსებობის გამო».

მართლაც, სულიერი დახმარების გაწევის მიზნით საკუთარი თავისუფლებისა და უსაფრთხოების საფრთხეში ჩაგდება ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენის მტკიცება იყო! მართალია, მოწმეთა გადარჩენაში ყოველივე ამან დიდი როლი შეასრულა, მაგრამ იყო სხვა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორიც. „ვერავინ ხვდებოდა, — შენიშნა ჰელენა ცელმინიამ, — თუ როგორ უნდა შემოეღწია აკრძალულ ლიტერატურას ეკლიანი მავთულებით შემოღობილ ტერიტორიაზე, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან თავისუფლად კონტაქტის დამყარებაც კი არ შეეძლოთ“. ეს შეუძლებელი ჩანდა, ვინაიდან ყველას, ვინც ციხეში შედიოდა, საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ. „თითქოსდა ღამით ანგელოზებმა გადაიფრინეს და ლიტერატურა გადმოყარეს“, — წერდა ავტორი.

მართლაც, ღმერთმა პირობა დადო, რომ არ მიატოვებდა თავის ხალხს. ამიტომაც, ბიბლიური ფსალმუნმომღერლის მსგავსად, ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები ხალისით აღიარებენ: „აგერ, ღმერთია ჩემი შემწე“ (ფსალმუნი 53:6; იესო ნავეს ძე 1:5). მისი დახმარება ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრებ მოწმეთა გადარჩენაში!

როგორ შეიცვალა გარემოებები

1991 წლის 27 მარტს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია კანონით იქნა აღიარებული საბჭოთა კავშირში. მოწმეებმა მიიღეს ხელმოწერილი იურიდიული წესდება, რომელშიც შემდეგი განაცხადი იყო ჩართული: „რელიგიური ორგანიზაციის მიზანია, შეასრულოს რელიგიური საქმიანობა, რომლითაც ცნობილს გახდის იეჰოვა ღმერთის სახელსა და მის მიერ კაცობრიობისთვის სიყვარულით მომზადებულ ღონისძიებებს, რომელთაც იესო ქრისტეს მმართველობის ქვეშ მყოფი ზეციერი სამეფოს მეშვეობით განახორციელებს“.

რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად გამიზნულ საშუალებათა შორის, რომლებიც წესდებაშია ჩამოთვლილი, არის საჯაროდ ქადაგება და ხალხის მონახულება სახლებში, ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლება მათთვის, ვისაც მოსმენა სურს, ბიბლიის შესასწავლად გამიზნული პუბლიკაციებით უფასო ბიბლიური შესწავლების ჩატარება და ბიბლიების გავრცელება.

მას შემდეგ, რაც ამ დოკუმენტზე ათ წელზე მეტი ხნის წინათ ხელი მოაწერეს, საბჭოთა კავშირი დაიშალა და ყოფილ 15 საბჭოთა რესპუბლიკაში რელიგიური მდგომარეობა არსებითად შეიცვალა. რის თქმა შეიძლება იმაზე, თუ რა მომავალი ელის რელიგიას როგორც ამ ტერიტორიაზე, ისე მთელ მსოფლიოში?

[ჩარჩო 11 გვერდზე]

ეკლესიის თანამშრომლობა საბჭოთა მთავრობასთან

თავის წიგნში „რუსეთი არ არის გამოცანა“, რომელიც 1945 წელს გამოქვეყნდა, ედმუნდ სტივენზმა დაწერა: „ეკლესია დიდად ფრთხილობდა, რათა არ გაელაშქრა მათ წინააღმდეგ, ვინც იმ დროისთვის კეთილგანწყობით ექცეოდა. მას სრულიად შეგნებული ჰქონდა, რომ მის მიმართ გამოვლენილი კეთილგანწყობის სანაცვლოდ სახელმწიფო მისგან კომუნისტური რეჟიმის მტკიცედ მხარდაჭერასა და გარკვეული შეზღუდვებით მოქმედებას ელოდა“.

სტივენზმა განაგრძო: „საუკუნეთა მანძილზე დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფო რელიგიას წარმოადგენდა, და ამიტომაც ეკლესიას არ გასჭირვებია საბჭოთა მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოხატული ახალი როლის გათავისება“.

კესტონის ინსტიტუტმა საგულდაგულოდ გამოიკვლია საბჭოთა მთავრობასა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ახლანდელი პატრიარქის, ალექსი II-ს შორის არსებული ადრინდელი თანამშრომლობის საკითხი. ამ გამოკვლევის შედეგად შემდეგი დასკვნა გაკეთდა: „ალექსის სუკ-თან თანამშრომლობაში უჩვეულო არაფერი ყოფილა — ყველა ოფიციალურად აღიარებული რელიგიური მიმდინარეობის — მათ შორის კათოლიკეების, ბაპტისტების, ადვენტისტების, მაჰმადიანებისა და ბუდისტების — თითქმის ყველა წინამძღოლი სუკ-ის მიერ მოსყიდული აგენტი იყო. მართლაც, ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც ალექსის გადმობირებაა აღწერილი, ინფორმაცია სხვა უამრავი აგენტის შესახებაც მოიპოვება, რომელთაგან ზოგი ესტონეთის ლუთერანულ ეკლესიაში მოღვაწეობს“.

[ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]

ბანაკებში მყოფებთან დაკავშირება

ლატვიელ ჟურნალისტ ვიქტორ კალნინშს ათწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი (1962—1972); ამ დროის უმეტესი ნაწილი მან გაატარა მორდვეთის შრომა-გასწორებითი ბანაკების კომპლექსში, რომელიც მოსკოვიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 400 კილომეტრში მდებარეობს. 1979 წლის მარტში კალნინშისგან ინტერვიუს აღებისას ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტმა ჰკითხა მას: „იცოდნენ თუ არა დაპატიმრებულმა მოწმეებმა, რა ხდებოდა მათ ორგანიზაციაში აქ, შეერთებულ შტატებში, ან სხვა ქვეყნებში?“.

„იცოდნენ, — უპასუხა კალნინშმა, — და ამას მიღებული ლიტერატურით იგებდნენ. . . . ისინი თავიანთ ჟურნალებსაც კი მიჩვენებდნენ. აზრზე არ ვიყავი, სად იყო ლიტერატურა დამალული; სამალავს დროდადრო ცვლიდნენ. მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ლიტერატურა ბანაკში იყო. . . . მცველები და იეჰოვას მოწმეები ტომისა და ჯერის მოგაგონებდნენ — ერთნი ლიტერატურის დამალვას ცდილობდნენ, მეორენი კი პოვნას!“.

კითხვას: „უცდიათ იეჰოვას მოწმეებს თავიანთი რწმენის შესახებ თქვენთან დალაპარაკება?“, კალნინშმა უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა! მათი მრწამსი საკმაოდ კარგად არის ცნობილი. ჩვენ ყველაფერი ვიცით არმაგედონის შესახებ . . . ისინი ბევრს ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ ავადმყოფობას ბოლო მოეღებოდა“.

[სურათი]

მორდვეთის ბანაკებში მოწმეები გაბედულად უზიარებდნენ სხვებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას.

[სურათი 8, 9 გვერდებზე]

1951 წელს ვოვჩუკები გადაასახლეს ირკუტსკში (ციმბირი); ისინი დღესაც ერთგული ქრისტიანები არიან.

[სურათი 10 გვერდზე]

მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესიის მიერ საბჭოთა მთავრობის მხარდაჭერის გამო რელიგიას სტალინმა დროებითი აღორძინების ნება დართო.

[საავტორო უფლება]

U.S. Army photo

[სურათი 10 გვერდზე]

პატრიარქმა ალექსი I-მა (1945—1970) თქვა: ‘საბჭოთა კავშირის პოლიტიკა შეესატყვისება იმ ქრისტიანულ იდეალებს, რომელთაც ეკლესია ქადაგებს’.

[საავტორო უფლება]

Central State Archive regarding the film/photo/phono documents of Saint-Petersburg