სიძულვილის საფუძველი
სიძულვილის საფუძველი
სიძულვილმა კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზევე იჩინა თავი. ბიბლიური ცნობა დაბადების 4:8-ში გვეუბნება: „როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა“. „მერედა რისთვის მოკლა? — სვამს კითხვას ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი იოანე. — იმისათვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა — მართალი“ (1 იოანე 3:12). აბელი სიძულვილის ყველაზე გავრცელებული მიზეზის — შურის — მსხვერპლი გახდა. „კაცის რისხვა შურია“, — ამბობს იგავნის 6:34, აქ. სოციალური მდგომარეობის, სიმდიდრის, მოხერხებულობისა და სხვა უპირატესობებით გამოწვეული შურის გამო ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან.
გაურკვევლობა და შიში
მაგრამ შური სიძულვილის გამომწვევი მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია. ხშირად სიძულვილს გაურკვევლობა და შიშიც აღვივებს. „სანამ გავიგებდი, რა იყო სიძულვილი, ჯერ ის გავიგე, თუ რა იყო შიში“, — თქვა ერთ-ერთი აქტიური რასისტური ჯგუფის ახალგაზრდა წევრმა. ასეთი შიშის მიზეზი ძალიან ხშირად გაურკვევლობაა. ენციკლოპედია „უორლდ ბუკის“ თანახმად, წინასწარ უარყოფითად განწყობილ ადამიანებს მიდრეკილება აქვთ, ჰქონდეთ ისეთი შეხედულებები, რომლებსაც „არ აქვთ მტკიცე საფუძველი. . . ასეთი ადამიანები ამახინჯებენ, არასწორად იგებენ ან უგულებელყოფენ იმ ფაქტებს, რომლებიც მათ მიერ წინასწარ შექმნილ შეხედულებებს ეწინააღმდეგება“.
საიდან იღებს სათავეს ასეთი შეხედულებები? ინტერნეტის ერთ-ერთი საინფორმაციო სამსახური აღნიშნავს: „მრავალი კულტურული სტერეოტიპის ჩამოყალიბება წარსულში მომხდარი
მოვლენებით აიხსნება, მაგრამ ჩვენში არსებული მრავალი წინასწარ შექმნილი აზრი — პირადად ჩვენი წარსულით“.მაგალითად, შეერთებულ შტატებში წარსულში მონებით ვაჭრობის ფაქტმა განაპირობა ის დაძაბულობა, რომელიც მრავალ თეთრკანიანსა და აფრიკული წარმოშობის ხალხს შორის დღესაც არსებობს. ხშირად რასობრივი სიძულვილი მშობლებიდან შვილებს გადაეცემა. ერთმა თეთრკანიანმა რასისტმა, რომელმაც საკუთარი თავი დამნაშავედ სცნო, აღიარა, რომ მასში განვითარებული რასობრივი სიძულვილის გამო „შავკანიანებთან არავითარი შეხება არ ჰქონია“.
გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დარწმუნებული არიან, რომ ყველა, ვინც განსხვავებულია, უღირსია. ასეთი შეხედულება შეიძლება სხვა რასის ან კულტურის წარმომადგენელთან მხოლოდ ერთ უსიამოვნო შეხვედრაზე იყოს დაფუძნებული. ამ შეხვედრის შემდეგ მათ უყალიბდებათ აზრი, რომ იგივე რასის ან კულტურის ყველა წარმომადგენელი ასეთივეა.
მაშინ როდესაც ცალკეული ადამიანის მიერ გამოვლენილი ფანატიზმი საკმაოდ არასასურველია, მთელი ერის ან რასის ფანატიზმით დაავადება, შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს. იმაში დაჯერებულობა, რომ ეროვნება, კანის ფერი, კულტურა ან ენა ერთ ადამიანს სხვებზე მაღლა აყენებს, შეიძლება ფანატიზმში ან ქსენოფობიაში (უცხოელებისა და ყოველივე უცხოურის სიძულვილი) გადაიზარდოს. XX საუკუნის განმავლობაში ასეთი ფანატიზმი ხშირად სასტიკად გამოუვლენიათ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიძულვილსა და ფანატიზმს მაინცდამაინც კანის ფერი და ეროვნება არ წარმოშობს. პენსილვანიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მკვლევარი კლარკ მაკ-კოული წერს, რომ „ადამიანების ბრმად გაყოფაც კი, — მაგალითად მონეტის აგდებით, — საკმარისია იმისათვის, რომ მათ უპირატესობა მიანიჭონ თავიანთი ჯგუფის წევრებს“. დაწყებითი კლასების ერთმა მასწავლებელმა ექსპერიმენტი ჩაატარა და კლასი ორ ჯგუფად დაყო: ერთ ჯგუფში ცისფერთვალება ბავშვები დატოვა, მეორეში — ყავისფერთვალება. ძალიან მალე, ამ ორ ჯგუფს შორის მტრობა ჩამოვარდა.
შეხლა-შემოხლა სულ უბრალო მიზეზითაც კი შეიძლება მოხდეს; მაგალითად, სპორტის ერთი და იმავე სახეობის გულშემატკივრებს შორის, თუ ისინი სხვადასხვა გუნდებს უჭერენ მხარს.რატომ არსებობს ამდენი ძალადობა?
მაგრამ ხშირად რატომ ვლინდება მტრობა ასეთი საშინელი სახით? მკვლევარებმა საკმაოდ ღრმად გამოიკვლიეს ეს საკითხები, მაგრამ ისინი ამის ასახსნელად ჯერ-ჯერობით მხოლოდ თეორიებს თუ გვთავაზობენ. მაგალითად, კლარკ მაკ-კოულიმ ვრცელი არქივი შეადგინა, რომელშიც ადამიანთა ძალადობასა და აგრესიულობასთან დაკავშირებით ჩატარებულ გამოკვლევებს მოუყარა თავი. მის მიერ მოყვანილ ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნულია, რომ „საშინელი ბოროტმოქმედებები ომების მსვლელობისა და მათი დამთავრების შემდეგ ხშირდება“. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ „პირველ და მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნებში, — განსაკუთრებით კი გამარჯვებულ ქვეყნებში, — ომის დამთავრების შემდეგ მკვლელობების გახშირება შეინიშნებოდა“. ბიბლიის თანახმად, ჩვენ ომების ეპოქაში ვცხოვრობთ (მათე 24:6). შესაძლებელია, რომ ამ ომებმა ამა თუ იმ სახით ხელი შეუწყეს სხვაგვარი ძალადობის ზრდას?
სხვა მკვლევარები ადამიანთა აგრესიის ბიოლოგიურად ახსნას ცდილობენ. ერთ-ერთი გამოკვლევის დროს, აგრესიის ზოგი ფორმა „ტვინში სეროტონინის დაბალ შემცველობას“ დაუკავშირეს. სხვა პოპულარული ჰიპოთეზის თანახმად, აგრესიულობა ჩვენს გენებშია ჩადებული. „ადამიანის მიერ [სიძულვილის] გამოვლენა უმეტესწილად შეიძლება მემკვიდრეობით იყოს განპირობებული“, — ასეთი მოსაზრება გამოთქვა ერთმა პოლიტიკის ანალიტიკოსმა.
ბიბლია ამბობს, რომ ადამიანები ცუდი თვისებებითა და დეფექტებით იბადებიან (დაბადება 6:5; მეორე რჯული 32:5). რა თქმა უნდა, ეს სიტყვები ყველა ადამიანს ეხება; მაგრამ ყველას როდი აქვს სიძულვილი სხვებისადმი. ადამიანები სიძულვილს იძენენ. ცნობილმა ფსიქოლოგმა გორდონ ოლპორტმა შენიშნა, რომ მცირე ასაკის ბავშვები „თითქმის არ ავლენენ მავნე ინსტინქტებს. . . ისინი მიმნდობები არიან; უახლოვდებიან თითქმის ყოველგვარ გამღიზიანებელს, მიდიან ყველანაირ ადამიანთან“. ასეთი დაკვირვებებით დასტურდება, რომ წინასწარ შექმნილ ცუდ აზრს, აგრესიასა და სიძულვილის გრძნობას ძირითადად იძენენ! სიძულვილის გრძნობის შეძენის ამ აშკარა მიდრეკილებას აქტიურად იყენებენ ისინი, რომლებიც ადამიანებს ამ თვისებას უნერგავენ.
გონების მოწამვლა
ამ საკითხში გამოირჩევიან დაჯგუფებები, რომლებიც განსაკუთრებულ სიძულვილს ავლენენ. მაგალითად, ნეონაცისტური ორგანიზაციები და კუ-კლუქს-კლანი. ასეთი ჯგუფების შესავსებად სამიზნეებად, ხშირად, დანგრეული ოჯახების შვილები ხდებიან, რომლებიც ადვილად ექცევიან ვისიმე გავლენის ქვეშ. ეს ახალგაზრდები, რომლებსაც ხიფათისგან დაუცველობისა და არასრულფასოვნების არასასიამოვნო გრძნობა ტანჯავთ, შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ამ ჯგუფებში გაერთიანება დაუკმაყოფილებთ მეგობრობის მოთხოვნილებას.
განსაკუთრებით ძლიერი იარაღია „მსოფლიო აბლაბუდად“ წოდებული ინტერნეტი, რომელსაც ზოგი სიძულვილის გასაღვივებლად იყენებს. არც ისე დიდი ხნის წინათ ჩატარებული გამოთვლის თანახმად, ინტერნეტში არსებობს სიძულვილის აღმძვრელი დაახლოებით 1 000 ვებ-საიტი. ჟურნალ „ეკონომისტში“ მოყვანილი იყო სიძულვილის გამღვივებელი ერთ-ერთი ვებ-საიტის მფლობელის სიტყვები. ეს კაცი იკვეხნიდა: „ქსელი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი შეხედულება ასობით ათას ადამიანს გავუზიაროთ“. მის ვებ-საიტში „ბავშვების გვერდიც“ შედის.
როდესაც მოზარდები ინტერნეტში რაიმე მუსიკას ეძებენ, ისინი შეიძლება წააწყდნენ სიძულვილის გამაღვივებელ მუსიკალურ საიტებს. ასეთი მუსიკა, ჩვეულებრივ, ხმამაღალია და მყვირალა; სიმღერის ტექსტებში ძლიერი რასისტული იდეებია გამოხატული.
ეს ვებ-საიტები თავის მხრივ დაკავშირებულია ეგრეთ წოდებულ „ახალი ამბების ჯგუფებთან“, „ჩეთ რუმებთან“ ან სხვა ვებ-საიტებთან, რომლებიც სიძულვილს აღვივებს.ზოგ ვებ-საიტზე, რომლებიც ადამიანებში სიძულვილის ჩანერგვას უწყობს ხელს, მოცემულია განსაკუთრებული სექციები, რომლებიც ახალგაზრდებს თამაშებსა და მრავალ გასართობ პროგრამას სთავაზობს. ერთი ნეონაცისტური ვებ-საიტი ცდილობს, ბიბლია რასიზმისა და ანტისემიტიზმის გასამართლებლად გამოიყენოს. ამ ჯგუფმა შექმნა აგრეთვე გვერდები კროსვორდებით, რომლებშიც რასისტული იდეებია ჩადებული. რისთვის იქმნება ისინი? იმისათვის რომ „დაეხმაროს თეთრკანიან ახალგაზრდებს ჩვენი [ნეონაცისტების] ბრძოლის მიზნის გაგებაში“.
მაგრამ სიძულვილის ყველა გამჩაღებელი უკიდურესად ექსცენტრული არაფორმალური ჯგუფი როდია. ერთმა სოციოლოგმა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინათ ბალკანეთში მომხდარი კონფლიქტის შესახებ წერდა, კარგი რეპუტაციის მქონე ზოგიერთი მწერლის და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელის შესახებ აღნიშნა: „თავზარი დამცა იმის დანახვამ, რომ მათ აითვისეს [წერის] ის სტილი, რომლითაც განადიდებენ თავიანთ თანამემამულეთა დეგრადირებულ გრძნობებს, აღვივებენ მათში მგზნებარე სიძულვილს მოწოდებით — არავითარი საქციელი არ მიიჩნიონ ტაბუდადებულად, ბინდავენ მათი განსჯის უნარს, . . . და ამახინჯებენ რეალობას“.
ამასთან დაკავშირებით, სამღვდელოების როლიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან. თავის წიგნში „წმინდა სიძულვილი: რელიგიური კონფლიქტები 90-იანი წლების მიჯნაზე“ (Holy Hatred: Religious Conflicts of the ’90’s) ავტორი ჯეიმზ ჰოთი დაკვირვების შედეგად შემაშფოთებელ დასკვნას აკეთებს: „გამაოგნებელი ის არის, რომ მეოცე საუკუნის 90-იან წლებში რელიგიამ, რომლისგანაც გულკეთილობას და ადამიანებზე ზრუნვას მოელიან, წამყვანი როლი შეასრულა სიძულვილის, ომებისა და ტერორიზმის გაღვივებაში“.
ამგვარად, სიძულვილის მიზეზები, როგორც ვხედავთ, მრავალი და რთულია. ნიშნავს თუ არა ეს, რომ კაცობრიობისთვის არავითარი გამოსავალი არ არსებობს და სიძულვილით აღსავსე ქმედებები კვლავ და კვლავ განმეორდება? შესაძლებელია, როგორც ცალკეულ ადამიანთან, ისე ზოგადად მსოფლიოსთან მიმართებაში, რაიმე შეიცვალოს, რათა როგორმე ბოლო მოეღოს გაუგებრობას, გაურკვევლობასა და შიშს? შეიძლება ბოლო მოეღოს ყოველივე იმას, რაც სიძულვილის წარმოშობას უწყობს ხელს?
[ჩანართი 6 გვერდზე]
წინასწარ შექმნილ ცუდ აზრსა და სიძულვილის გრძნობას, ძირითადად, იძენენ!
[სურათი 4, 5 გვერდებზე]
ჩვენ არ ვიბადებით. . .
. . . სიძულვილის გრძნობითა და ფანატიზმით.
[სურათი 7 გვერდზე]
დაჯგუფებები, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ, ინტერნეტს ახალგაზრდების მოსატყუებლად იყენებენ.
[სურათი 7 გვერდზე]
რელიგია ხშირად აღვივებს სიძულვილს.
[საავტორო უფლება]
AP Photo