არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიძულვილის დამარცხება

სიძულვილის დამარცხება

სიძულვილის დამარცხება

„გიყვარდეთ თქვენი მტრები“ (მათე 5:44).

რამდენიმე დღის განმავლობაში ერთმანეთის მიმართ ორი მტრულად განწყობილი ერის ლიდერები ინტენსიურად აწარმოებდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებას. მათ შეხვედრებს ესწრებოდა ერთ-ერთი მაღალგანვითარებული სახელმწიფოს პრეზიდენტი; ის თავის ავტორიტეტსა და დიპლომატიას ამ ორი ლიდერის შეთანხმებამდე მისაყვანად იყენებდა. მაგრამ ეს გულმოდგინე მცდელობა წყლის ნაყვა აღმოჩნდა. რამდენიმე კვირაში ამ ორ ერს შორის დაიწყო ის, რასაც ჟურნალ „ნიუსუიკმა“ „ორი ათეული წლის განმავლობაში გამოვლენილი ძალადობიდან უსაშინელესი“ უწოდა.

მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ეთნიკურ და ეროვნულ ჯგუფებს შორის არსებული სიძულვილი და მტრობა ეროვნული ლიდერების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, არა და არ ქრება. სიძულვილი მთელ ქვეყნიერებას მოედო; მას ხელს უწყობს გაურკვევლობა, ფანატიზმი და პროპაგანდა. მაგრამ, მაშინ, როდესაც დღევანდელი ლიდერები ამაოდ ეძებენ პრობლემის გადაწყვეტის ახალ და რაციონალურ საშუალებებს, მათ მხედველობიდან რჩებათ წარმატების მიღწევის ერთი „ძველი“, საუკეთესო საშუალება. ამ საშუალებაზე იესო ქრისტე საუბრობდა მთაზე ქადაგების დროს. ის მსმენელებს ღვთის მორჩილებისკენ მოუწოდებდა, და სწორედ მაშინ მისცა ხალხს დარიგება, რომელიც ამ სტატიის დასაწყისშია მოხსენიებული: „გიყვარდეთ თქვენი მტრები“. ეს მოწოდება არა მარტო სიძულვილისა და წინასწარ შექმნილი უარყოფითი თვალსაზრისის გავლენისგან გათავისუფლებას ემსახურება, არამედ ერთადერთი წარმატებული საშუალებაა!

სკეპტიკოსები იდეას მტრის სიყვარულის შესახებ, როგორც უკიდურესად იდეალისტურსა და განუხორციელებელს, ყურსაც კი არ ათხოვებენ ხოლმე. მაგრამ თუკი სიძულვილის შეძენა შეიძლება, განა გონივრული არ არის იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება უარი ითქვას მის შეძენაზე? ასე რომ, იესოს სიტყვებში კაცობრიობისთვის რეალური იმედია ჩადებული. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ დიდი ხნის მტრობის აღმოფხვრაც კი შესაძლებელია.

განვიხილოთ რა მდგომარეობაში იყვნენ, იესოს დროს მცხოვრები იუდეველი მსმენელები. მტრების საპოვნელად მათ შორს წასვლა არ სჭირდებოდათ. რომაელთა ჯარები კვლავაც იქაურობის ბატონპატრონობას განაგრძობდნენ; ისინი იუდეველებს დიდ გადასახადებს აკისრებდნენ, პოლიტიკურ მაქინაციებს აწყობდნენ, მათ უხეშად ეპყრობოდნენ და ჩაგრავდნენ (მათე 5:39—42). მაგრამ უმნიშვნელო უთანხმოებების შედეგად, რომელიც თავის დროზე არ მოგვარდა და შემდგომში გართულდა კიდეც, შეიძლება ზოგი იუდაელი თავის თანამემამულესაც კი მტრად მიიჩნევდა (მათე 5:21—24). შეეძლო თუ არა იესოს, ჰქონოდა თავისი მსმენელების იმედი, რომ ისინი შეიყვარებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ ზიანსა და ტკივილს აყენებდნენ?

„სიყვარულის“ მნიშვნელობა

პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ „სიყვარულში“ იესო არ გულისხმობდა იმ გრძნობას, რომელიც ახლო მეგობრებს შორის არსებობს. სიყვარულის გამომხატველი ბერძნული სიტყვა, რომელიც მათეს 5:44-შია გამოყენებული, ნაწარმოებია სიტყვიდან „აგაპე“. ამ სიტყვაში იგულისხმება ის სიყვარული, რომელსაც პრინციპები მართავს. ეს მაინცდამაინც თბილ გრძნობებს არ ნიშნავს. ვინაიდან ასეთი სახის სიყვარული სიმართლის პრინციპებით წარიმართება, ის ადამიანს სხვების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებისკენ აღძრავს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოქმედებენ ისინი. სიყვარულ „აგაპეს“ ამგვარად შეუძლია პირადი მტრობის ძლევა. თავად იესომ გამოავლინა ასეთი სიყვარული, როდესაც რომაელი ჯარისკაცების — რომლებმაც ის ძელზე გააკრეს — დაწყევლის ნაცვლად, მათთვის ლოცულობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ“ (ლუკა 23:34).

არსებობს იმის რეალური იმედი, რომ მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა შეისისხლხორცებს იესოს მოძღვრებას და ადამიანებს ერთმანეთისადმი სიყვარული გაუჩნდებათ? არა, რადგან ბიბლია ცხადყოფს, რომ წუთისოფელი კვლავაც სწრაფად განაგრძობს უბედურებისკენ სვლას. „ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ უარესისაკენ“, — წინასწარმეტყველებს 2 ტიმოთე 3:13. მიუხედავად ამისა, ცალკეულ ადამიანებს შეუძლიათ სიძულვილის დამარცხება და ბიბლიის შესწავლის საშუალებით სიმართლის პრინციპების საფუძვლიანად ათვისება. ფაქტები ცხადყოფს, რომ მრავალმა ამგვარად ისწავლა, თუ როგორ არიდებოდნენ სიძულვილის გავლენას. განვიხილოთ რამდენიმე ცხოვრებისეული მაგალითი.

სიყვარულის სწავლა

13 წლის ასაკში ჟოზე პარტიზანულ ომში ჩაება და ერთ-ერთი ტერორისტული ჯგუფის წევრი გახდა *. მას ასწავლიდნენ იმ ადამიანების სიძულვილს, ვის გამოც თითქოსდა გამეფებული იყო უსამართლობა, რომელსაც ირგვლივ ხედავდა. მას მიზნად ჰქონდა დასახული, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, მოესპო ისინი. მის თვალწინ ბევრი მეგობრის სიკვდილი ჟოზეს სიმწრისა და შურისძიების გრძნობით ავსებდა. ხელყუმბარების კეთებისას ის საკუთარ თავს ეკითხებოდა: „რატომ არსებობს ამდენი უბედურება? თუ ღმერთი არსებობს, ნუთუ ამას ვერ ხედავს?“ შეცბუნებულსა და დეპრესიაში ჩავარდნილს ბევრჯერ ხმამაღლა უტირია.

ჟოზე ბოლოს იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებას დაუკავშირდა. კრების პირველივე შეხვედრაზე შენიშნა იქ გამეფებული სიყვარული. ყველა თბილად და მეგობრულად ესალმებოდა. მოგვიანებით თემაზე „რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას?“ საუბრისას სწორედ იმ კითხვებზე მიიღო პასუხები, რომლებიც მას აინტერესებდა *.

დროთა განმავლობაში ბიბლიიდან მიღებულმა შემეცნებამ ჟოზეს ცხოვრება და აზროვნება შეცვალა. მან გაიგო, რომ „ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება. ყოველი, ვისაც სძულს. . . კაცისმკვლელია. ხოლო. . . არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მასშია“ (1 იოანე 3:14, 15).

მაგრამ მეგობარ ტერორისტებთან კავშირის გაწყვეტამ, ჟოზეს პრობლემები გაუჩინა. როდესაც იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში მიდიოდა, უკან ყოველთვის მიჰყვებოდნენ. ძველ მეგობართაგან ზოგი შეხვედრებსაც კი ესწრებოდა, რათა გაეგოთ, თუ რამ გამოიწვია ჟოზეში ასეთი გარდატეხა. საბოლოოდ, მათ გულს მოეშვათ, რადგან გაიგეს, რომ ჟოზეს არ გაუცია ისინი და ის მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენდა, და თავი დაანებეს. 17 წლის ასაკში ჟოზე მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. მალე მან სრული დროით მსახურება დაიწყო. ადამიანების მოკვლის დაგეგმვის ნაცვლად, ახლა მათთან სიყვარულისა და იმედის შესახებ ცნობა მიაქვს!

ეთნიკური ბარიერის დანგრევა

შეუძლიათ თუ არა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს დაანგრიონ სიძულვილის ბარიერი, რაც მათ ერთმანეთისგან ყოფს? განვიხილოთ იეჰოვას მოწმეთა შემთხვევა, რომლებიც ამჰარულ ენაზე ლაპარკობენ. ისინი ლონდონში ცხოვრობენ. მათ ჯგუფში 35 წევრია, მათგან 20 ეთიოპიელი და 15 ერიტრეელი. ისინი მშვიდობიანად და გაერთიანებულად სცემენ თაყვანს ღმერთს მიუხედავად იმისა, რომ აფრიკაში ერიტრეელები და ეთიოპელები ერთმანეთს მტრობენ.

ერთ ეთიოპიელ მოწმეს ოჯახის წევრებმა უთხრეს: „არასოდეს ენდო ერიტრეელებს!“, მაგრამ ახლა ის არა მარტო ენდობა ერიტრეელ თანაქრისტიანებს, არამედ ძმებსა და დებსაც კი უწოდებს! თუმცა ერიტრეელები, ჩვეულებრივ, ტიგრაიულ ენაზე ლაპარაკობენ, ისინი ამჰარულს, თავიანთი ეთიოპიელი ძმების მშობლიურ ენასაც სწავლობენ, რათა მათთან ერთად შეძლონ ბიბლიის შესწავლა. ღვთიური სიყვარულის, როგორც „სრულქმნილობის კავშირის“, განმტკიცების რა სასწაულებრივი დადასტურებაა! (კოლასელთა 3:14).

წარსულის წარსულად დატოვება

მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ვინმე არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდება? განა ნორმალური არ არის მტანჯველების მიმართ მტრობის გულში ჩატოვება? განვიხილოთ მანფრედის, გერმანელი მოწმის შემთხვევა. მან კომუნისტების ციხეში ექვსი წელი გაატარა მხოლოდ იმიტომ, რომ იეჰოვას მოწმე იყო. ოდესმე უგრძნია მანფრედს შემავიწროებლების მიმართ სიძულვილი ან ჰქონია მათთვის სამაგიეროს მიზღვის სურვილი? არა — პასუხობს ის. როგორც გერმანული გაზეთი „საარბრიუკერ ცაიტუნგი“ იუწყება, მანფრედმა თქვა: „უსამართლობის ჩადენა ან უსამართლობაზე უსამართლობით პასუხი. . . აღვივებს სიძულვილს, რაც კიდევ უფრო მეტ უსამართლობას იწვევს“. მანფრედი ეყრდნობა ბიბლიის სიტყვებს: „ნურვის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. . . თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით“ (რომაელთა 12:17, 18).

მსოფლიო სიძულვილის გარეშე!

იეჰოვას მოწმეები არ აცხადებენ, რომ სრულყოფილები არიან. ხშირად ისინი ხედავენ, რომ ძველი მტრობისა და სიძულვილის დავიწყება არც ისე ადვილია. ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენებას გამუდმებით გულმოდგინე ძალისხმევა სჭირდება. მაგრამ, მთლიანობაში, იეჰოვას მოწმეები იმის ცოცხალ მაგალითს წარმოადგენენ, რომ ბიბლიას სიძულვილის დამარცხების ძალა შესწევს. ბიბლიის საშინაო შესწავლის პროგრამით მოწმეები ყოველწლიურად ათასობით ადამიანს ეხმარებიან რასიზმისა და ფანატიზმის ბორკილებისგან გათავისუფლებაში * (იხილეთ ჩარჩო: „ბიბლია სიძულვილის დამარცხებაში გვეხმარება“). ეს წარმატება მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ მსოფლიო საგანმანათლებლო პროგრამის შედეგებისა, რომელიც მალე ადამიანებს სიძულვილისა და მისი მიზეზების ბოლომდე აღმოფხვრაში დაეხმარება. ეს მომავალი საგანმანათლებლო პროგრამა ღვთის სამეფოს, მსოფლიო მთავრობის ხელმძღვანელობით განხორციელდება. იესო „უფლის ლოცვაში“ გვასწავლიდა, გველოცა ამ სამეფოსთვის: «მოვიდეს სუფევა [„სამეფო“, აქ] შენი» (მათე 6:9, 10).

ბიბლია აღგვითქვამს, რომ ამ ზეციერი მთავრობის ზედამხედველობით «აივსება მიწა უფლის ცოდნით [„იეჰოვას შესახებ შემეცნებით“, აქ]» (ესაია 11:9; 54:13). ესაიას წინასწარმეტყველებიდან ხშირად ციტირებული სიტყვები მაშინ გლობალური მასშტაბით შესრულდება: „სამართალს განიკითხავს იგი [ღმერთი] ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს“ (ესაია 2:4). ამგვარად ღმერთი ერთხელ და სამუდამოდ ბოლოს მოუღებს სიძულვილს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 11 სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 12 იხილეთ წიგნის „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, მე-8 თავი — „რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას“; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 21 სახლში ბიბლიის უფასოდ შესასწავლად შეგიძლიათ მიმართოთ იეჰოვას ადგილობრივ მოწმეებს ან წერილი გაუგზავნოთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.

[ჩარჩო 11 გვერდზე]

ბიბლია სიძულვილის დამარცხებაში გვეხმარება

● „საიდან მოდის ბრძოლები და შუღლი თქვენს შორის? თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენ ასოებს შორის იბრძვიან“ (იაკობი 4:1). კონფლიქტების თავიდან არიდება ხშირად შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ეგოისტური სურვილების გაკონტროლებას ვისწავლით.

● „თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც“ (ფილიპელთა 2:4). სხვების ინტერესების ჩვენსაზე წინ დაყენება არის კიდევ ერთი საშუალება, რომელიც ზედმეტ კონფლიქტებს აგვარიდებდა თავიდან.

● „მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე“ (ფსალმუნი 36:8). ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკონტროლოთ კიდეც ჩვენში არსებული არაჯანსაღი მიდრეკილებები.

● „ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი მოდგმა, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ“ (საქმეები 17:24, 26). ალოგიკურია იმაზე ფიქრი, რომ ერთი რასა მეორეზე უპირატესია, რადგან ყველა ერთი და იმავე ოჯახიდან — კაცთა მოდგმიდან, ვართ.

● „არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით. საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი“ (ფილიპელთა 2:3). უგუნურებაა ზემოდან დავსცქეროდეთ სხვებს, რადგან ხშირად მათ ისეთი სასურველი თვისებები და შესაძლებლობები აქვთ, რაც ჩვენ გვაკლია. არც ერთ რასასა ან კულტურაში არ არის თავმოყრილი ყველაფერი ის, რაც კარგია.

● „მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის და უფრო მეტად მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალატელთა 6:10, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990). რასისა და კულტურის მიუხედავად, სხვებისადმი თუ პირველები გამოვავლენთ მეგობრულ დამოკიდებულებას და გავუწვდით მათ დახმარების ხელს, ამით ხელს შევუწყობთ ჩატეხილი ხიდის აღდგენასა და გაუგებრობის აღმოფხვრას.

[სურათები 8, 9 გვერდებზე]

ეთიოპიელი და ერიტრეელი მოწმეები ერთად, მშვიდობიანად სცემენ თაყვანს ღმერთს.

[სურათი 10 გვერდზე]

მანფრედმა, რომელიც კომუნისტების ციხეში პატიმრობას ცოცხალი გადაურჩა, სიძულვილზე სიძულვილითვე არ უპასუხა.

[სურათი 10 გვერდზე]

ბიბლიას ხალხის დამქსაქსველი ბარიერების მოსპობა შეუძლია