არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კორეელთა ოჯახების გაერთიანება ახალი საწყისი?

კორეელთა ოჯახების გაერთიანება ახალი საწყისი?

კორეელთა ოჯახების გაერთიანება ახალი საწყისი?

ჩვენი კორესპონდენტისგან კორეის რესპუბლიკაში.

ამ შემთხვევას დიდი დრამატული მოვლენა ეწოდა. მან 1 300-ზე მეტი ადგილობრივი რეპორტიორისა და 400-ზე მეტი უცხოელი კორესპონდენტის ყურადღება მიიზიდა. აღნიშნული შემთხვევა მოხდა კორეის ჩრდილოეთითა და სამხრეთით მცხოვრები ოჯახის წევრების თავმოყრის დროს. მათ დაახლოებით 50 წელი არ ენახათ ერთმანეთი.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში მრავალ კორეელს ნათესავებთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, არც წერილებით, არც ფაქსით და არც ტელეფონით. დემილიტარიზებულმა ზონამ, რომელიც ქვეყანას ორ ნაწილად ყოფდა, ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორა, მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინათ ისინი კვლავ გაერთიანდნენ. რამ შეუწყო ხელი ამას? *

მნიშვნელოვანი აღდგენა

2000 წლის 15 აგვისტოს თვითმფრინავი, რომელზედაც კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა იყო გამოსახული, სამხრეთ კორეის რესპუბლიკის კიმპფოს საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. თვითმფრინავში ისხდნენ ის ჩრდილოეთ კორეელი მგზავრები, რომლებმაც წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების მეშვეობით გაიგეს, რომ სამხრეთ ნაწილში მცხოვრები მათი ნათესავებიდან ზოგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. იმავე თვითმფრინავმა აიყვანა 100 სამხრეთ კორეელი და ჩრდილოეთ კორეისკენ აიღო გეზი, რათა მათ თავიანთი ნათესავები ენახათ. წარმოიდგინეთ, გყავდეთ ძმა, და, დედა, მამა, ვაჟიშვილი, ქალიშვილი, ან მეუღლე, რომელიც 50-წელზე მეტია არ გინახავთ! მგზავრთაგან მრავალი 70—80 წელს მიახლოებული იყო და მოზარდობის პერიოდის შემდეგ ნათესავები ერთხელაც არ უნახავთ!

ეს ღონისძიება დაახლოებით ოთხი დღე-ღამის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც ყველა თავ-თავიანთ მხარეში უნდა დაბრუნებულიყო. რითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ ამ ოჯახის წევრები თითქმის გაუთავებლად ლაპარაკობდნენ! ემოციური ტრავმისა ან შოკის საშიშროების არსებობის გამო, ექიმები, მედდები და ამბულატორიები დახმარებისთვის მზად იყვნენ. გასაკვირი არ არის, რომ მათი დახმარება საჭირო აღმოჩნდა.

დაყოფილი ოჯახების საერთო მაჩვენებელთან შედარებით, ხელახლა, ძალზე ცოტა ოჯახი გაერთიანდა. ზოგის ვარაუდით, დღესაც, საყვარელ ადამიანებს 690 000 სამოც წელს გადაცილებული და 260 000 სამოცდაათ წელს გადაცილებული ადამიანია მოწყვეტილი. მაგრამ კორეის რესპუბლიკის იმ 76 000 მკვიდრიდან, რომლებიც გარკვეულ მოთხოვნებს შეესაბამებოდნენ და, რომლებმაც ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ თავიანთ ნათესავებთან შეხვედრა მოითხოვეს, მხოლოდ 100-ს მიეცა თავისი ოჯახის წევრების ნახვის შესაძლებლობა.

ამ რჩეულთა შორის იყო 82 წლის იანგ ჟინ-იული. მან წითელი ჯვრის საზოგადოების მეშვეობით გაიგო, რომ ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები თავისი 70 წლის ძმა, იანგ ვონ-იული, სამხრეთ ნაწილში მცხოვრებ თავის ნათესავებს ეძებდა. იანგ ჟინ-უილის უმცროსი ძმა 1950 წელს სეულის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, როდესაც კორეის ომის დროს დაიკარგა. მას შემდეგ ამ ადამიანის შესახებ არაფერი სმენიათ. ენით აუწერელ სიხარულს გრძნობდნენ, როცა ხუთი ათეული წლის განშორების შემდეგ ძმები, თავიანთ ორ უმცროს დასთან ერთად, შეხვდნენ ერთმანეთს!

ლიი პოკ-იანი 73 წლის იყო, როდესაც კვლავ იხილა თავის 70 წლის მეუღლე და ორი ვაჟი. მან თავისი ოჯახის წევრები ბოლოს მაშინ ნახა, როდესაც ვაჟები ორი და ხუთი წლისანი იყვნენ. ომის დროს ერთხელ ის სახლიდან გავიდა და თქვა, რომ ველოსიპედის საყიდლად მიდიოდა. მაგრამ სადღაც გაქრა და მას შემდეგ, მის შესახებ არაფერი სმენიათ. ამ ნანატრი შეხვედრის დროს მისმა ცოლმა, რომელიც ახლა პარალიზებული და დიაბეტიანია, დაუსვა კითხვა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში არ აძლევდა მოსვენებას: რატომ დასჭირდა ლიის ველოსიპედის საყიდლად ასე დიდი ხანი?

69 წლის ლიი ჩონგ-პილი სკოლის მოწაფე იყო, როდესაც 1950 წელს ოჯახს მოაცილეს და დაკარგულად გამოაცხადეს. მაგრამ, დიდი ხნის შემდეგ ის კვლავ შეხვდა სამხრეთ ნაწილში მცხოვრებ ჩო ვონ-ჰოს, თავის 99 წლის დედას, ორ ძმასა და ორ დას. სამწუხაროდ, ხანდაზმულმა დედამ შვილი ვეღარც კი იცნო.

ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ მრავალი გულისამაჩუყებელი შემთხვევიდან, რომლებიც კორეაში მოხდა. ეს მოვლენა გადაიცა რამდენიმე ადგილობრივი და უცხოური ტელე-არხის მიერ. ამ შეხვედრების შემყურეთ სიხარულის ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდათ! მრავალს აინტერესებდა, მოჰყვებოდა თუ არა ამას შემდგომი შეხვედრები. ყოველ შემთხვევაში, ეს შეხვედრა მალე დასრულდა და ეს განშორება პირვანდელივით მტკივნეული აღმოჩნდა. არავინ იცოდა კვლავ შეხვდებოდა თუ არა საყვარელ ადამიანებს ოდესმე.

ნახევარ საუკუნოვანი განშორება — დასასრულს უახლოვდება?

1945 წლის 15 აგვისტოს კორეამ იაპონიის 36 წლიანი კოლონიალური მმართველობის უღელი გადაიგდო. მაგრამ მალე კორეა იმდროინდელმა პოლიტიკოსებმა გაყვეს. კორეის ნახევარკუნძულიდან იაპონელების განდევნის შემდეგ ამერიკის შეიარაღებული ძალები დაეპატრონნენ 38-ე პარალელის სამხრეთით მდებარე ტერიტორიას, ხოლო საბჭოთა კავშირი — ჩრდილოეთ ნაწილს. უეცრად დაწყებულმა ომმა კორეის მთლიანობის პრობლემა ვერ მოაგვარა. ახლა უკვე ქვეყანაში ორი მთავრობა იყო. 1945 წლიდან მოყოლებული, კორეის ომის განმავლობაში ათასობით ოჯახის წევრები დაშორდნენ ერთმანეთს. ბოლოს, როდესაც კორეის ომი, 1953 წელს, დასრულდა, დემილიტარიზაციის ზონა სავსე იყო ნაღმებით, რამაც ქვეყანა ორ ნაწილად გაყო.

ათეული წლების განმავლობაში რამდენჯერმე სცადეს საქმის მოგვარება. 2000 წლის 13 ივნისს თვითმფრინავი, რომელშიც კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი, კიმ დე-იუნგი იჯდა, ფხენიანის „სიუნანის“ აეროპორტში დაჯდა. იქ მას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაური კიმ კონგ-ილი დახვდა. თითქოს უეცრად და მოულოდნელად იმედისთვის საფუძველი გაჩნდა. ეს ორი ხელმძღვანელი პირი ადრე არასოდეს შეხვედრია ერთმანეთს. ახლა კი დიდი ხნის უნახავი ძმების შეხვედრას ჰგავდა მათი შეხვედრა. სახელმწიფოს მეთაურთა სამდღიანი მოლაპარაკების შედეგად დაიდო პირობა, რომ ემოქმედათ ნახევარსაუკუნოვანი მტრობის დასრულებისა და შერიგებისთვის. ერთმანეთს დაშორებული ოჯახების შეხვედრა ამ მოლაპარაკების ერთ-ერთი პირველი შედეგთაგანი იყო. მალე სხვა საკითხებზე მუშაობასაც შეუდგნენ.

სახელმწიფოს ეს ორი ლიდერი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის სარკინიგზო კავშირის აღდგენაზეც შეთანხმდნენ. 2001 წლის სექტემბრისთვის კორეის სამხრეთ ნაწილში უნდა აღადგინონ 12 კილომეტრი, ხოლო ჩრდილოეთში— 8 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ხაზი. ამ გზამ უნდა გადაკვეთოს სადემარკაციო ხაზი, რომელიც კიდევ ერთხელ შეაერთებს კორეის ამ ორ ნაწილს. და, როდესაც ეს რკინიგზა საბოლოოდ ჩინეთის რკინიგზას შეუერთდება, ის კორეის ნახევარკუნძულიდან ჩინეთის გავლით ევროპის სარკინიგზო ხაზს დაუკავშირდება. პრეზიდენტ კიმ დე-იუნგის სიტყვების თანახმად, ეს ნამდვილად «რკინის ახალი „აბრეშუმის გზა“» იქნება. კიდევ ერთი სარკინიგზო ხაზი საბოლოოდ სადემარკაციო ხაზს გადაკვეთს და რუსეთის ტრანსციმბირულ სარკინიგზო ხაზს დაუკავშირდება.

მომავალი დაგვანახვებს ამ წამოწყებებიდან რომელი იქნება ახალი ეპოქის დასაწყისი. მანამდე კი, ოჯახების ხელახალი შეხვედრის მცდელობა უკვე სანაქებო საქმეა. და მაინც, აშკარაა, რომ კაცობრიობას ღვთის სამეფო, მსოფლიოს ერთიანი მთავრობა სჭირდება (მათე 6:9, 10). 1912 წლიდან იეჰოვას მოწმეებმა ორგანიზებულად დაიწყეს აღმოსავლეთში ამ დამაიმედებელი ცნობის გავრცელება. კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთაგან მრავალმა მოისმინა ეს ცნობა და ბევრიც აქტიურად გამოეხმაურა. მაგრამ მრავალი მათგანი იაპონიის ბატონობის დროს ომში წასვლაზე უარის თქმის გამო დააპატიმრეს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ამ ქრისტიანებმა, იეჰოვას მოწმეებმა, ერთად შეკრება დაიწყეს. მათი უმეტესობა სამხრეთ ნაწილში ჩავიდა, სადაც რწმენის თავისუფლება იყო. 1949 წლის ივნისში სეულში პირველი კრება ჩამოყალიბდა; დღეს კი ეს კრება კორეის რესპუბლიკაში დიდ ორგანიზაციად იქცა, რომელშიც 87 000 აქტიური მოწმე მსახურობს. მათ შორის ათასობით მოწმე, სხვების მსგავსად, ვერ ხვდება ჩრდილოეთში მცხოვრებ ნათესავებს.

შესაძლოა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ კორეაში მცხოვრები ყველა განცალკევებული ოჯახი გაერთიანდეს. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ოჯახის წევრების ერთმანეთისგან შორს ცხოვრებას ბოლო მოეღება, ამან შეიძლება კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში მცხოვრებ 22 მილიონ ადამიანს საბოლოოდ ბიბლიური ცნობის მოსმენის შესაძლებლობა მისცეს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 მთავრობის დახმარებით ეს ღონისძიება 1985 წელსაც გატარდა.

[სურათები 27 გვერდზე]

ცოლ-ქმარი (ზემოთ) და დედა-შვილი (ქვემოთ) კვლავ ერთმანეთს ხვდებიან.

[სურათი 28 გვერდზე]

წინაპრების თაყვანისცემა. მამაკაცი მუხლს იყრის გარდაცვლილი მამის სურათის წინაშე.

[სურათი 29 გვერდზე]

იანგ ჟინ-უილი (შორს მარცხნივ) კვლავ შეხვდა ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრებ ღვიძლ ძმას (შუაში).

[სურათის საავტორო უფლება 27 გვერდზე]

Pictures on pages 27-29: The Korea Press Photojournalists Association